• ადმინი

თინათინ ქავთარაძე: #ქალებისათვის_8


ოჯახი ხრამია.

ქართული სიბრძნე


რაზე ფიქრობ, როცა ეს ფრაზა გესმის? მე კლდიანი ღრმა ხევი დამიდგება თვალწინ, სადაც უნდა ჩაყარო ხორაგი და მერე შენ თვითონ გადაეშვა. ანუ, ეს გადაჩეხვას ჰგავს იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან, ან დანთქმას დოვლათის დაგროვების მორევში. ოჯახი უღელიაო, წინაპრებს უთქვამთ და თუ ორნი ეწევიან მას, უფრო შედეგიანიაო. ვერ შეედავები, რადგან წარმატებული, თუ წარუმატებელი მეურნეობის შედეგი იზომება, ზოგჯერ, იწონება კიდეც. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში უაღრესად შთამბეჭდავი ტექსტები დაწერილა მასზედ, თუ როგორი არსებითია სიღარიბისაგან თავის დაცვა და ეს შესაძლებელია ოჯახის შექმნით (ალ. ყაზბეგის მამის მკვლელი, დ. კლდიაშვილის ქამუშაძის გაჭირვება, ე. ნინოშვილის პარტახი და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი სხვა). ასე ადრე იყოო, რომელიმე თქვენგანი მეტყვის, ალბათ, თუმცა მაშინ, როცა კალენდარი 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულში შევიდა, მაინც რატომ მესმის უკვდავი ფრაზები: გავათხოვე; პატრონს ჩავაბარე; ისეთი ოჯახია, ცხვირსახოცი არ ექნება მთელი ცხოვრება საყიდელი; როგორ მიხარია, რო შენ გოგოს არაფერი გაუჭირდება, კარგ ხელშია და მისთანები? იმიტომ, რომ გვიჭირს? იმიტომ, რომ გვშია? ან იქნებ იმიტომ, რომ ვერ გაგვიაზრებია, რა არის ნამდვილი ოჯახი, რეალურად რაში სჭირდება და ეხმარება ის ადამიანს?



ევროპებში სწავლისას, როცა მაგრა ვიყავი, არც კოკაინი ჭირდა, არც ქალ-ვაჟები და არც როკ&როლი, არ მტოვებდა მარტოობისა და უცხოობის განცდა. ცხადია, მიმღებლობის პრობლემა არ მქონია, თუმცა ვხვდებოდი, რომ რაღაც მაკლია.



- რა არა გაქვს? - მკითხა ერთხელ ჩემმა მეგობარმა და თავის თავს თვითონვე უპასუხა: - ჰო, მშობლიური ადამიანი არა გყავს. აი, ისეთი, საქართველოს დამოუკიდებლობა რო ადარდებდეს. - გაეცინა და იქვე დასძინა: - ან, მაღალმთიან სოფლებში სკოლის მასწავლებლების სიმცირე.



მე ვუპაუხე, რომ დიახ და რადგან თვითონაც დამცინის, მასაც არ ესმის ჩემი. პირველად გავაცნობიერე, როგორ უსაშველოდ მჭირდებოდა ვინმე, ვისაც ჩემი ტკივილებისა ესმოდა, ვინც ჩემი სიხარულის თუნდაც უაზრო მიზეზებს გაიზიარებდა, ვინაც აღფრთოვანებული თავს დამიქნევდა მაშინაც კი, როცა სისულელეს წამოვროშავდი. ცხადად დავინახე, როგორ გავერთიანდებოდით მე და ის ცუგების დასაცავ ორგანიზაციაში, ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, ან მიუსაფარ ბავშვთა უფლებადამცველების გილდიაში, სულაც არსად, უბრალოდ, ვილაპარაკებდით, ვიცინებდით და ისევ ვილაპარაკებდით. ჩვენ ერთმანეთს ოცნებებს გავუზიარებდით, მაგრამ მათ ბავშვობაში დავტოვებდით. საერთო მიზნებს დავისახავდით და მომავალს ანთებულები შევხვდებოდით, თვალებიდან ნაპერწკლებს გამოვაფრქვევდით და სადაც საჭიროა ხანძარს გავაჩენდით, სადაც არა - კი დავანაცრებდით. თამამად ვიტყოდით, რომ თანამოაზრეები ვართ და ამის შემდეგ ზუსტად გავუგებდით სიტყვას - თანამეცხედრე. ჩემი/შენი თანამოაზრე, თანაზიარი. განა ვინ იქნება, ან ვინ უნდა იყოს სხვა ჩემი/შენი თანამეცხედრე?



ჰო, ესაა ოჯახი. იგრძენი? შენ წარმოიდგინე, სულ არ არის აუცილებელი მხოლოდ ორი ადამიანი ქმნიდეს ამ ერთობას: იქნებ სამიც, ოთხიც, რადგან რაც მეტი თანამოაზრე და თანამოიმედე იპოვე, ხომ უფრო გაგმართლებია? არც სქესთა ბალანსის დაცვაა არსებითი და გთხოვ, არ დაუჯერო საქართველოს რკინისთათმანებიან “რეფორმატორ” ნამინისტრალ, ორგზის მინისტრ ქალბატონს, რომელმაც განგვიწესა, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ვიცი, რომ ჩემი სიტყვა არ არის ისეთი ავტორიტეტული, როგორიც იმ დიადი ამა ქვეყნისების ოდეს ეჟოვი რომ ერქვათ, ან ბერია და ან წულეისკირი, მაგრამ იქნებ ცოტათი დაფიქრდე: რა გჭირდება ბედნიერებისთვის? როგორ ადამიანებზე იტყოდი: “ის ჩემიანია”?



აბა, ახლა დახუჭე თვალი და წარმოიდგინე, რომ შენი ოჯახის წევრი/ები გაქრა/ნენ. უბრალოდ, მოიხედე და ფაფუ! რას იგრძნობ? რას მოიმოქმედებ? გინდა თანმიმდევრობა გიკარნახო?

1. მის სახელს იყვირებ

2. მეზობელს მოუხმობ საშველად

3. 112-ში დარეკავ

4. იტირებ

5. მოძებნი

6. სატელევიზიო თოქ-შოუში ილაპარაკებ მისი გაქრობის შეახებ

7. უცნაურ მოვლენათა შესახებ საკუთარ სვეტს დაწერ რომელიმე ჟურნალში



თუ თანმიმდევრობა გამოვიცანი, მაშინ გაემიჯნე შენს ოჯახის წევრს/ებს. ჯერ დაგმე და შემდეგ გაემიჯნე, რადგან ისინი შენს ენაზე არ ლაპარაკობენ, ან შენ არ იცი მათი ენა. არ დაიჯერო! ვერ ისწავლი, ეს შეუძლებელია! ნუ იწვალებ თავს! ეს შენი ერთადერთი ცხოვრებაა. ამოყვინთე წყლიდან და ხმამაღლა იყვირე, არ გიშველის წყლის ქვეშ ყვირილი. გთხოვ, ნუ გაიგუდავ თავს, ამით ვერაფერს იხსნი, საკუთარ თავს მოკლავ მხოლოდ. დაწვი ის სახლი და უკან არ მიიხედო. არ შეიძლება, რადგან, როცა სიყალბე იწვის, უკან მიხედვა მარილის სვეტად გადაგაქცევს. კი, და აი, ასე, ამ თანმიმდევრობით:

1. ამოყვინთე

2. იყვირე

3. დაწვი

4. წამოდი უკანმოუხედავად


გეშინია? მაშინ გაიხსენე, როგორ გულგრილ არსებად გადაიქეცი, როცა შენი ეს ოჯახის წევრი/ები გაქრა/ნენ. არ გაიმეტო საკუთარი თავი გულგრილობაში ცხოვრებისთვის, არც სხვა გაწირო საამისოდ. თითოეული ვიმსახურებთ ოჯახს, რაც გატეხილს გაგვამთლიანებს, მიგვიღებს, არ მიგვატოვებს, დაგვეხმარება ბედნიერებისკენ სწრაფვაში, შეცდომების გამოსწორებაში.


ოჯახი ხრამი არაა, შეგიძლია მაკარონი და წიწიბურა აღარ დააგროვო, “მეუღლეს” ფული არ წაგლიჯო საოჯახო საქმეებში დასახარჯად.

ოჯახი ხრამი არაა, ოჯახი - ბედნიერებაა.


1,481 views0 comments