თინათინ ქავთარაძე: #ქალებისათვის_4


ვუაიერიზმის ქართული სიმწვავე


ცოლს თუ ღალატობ, ნაშები მოსულა, “პასტაიანკა” - არა.

ქართული სიბრძნე


“- ნუ, ნაშები კი, მარა შენ სხვანაირი გოგო ხარ. არ მინდა ჩემმა ცოლმა გაიგოს. შენზე იეჭვიანებს.”

ამონარიდი ბნ. გ. -ს მიმოწერიდამ.

ამბავი ბანალურად იწყება: ჩემი მეზობელი, მწერს, რომ მოვწონვარ. მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს. ჩემი ფანჯრები პირდაპირ მის ფანჯრებს უყურებს. როცა ვიხდი და ფარდა გადაწეულია, არცერთი წამით არ გამეფიქრება, რომ ვინმე მიყურებს, ან მაკვირდება, თურმე ნუ იტყვით და მეზობელი მითვალთვალებს.


პანდემიის ჩაკეტილობისგან გათანგულმა, 2020 წლის მაისს, თბილის ქალაქს მოვაშურე. ვაჰ-მე, როგორ მწყუროდა თავგადასავლები და სიცოცხლე. ყვავილები ვიყიდე და ლარნაკში ჩავაწყვე სათითაოდ, შერჩევით და მიზანობრივად. ვირჯინია ვულფის რომანის “მისის დოლოვეი” დასაწყისი მსდევდა თან: “მისის დოლოვეიმ გადაწყვიტა ყვავილები თვითონ ეყიდა.” ჰოდა, გულშემართული იმით, რომ ახალი ცხოვრება შეიძლება არ დაიწყოს, მაგრამ ყველაფერი ჩემს ხელშია, გავილაღე. იმავ საღამოს მწერს ზემოხსენებული მეზობელი: “- ვა, ჩამოხვედი?” - ეს ბიჭი ძალზე ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა გონება დავძაბე და ამომიტივტივდა ყავის სმისას, კაფეში, მარკესის რაღაცას რომ ვკითხულობდი. ჰო, ისაა.


მეთქი, ვახ! ბიჭი გაეძრო, მარტო ვარ და ეგაა. ყვავილებიც მაქვს და აღარ დასჭირდება ყიდვა, ამიტომ თამამად მივუგე:


“- ძალიანაც ჩამოვედი. როგორ ხარ?” - პასუხზე, როგორც მინიმუმ, სითბოსა და აღფრთოვანებას ველოდი, მაგრამ უცაბედად ბიჭი მპასუხობს:

“- გეხვეწები ფარდა გადააფარე ხოლმე რა, თორე ძალიან ცუდად ვარ.” - მე არ დავიბენი:

“- შენს ადგილზე ჭოგრიტს ვიყიდდი, უკეთესად რომ დაგენახე.” - ბიჭი გაიხსნა:

“ - აუ, როგორ მახსოვხარ იცი? წითური და კეკლუცი. რამდენჯერ მიოცნებია შენზე.”

“- მიზანი რომ დაგესახა, ოცნების მაგივრად?”

“ - ცოლი მყავს.”



კაი, გავეშვი. პასუხი აღარ მიმიწერია. მართლაც, რა უნდა უპასუხო ბიჭს, რომელიც ფანჯრიდან გითვალთვალებს, თან შენზე ოცნებობს და ამავდროულად, ცოლს გიფრიალებს? ავიჩეჩე მხრები და გავაგრძელე ჩემივ ნაყიდი ყვავილების ცქერა. მეორე დღეს არ მომასვევენა ფიქრმა მისის დოლოვეიზე, მერე მადამ ბოვარიზე, ანა კარენინაზე, ანუ რა ეშმაკი შემიჩნდა? როგორც მოძღვარი მეტყოდა, ეშმაკი მაშინ მოდის, როცა არ ელოდები და ჰო, საღამოს მე მივწერე ცოლიან ვუაიერისტს (ის მაინც მეცოდინება საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, თუ რა სჯობს-მეთქი):

“ - მოდი ჩემთან და ფანჯრიდან აღარ მიყურო.” პასუხმა არ დააყოვნა:

“-კომენდანტის საათია, თორემ უხ!” - შეჩემის გადანგრეულო, ვფიქრობ მე:

“ - კაი, მაშინ, მე მოვალ.” - და რომ მგონია, ცას ეწევა სიხარულისგან, ძალიან ბევრი წაშლისა და აკრეფვის შემდეგ მპასუხობს:


“ - არა, არ ღირს.”

რა შეიძლებოდა ამის შემდეგ მომხდარიყო? სავარუდო პასუხებია:

ა) გოგომ აღარ მისწერა

ბ) გავიდა დრო, ვუაიერისტი მაინც დაშორდა თავის ცოლს, რომელიც აშკარაა არ უყვარდა

გ) მეზობლები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ შემთხვევით კაფეში, ოღონდ ამჯერად, გოგო მარკესის მაგივრად, ახალ აღთქმას კითხულობდა

დ) გოგო მაინც მივიდა და მძვინვარე, ხანგრძლივი და ნეტარი სექსი ჰქონდათ

ე) გოგომ დახურულ ჯგუფში დაპოსტა, რაც მოხდა და ყველამ ერთად ბიჭი მასხრად აიგდო

ვ) არცერთი პასუხი არ არის სწორი


რომელს შემოხაზავდით? ალბათ, ამაზეა დამოკიდებული როგორ შექმნიდით თქვენს ამბავს, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით. საიდუმლოდ, გაგიმხელთ მე რა მოვიმოქმედე და რით დასრულდა ვუაიერისტული ფლირტი. მოკლედ, ავიღე და მივაჭერი პირდაპირ ბიჭთან სახლში. ბინის ამოცნობა არ გამჭირვებია. ისიც ვიცოდი, რომ სახლში იყო, რადგან აივანზე გამოსული დავინახე. დიდხნიანი კარზე კაკუნის შემდეგ მივწერე:

“- კარს არ გამიღებთ ყმაწვილო?” - პასუხი არ იყო.


წამოვედი. ერთი კვირის შემდეგ მომწერა:

“ - არ გეწყინოს რა.”

ისე, კი მომინდა მეპასუხა: “ - აკი, საქართველოში ქალები არ იძლევიანო?” მაგრამ გავეშვი. ცხოვრების წესი არ შემიცვლია. ფარდას არც ახლა ვაფარებ. ვიხდი და ვიცვამ ისევე თავისუფლად, როგორც ქალაქ იენაში ცხოვრებისას, სადაც ჩემს ბინას ფარდები საერთოდ არ ჰქონდა. მახსოვს, როგორ გაუკვირდა ბინის მეპატრონეს, ჩემმა ქართველმა თანამეოთახემ ფარდა-ჟალუზები რომ მოიკითხა.


იხარეთ და გამრავლდით.



1,594 views0 comments