ქალი ნადავლია, თუ გაგიმართლა, უნაკლო შეგხვდება.
ქართული სიბრძნე
მასზედ, რომ ჩვენში ქათმის კოტლეტს ჰქვია ნენსი, ხოლო საქონლისას - ჯონსი.
დროა დავიწყოთ რევოლუცია ქალთა ცხოვრების წესშიო, წერდნენ ფემინიზმის დედები. ჰოდა, მე, რომელმაც ცოტ-ცოტა ფემინიზმი ვიცი, ცოტათი ქმრები მყოლია და ცოტაც ინტელექტუალებში გამივლია, ხშირად ვფიქრობ, როგორ გავიგო აღნიშნული რევოლუციის არსი, ან როგორ დავიწყოთ ის საქართველოში?
აი, დავუშვათ, ქართველი ქალი აჯანყდა დედამთილის წინააღმდეგ, მერე? თუ ამ რძალს არც განათლება აქვს და არც გარანტირებული ადგილი სოციუმში, აჯანყებას სისხლში ჩაახშობენ. კარგი, დავუშვათ ქალს აქვს განათლებაც, საკუთარი საქმეც და წამოიწყო რევოლუცია ბოსის წინააღმდეგ, რომელიც მას სექსუალურად ავიწროვებს. არა, რომ აჯანყდე ჯერ უნდა მიხვდე რომ გავიწროვებენ, ესაც საქმეა. რთულია, ჩვენს საზოგადოებაში მიხვდე, რა არის სექსუალური შევიწროვება. მაგალითად თუ ბოსი მაგიდაზე ყვავილებს გახვედრებთ, ქათინაურებით გავსებთ, ხელფასს არაფრის გამო გიმატებთ, ალბათ, უნდა მიხვდეთ, რომ საქმე არც მაინცდამაინც სექსის მოთხოვნის გარეშე დასრულდება, მაგრამ ქალები ისე აღგვზარდეს და იმდენად მიგვაჩვიეს, რომ ჩვენი ერთადერთი საზომი გარეგნობაა, შევიწროვებად ვერ აღვიქვამთ იმას, რაც არის საყოველთაოდ ცნობილი და სახელდარქმეული “Sexual Harassment”. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მგონია, პრობლემების რეალური გაცნობიერების გარეშე რევოლუცია ვერ დაიწყება.
მოდი, სხვა შემთხვევაც განვიხილოთ: ასე მაგალითად, ქალი გადაწყვეტს მოღალატე ქმარს ღალატითვე გადაუხადოს სამაგიერო. მორალურ დიაკუსიაში - კარგია ეს, თუ ცუდი - არ შევდივარ. ოდენ წარმოვისახავ ჰიპოთეტურ რეალობას. ჰოდა, უღალატა ცოლმა მოღალატე ქმარს და მერე? აუცილებლად დამალავს, რადგან ეს რომ მამიკომ გაიგოს, ეს რომ დედიკომ გაიგოს... ვაი! ამიტომ, სამაგიეროს გადახდასაც ვერ შეირგებს, საკუთარი ქალური ეგოს დასაკმაყოფილბელად და თავს დაითრგუნავს, დიდხანს იგვემავს; მივა დასკვნამდე, რომ შეცდა და შესაძლოა, მოძღვართანაც წავიდეს მოსანანიებლად. ისე, მოძღვართა სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს, ეს იმდენად მოდაში აღარაა, ზეპურ დედებში.
დილაც გათენდა ლამაზი და შეიძლება მაშინვე გაგაჟრიალოს, რადგან გახსენდება იმიჯი: “გათენდა დილა ლამაზი, კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა”. (თავფარავნელი ჭაბუკი) ანუ ლექსშიც კი ასეა: რაც ლამაზია ქალს უნდა შეადარო. ეს ლექსის პრობლემა არაა, ჩვენი იმიჯების, აღქმების პრობლემაა, რადგან კეკლუცად მხოლოდ ქალს წარმოვიდგენთ. აბა, კაცი ხომ არ იქნება კეკლუცი?
...კინაღამ დამავიწყდა ისტორია მასზედ, თუ როგორ შევედი თბილისის ერთ-ერთ წამყვან სწრაფი კვების ობიექტში და აღმოვაჩინე, რომ ქათმის კოტლეტს ჰქვია ნენსი, საქონლისას - ჯონსი. განა რამე? მაგრამ მაინც დავაკვირდეთ. ისევ ქართულ სიბრძნეებს თუ მოვიშველიებთ (“ქალი ქათამია”, “დედათა ბუნებაი იწროი არს”) მივხვდებით, რასთან გვქონია საქმე. საიდამ სადაო? - იკითხავს გაკვირვებული მკითხველი - სწორედ რომ იაკობ ხუცესიდან ჩვენს მეზობელ ნიკო/სიკო/გიკომდე.
რავი... “ტრაილერი ხო არ გვეყიდა?” კიარადა - ცოტა მაინც ხო არ გვეფიქრა?..
Comentários