top of page
  • gigitevzad

გიგი თევზაძე. ფოტო: ზელენსკი კონგრესში

Updated: Dec 28, 2022

„ფლობერს სჯეროდა, რომ შეუძლებელი იყო ხელოვნების ერთი ფორმის ახსნა მეორის მიხედვით და რომ დიდ ნახატებს არ სჭირდებათ სიტყვებით ახსნა. ბრაქი ფიქრობდა, რომ იდეალური მდგომარეობაა, როდესაც ნახატის შესახებ საერთოდ არაფერს ვამბობთ. მაგრამ ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ვრჩებით გამოუსწორებელ მეტყველ არსებებად, რომლებსაც უყვართ საგნების ახსნა, მოსაზრებების ჩამოყალიბება, კამათი. იშვიათია ნახატი, რომელიც გვამუნჯებს, ან კამათს გვაწყვეტინებს. და თუკი რომელიმე მათგანი ამას აკეთებს, მხოლოდ ძალიან მცირე დროით, მანამ სანამ მოვინდომებთ ავხსნათ და გავიგოთ ის სიჩუმე, რომელშიც ჩავვარდით.”

ჯულიან ბარნსი „თვალსაწიერში დატოვება: ესსები ხელოვნების შესახებ“


განსხვავებით ნახატისგან, ფოტო, წარმოშობით, გამოგონების მიზნის მიხედვით, ამბის მოსაყოლადაა მოგონილი: ის სწორედ ჩვენთვის, მოლაპარაკე, მოლაყბე არსებებისთვისაა, რომელიც მოგვიწოდებს აღვწეროთ ფოტო, დავასვათ ნიშანი, მოვყვეთ როდის არის გადაღებული, ვინ გადაიღო, რატომ გადაიღეს და ა.შ.


მაგრამ, ფოტოს აქვს თავისი „კულისები“, რომლის შესახებ ძირითადათ ჩუმად ვრჩებით, რომლის შესახებ არ გვინდა ლაპარაკი, რომელიც გვამუნჯებს და საკუთარ თავთან გვტოვებს. ყველა ფოტო ასეთია. უბრალოდ, ზოგ ფოტოში ეს აშკარაა, ზოგში არა. ეს, ალბათ, შემთხვევითობაზე და ფოტოგრაფზეა დამოკიდებული. სწორედ ეს სიჩუმე არის ის, რაც აერთიანებს ფოტოს და ნახატს, ნახატის სცენას და ფოტოს კულისებს.


ვფიქრობ, ზელენსკის კონგრესის ეს ფოტო ასეთია, სადაც ფოტოს „კულისები“ კარგად ჩანს:


რას ვხედავთ ფოტოზე: ახალგაზრდა კაცი, წვერით, სამხედროს მსგავსს ფორმაში, ცდილობს კადრს მიღმა გავიდეს. უკნიდან, მას მხრებზე მოხუცი/ხანშიშესული კაცების ხელები ეხებიან. ოღონდ, არ ვიცით, აჩერებენ, ხელს კრავენ, უკან ეზიდებიან, ეხმარებიან წინსვლაში.

სურათის ფონი ლურჯი ხალიჩაა. ბუნდოვანი გერბით. რომც არ ვიცოდეთ სადაა სურათი გადაღებული, აშშ-ის ფსეუდო-კლასიცისტურ სტილს მაინც გაგვახსენებს.


სამხედროს მსგავსს ფორმაში ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს თავი ოდნავ დახრილი აქვს და მარჯვენა ხელი ზევით აწეული, გაურკვეველია, წინ ვინც დგას, მათ ესალმება თუ უკან ვისი ხელებიცაა, ეუბნება თავი გაანებონ.


ამ ფოტომ ბევრი რამ შეიძლება გაგახსენოს, თუნდაც, მსგავს ფორმებში გამოწყობილი ჩეგევარა და ფიდელ კასტრო. და შემდეგ ბევრი ვიმსჯელოთ „საწინააღმდეგოების ერთი ფორმაში მოთავსების კანოზომიერებაზე“. მაგრამ, აქ უნდა გავჩერდეთ, ეს სხვა მსჯელობაა და დავუბრუნდეთ ფოტოს:


საინტერესო ისაა, და პირველი რაც შემოგვეყრება ამ ფოტოს [კულისებზე] დაკვირვებისას, არის მისი შეუსაბამობა კონკრეტულ ისტორიულ კონტექსთან, რაც ამავე და სხვა ფოტოების და ვიდეოების კომენტირებისას ვნახეთ/მოვისმინეთ: ფოტო წინააღმდეგობებითაა სავსე, კონკრეტული ისტორიული მომენტი, ზელენსკის ვიზიტი კონგრესში - სუპერ-სიცხადით: აღთქმული მეგობრობა, მილიარდები იარაღისთვის, წითელი ხალიჩა, რუსეთის დამარცხების დაპირება.


მაშინ, რას გვაჩვენებს ამ ფოტოს კულისები? რა არის ამ ფოტოს კულისებში, რაც გვაიძულებს არ ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რაც ამ ფოტოს კულისებიდან გვიყურებს? ხომ არ არის ეს დახმარების ერთსულოვნების, მომავლის გეგემების გარკვეულობის, უკვე თითქმის მიღწეული გამარჯვების შესახებ ჩვენი ეჭვების გამოხატვა?


ალბათ. მაგრამ ფოტოს ფოკუსი და არაფოკუსირებული ნაწილი ასევე გვეუბნება ჩვენი ყოფნის და ყოფის მოლოდინის შესახებ: ეს ის ახალგაზრდაა, ფოტოს ცენტრში, რომელიც წინ მიდის, ფსეუდო-კლასიცისტური ბუნდოვანი სიმბოლოების ფონზე. გვეუბნება ეს სიცხადე მსოფლიო ახალი წესრიგის იმედზე, ამ ახალგაზრდა კაცის მამოძრავებელი ძალით? კი.


არის თუ არა ეს ყოფნის ჰორიზონტის შეცვლის [იმედის] მანიფესტაცია? უდაოდ. არის თუ არა ეს ფოტო ისეთი, რომე;ლიც 5, 10, 30 წ;ლის წინ ვერც კი წარმოგვედგინა? უდაოდ. მაშინ ეს მართლაც ის ფოტოა, რომელიც ჩვენი ყოფნის და ყოფის დღევანდლობას გვიჩვენებს, იმისდა მიუხედავად, რომ სრულიად არ შეესაბამება იმ ოფიციალურ დისკურსს, რომლისთვისაც ის გადაიღეს.

316 views1 comment
bottom of page