თუკი ეს კითხვა აქამდე არ გაგჩენიათ, ახლა აუცილებლად დაფიქრდებით ამაზე. ყველამ ვიცით კავკასიისთვის ბრძოლის ისტორია, გრიგოლ ორბელიანის უდიდესი წვლილი ჩრდილო კავკასიის ხალხების დამორჩილებაში, და ასევე, კავკასიის ცენტრალურ ქედზე მცხოვრები ხევსურების, მოხევეების, ფშაველების მტერ-მოყვრული ურთიერთობა ლეკებთან, ვაინახებთან (ახლანდელი, რუსეთის მიერ ხელშეწყობილი დაყოფით: ჩეჩნებთან, ინგუშებთან, ბაცბებთან და ქისტებთან), ჩერქეზებთან. ეს კითხვა, რომელიც ამ ტექსტის სათაურად დავწერე, სხვანაირადაც შეიძლება ყოფილიყო: რა ენაზე ელაპარაკებოდა ჯოყოლა ზვიადაურს, ან ალუდა ქეთელაური მუცალს.
პოეტის სამყარო გამონაგონია, და ვაჟა ფშაველას სავსებით შეეძლო და სრული უფლებაც ჰქონდა ქართულად აელაპარაკებინა საკუთარი პერსონაჟები, ყოველგვარი ისტორიული და რეალური საფუძვლის გარეშე. ამიტომ, ეს კითხვა ისტორიულია და არა ლიტერატურული: რა ენაზე ესაუბრებოდა შამილი ილიკო ორბელიანს, როდესაც ეს უკანასკნელი ტყვედ ჰყავდა და მოგვიანებით, როდესაც უკვე თვითონ იყო რუსების ტყვეობაში, გრიგოლ ორბელიანს.
რა ვიცით ჩრდილო კავკასელი ხალხების და ქართველების ურთიერთობის შესახებ? ის, რომ ეს ურთიერთობა ინტენსიური იყო. გვაქვს მშობლიური, ვაინახური ენის თითქმის დაკარგვის მაგალითი: წოვა თუშები, რომლებიც თუშეთის ერთ-ერთი ოთხთაგანი თემია, თითქმის აღარ ლაპარაკობენ ვაინახურ ენაზე. გვაქვს მე19 საუკუნის შამილს გამოქცეული „ქისტების“, ვაინახური თემის მაგალითი, რომლებიც ლაპარაკობენ როგორც ქართულად, ასევე, ვაინახურად - ზოგი შეფასებით, იმ ენაზე, რომლებიც რუსული ენის გავლენით სხვაფერდება რუსეთის ტერიტორიაზე მოქცეულ ჩეჩნებს შორის.
გვაქვს უამრავი თქმულება, როგორ ურთიერთობენ ლეკები ქართველებთან და პირიქით: „ლეკი მოადგა ციხეს და შესძახა“, „ქართველმა ქალმა უთხრა გამტაცებლებს“ და ასე შემდეგ.
ჩრდილო კავკასიაში დღესაც პოულობენ და უგულოდ ამზეურებენ შუა საუკუნეების არქეოლოგიურ არტეფაქტებს, სადაც ვაინახური და ჩრდილო კავკასიის სხვა ენების სიტყვები ქართული ანბანითაა ჩაწერილი (უფრო ადრინდელი - ბერძნული ანბანით, შავი ზღვის მიმდებარედ, კირილიცათიც - კიევის სამთავროს გავლენა).
ცხადია, ამ შესავლის მერე ჩრდილო კავკასიელების და ქართველების სასაუბრო ენის შესახებ დაფიქრება აუცილებელია. საბჭოთა ისტორიოგრაფია მოხერხებულად უვლიდა გვერდს ამ საკითხზე მსჯელობას. ვინც იცოდა პასუხი, ცხადია, აკრძალული ჰქონდა ამის შესახებ ლაპარაკი/წერა. თანამედროვე ისტორიკოსებმა ეს გვერდის ავლა იმემკვიდრეს, თუმცა, გაცნობიერების გარეშე, ვფიქრობ.
მე19 საუკუნის პირველ ნახევარში, 1842 წელს წარმოშობით გერმანელი რუსეთის მოქალაქე, ზისერმანი, როდესაც საქართველოში ჩამოდის და ვორონცოვის ახლო თანამშრომელი ხდება, კავკასიის საკითხებში გარკვევისათვის ქართული ენის შესწავლას იწყებს. იმდენად კარგად ისწავლა, რომ როდესაც ლაპარაკობდა ქართულად, ქართველებიც ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს ენა მისთვის მშობლიური არ იყო. გარდა ამისა, ზისერმანს ქართულის ცოდნა ძალიან გამოადგა კარიერისათვის, იმიტომ, რომ ძალიან ჩახედული გახდა ჩრდილო და ცენტრალური კავკასიის საქმეებში.
ყველა გადმოცემით და თქმით, რაც არ უნდა დაძაბული იყოს ამბავის ქარგა, ქართველებს და ჩრდილო კავკასიელებს საურთიერთოდ თარჯიმანი არ სჭირდებათ. ლაპარაკობენ ჩვეულებრივად, თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია. და როგორც ჩანს, არც იყო.
მგონი უკვე არ გეპარებათ ეჭვი, რომ მანამ, სანამ რუსები აიღედნენ კავკასიას, LINGUA FRANCA კავკასიაში ქართული იყო: არა მარტო პოლიტიკური ზეგავლენის გამო: ეკონომიკური მიზნებითაც. ერეკლე მეფეს არ სჭირდებოდა თარჯიმანი კოხტა ბელადის გამოწვევისათვის. არც დაღესტნელ ხანებთან ურთიერთობისთვის. არც ლეკებს, როდესაც სავაჭროდ და საალაფოდ ჩმოდიოდნენ კახეთში.
არც „იავნანამ რა ჰქმნა“-ში აქვთ ქართველებს და ლეკებს კომუნიკაციის პრობლემა. მეტიც, გოგებაშვილი ზედმეტად მეგობრულად და ერთიანად აღწერს ქართველების და ლეკების ურთიერთობას.
კავკასიის აღების შემდეგ, 19 საუკუნის განმავლობაში პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ქართულ ენას რუსული ჩაენაცვლა. მხოლოდ წოვა თუშები და ქისტები (პანკისის ხეობა) არიან იმ დროის ცოცხალი მაგალითები, როდესაც კავკასიაში საკომუნიკაციო ენა ქართული იყო. ვფიქრობ, ახლა უფრო გასაგები ხდება რუსების დაჟინება საქართველო დაემორჩილებინათ; ის არა მარტო კავკასიის ყველაზე დიდი და გავლენიანი ქვეყანა იყო. ენობრივადაც კავკასიის ცენტრს წარმოადგენდა.
შესაბამისად, სათაურში გამოტანილ კითხვაზე პასუხი ცხადია: შამილი ილიკო და გრიგოლ ორბელიანებს ქართულად ელაპარაკებოდა. და, ასევე, ქართულად ლაპარაკობდა ჰაჯი მურატი და რუსებთან მისი მოთარჯიმნეები ქართველები იყვნენ.
Comments