„ვხედავ“ :-) , რომ ზოგიერთი დაიძაბეთ. მაგრამ, ჯერ წაიკითხეთ ჩემი არგუმენტაცია. მერე გააგრძელეთ დაძაბვა.
ერთ რამეში მართალი ხართ: ქართული ოცნების გარდა, რომელიც ნელ-ნელა თუ ჩქარ-ჩქარა ხდება პრო-რუსულ-ჩინური, ყველა ოპოზიციური პარტიის წევრები მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავეს ამბობენ. ევროპა, ადამიანის უფლებები, პენსიები, თვითმმართველობა და ა.შ.
მაშინ რატომ ნაციონალური მოძრაობა? მესმის, რომ ყოველი მითითება სხვა პარტიების წევრების ბიოგრაფიებზე მოგერიებული იქნება არანაკლებ ეფექტური მითითებით ნაციონალური მოძრაობის წევრების ბიოგრაფიებზე.
მაგრამ, ჩემი დარწმუნებულობა, რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა მივცე ხმა, ამ ზემოდჩამოთვლილ სივრცეეებში არ ცხოვრობს. ახლა შევეცდები მოგიყვეთ ჩემი არგუმენტები, რატომ უნდა დავუჭირო მხარი ნაციონალურ მოძრაობას.
თანამედროვე მსოფლიოში სულ სამი ტიპის პოლიტიკოსი არსებობს: 1. ვისაც უნდა პოლიტიკით ფული იშოვოს; 2. ვისაც უნდა ისტორიაში დარჩეს, როგორც პოზიტიური გმირი; 3. ვისაც უნდა საკუთარ თანამოქალაქეებს და მათ შთამომავლებს ბევრად უკეთესი და უსაფრთხო ქვეყანა შეუქმნას;
მესამე ტიპის პოლიტიკოსები თითქმის არ არსებობენ (მე ასეთი სულ სამი ვიცი: ვუდრო ვილსონი, რონალდ რეიგანი და უისტონ ჩერჩილი. შეიძლება ხავიერ მილეიც ასეთია, გამოჩნდება). როგორც წესი, ეს მესამე მიზანი მეორისგან გამომდინარეობს, თუკი პოლიტიკოსი წარმატებას მიაღწევს.
რასაც დღეს ვუყურებ, პარტიის ლიდერების და თვალსაჩინო წევრების ბიოგრაფიებიდან გამომდინარე, დიდი, უდიდესი უმრავლესობა (ან შეიძლება ასე ვთქვათ, ყველა, ვინც ციხეში არ ზის) პირველი ტიპის პოლიტიკოსია. გადააავლეთ გონების თვალი და მიხვდებით: ყოველი მათგანის წარმატება ნაშოვნი ფულით განისაზღვრება. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, ან კარგი. ეს მოცემულობაა. ის, რომ ფულის შოვნა, როგორც პოლიტიკის მიზანი არ იცვლება, რაც არ უნდა ბევრი მილიარდი გქონდეს ყველამ დავინახეთ. ამ სიმრავლეში შედიან ისინიც, ვინც მილიონერობას არ აპირებს და პოლიტიკას როგორც საკუთარ სამუშაო ადგილს და სიბერის უზრუნველყოფას უყურებს.
ყველა ამ ლიდერს/წევრს შორის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია ისეთი, ვისაც უნდა რომ ისტორიაში დარჩეს როგორც პოზიტიური გმირი. ჰქონდა თუ არა შეცდომები, რომდესაც საქართველოში ყველაზე მეტ ძალაუფლებას ფლობდა? რა თქმა უნდა ჰქონდა. მათგან ყველაზე გამორჩეული ეკლესიისთვის გადასახადის გადამხდელის ხარჯზე უზომო პრივილეგიების/სიმდიდრის მინიჭება და ქვეყნის უკიდურესი ცენტრალიზაცია იყო. ყველა დანარჩენი შეცდომა ამ ორიდან გამომდინარეობს.
მაგრამ, სააკაშვილი, თუ ჯერ არა, მალევე მიხვდება, რომ დიდ და დადებით პოლიტიკოსად დარჩენა ისტორიაში შენობების და გზების მშენებლობა კი არაა, არამედ, ქვეყნის ცვლილება და მისი ერთხელ და სამუდამოდ გამოყვანა საბჭოთა ნანგრევებიდან. ამაში არაფერი ახალი არაა: შეხედეთ ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს: მრავალდონიანი თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია დიდი უფლებების მქონე რეგიონებით, უნიტარულობა: მეტი არაფერი უნდა ქვეყნის მოქალაქეს, რომ მაქსიმალურად განახორციელოს საკუთარი შესაძლებლობები და ბედნიერებისკენ სწრაფვაში მინიმალური ბარიერი ჰქონდეს.
ამ მიმართულებაზე გადის დღეს საქართველოს ისტორიაში პოზიტიურ და ძლიერ პერსონაჟად დარჩენის გზა. სხვა გზა არ არსებობს. შეიძლება მიხეილ სააკაშვილი დღეს ამას ვერ ხვდება, მაგრამ, აუცილებლად მიხვდება. მისი განათლება და მიზანი დაეხმარება ამაში. თუკი ვერ მიხვდა და ისევ ისე დაიწყო ქცევა, როგორც მაშინ, როდესაც პრეზიდენტი იყო, ისევ ისე, ან დაახლოებით ისე დაამთავრებს, როგორც ადრე. ჩვენც კიდევ ერთხელ წავალთ წრეზე, ისევ საბჭოთა კავშირის ნანგრევებში დავრჩებით, რაც არ უნდა ალამაზონ ეს ნანგრევები ქვეყნის მთავრობებმა შენობებით და ტრასებით.
რატომ ვერ შეძლებენ ამას ისინი, ვისი მიზანიც ფულის შოვნაა? პასუხი მარტივია: ფულის შოვნა პოლიტიკოსობით ადვილია მაშინ, როდესაც, თუმდაც მცირე ხნით, ქვეყნის დირექტორი ხდები. ქვეყნის გარდაქმნა და საბჭოთა ნანგრევებიდან გამოყვანა კი ქვეყნის დირექტორობაზე უარის თქმას ნიშნავს. აქვე მეტყვით, კი, მაგრამ სააკაშვილიც ასეთივე დირექტორი არ იყო წლების განმავლობაში? დიახ, იყო, გიპასუხებთ. მაგრამ, ისტორიაში პოზიტიურ პერსონაჟად დარჩენა ქვეყნის დირექტორობაზე უარის თქმაა. საქართველოს შემთხვევაში - უკვე ულაპარაკოდ.
コメント