top of page

თათია გიგანი: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს _ #2



Ти на війні, дівчино!

გუშინ, კოქტეილის კაბას ირგებდი, დღეს კი ომში ხარ! დაბომბილ სამშობიარო სახლიდან გამოჰყავხარ ჯარისკაცს, სარდაფში შვილებისთვის ზღაპრებს იგონებ, რადგან ყველა ზღაპარი დაგავიწყდა. მტერი გყავს ამოღებული მიზანში და ელოდები წამს, რომ შური იძიო. ფრჩხილებში მიწა გაქვს, ტუჩებზე საკუთარი სისხლი. ღმერთო, სად ხარ ამ დროს?



Ти на війні, дівчино!

მე კლავიატურასთან ვზივარ, თბილ ოფისში და როგორ დაგაჯერო, რომ ვგრძნობ ტკივილსა და ბრაზს, ვერ დაგაჯერებ. ეს გამორიცხულია.



Ти на війні, дівчино! ჩემს ომს იბრძვი, ჩემს მიწას იცავ, რადგან შენი ლამაზი უკრაინა, დღეს მარტო შენი არ არის, ის ჩემი სამშობლოცაა.



ალბათ, ამ ომისთვის დაიბადეთ, თმებში გვირილებჩაწნილებს, საკუთარ მიწაზე, საკუთარი მიწისთვის უნდა გეომათ, კაცობრიობის მტერი მარტო უნდა დაგემარცხებინათ. ამ ომისთვის დაიბადეთ, ამ ომისთვის შეიყვარეთ. ამ ომში დაკარგეთ შვილები, ამ ომის მსხვერპლად დაბადებულები. რა უსამართლობაა ვამბობმე და შენ, ალბათ, მეტყოდი, რომ მონობას, უსამშობლობას, სიკვდილი გირჩევნია.



წამით, როცა უკრაინის ცა მშვიდია, თვალებს ხუჭავ და ვერაფერს ხედავ შენი ტკბილი მიწის გარდა, რომელიც თუ საჭირო გახდა, გულზე უნდა დაგეყაროს, ოღონდ გამარჯვების ფასად.



Україна - твій дім! Tи нічого не боїшся ან რამ უნდა შეგაშინოს, საკუთარ სახლში, ვინ უნდა შეგაშინოს, როცა ასეთი ლამაზი და მართალი ხარ, როცა შენი უკრაინა დღეს თავისუფლების სიმბოლოა.



შენ ამ გამარჯვებისთვის დაიბადე. უკრაინის ცა ცეცხლშია, ბავშვები კვდებიან - შენ კი, ჯოჯოხეთის ყველა კარიბჭეს გაივლი, ყელს გამოჭრი ბოროტებას, რადგან მას არაფერი ესაქმება შენი ბავშვობის ბილიკებზე.



Ти на війні, дівчино და ეს მიწა, ეს ცა, ეს სიკვდილი და ეს სიცოცხლეც შენია! გამორიცხულია შენი დამარცხება!



პ.ს. თავისუფლების ქანდაკების ადგილი, ახალ სამყაროში - უკრაინაშია. რა მესაქმება თავისუფლების კუნძულზე. აქვე, უკრაინის მიწაზე უნდა დავიჩოქოთ. პატივი მივაგოთ- უკრაინელ გმირ ქალებს! ერს!

2022 წლის 11 მარტი, თბილისი

150 views

Comments


bottom of page