• ადმინი

თათია გიგანი: მონობის ქურუმები


საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელებო, წინ გამოდით.


ნაბიჯიც ვერ გადაგიდია იმიტომ კი არა, რომ ყველაზე მართალი ხარ, უბრალოდ არ იცი, ეს როგორ უნდა გააკეთო,თორემ ვინ იცის?


ზურგი შეგაქცია ყველამ. უყურებ მათ, რომ გაიხსენო ვის ენდე, რატომ და რისთვის. მერე ისევ შენს საკანში ბრუნდები,რომ გადაჭრილი ყულფი თავიდან დაწნა, და ყველაზე ბნელ ღამეს, დადგე სკამზე და შენი ნებით ჩამოახრჩო სიტყვა -“ვნებდები” .


დილით ბადრაგი ისევ ყვირის: ყველაფერზე წამსვლელებო წინ გამოდით.


როდის მარცხდება ადამიანი, მაშინ როცა ბორკილებდადებული მიდის საბრალდებო სკამთან თუ მაშინ, როცა საკუთარ უფსკრულში იძირება.


მწყობრი და მძიმე ნაბიჯებით მიხოხავ სიბნელეში, სადაც ყველა სარკმელი ღიაა, შენი სულის და თავისუფლების სარკმელი. ამ სარკმლის დახურვა მხოლოდ შენ შეგიძლია, ამიტომ ფეხზე დგები და ემორჩილები რკინის კანონებს, რომელიც შინაგანად ვერ გადაგტეხს, ვერ დაგასახიჩრებს.


საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელებო, წინ გამოდით.

წყალზე და პურზე არ იცვლება თავისუფლება!

წყალზე და პურზე არ იცვლება თავისუფლება! -ლოცვასავით იმეორებ, და თუ ლოცვა სულის ამოძახილია , როგორ ლოცულობენ თავისუფლებისთვის, რომელი შელოცვით იკურნება მონობა? რომელი ღმერთი ლოცულობს ჩემზე - მაშინ როცა ყულფს ვჭრი და არ ვნებდები?


კაცუნები, ნაწილ-ნაწილ ანაწევრებენ იმედს, რომ პაწაწა ტკაცუნა საცეცებით, შენც დაგანაწევრონ. გამოგიძებნონ ბნელი სორო, რომელშიც პაწაწა სიცოცხლით იარსებებ.


გმირების დრო აღარ არისო და ამიტომ, რაღაც კიარა შენ ლპები და როგორც ხევისთავი, ძაღლისაყროლებულ ლეშს ჯიჯგნი - წყალზე და პურზე გაყიდული.


ახლა კი, ქილიკის და თითის შვერის გარეშე, საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელებო გამოდით.

მოიხსენით აყროლებული ლეში, გადააფურთხეთ ყელში გაჩხერილი შიში. და თუ მაინც არა! ტკაცუნა საცეცებით დასახიჩრებულები დაუბრუნდით მონობის ქურუმებს, შეინახეთ მარხვა, წყლითა და პურით, და ჯვარზე გააკარით თავისუფლების ღმერთი.


ახლა ხომ გმირების დრო არ არის.

წყალზე და პურზე კი - არ იცვლება თავისუფლება!




415 views0 comments