• ადმინი

გაგა თუთარაშვილი: საქართველოს რესპუბლიკა 3.0




1787 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები, პენსილვანია. დამოუკიდებლობის ჰოლიდან გამოსულ ბენჯამინ ფრანკლინს შემხვედრი ეკითხება: რა მივიღეთ? რესპუბლიკა თუ მონარქია? ფრანკლინი პასუხობს: რესპუბლიკა, თუ მას შეინარჩუნებთ. ფრანკლინს კარგად ესმოდა, რომ რესპუბლიკა ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანდა ამერიკელ ხალხს, მაგრამ სწორედ რესპუბლიკის შენარჩუნება იქნებოდა ასევე ყველაზე უფრო რთული, მტკივნეული და ალბათ, პრეცედენტულიც კი. სწორედ, შეერთებული შტატების შექმნამ განაპირობა ამ სტატიის დაწერა, რადგან ალბათ მხოლოდ ბრიტანეთის მაგალითი საკმარისი არ იქნებოდა ჩვენი თვალით გვეხილა თუ რას წარმოადგენს კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი: სიცოცხლის, საკუთრებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის ურყევი დაცვა. რა თქმა უნდა, მანამ სანამ ძირითად სათქმელს ვიტყოდე, ზოგიერთი მკითხველი უკვე გაიხსენებს თუ რა შეგვიქმნია მე-18 საუკუნეში, ან უფრო ადრე, რომ ვეფხისტყაოსანს ვწერდით, როდესაც ამერიკაში ჯერ კიდევ შიშვლები დარბოდნენ, ან როდესაც თამარ მეფის თანამედროვე საპარლამენტო ჩანასახზე ვბჭობდით, ინგლისში დამნაშავეს ცხელ წყალში ჩაყოფილი ხელის დამწვრობის ხარისხით ადგენდნენ. მიუხედავად უკვე მრავალჯერ გაცვეთილი გულის დამშვიდებებისა, რომ მრავალი საუკუნის წინ ბევრზე წინ ვიყავით, ალბათ ჩემი, როგორც ერთი საქართველოს ნამდვილი რესპუბლიკის მოქალაქეობის მსურველის, ვალდებულებაა დამამშვიდებლები უკუვაგდო და რეალობის შეუსწორებელი ახსნა დავიწყო.



რესპუბლიკა 1.0


1918 წელს, საქართველო, როგორც ერთ პერიფერიაზე მდებარე ტერიტორია რუსეთის იმპერიისაგან დარჩენილ აჩრდილს ხელიდან დაუსხლტა. გაზვიადება გვჩვევია, მაგრამ, რომ არა პირველი მსოფლიო ომისაგან გამოფიტული და სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფის წინაშე მდგარი რუსეთის იმპერია - ალბათ, 1918-21 წლის პირველ რესპუბლიკაზე ვერასდროს ვისაუბრებდით. მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სადამფუძნებლო პროექტი ნამდვილად იმსახურებს აღტაცებას. სეკულარული კონსტიტუცია, საკონსტიტუციო კონტროლის ელემენტები, მულტიკულტურალიზმის აღიარება/დაცვა, ქალთა საარჩევნო უფლებების აღიარება და სხვა - ეს 1918-21 წლის საქართველოს კონსტიტუციური დანაწესებია, რომელსაც დღევანდელი სახელმწიფოც ეფუძნება. საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი პირები ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს შეეჭიდნენ: იმ ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც მუდმივად დანაწევრებული და შიდა დაპირისპირებით დაღლილი გახლდათ - შეეძინა სახელმწიფოებრივი ნიშნები. ამ ნიშნებთაგან უმთავრესი კი, საზოგადოებრივი თანხმობა და სურვილია, რომ სხვადასხვა ინტერესის, თვალის ფერის, გვარის და სისხლის მქონე ადამიანები თანხმდებოდნენ საერთო სუვერენის, კანონების და მიზნის ქვეშ თანაცხოვრებას. 1918 წლამდე ამ ფორმის რესპუბლიკის პრეცედენტი არ არსებობდა. პირველი რესპუბლიკის პროექტი ნაწილობრივ მაინც განხორციელდა, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტება[1] დაიბადებოდა. ბუნებრივია, რუსეთში კომუნიზმის საბოლოო გამარჯვებამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაგრძელებას სამოცდაათწლიანი წერტილი დაუსვა. საბჭოთა კავშირის დეზორიენტაციამ და ნაციონალისტური ვნებების გამოღვიძებამ საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, მაგრამ ბუნებრივია საბჭოთა საქართველო არსად გამქრალა, სწორედ ამიტომაც პირველივე წლებში აღმოვჩნდით საჭესთან, რომლის მართვა არ ვიცოდით, უფრო სწორად, ვიცოდით ოღონდ ცუდად. ძალიან ცუდად. ამიტომ და სხვა ობიექტური გარემოებების დამსახურებით მივიღეთ რაღაც, რომელიც კვლავაც ის ტერიტორიული წარმონაქმნი გახლდათ, რომელიც 1918 წლამდე არსებობდა. კლანური, კრიმინალური, უმიზნო, უთავბოლო გუბერნია ფორმალური დამოუკიდებლობის მანტიით. მიუხედავად რამდენიმე გამოსაკვეთი ნიშნისა, როგორიცაა კონსტიტუციის მიღება, შედარებითი ეკონომიკური სტაბილურობა[2], სამოქალაქო ინსტიტუტების გაჩენა - იქნებოდა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები თუ სხვა, საქართველოს მეორე რესპუბლიკის შექმნა ვერ მოხერხდა.



რესპუბლიკა 2.0


სამოქალაქო ომით, რუსეთის მიერ საქართველოს ინტერვენციით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებით დასუსტებული ქვეყანა ვერ აკონტროლებდა კრიმინალს, რომელთანაც ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობდა კიდევაც, მოქალაქეთა უმრავლესობა იბრძოდა ყოველდღიური გადარჩენისათვის, არ არსებობდა ინფრასტრუქტურა და ყოველდღიური საჭიროების კომუნალური სიკეთეები: ელექტრო ენერგია, გაზი, წყალმომარაგება. პრეზიდენტ შევარდნაძის დამსახურება ნამდვილადაა, რომ სამოქალაქო ომის და ბუნებითი მდგომარეობის დასრულება შეძლო, მაგრამ მეორე მხრივ, ამ მასშტაბის პრობლემების არსებობა მის ასევე უძლურებაზეც უსვამს ხაზს.

2003 წელს პრეზიდენტ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირისა“ და ასლან აბაშიძის „აღორძინების“ არჩევნებში ფსევდო გამარჯვების შემდეგ მოქალაქეთა დიდი ნაწილი საფუძვლიანად გაბრაზდა. ათიათასობით მოქალაქე რუსთაველისა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, რაც აქამდე მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილს მომხდარა. ამ რაოდენობის ადამიანის შეკრება რაღაც ახალი ფენომენი გახლდათ. გაყალბებული არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანები და მათი მხარდაჭერილი ოპოზიციონერები აღმოჩნდნენ იქ, სადაც მოქალაქეთა კავშირი საპარლამენტო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობდა. პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტის დარბაზში შეჭრის და ამ კადრების ყველა ჩართულ ტელევიზორში გაშუქებისას ალბათ ყველა ხვდებოდა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობა დასრულდა. მაგრამ რა იწყებოდა ამაზე პასუხი ალბათ ბევრ მათგანს არ ჰქონდა. წარმოუდგენელია თავისუფლების მოედანზე მდგომ აქციის მონაწილეს სცოდნოდა ან პოზიტიურად მიეღო ის ფაქტი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გარემოცვას იმ მომენტში კორუფციის დამარცხებასთან და კრიმინალთან გამკლავებასთან ერთად მაგალითისათვის იეჰოვას მოწმეების უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა ან LGBT ადამიანების დაცვა სურდათ. რაც აქციის მონაწილეებს ნამდვილად სურდათ იყო კრიმინალის დამარცხება, ეკონომიკური წინსვლა და შემოსავლის გაჩენა. უბრალოდ, ალბათ მათთვის ვერ აიხსნებოდა იმ ნამდვილი აზროვნების რევოლუციის საფუძვლები და მიზნები, რასაც შემდგომში კრიმინალის პრევენცია, ეკონომიკური ზრდა და მოდერნიზაცია უნდა გამოეწვია. შესაბამისად, საქართველოს მე-2 რესპუბლიკის იდეალები მხოლოდ ვიწროდ შეიძლებოდა განხორციელებულიყო. აქვე, საგულისხმოა, რომ ვარდების რევოლუციის იდეალების განხორციელება წარმატებული მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო: პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოებრივი ქსოვილის, ტრადიციებისა და ღირებულებების მოდერნიზაცია ან ძალიან მტკიცე ავტორიტარიზმის პირობებში მოხდებოდა და ან პირველივე 3-4 წელიწადში ვარდების რევოლუციის მთავრობას მოუწევდა საკუთარი ძალაუფლების განაწილება და ზემოთ ხსენებული ვიწროდ განსახორციელებელი რეფორმების შეკვეცა-შენელება. ბუნებრივია, ვარდების რევოლუციის ხელისუფლების სამოქმედო გეგმა, დღევანდელი გადმოსახედიდან, უკვე კარგად იკითხება, ისევე, როგორც ის შეცდომები, რამაც რესპუბლიკის ანტაგონისტური რეაქცია გამოიწვია, მაგრამ ცხადია, კითხვის ამგვარი უნარები გვიანი აბსოლუტიზმის დროში საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერის მიმღებ პირებს მოკლებული აქვთ.

ვარდების რევოლუციის პროექტი რესპუბლიკა 2.0-ის მიზნებისათვის ნაწილობრივ შედგა. საქართველომ შეძლო და შემოღობილი ტერიტორიიდან ნამდვილად გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელმაც დაამარცხა კრიმინალი, გაზარდა კეთილდღეობა და საფუძველი ჩაუყარა ინსტიტუტებს, მაგრამ პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნის მოდერნიზაციის მიღწევები საკმარისი არ აღმოჩნდა ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებისათვის. მკითხველს ეწყინება, მაგრამ კონსოლიდირებულ დემოკრატიას ალბათ მათი უმრავლესობა ვერ მოესწრება, რადგან ის გზა, რაც რესპუბლიკის შექმნას სჭირდება გრძელია, ცდუნებებით სავსე, მაგრამ გასავლელი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე მოდერნული რესპუბლიკის შექმნას ასეულობით მოაზროვნის კალამი და დახარჯული საუკუნე მოანდომა. ჯონ ლოკი და თომას ჰობსი ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ რომ რესპუბლიკა 3.0-ის ხსენებისას სწორედ მათზე ვიფიქრებდი, მაგრამ შეუძლებელია ავცდეთ იმის აღიარებას, რომ ადამიანები არასრულყოფილი არსებები ვართ, რომლებსაც მუდმივად გვჭირდება შეხსენება, რომ არაფერია მუდმივი და მითუმეტეს რესპუბლიკა, რომელიც საკუთრ თავს სწორედ საკუთარივე თავისუფლების წარმოებით ჟანგავს კვლავგანახლების იმედით.

საქართველოს მესამე რესპუბლიკის იდეა მხოლოდ მაშინ განხორციელდება, როდესაც ჩვენ, თითოეული მოქალაქე გავიაზრებთ, რომ ადამიანები შეცდომებს უშვებენ - კანონები არა. სწორედ ამიტომ, უნდა შევქმნათ იმგვარი სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ერთპიროვნულ მმართველობას, დაიცავს ყველაზე საზიზღარ აზრს და ძალაუფლებას აუცილებელ ბოროტებად გამოაცხადებს. სხვა შემთხვევაში ამ სტატიის ავტორი სახელსა და გვარს წლების შემდეგ სხვა ჩაანაცვლებს, შემდეგ კიდევ სხვა და ა.შ.

და რა შეიძლება იყოს მესამე რესპუბლიკის იდეა? როგორც უკვე მესამე ათწლეულია ვხედავთ, საქართველოს მოდერნიზაცია გრძელი პროცესია, რომელსაც ვერ დავაჩქარებთ იმ დოზით, რომ მოკლე ვადაში საგრძნობი შედეგები მივიღოთ და თან საპასუხო რეაქციამ არ წაგვლეკოს. თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება მოქალაქეთა სრულიად ახალ პოლიტიკურ შეთანხმებას შეუძლია. შეთანხმება აუცილებლად უნდა მოიცავდეს ხელისუფლების კოალიციურად დაკომპლექტების აუცილებლობას, მოძრაობის მხოლოდ ერთ ვექტორს - დასავლეთს და ადამიანის უფლებების ურყევ დაცვასა და პატივისცემას. თუ პოლიტიკური პარტიები, უბრალოდ აქტიური მოქალაქეები და დანარჩენი საზოგადოება შევძლებთ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებას, მაშინ მესამე რესპუბლიკის დაფუძნება აზრს შეიძენს. სხვა შემთხვევაში ჩვენ კვლავაც მოგვიწევს საკუთარი თავის მოტყუება, რომ საქართველო სულ მალე გადაიქცევა დემოკრატიად.








რესპუბლიკა 3.0

კონსტიტუცია

ყველა ადამიანი თანასწორია

ყველა ადამიანის აზრი დაცულია

ყველა ადამიანის სიცოცხლე დაცულია

ყველა ადამიანის თავისუფლება ხელშეუხებელია

ყველა ადამიანს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება

ძალაუფლება დანაწილებულია სახელისუფლებო შტოებს შორის

თვითმმართველი ერთეულები ქმნიან ხელისუფლებას

სასამართლო ხელისუფლება თავისუფალია

მმართველობის ფორმაა დემოკრატიული რესპუბლიკა



ჩვენ საქართველოს მოქალაქენი . . .


[1] იგულისხმება კომუნიზმი. ავტორის მოსაზრებით კომუნიზმი და ნაციზმი ბოროტების იდეოლოგიის სხვადასხვა სახელით მოხსენიებული ცნებებია. [2] 1992 წელს საქართველოს ეკონომიკა 44% - ით შემცირდა, შესაბამისად შედარებისათვის გამსახურდია-შევარდნაძის მმართველობისას ეკონომიკურ სტაბილურობაში იგულისხმება რღვევისა და გაუარესების შენელება.

54 views0 comments