Search
  • gigitevzad

გიგი თევზაძე. Corona-რჩევები მთავრობას: on-life უსაფრთხოება და კომუნიკაცია ვირუსთან

მთავარი პრობლემა, როგორც ვხვდები, ვირუსის აღქმაშია: ჩვენში საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენები და უმსჯელობები გვეუბნება, რომ ვირუსი მტერია, მისი ამოცანაა მოკლას რაც შეიძლება მეტი ადამიანი/ცოცხალი ორგანიზმი. ასეა, აბა რა. მით უმეტეს, რომ ყველა ფილმი, რომელიც ეპიდემიებზეა გადაღებული, ამ სქემას გვთავაზობს: ყოველი შემდეგი მუტაცია წინანდელზე უფრო საშიში და მომაკვდინებელია. ამას ამბობს საღი აზრი. მაგრამ, მართლაც ასეა თუ არა საქმე?


ვირუსი ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ჩვენ ყველა. შესაბამისად, მისი უპირველესი მიზანი გავრცელება/გამრავლებაა, და არა მკვლელობა. ამიტომ, იმისათვის, რომ გავერკვეთ, რა უნდა ვირუსს და რა უნდა მას ჩვენგან, უნდა შევხედოთ მას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს:


როდესაც ვირუსი (წაიკითხე, ცოცხალი ორგანიზმი) ახალ გარემოში ხვდება (ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ის ღამურების გარემოდან ადამიანების გარემოში მოხვდა), მისი პირველი იმპულსია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამრავლდეს: დაიკავოს რაც შეიძლება მეტი უჯრედი, შევიდეს აგრესიულად რაც შეიძლება მეტ უჯრედში და ამ უჯრედში არსებობის საკუთარი წესების კარნახი დაიწყოს. ნუ, დაახლოებით ისე, როგორც დიქტატორული რეჟიმები იქცევიან.


მაგრამ, ძალიან მალე, ვირუსის პოპულაცია აღმოაჩენს, რომ ასეთი აგრესიული ქცევა კი წარმატებულია, რაღაც ეტაპზე, მაგრამ საბოლოოდ იწვევს მატარებლის სიკვდილს და შესაბამისად, ვირუსის პოპულაციის სიკვდილსაც. ეს „აღმოჩენა“ სულაც არ არის ანთროპომორფიზმის შემოტანა (ანუ, ადამიანისთვის დამახასიათებელი გონიერი თვისებების მიწერა ვირუსისთვის) მსჯელობაში: გავრცელებისას გადარჩებიან ის ვირუსები, რომლებიც ნაკლებად აზიანებენ მატარებელ ორგანიზმს და დაიღუპებიან ის ვირუსები, რომლებიც მატარებელ ორგანიზმს კლავენ. ამიტომ, ვირუსის პოპულაცია იწყებს ისეთი ფორმების გამომუშავებას, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვნებს მატარებელს და ვირუსის პოპულაციის გადარჩენის მეტ შესაძლებლობას ტოვებს. საბოლოოდ, ეს პროცესი მიდის ვირუსის სახიფათო ფორმების გაქრობამდე და ეპიდემია/პანდემიის ჩაქრობამდე.


მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უმოქმედოთ უნდა ველოდოთ, როდის რას „მიხვდება“ ვირუსის პოპულაცია: ის, რომ ვირუსული ეპიდემიის გავრცელება საბოლოოდ მინავლდება და ქრება, ფაქტია, მაგრამ, ასევე ფაქტია, რომ ამ მინავლების პროცესში მილიონობით ცოცოხალი ორგანიზმი (მატარებელი) იღუპება. ამიტომ, ჩარევა საჭიროა, ოღონდ, გონივრული და ადეკვატური ჩარევა.


თუკი ზემოთ აღწერილი მოდელი მართებულია, კაცობრიობის მიერ გამოცდილებით გამომუშავებული მიდგომა გამართლებულია: კარანტინი, რომელსაც იზოლაციაში გადაჰყავს აგრესიული ფორმები და არ აძლევს მათ გავრცელების საშუალებას: ეს არის სიგნალი ვირუსის პოპულაციისადმი, რომ ნაკლებად დამღუპველი ფორმებს (შტამებს) უფრო მეტი შანსი აქვთ გადარჩნენ და შეინარჩუნონ პოპულაცია, ვიდრე აგრესულებს და დამღუპველებს. ამით ადამიანი დიალოგს იწყებს ვირუსის პოპულაციასთან და წარმატებულ შედეგებსაც აღწევს.


ჰოდა, ამხელა შესავალი რატომ დავწერე: სწორი და გამართლებულია აგრესიული ფორმების ფიქსირება და იზოლაცია, მაგრამ, სრულიად გაუმართლებელი და უგუნურია კომუნიკაციური სივრცის შეზღუდვა: თუკი პრევენცია კარგად მუშაობს (მაგალითად, მკაცრად აკონტროლებ საზღვარს იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსის პირველი ტალღის შემთხვევებია), ქვეყანაში ვირუსის აგრესიული ფორმების შემოსვლა ლიმიტირებულია. ხოლო ყოველი ასეთი შემთხვევის იზოლირება კიდევ უფრო ამცირებს ვირუსის აგრესიული ფორმების გავრცელების შესაძლებელობას.


მეორე მხრივ, თუკი ვირუსის აგრესიული შტამების გავრცელების არეალი იზღუდება (ვუჰანი, ბერგამო), შეზღუდვის ადგილებიდან გავრცელებული ვირუსის შტამები ისედაც უფრო სუსტები არიან, ვიდრე მათი წინაპრები. ამიტომ, სწორი კარნტინის პირობებშიც კი, კომუნიკაციის იზოლაციაზე მიმართულმა ქმედებებმა შეიძლება საპირისპირო შედეგიც კი გამოიღოს: თუკი ვირუსის პოპულაციას „დაარწმუნებ“, რომ მისი გავრცელება/გამრავლების შანსი მხოლოდ აგრესიული ქმედებაა, შედეგადაც აგრესიულ მუტაციებს მიიღებ. თუკი მიაწოდებ გზავნილს, რომ ნაკლებად აგრესიული ფორმები გადარჩებიან და სიმბიოტური კავშირი პერსპექტიულია, ვირუსის პოპულაცია დაიწყებს ადამიანთან „მეგობრული“ შტამების გამოუშავებას.


ეს ყველაფერი ძალიან კონკრეტულ ქმედებებისკენ გვიბიძგებს:


1. არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული სტრატეგია: ვირუსის გავრცელებას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება (კვლევა) და შესაბამისი მოქმედებები: აგრესიულდება ვირუსი, სხვა ამბავია, სუსტდება - სხვა; მთავარია აგრესიული შტამების შეკავება და ამით სწორი სიგნალის გაგზავნა ვირუსის პოპულაციისათვის;


2. კომუნიკაციის შეზღუდვა უაზრობაა: პირიქით - შესაძლებელია ამ შეზღუდვამ არასწორი სიგნალი მიაწოდოს ვირსუსს და აგრესიული შტამისკენ მუტაცია გამოიწვიოს; თუმცა, კომუნიკაციის რეგულაციამ კარგი შედეგი უნდა გამოიღოს;


3. ყველაზე მართებული მოქმედება, ვფიქრობ, არის არა ადამიანთაშორის კომუნიკაციის კონკრეტული ფორმების აკრძალვა, არამედ, მათი რეგულირება:


3.1.რესტორნები, მაღაზიები, სუპერმარკეტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი: უსაფრთხო მანძილების დავალდებულება, რაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ითარგმნება როგორც მგზავრების ლიმიტირებული რაოდენობა, ხოლო დანარჩენისთვის, როგორც კონკრეტული სივრცული უსაფრთხოება: მაღაზიაში - რიგის, მაგალითად, 1 მეტრიანი შუალედი, რესტორნებში - დიდი სივრცეები მაგიდებს შორის;


3.2. განათლების სისტემა: წუხილი იმის თაობაზე, რომ განათლების სიტემა დაინგრა და ვერ აღდგება აპრილამდე, უაზრობაა; დისტანციური სწავლების ტოტალურობა ისედაც მოსალოდნელი იყო, ვუჰანმა დააჩქარა. როგორც დიდი და პატარა ლექციები, ასევე, ინდივიდუალური მუშაობა ტუტორებთან ადვილად ტრანსფორმიდება დისტანციურ საქმედ. Desk research-ის დისტანციური სწავლება უკონკურენტოა. მაგრამ, განათლებაში არის დიდი ფენა, რომელიც ვერ რეგულირდება დისტანციურად: საჭიროა ფიზიკური თანყოფნა. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ამ ფიზიკური თანყოფნის მინიმალური სტანდარტები: მაგ. ლაბორატორიებში, სახელოსნოებში, საველე პირობებში აუცილებელი სადიზენფექციო ღონისძიებები, დეზინფექციის სიხშირე, სადეზინფექციო ბოსქსების აუცილებლობის კრიტერიუმები და ა.შ. სხვა გამოსავალი მაინც არ არის. მოთქმას, რომ განათლების სისტემა ჩამოიშალა, სჯობს ზრუნვა on-life უსაფრთხო განათლების რეგულაციებისათვის. ადვილად მიიღწევა.


3.3.იგივე შეიძლება ითქვას წარმოების და გადაზიდვების შესახებაც: on-life უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნაკლებად დამანგრეველია, თუმცა, ჩვეულებრივზე მეტად ხარჯიანი, ვიდრე პროცესის შეჩერება.


3.4.იგივე - გასართობი ადგილების მიმართ: რატომ უნდა მოუსპო შემოსავალი, მაგალითად, თეატრს, ან სტადიონს: როცა შეგიძლია გადასახადები და მაყურებელთა ადგილების რაოდენობა შეუმცირო? ამ ვითარებაში, შეიძლება ზოგიერთმა მსგავსმა ადგილმა კიდევ უფრო მეტი ექსკლუზიურობა და სიძვირე აირჩიოს. შესაძლებლობები, ამ შემთხვევაშიც, უსაზღვროა;


3.5.ტურიზმი - მოთქმა და კომპენსაციიების ძებნა არ არის გამოსავალი. არც ქვეყანაში ტურისტების ნაკადების მექანიკური შეზღუდვა. ტურიზმის ოპერატორებს ტრანსპორტის კომპანიებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა მოუწევთ პოტენციური ტურისტების უსაფრთხო მგზავრობაში და on-point მიღწევის უაფრთხოებაში დასარწმუნებლად. გაიზრდება ტურსისტული დაზღვევის ღირებულება. ცხადია, სახელმწიფოს დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტები ტურისტულ მხარეეებზეც გავრცელდება, მაგრამ, ტურიზმის ოპერატორები, სავარაუდოა, კიდევ უფრო გაამკაცრებენ ამ სტანდარტებს, მომავალი ექსლუზიური კლიენტების მაქსიმალურად ფართო მოზიდვის უზრუნველსაყოფად.


3.6.სახელმწიფო უსაფრთხოება: უნდა გახდეს უფრო ჭკვიანი, ვიდრე აქამდე: ნაკლებად აგრესიული და მეტად - პრევენციული: რაც ნიშნავს ბიოუსაფრთხოების მეტი სპეციალისტის დასაქმებას და ბიოუსაფრთხოების რეგიონული ცენტრების შექმნა/გაძლიერებას.


კიდე ერთხელ: ვირუსების გავრცელების სქემა, რომელიც ზემოთ აღვწერე, სახიფათოდ აქცევს როგორც ზედმეტ რეგულაციას, ასევე, ზედმეტ დერეგულირებას.


რაც მთავარია, კომუნიკაციური სივრცის რეგულირებაა გამოსავალი, და არა კონკრეტული ადგილების ფუნქციონირების აკრძალვა.


დეზინფექციის, ხალხმრავალი ადგილების მორიდების და საკუთარი თავის კონტროლის რეკომენდაციები, ცხადია, რჩება და შეუცვლელია.




0 views