გამოცდების შემცირება არის კარგი მხოლოდ ერთი რამის გამო: იმ 100-150 მილიონს, რომელსაც ოჯახები ყოველწლიურად ხარჯავდნენ რეპეტიტორობაში, მოაკლდება თანხა და, ვინ იცის, იქნებ განათლებაზე დაიხარჯოს (და არა განათლების სისტემაში შესვლისათვის, როგორც დღესაა).
მათთვის, ვინც მისტირის ეროვნული გამოცდების სისტემას: ეროვნული გამოცდების სისტემა 2005 წელს შეიქმნა, როგორც კორუფციასთან ბრძოლის და გადასახადების გადამხდელთა ფულის უნი-ებს შორის გადანაწილების სამართლიანი სისტემა. შეწყდა კორუფცია. ფულიც, ასე თუ ისე, სამართლიანად გადანაწილდა. ამის შემდეგ, განათლების სისტემის (და არა მარტო) მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ იგივე ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა გამოეყენებინათ განათლების ხარისხის ზრდისათვის. ეს მცდელობა თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისათვის (რატომ, ამის შესახებ სხვა დროს. ისე, ამ დღეებში, ისედაც, მგონი, ბევრი დაიწერა ამის შესახებ).
მაგრამ, შემცირება არ არის ის, რაც ხარისხზე იმოქმედებს. შემცირებისათის საჭიროა ცენტრალიზებული გამოცდების გაუქმება და გამოცდების/მიღების ტვირთის უნივერსიტეტებზე გადატანა. ამით უნი-ებს შორის მაქსიმალურად ადექვატური და არადრაკონული მისაღები სისტემების შექმნის შეჯიბრი დაიწყება. კორუფციაო, იტყვით. საეჭვოა: დღეს, როდესაც უნი-ებში მისაღები ადგილების რიცხვი აღემატება აბიტურიენტების რიცხვს და ე.წ. "საყოველთაოდ სასურველ პროგრამებზე" სწავლა მეტ-ნაკლებად ერთნაირია, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე უნი-მ 90იანი წლების კორუფციული სისტემა აღადგინოს?
"კი, დავუშვათ ეგრეა, მაგრამ ბაკალავრიატის ფული როგორ გადავანაწილოთ, თუ არა ცენტრალიზებული გამოცდებით?" იკითხავთ თქვენ. დღეს განათლების სისტემაში ჩახედული ხალხი მეტ-ნაკლებად თანხმდება, რომ არსებულ, ეროვნული გამოცდების სისტემას, გადასახადების გადამხდელების ფული ისევ მდიდართან და კარგი რეპეტიტორის დაქირავების შემძლესთან მიაქვს. გამოსავალი: სახელმწიფო გრანტი გადანაწილდეს სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებზე: ანუ, თუ უნი მიგიღებს, სახელმწიფო მოგცემს სწავლის ფულს. სოციალურად გაჭირვებული ოჯახების სიები არსებობს და ყოველწლიურად ზუსტდება.
ცხადია, კიდევ შეიძლება არსებობოდეს რაიმე სახელმწიფო სისტემა, რომელიც რამენაირი გამოცდით, მსურველებს დაურიგებს სახელმწიფო გრანტებს. თუმცა, არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფოს კარგა ხანი არ ექნება იმის ფული, რომ გამოცდის ჩატარების დანახარჯები უფრო მცირე იყოს, ვიდრე გასაცემი გრანტების მოცულობა და რაიმე ეკონომიკური ან საგანმანათლებლო ეფექტი მოგვცეს.
Comments