top of page

თენგო თევზაძე: უუფლებო ‘’განსაკუთრებული პატიმარი’'




2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოინახულა და საზოგადოებას ამცნო რომ მე-3 პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც პოლიტიკურად აქტიური პირები იყენებენ და აღნიშნული ქმედების დაწყების მომენტიდან ირთვება, როგორც ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს კანონმდებლობით შიმშილობის დაწყების მომენტიდან აღნიშნულ პატიმარზე პასუხისმგებელი პირები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, სასჯელაღსრულების დაწესებულების დეპარტამენტი (დეპარტამენტის დირექტორი და შესაბამისი თანამშრომლები) და შესაბამისი ზედამხედველი პროკურორი. შიმშილობის დაწყების მომენტიდან (წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მოშიმშილისა და ექიმის თანდასწრებით ადგენს ოქმს. სადაც მიეთითება შიმშილობის დაწყების თარიღი, ასევე მოშიმშილის მოთხოვნები და აცნობებს ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შესაბამის ზედამხედველ პროკუროს.



შიმშილობით პროტესტანტი საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მაგრამ მას აძლიერებს მორალური ძალა და რწმენა იმისა თუ რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ რომ არავის აქვს უფლება წაართვას ადამიანს სიცოცხლე ან საფრთხე შეუქმნას მას. სიცოცხლის უფლება დაცული არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალურად კანონმდებლობით, არამედ უნდა მოხდეს კანონმდებლობის შესაბამისი გამოყენება. სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა დროებით გადაუხვიოს სიცოცხლის დაცვის ვალდებულებას არც ერთ პირობებში, თუნდაც ეს საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს ხდებოდეს. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია არ შეასუსტოს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სიცოცხლის უფლებების დაცულობის სტანდარტი.



სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული პოზიტიური ვალდებულება პატიმართა სიცოცხლის დაცვისა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში ვალდებული და პასუხისმგებელია დაიცვას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. იგი ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელია პატიმრობაში მყოფი პირის უფლებების დარღვევისათვის, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი მთლიანად სახელმწიფოს განკარგულებაში იმყოფება.



განსაკუთრებული ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან იკვეთება მაშინ თუკი არ იქნა დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რამაც გამოიწვია პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესება და პატიმრის სიკვდილი. კანონი კრძალავს არამარტო ადამიანის (პატიმრის) სიცოცხლის უშუალო ხელყოფას, არამედ სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ ნებისმიერ მოქმედებას. პატიმარს აქვს უფლება დაიწყოს შიმშილობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს დახმარებით.



მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები სამართლიან და დროულ სასამართლოსთან ერთად არის რომ აღიარებული იყოს პოლიტიკურ პატიმრად. საქართველოს პრემიერის ი. ღარიბაშვილის განცხადებები, რომ ‘’მას აქვს თვითმკვლელობის უფლება’’ და ‘’წესიერად მოიქცეს თორემ დავუმატებთ მუხლებს’’ აუცილებლად გააძლიერებს ეჭვს რომ მისი განაჩენები შეიძლება პოლიტიკურად იყოს მოტივირებული. შიმშილობის პროცესშის სახელმწიფოს ქმედებებმა ან უმოქმედობამ დამნაშავეც კი შეიძლება აქციოს პოლიტპატიმრად.



მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც მისი უფლებადამცველები აცხადებენ ირღვევა მთელი რიგი უფლებები, რომლით სარგებლობის უფლებას საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ყველა პატიმარს აქვს. პირველ რიგში ირღვევა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთს აღსრულების ორგანიზება. ასევე, მიხეილ სააკაშვილს გარდა იმისა რომ მას არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მას არ ეძლევა თავისუფალი დარეკივსა და მიმოწერის შესაძლებლობა.



აღსანიშნავია რომ სახელმწიფომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა დროულ და სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით და მას შეეზღუდა სასამართლოზე დასწრების უფლება იმ მიზეზით რა მოტივსაც საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს. მმართველო პოლიტიკური პარტიის ლიდერები ერთხმად ამბობდნენ რომ ის არ შიმშილობს და ჯანმრთელად არის, ხოლო სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა შესაძლო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.



2021 წლის 11 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩვენ ვნახეთ რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაყავთ გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწყებულია გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო მოქალაქეების მიერ საქართველოს პროკურატურაში შეტანილია მიმართვა გენერალური პროკურორის სახელზე რათა დაიწყოს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით.



ყველა ზევით მოყვანილი ფაქტიდან გამომდინარე, ასევე, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე არაშესაბამისი და არაეფექტორი სამედიცინო დახმარების გაწევის გამო საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს, ექიმებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს და შესაბამის თანამშრომლებს, იუსტიციის მინისტრის კურატორ მოადგილეს და იუსტიციის მინისტრს და ასევე განცხადებებიდან გამომდინარე პრემიერ მინისტრს თუ დადგინდება რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაში ხელის შეშლაში მას მონაწილეობა აქვს მიღებული. აღნიშნული პირთა წრის პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს 2 წლიდან - 15 წლამდე პატიმრობა.

bottom of page