top of page
Writer's pictureადმინი

თათია გიგანი: საშობაო წერილი მამას



რა ახირებაა საშობაო წერილების წერა მათთვის, ვინც საშობაო ყვავილებსაც ვერ მოგიტანს, მაგრამ მე ხომ შენსავით ახირებული და თავნება ვარ, ამიტომ საშობაო წერილებსაც დავწერ და სურვილებსაც ჩამოვწერ, შენს ოთახში ყველაზე ლამაზ გირლიანდებს ჩამოვკიდებ- აი, ასე უცნაურად.

ისეთს არაფერს გთხოვ, რაც სამყაროში ჯერ არ უთხოვიათ, მამა.

(როგორც გინდა, ისე ამისრულე)


სურვილი პირველი - სიცოცხლე


ნატეხებად რომ იქცა, ნაპრალებში რომ ჩაიკარგა, რომ არ შემემშინდა და მაინც მძივად ავასხი, შენს გამო და შენთვის. სხვასაც მინდა იმედებად, თუმცა ნატეხ-ნატეხ, გავუნაწილო და ვუთხრა, რომ არ შეეშინდეს.


სურვილი მეორე-სიყვარული


ისეთი უცნაური და ლამაზი, შენ რომ მიყვებოდი.

ამბებს, მოგონებებს... დედასთვის ნასროლ მელნიან გუნდას, სისხლი რომ მოუწამლა - სიყვარულით და ვნებით.


სურვილი მესამე-თავისუფლება


არაფერზე რომ გაგიცვლია, რადგან სულის დანაწევრება, იწყება მაშინ, როცა შენი ნებით უარს იტყვიო მასზე.


სულ ეს არის.


საშობაო წერილებში ყველაფერი ჯადოსნურია, მაგრამ სევდიანიც, სხვაგვარად არ გამოდის. და არც მე მოვიტყუებ თავს.

არ ვიცი, სამაყაროს რომელ ნაწილში ხარ, მაგრამ ვიცი რომ ხარ, რადგან მიყ-ვარ-ხარ. ჩვენ ერთნი ვართ.

მე, შენი პატარა ნაწილაკი აქ და შენ ჩემი სიყვარული - იქ.

იქ - შობაც დგება და ღმერთები ადამიანებზე საუბრობენ (ადამიანობაც კი სურთ,ზოგჯერ)


მოუყევი ღმერთებს ჩვენზე, მამა.

მოუყევი ადამიანებზე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ტკივილების და განშორებების ასე მარტივად გადატანა, საშობაო სანთლებსა და საჩუქრებში, სევდიანი ამბების დამალვა. მოუყევი შენს გოგოებზე, შენს ციხე-კოშკზე, რომ ყველაფერი იყო ძალიან ადრე და უდროოდ.

პ.ს. არ ვაპირები მაგრამ მიანც მოგწერ - გოზინაყის გამოცხობა, თუ როგორცაა - მაინც არ გამომდის. გაგახსენდება, რაც დავმართე, მაგრამ, როგორც შენ ამბობდი, მთავარი ხომ ეს არ არის. რომ ყოველი დაცემის მერე, გადატყავებული მუხლებით უნდა ადგე და ყველაზე უგემური და მახინჯი გოზინაყი დააგემოვნო. ბევრი იცინო, იცინო.

მერმე რა რომ წერილები ადრესატებამდე არ მივა, მერე რა რომ, მერე რა.

მთავარი შობის ყვევილები და უგემოვნო საჩუქრები კი არა - სიყვარულია

მე შენ მყავხარ ე.ი. ვარ და ხარ!


შენი თათიკა
















Comments


bottom of page