საქართველოს პარლამენტის 2020 წლის და ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნები ძალიან მძიმე იყო როგორც პოლიტიკური შინაარსიდან გამომდინარე, ასევე მისი ორგანიზების კუთხით. პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ვინც გადალახა საპარლამენტო ბარიერი, არ აღიარებდნენ შედეგებს და მათმა ძირითადმა ნაწილმა საპარლამენტო ბოიკოტს მიმართა. ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ საერთოდ განაცხადა რომ ‘’არჩევნები გაუქმდა’’ საქართველოში. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მძიმე არჩევნებად შეაფასეს, ხოლო 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მიმართ გამოხატეს ეჭვი, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები არ გამოხატავდა ამომრჩევლის ნებას რაც შეიძლება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სხვა შედეგის დადგომის საფუძველიც გამხდარიყო.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა - რატომ ვერ იქნება არჩევნები საქართველოში სამართლიანი ? და თუ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანო ვერ უზრუნველყოფს მის სამართლიან და გამჭირვალე ორგანიზებას რისთვის გვჭირდება საერთოდ ის ? დემოკარტიის თეორიის თანახმად, მოქალაქეების მიერ ხელისუფლების კონტროლის ძირითადი საშუალება თავისუფალი არჩევნებია, მაგრამ არჩევნები სახელმწიფოს დემოკრატიულობის აუცილებელი პირობაა და არა მისი გარანტი.
არჩევნები ეს არის, წინასწარ დადგენილი წესების და სტრუქტურის შესაბამისად, ამომრჩევლის მიერ თავისი ნების გამოხატვა, რის შედეგადაც ამომრჩეველი ზეგავლენას ახდენს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და უზრუნვეყოფს სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების ფორმირებას. მაგრამ ამ წესების და სტრუქტურის მუშაობა როცა მხოლოდ ფორმალურია, ხოლო საარჩევნო პროცესი და კანონი ერთმანეთს აცდენილი ვერც ‘’წესები“ ჰქმნიან სამართლიანობის განცდას და ‘’სტრუქტურაც’’ ხარვეზებით და მიკერძოებულად ფუნქციონირებს.
ახლა ჩამოგითვლით სამ დადასტურებულ მიზეზს თუ რატომ ვერ იქნება საქართველოში არჩევნები სამართლიანი:
პირველი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კონკურსში 21 942 ვაკანტურ ადგილზე დარეგისტრირდა 25 196 განაცხადი. 3 657 უბანზე 25 196 კონკურსანტმა 21 942 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი ისე შეიტანა, რომ საუბნო კომისიების მხოლოდ 0.5% -ში (3 657 -ის 0.5%-ში) იყო წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე (ექვსზე) ნაკლები განაცხადი შესული. ეს იმ პირობებში, როდესაც კონკურსანტები თავად ირჩევენ ოლქს და საუბნო საარჩევნო კომისიას, სადაც სურთ კომისიის წევრობა. დაბალი კონკურენციის პირობებში, ხელოვნური ჩარევის გარეშე შეუძლებელია 4 657 უბნის 99.5% -ში კანდიდატთა რაოდენობა იყოს მინიმუმ 6 ადამიანი. იგივე განმეორდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რაოდენობრივად უფრო დიდ მასშტაბში 8 წევრი იყო შესარჩევი. კერძოდ, 3 664 უბანზე არსებულ 29 312 ვაკანტურ ადგილას კონკურსში განაცხადი შეიტანა 31 483-მა კანდიდატმა. აქედან 2 153 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 59% იყო, 8 საკონკურსო ადგილზე ზუსტად 8 განაცხადი შევიდა. დარწმუნებით შეგვიძლია ვიფიქროთ რომ კანდიდატთა აბსოლიტური უმრავლესობა მობილიზირებულ ჯგუფს წარმოადგენს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია ფორმალურად განიხილავს და ამტკიცებს კანდიდატებს. რაც თვალნათელს ხდის, რომ ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ იქნება ნეიტრალური ვინაიდან ისინი უკვე კონკურსის დღიდან წარმომადგენენ წინასწარ მობილიზირებულ ჯგუფს.
მეორე: არანეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია არის ბარიერი ამომრჩეველსა და საარჩევნო პროცესს შორის. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს დაწყებული ნაკადის მომწესრიგებელიდან გაგრძელებული რეგისტრატორით და დასრულებული ყუთის ზედამხედველით აქვს შესაძლებლობა და მის ‘’კეთილ ნებაზეა’’ დაარღვევს თუ არა ამომრჩევლის უფლებებს და მოახდენენ ამომრჩევლის უბანზე არ შეშვებას, ბიულეტენის განზრახ დაზიანებით გადაცემას ან/და არასრულად მოვალეობის შესრულების შემთხვევაში ბათილობას (რეგისტრატორის მიერ ბიულეტენზე ხელის არ მოწერა ანდა ბეჭედის არ დარტყმა) ანდა ფარულობის დარღვეას. საუბნო საარჩევნო კომისია ეს არის იმ ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი რომელსაც შეუძლია დაარღვიოს საარჩევნო სამართლის პრინციპები.
მესამე: კენჭისყრის დღე ეს არის ის პროცესი რომელიც იმართება არჩევნების დღის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ იწყება ხმის დათვლის პროცედურები რომელიც მისი მნიშვნელობით არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე კენჭისყრის დღის პროცედურები. ამომრჩევლის ნების შესაძლო შეცვლა და შედეგების მანიპულაცია იწყება ხმის დათვლის დროს და არანეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ძირითადად მოტივირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. აქ ასევე, საუბარი არის იმ დაახლოებით 6-10 საათიან უწყვეტ პროცესზე რომელიც ხმის დათვლას და საბოლოო ჯამში უამრავ ადამიანურ, ტექნიკურ თუ განზრახ დაშვებულ შეცდომებს მოიცავს. ერთი დაუსაბუთებულად გაბათილებული ან/და დაკარგული ხმაც ზეგავლენის მოხდენაა ამომრჩევლის ნებაზე.
თუ გვინდა რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვა, რეფორმირება, რათა საარჩევნო კოდექსი შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევნებში სუბიექტური ჩარევის მინიმალიზაცია და მათი რაოდენობის შემცირება. აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს კონკურენტული და სამართლიანი კონკურსის წესით. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არის მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, არჩევნების მიმართ ნდობა გაუჩნდეს არჩევნებში მონაწილე მხარეებს და საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს ხმის დათვლის პროცესი. თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ თანამედროვე ეროვნული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, როცა მასში გადაწყვეტილებათა მიმღებნი შერჩეულნი არიან სამართლიანი, თავისუფალი და პერიოდული არჩევნების საშუალებით, რომელშიც კანდიდატები თავისუფლად პაექრობენ და ამომრჩეველს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს მისი ნება ჩვენ უნდა ჩავატაროთ ტექნოლოგიების გამოყენებით, დაცული და კონკურენტული არჩევნები.
Comments