საყოველთაო პანდემიის და პოლიტიკური შიმშილის ფონზე რა დროს სექსია, მაგრამ ლამის აფორიზმად ვაქციეთ „უსექსობა დიდ ქალაქში“ და ამიტომ საშობაო ამბების გარდა, თუ შობაც გრინჩმა მოიპარა, სხვა ამბებზე ვწეროთ და ვიკითხოთ.
ანრი ავრილის ილუსტრაციებზე, „ფლეი ბოისა“ და ფალოსის კულტზე საუბარს არ ვაპირებთ, რადგან ქვეყანა პურიტანულია და ცოტა საშიში, მაგრამ ჩვენს შინაგან განწყობებსა და სულიერ კრიზისზე საუბარი ღირს. კრიზისი კი მორყეული „ტრიბუნიდან“, საბჭოური სახლებიდან და წითელი ტვინებიდან იწყება, საყოველთაო სიჩუმით და საყოველთაო „ბედნიერებით“.
არ არის კაცი, არ არის პრობლემა,
არ არის სექსი, არ არის კომპრომატი,
არ არის კომპრომატი, არ არის პრობლემა - ალუზიებში ვარსებობთ და ილონ მასკის სიგიჟეზე გვეცინება - მოცლილი კაცია და რატომ არ „იზამდაო“- აი , ასე!
დიდი ქალაქია თუ პატარა, ვის სცალია „ტესლაზე“ „ნასაზე“, როცა არასრულწლოვანთა აბორტის სტატისტიკის, სადარბაზოში დაყრილი ინსულინის „შპრიცების“ გამო, ფეხის წვერებზე გიწევს სიარული?! სახლში 2 კილოგრამი კარტოფილი და ზეთია მისატანი. რა დროს სტატისტიკაა, რა დროს „შერცხვენილი“ 13 წლის გოგოა და ნარკომანი შვილი.
აბა, რისი დროა ჩვენს ღვთითკურთხეულ ქვეყანაში?
რისი და „ბედნიერი ერის“, „ელეგიის“, მაგრამ იქვე „ფურთხის ღირსი ხარო საქართველო“ გვახსენდება - და კვლავ ვჩუმდებით, ასეთი ყოფილაო სახედრის ხვედრი.
მე რომ პირველი ორიანი დამიწერეს, მშობელი რომ სკოლაში დაიბარეს და მერე მასწავლებელმა რომ მითხრა შენგან არაფერი გამოვაო - ამ საბჭოურ მენტალობაში ვბრუნდებით. ქალის მომავალი მხოლოდ დედობა და ქალის მომავალი მორჩილებააო - ამ მატრიცაში წიწილები გამოვჩეკეთ და ორუელზე საჯარო ლექციებს ვკითხულობთ, ღორი ნაპოლეონის გმობით, საკუთარი ფერმის „ტყრუშული ღობე“ კი კარგად გვაქვს დაგმანული.
რანაირი ქვეყანაა? რანაირი და იმნაირი!
სანამ იმნაირი ქვეყნის ეკონომიკის დუღილსა და მიმწვარ ქვაბზე ვსაუბრობდი ბანკიდან შეტყობინება მომივიდა, სესხზე პროცენტი გაგეზარდაო. ბანკთანაც სექსი გვაქვს, ნებაყოფილობითი, მაგრამ უხამსი (ეს ისე ლირიკული გადახვევისთვის) სამომხმარებლო კალათისა და მგლის ამბებს აქ არ მოგიყვებით, ისეთი ჰორორია.
იოზეფ კ-ს მსგავსად კანონის კართან ვდგავართ და ველოდებით, გაუსაძლისის მოთმინებიდან იბადებაო ადამიანი. არა, არ იბადება! ადამიანი მაშინ იბადება, როცა თავად გადაწყვეტს დაბადებას, ახალი „მეს“ დაბადებას და სამუდამოდ დაივიწყებს სიტყვა „შეგუებას“, ფიქციაში ცხოვრებას და ისწავლის საკუთარ თავზე გამარჯვებას - სადღეგრძელოსავით ჟღერს? ჟღერდეს.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სექსი?
პურინატულია - მეთქი ქვეყანა და სექსი მეტაფორებში ამოვიკითხოთ. არც ისე კარგად გვაქვს საქმე, რომ მხოლოდ სექსზე ვწეროთ. და თუ სათაურმა ამ აბზაცამდე მოგიყვანა, 2 კგ. კარტოფილზე, შეგუებასა და ცარიელ მაცივარზეც დაგაფიქრა - ესეც საქმეა, ჩვენს დროში.
აქ არ მთავრდება ეს ამბავი - საყოველთაო პანდემიის და პოლიტიკური შიმშილის გარდა ადამიანური სისუსტეებიც (რბილად ნათქვამია) დაგვჩემდა. საკუთარი სხეულებიდან დემონები გამოვუშვით, დროსა და სივრცეში დანაწევრებული მიმოვაბნიეთ, რომ ერთმა მრავალი და მრავალმა ლეგიონი დაიმსგავსოს. რატომ? ასეა საჭირო და იმიტომ.
და სანამ, გათენებულა, შენი ჭირიმე, რიგში ჩავდგეთ და ერთი კარგად შემოვძახოთ „პოლიქრონიონი“, მამა და მარჩენალს, რამე არ ეწყინოს, თორემ მერე ყველა საკუთარ ტყავზე გამოვცდით დროში გამოცდილ ჭეშმარიტებას:
არ არის კაცი, არ არის პრობლემა!
არ არის სექსი, არ არის კომპრომატი.
აი, ახლა მითხარით, რა დროს სექსია და ილონ მასკი? როცა დენისა და გაზის ტარიფი ინკვიზიციასავით გვიტევს.
ვეგუებით, ვეგუებით, გაუსაძლისის გაძლებიდან უნდა დავიბადოთ. აბა, რა!
Comments