Search
  • gigitevzad

გიგი თევზაძე. შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმე, როგორც მოწოდება

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ერთი წლით აუკრძალა სტუდენტების მიღება. ცუდია, საგანგაშოც კი. არ დავიწყებ დეტალების განხილვას და იმის მტკიცებას, რომ საბჭო ცდება. ვიცი, რომ ბევრი ასე ფიქრობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საბჭო და მთავრობა იურიდიულად „გაასწორებენ“ ამ ამბავს და „დაამტკიცებენ“, რომ მართლები არიან, ვფიქრობ, რომ უმრავლესობას მაინც დარჩება წარმოდგენა, რომ საქმე „შეკერილია“, რომ ამ „მიკრო-ყადაღის“ რეალური მიზეზი, გაუგებარი დავალიანება კი არა, „რაღაც სხვაა“, რომ საბჭო მთავრობის დავალებით მოქმედებს და ა.შ.


ჰოდა, მნიშვნელოვანი სწორედ ესაა: რატომ იფიქრებს/ფიქრობს უმრავლესობა, რომ პოლიტიკა/მთავრობა/ბიზნებს-ინტერესები არის ამ გადაწყვეტილების მიზეზი და არა ავტორიზაციის საბჭოს რეალური წუხილი განათლების ხარისხზე? ვიცი, მეტყვით, რომ „ავტორიზაციის კომისიამ ვერაფერი მსგავსი ვერ იპოვა უნი-ს შემოწმებისას, და იმიტომ“. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ნიუანსის ცოდნის გარეშეც, უმრავლესობა ფიქრობს, რომ მიზეზი სტუდენტების ბედზე წუხილი არაა, ეს უკანასკნელი მოხლოდ საბაბია.

რატომ?


იმიტომ, რომ ყველამ იცის, ზოგმა (უმეტესობამ) ინტიუციურად, ზოგმა (ძალიან ცოტამ) არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ, ჩვენს განათლების სისტემაში, არა, ჩვენი განათლების სისტემა, დიდი ხანია დალპა. და რომ ყოველი შემდეგი მთავრობა დალპობას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე გამოჯანმრთელებას. გეტყვით რატომ: ჩვენი განათლების სისტემა უკიდურესად ტოტალიტარულია: ცენტრალიზებულია, ვერტიკალურია, ჰიპერ-ბიუროკრატიულია და ა.შ. ის, რომ ასეთი განათლების სისტემით წარმატება არ მიიღწევა, არა მარტო მე, სხვებსაც ბევრჯერ დაუწერიათ. მაგრამ, ეს არ არის ზემოთ ხსენებული ინტუიციური დასკვნების მიზეზი. ამ საყოველთაო განწყობის მიზეზი ისაა, რომ როგორც ყველა ტოტალიტარული სისტემა, ჩვენი განათლების სისტემაც, სიმულირებს დემოკრატიულობას და საჯაროობას. მაგალითად, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით: მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის საბჭოს დებულებაში წერია, რომ საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ საბჭოს წევრობა, რეალობა საპირისპიროა: ავტორიზაციის საბჭოს წევრების უმრავლესობას სახელმწიფო უნივერსიტეტების და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლები წარმოადგენენ. ხოლო, საქართველოში სახელმწიფო უნი-ები და სახელმწიფო საგანმანათლებლო-კვლევით-ადმინისტრაციული დაწესებულებები სახაზინო ორგანიზაციები არიან (ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ხაზინაში აქვთ ძირითადი ანგარიში და სტრუქტურულად, სახელმწიფოს უშუალოდ დაქვემდებარებული ორგანიზაციები არიან, და არა, როგორც მათ ლეგალურად ეწოდებათ, „საჯარო“ და საზოგადოებრივი). შესაბამისად, სახაზინო დაწესებულების პროფესორები და თანამშრომლები, შეიძლება არც არიან კანონით საჯარო მოსამსახურეები, მაგრამ, ამ სახაზინო დაწესებულებაში სამსახურის გამო, ძლიერად არიან შეზღუდულნი მთავრობის ინტერესის სფეროში არსებული გადაწყვეტილების მიღებისას.


კიდევ სხვა ამბავია ავტორიზაციის საბჭოს კერძო უნი-ების წარმომადგენლები. ჩვენი განათლების სისტემა, სახელმწიფოს მხრიდან, იმდენად რეგულირებადი და ჰიპერ-ბიუროკრატიულია, რომ სახელმწიფოს ძალიან ადვილად შეუძლია ჩააგდოს და გააჩეროს ნებისმიერი კერძო დაწესებულების მუშაობა (როგორც ეს მოხდა კიდეც შავი ზღვის უნივერსიტეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერვე დაქირავებული ექსპერტების დადებითი დასკვნის საწინაამღდეგოდ). კი, სასამართლოში შეიძლება მოიგო საქმე, საბოლოოდ, მაგრამ, სწავლების შეჩერებული პროცესი აუნაზღაურებელ დანაკარგს აყენებს უნივერსიტეტს.


ამიტომ, როდესაც ასეთი ვითარებაა, ვფიქრობ, სტრუქტულად და ინსტიტუციონალურადაა ცხადი, რომ მსგავს საბჭოებში საკითხი „მთავრობის ინტერესი versus კერძო/საზოგადოებრივი ინტერესი“, მთავრობის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. როგორც ერთი ანთროპოლოგი ამბობდა, გადაწყვეტილებას ინსტიტუტები იღებენ, და არა ადამიანები. სწორედ ეს არის იმ ინტიუციის საფუძველი, ზემოდ რომ დავწერე.


ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არა მარტო გადაწყვეტილების სამიზნე, გადაწყვეტილების მიმღებიც, ამ ჩვენი, განათლების ტოტალიტარული სისტემის მსხვერპლია. ვიცი, მეტყვით, რომ „რას თანხმდებოდნენ მაგ საბჭოს წევრობას?“, ან „ვერ გამოვიდნენ საბჭოდან, როცა დაინახეს, რაც ხდება?“. თქმა ადვილია. გაკეთება ძნელი. პატარ-პატარა დათმობები დიდ კოლაბორაციონიზმად და დანაშაულად იქცვა ხოლმე. არ გეგონოთ, საბჭოს წევრების გამართლებას ვცდილობდე. რეპრესიულ სისტემებში ჯალათიც სისტემის მსხვერპლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჯალათი არ არის.


არადა, ტოტალიტარული სისტემის ერთი, აუცილებელი თვისებაა: ის არასოდეს ჩერდება და მუდამ აფართოებს საკუთარი წვდომის ფარგლებს. ვფიქრობ, დღეს საქართველოში ყველაზე მეტი QUANGO (კვაზი-არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რეალურად სახელმწიფოსგან, ან სახელმწიფოს დახმარებით, იღებს დაფინანსებას და სახელმწიფოს გავლენის ქვეშაა) განათლების სფეროშია. თუმცა, ეს სხვა მსჯელობის თემაა.


აი, როგორც იქნა, მივედი სათაურში გამოტანილ აზრამდე: შავი ზღვის უნივერსიტეტის ეს საქმე მოწოდებაა, რომ ასეთი სისტემა აღარ უნდა არსებობდეს. ამ სისტემაში ყველა მსხვერპლია, უბრალოდ, მსხვერპლების ერთი ჯგუფი ანადგურებს მეორეს და ასე უსასრულოდ. ამ სისტემაში ჩართულები (ანუ, ჩვენ და ჩვენი შვილები) „მსხვერპლის დიალექტიკის“ გარდა არც არაფერს და ვერაფრს სწავლობენ. თუკი ვინმე საგანმანათლებლო და კვლევით წარმტებას აღწევს, უეჭველად სისტემის საწინააღმდეგოდ მუშაობის შედეგად, და არა სისტემის ხელშეწყობის და სისტემის მიხედვით ქცევის გამო.


რაც და რამდენიც არ უნდა ელაპარაკო მთავრობებს, რომ ეს სისტემა ცუდია, რომ არა მარტო კვლევის და განვითარების მხრივ მოაქვს ჩავარდნა, არამედ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ მაკონტროლებელს აზიანებს, მაინც დღევანდელი საარჩევნო კვერცხი, რაც ათეულ ათასობით სახელმწიფოზე ჩამოკიდებულ/დამოკიდებულ პოტენციურ ამომრჩეველს/სახაზინო დაწესებულების თანამშრომელს ნიშნავს, ურჩევნიათ ქვეყნის ხვალინდელ წარმატებას და განვითარებას.


ამიტომაც არის შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმე მოწოდება. ცხადია, არც პირველი და არც უკანასკნელი. აქამდე, ყველაზე აშკარა მოწოდება - თავისუფალი უნივერსიტეტის დახურვის მცდელობა იყო. მოწოდებაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოდ ის სისტემა, რომელიც ვეღარ დამთავრდა საბჭოთა კავშირის შემდეგ და რომელიც მხოლოდ მსხვერპლის კვლავწარმოებას ახდენს.



563 views