• ადმინი

თათია გიგანი: საშინაო დავალება


მე ოკუპირებული ქვეყნის შვილი ვარ და თავისუფლებაზე რა დავწერო?


თავისუფალი ადამიანი წერს - თავისუფლებაზე.


წიგნში წერია - შეცდომა ხომ არ დავუშვითო აგვისტოს ომში. სლოგანები და ლოზუნგებიც შექმენითო.


თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა” - აი, სლოგანიც, მაგრამ, ძვირფასო მასწავლებელო, მე თავისუფალი ვარ? მამის საფლავიც არ მაქვს. ან თქვენ თუ ხართ თავისუფალი.


გუშინ გაკვეთილზე ომზე ვსაუბრობდით და თქვენ ტიროდით. ვიცი, რომ თქვენც ოკუპირებული ქვეყნის შვილი ხართ და ვერც თქვენ დაწერთ სლოგანს თავისუფლებაზე. მხოლოდ ერთი ლოზუნგი მომდის თავში და ისიც ოკუპაციაზეა. გუშინ, ხომ იცით, დაფაზე - რომ მე დავწერე.


იცით, რომ პოლიტიკა არ მიყვარს, ბელადები და მათი კეთილი საქმეებიც - მე წართმეული მიწის, “თავისუფლებაში” გაზრდილი თაობის შვილს.


თავისუფლად დაწერეთო და აი, მე გეკითხებით, თავისუფლების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები - „შეცდომებია“? ოკუპირებული ქვეყნის შვილები ოკუპირებულ ქვეყანაში ისევ ომის შეცდომებზე რომ ვმსჯელობთ, მამაჩემი კი ამ დროს გმირია.



მრავალსიტყვიანი ესე არ გამომივა, რადგან ჩემი თემა სადღეგრძელო არ არის, ვერც ლოზუნგებით გავაჯერებ, ხომ იცით, რომ არ მიყვარს.

ჩვენ, მიწაწართმეული ქვეყნის შვილები ვართ და ვიცით, რომ ამაზე საუბარი დღეს მოდური აღარაა, ან უტრირებულია, გმირების სახელებს ქუჩებს ვარქმევთ და იმავე ქუჩაზე ვთელავთ მათ საფლავს. თუ გინდათ ნუ, დამეთანხმებით, მაგრამ ასეა. ვიცით რომ უფროსების შეცდომების გამო ვისჯებით, მაგრამ მოვიგებთ ყველა ომს - შეცდომების გვამებზე გაზრდილები,თქვენ ხომ მითხარით რომ ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ვიცი , რომ არც თქვენ ხართ თავისუფალი.


პ.ს. ხვალ სკოლაში არ მოვდივარ, მამას დაბადების დღეა, ხვალ მუხათგვერდზე უნდა ავიდე. აი, ჩემი თავისუფლება იქ არის დამარხული.


მე ოკუპირებული ქვეყნის შვილი ვარ და თავისუფლებაზე ჯერ ვერაფერს დავწერ, მაპატიეთ.

597 views0 comments