top of page
  • Writer's picturegigitevzad

გიგი თევზაძე. რა არის ევროპა

Updated: Feb 18, 2023

ამ დღეებში, თუ თვეებში არა, ბევრი მოფიქრალი გამოჩნდა, რომელიც სხვადასხვა წესით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ევროპამ ევროპას უთღალატა, რომ ევროპელობა სადღაც დაიკარგა, რომ ევროპელებმა უღალატეს საკუთარ იდეას, თავს, ტანს და ასე შემდეგ.


ამ მოფიქრალთაგან ზოგიერთი ეშმაკობს, ზოგიერთს კი მართლაც სჯერა, რომ ევროპა ევროპარლამენტის რეზოლუციაა, რომ ევროპა რომელიღაც უნივერსიტიტის კურიკულუმია, რომ ევროპა სააკაშვილის მხარდაჭერაა და ა.შ.


ცხადია, რომ ყველა ეს მოფიქრალი ნებით თუ უნებლიეთ, დაფინანსებულად თუ არადაფინანსებულად, ერგება ხელისუფლების მიერ არჩეულ მიმართულებას, უარი თქვას ევროკავშირზე, ნატოზე და რუსეთის მოკავშირე გახდეს.


ამიტომ, ამ ხელისუფლების მიერ არჩეული გზის გასამართლებლად, რას არ იგონებენ: კარგად გავიგოთ, ევროპის სარგებელი რა არისო, აბა 577 პარლამენტარი თუ სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვს, ეს ხომ ევროპის დაისიაო და ა.შ.


ზოგიერთი იტყვით, რომ ეს სისულელეა, ზოგიერთი, რომ ეს ასეა. მაგრამ, რა არის საინტერესო და საერთო ყველა ამ ნაფიქრალში: ყველა ლაპარაკობს ევროპის საგარეო პოლიტიკაზე, თითქოს ევროპა მხოლოდ და მხოლოდ საგარეო პოლიტიკა იყოს და ისიც - მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში.


მაგრამ, ყოველი ეს განცხადება და მონოლოგი მოწოდებულია დამალოს ის, რაც სინამდვილეში ევროპაა: ევროპას უფრო მძაფრი ფანატიკოსები და ნაძირლებიც უნახავს და განუცდია, ვიდრე ჩვენი რუსეთუმე ხელისუფლებაა და უფრო კონფორმისტი მოაზროვნებიც, ვიდრე დღეს მოედნენ ჩვენს მედია-სივრცეს. ამ მხრივ, ევროპის ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენს შინნაზარდ მოფიქრალებს კიდევ ბევრი აქვთ მათგან სასწავლი.


ლუთერიც იყო, სავონაროლაც, კალვინიც და სალაზარიც, ჰიტლერზე და მუსოლინიზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაზე გამოცდილ საბჭოთა კავშირელებსაც არ აქვთ ის შემაძრწუნებელი გამოცდილება, რაც ზოგიერთი პროტესტანტული ქალაქის მაცხოვრებლებს ჰქონდათ რეფორმაციის პერიოდში. უნივერისტეტების ეკლესიაზე და პოლიტიკურ კონიუქტურაზე დამოკიდებულებაზე, როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებას შანსიც კი არ ჰქონდა უნივერსიტეტის კედლებში ეარსება, ტომებია დაწერილი. და ასე შემდეგ.


მაგრამ, ეს ევროპულობის შედეგია, და არა საფუძველი. ისევე, როგორც გოეთე, კანტი, დარვინი, ჰაიდეგერი, კირკი და უოტსონი, ბარსელონას არქიტექტურა და ევროპარლამენტი.


ეს შედეგებია. მიზეზი კი, საფუძველი - თავისუფალი ადამიანების მიკროსაზოგადოებების (თემების) ურთიერთობაა, რომელიც ხან ნოვალისს, შექსპირს და ლოპე დე ვეგას ბადებს და ხან მენგელეს. ესაა ევროპა და ესაა შესაძლებლობების კალეიდესკოპი.


ეს არ არის ჩინეთი, სადაც, გაწიე გამოწიე, ყელაფერი ორ ძირითად კონცეფციაზე დაიყვანება, არც ინდოეთი, სადაც ყველაფერი რაც უნდა მოხდეს, საზოგადოების ფენებადაა გაწერილი.


თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი მიკროსაზოგადოებების ურთიერთობის იდეა დაედო საფუძვლად ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, კანადას და ასე შემდეგ.


ესაა ევროპა: მე, თავისუფალი ადამიანი, ვთანხმდები სხვა თავისუფალ ადამიანებთან, რომ ასეთი და ასეთი თემი გვინდა, ამ წესებით გვინდა ვიცხოვროთ ჩვენს მიკრო-სოციუმში, მერე სხვა მიკრო-საზოგადოებასთან ვთანხმდები თანამშომრლობაზე და ასე შემდეგ. უსასრულოდ. ესაა ის იდეა, რომელიც ევროკავშირს უდევს საფუძვლად. კი, შეიძლება ზოგჯერ ეს იდეა მეტისმეტად კომუნიტარულ ფორმებს იღებს, მაგრამ, როგორც ზემოთ დავწერე, ასეც ხდება. თუმცა, ძირითადი იდეა სულ ერთი და იგივეა. ანტიკურ საბერძნეთშიც, რომის იმპერიაშიც და მერეც.


ჰოდა, ხვდებით, ხომ, რაზე უნდათ რომ უარი გათქმევინოს ხელისუფლებამ და მისმა მოფიქრალებმა? კი, რომ არ დავბრუნდეთ ჩვენს არსთან, ჩვენ ქართველობასთან, რომელიც ზუსტად ისევე ვითარდებოდა, როგორც ევროპა, ზუსტად ისეთი გადახრებით და სიმახინჯეებით, და ზუსტად ისეთი გამონათებებით და სიმაღლეებით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციამ არ გააჩერა. ზღაპარიც კი მოგვიფიქრეს რუსმა კომუნისტებმა: საქართველო მხოლოდ მაშინ იყო ძლიერი, როდესაც ცენტრალიზებული ძლიერი ხელისუფლება ჰყავდაო. ტყუილია ეს. ვინც ისტორიაში ჩახედული ხართ, იცით. ასე რომ ყოფილიყო, რა საჭირო იყო მეფის, ფეოდალების და რეგიონების ურთიერთრევერანსების ისტორია, რაც, ფაქტიურად, საქართველოს ისტორიის მეორე სახელია?


დღეს კი რას გთავაზობთ ხელისუფლება საპირწონედ? ქვეყანას, სადაც თავისუფალი მხოლოდ ხელისუფლებაა, სადაც არ არსებობს არც არჩევანი, როგორი მიკროსაზოგადოება გვინდა, და არც ამის მიღწევის შესაძლებლობა. ტოტალიტარული სისტემის შემოთავაზებული ყველაზე დიდი მოტყუება „ქვეყანის ბედის გადაწყვეტაზე ფიქრია“, რომლითაც მანიპულირება ყველაზე ადვილია ისეთ საზოგადოებაში, რომლის წევრს იმის უფლებაც არ აქვს გადაწყვიტოს, როგორი სკოლა უნდა რომ მის სოფელში/სამეზობლოში იყოს.


ამიტომ, ხან უზარმაზარი აღმშენებლობის პროექტით გიბნელებენ თვალს, ხან - სკოლების ცენტრალიზებული კვებით. საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ, რომ ასეთი პროექტების წარმატება შეუძლებელია, თუკი ყოველი თავისუფალი ადამიანი საკუთარ მიკროსაზოგადოებაში, თემში არ გადაწყვეტს რა სჭირდება და რატომ.


ასე რომ, როდესაც მოფიქრალი დაგიჯდებათ ტელევიზორის თუ კომპის ეკრანზე, გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ სახელისუფლებო ილეთია, ევროპულობის შედეგების კრიტიკით დაგიმალოთ ის, რაც ევროპელობაა: თავისუფალი ადამიანების გადაწყვეტილება, შეთანხმება, იცხოვროს ისეთ თემში, როგორშიც უნდა. და შეუთანხმდეს სხვა, ასეთივე თემებს თანაცხოვრების წესების შესახებ.





732 views

Comentários


bottom of page