• ადმინი

თინათინ ქავთარაძე: #ქალებისთვის_1



ქალი საკუთარ თავსა და სექსუალობას კაცით შეიცნობსო

ქართული სიბრძნე


ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა14 წლისამ ენრიკე ეგლესიასის პოსტერი გავაძრე, სადაც ჩემი ენრიკო ნახევრად-შიშველი იყო. მახსოვს, ჩემი ოჯახის წევრების შეშფოთებული სახეები, როცა პოსტერმა მაგიდის ქვედა უჯრიდან საწოლი ოთახის კედელზე გადაინაცვლა - ეგიდით: ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა ვუყურო-მეთქი ამ ბიჭს ჩუმად და კრძალვით? არ ვიცი, შესაძლოა, ექიმებისთვისაც დაეძახათ მშობლებს, როგორც ტარიელის დაბნედვისას „სრულნი მუყრნი და მულიმნი“ შეყარეს, ან მალენას სურვილისგან გულწასული ბიჭი მონასტერში გაამწესეს, ეშმაკი ჩაუსახლდაო, მაგრამ გადავრჩი, ექიმს არ დაუძახეს, თუმცა კონსილიუმი მოაწყვეს, რაში დასჭირდებოდა14 წლის გოგონას დაკუნთული მამრის ცქერა.



ჩემს მშობლებს ვეკითხები ახლა: ნეტავ, თქვენს ვაჟს რომ დაეკიდებინა კედელზე შიშველი ანჯელინა ჯოლის პოსტერი, რას ეტყოდით მას? - ალბათ, არაფერს, რადგან ჩვენში, ბიჭის მისწრაფებებები საპირისპირო სქესის მიმართ არაა დასჯადი. ქალებისთვის მამაკაცის სექსუალურ ობიექტად აღქმა კი - არ მოსულა, ან ნაკლებად მოსულა. ცხადია, არსებობს სივრცეები, სადაც მამაკაცის ფალოსის სილამაზეზეც საუბრობენ, თუმცა ჩუმად, დაქალებში, სანდო დაქალებში. აი, ჩვენგან რომ არ უნდა გავიდეს კონტექსტში. სამარცხვინოა ქალისგან სექსის გამო ურთიერთობების წამოწყება.



ხშირად გვსმენია, ალბათ, ფრაზები: “გაბოზდა,” “ქმარს გაშორდა და ფეხები ააშვირა”. აი, ამ “ააშვირა”-ზე ვეცემი. ვეღარ ვკითხე ერთი ჩემი დაქალის ყოფილ ქმარს, რას გულისხმობდა ამ ფრაზაში. აუცილებლად ვკითხავ და მოგახსენებთ მის პასუხს, ახლა კი იმაზე ვფოკუსირდეთ, რამდენად ჩაკეტილია ჩვენს საზოგადოებაში ქალის სექსუალობა: თუ იტყვი, რომ ვინმე კაცი იმდენად მოგინდა, სახელის ცოდნაც კი არ გჭირდება ისე მიენდობი, ჩაუგორდები, ან მკლავზე გადაუგორდები... არა! - იყივირებენ ისინი და მათ აქვთ ძალა, რადგან ჩვენს კართან ატუზულან, ჩასაფრებულან მეზობლის, მეგობრის, ახლობლის, ან ნათესავის სახით. მათ მხოლოდ შური, აგრესია ამოძრავებთ და ისინი ყვირიან, ცას სწვდება მათი განკითხვა და გეწევა შენ, უბედურო, მალენას ხვედრი. პირველ რიგში დედები, ქალები არ დაგინდობენ, ქვებს გესვრიან, თმას შეგჭრიან, ვირზე უკუღმა შეგსვამენ, თუ როგორცაა. რა უნდა ახლა იმის მოფიქრებას, როგორ დავსაჯოთ მოღალატე ცოლები? სექსის მოსურნე თავისუფალი ქალები?



ჩემს საძინებელში, სექსის დროს, ხშირად დამიჭერია ჩემი მეზობელი დაშიკოს მზერა. არა, როგორ გეკადრებათ, ის სხვაგანაა ამ დროს, მაგრამ მე მას გვერდით ვგრძნობ და ის მკიცხავს, მაკრიტიკებს და ვინ გაიკვირვებს, როცა ორგაზმი გამექცევა? ორგაზმი ხომ მაშინ გარბის, როცა გონებას ვერ თიშავ? ჰოდა, ახლა მითხარ უძვირფასესო მკითხველო, კაცი მიმაღწევინებს ორგაზმს მაშინ, როცა მე დაშიკოს ჭორებზე, დედაზე, მამაზე, ბებიასა და ბაბუაზე, ბიცოლასა და მამიდაზე ვფიქრობ? მამაკაცს რა დავაბრალო, როცა პრობლემა ჩემშია? ამ პრობლემის დასაბამი კი იქაა, ენრიკოს პოსტერის აკრძალვასთან და მასთან ერთად ჩემი სექსუალური აღქმების ჩაკეტვასთან.



ჰო, ჩვენთვის მშობლებს სიხარულის მწიკვიც არ ემეტებათ. დედას არ უნდა მისმა ქალიშვილმა ორგაზმს მიაღწიოს და სრულყოფილად გაიცნოს საკუთარი სხეული, რადგან ამ შემთხვევაში ალბათურია, რომ შვილი უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე დედა. მე არ მეშინია იმის თქმის, რომ დიახ, დედები ართმევენ ქალიშვილებს ბედნიერების შანსს. ელფრიდე იელინეკი თავისი ტექსტით “პიანისტი ქალი” სწორედ ამას ამბობს: ქალების გადაგვარებული სექსუალური ლტოლვები ბედნიერების ვერპოვნისა და ვერმიღწევის გამო, მათი მაზოხიზმისა და სადიზმისკენ მიდრეკილება, სწორედ რომ წინა თაობის ბრალია, რომლებიც არ უშვებენ შვილებს, არ ანებებენ იყვნენ ბედნიერები. შენ, ჩემო გოგო, არ გექნება იმაზე უკეთესი ცხოვრება, ვიდრე მე მქონდა, არც შენ გექნება ორგაზმი, არც შენ იქნები ბედნიერი და თავისუფალი. ჰო, მეც ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ: კეთილზნეობრივი მდედრიონის მსხვერპლი. მათ მომკლეს და იქნებ თქვენც ჩაგიკლეს რაღაც და ჯერ არ იცით, ან იცით და გინდათ ხმამაღლა დაიწყოთ ლაპარაკი? არ არის გვიან, არასდროს და მიუხედავად.



COME ON, GIRLS! დაე, გაისმას ჩვენი ხმა და ვეღარ დაგვადუმონ დედებმა, მამებმა, ბიცოლებმა და მამიდებმა; აღარ მივცეთ მათ შესაძლებლობა წაგვართვან ბედნიერებისა და ჩვენი დამსახურებული, კუთვნილი ორგაზმის შანსი.








700 views1 comment