მე გოგო ვარ, თუმცა შეიძლებოდა ბიჭი ვყოფილიყავი.
ამბობენ, მამაჩემს არ სწყენია, ჩემი გოგოდ დაბადება, ალბათ ამიტომ მუდამ მაბედნიერებდა ქალურობის გამოხატვა. მინდოდა ყველას გაეგო, ყველას სცოდნოდა. სამყაროს შევხაროდი იმის გამო, რომ ქალი ვარ. თუმცა, როცა პირველად ნათესავებს ჩემი დახასიათება სთხოვეს როგორიაო? მათ არ უფიქრიათ დიდხანს და დაბეჯითებით მიუგეს: ძალიან ქალურიაო. ამ სიტყვებში იმხელა საყვედური და იმედგაცრუება ისმოდა, მივხვდი, ქალურობა ცოდვაა და მის გამომზურებას დიდი გამოცდა ელის-მეთქი.
გამოცდა #1
18 წლის ვიყავ, როცა დედამ მითხრა წითელ პომადას ნუ ისვამ, ინტელექტუალებს არ უხდებათო. ინტელექტუალი ქალი მოკრძალებულია, ნიავივით ჩუმად დადისო. ციციკორე მელაპარაკებოდა მისი პირით. არადა, მას სძულდა ციციკორეები. მივხვდი, ოდესღაც მასაც დაუწესეს, რა სჯობია ინტელექტუალი ქალისთვის და როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის. ნელ-ნელა გავუგე და აღარ მეწყინა.
გამოცდა #2
20 წლის ვიყავი. პროფესორმა მითხრა, რას ჰგავხარ, როგორ შეგიღებავს თვალები, ასე მეჯლისებზეც არ დადიან, არამც თუ ლექციებზეო. ციციკორე მელაპარაკებოდა მისი პირით. არადა, მას სძულდა ციციკორეები. მივხვდი, ოდესღაც მასაც ვიღაცებმა შთააგონეს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სტუდენტი ლექციაზე. მეტკინა, მაგრამ ნელ-ნელა გავუგე და აღარ მეწყინა.
გამოცდა #3
ქალი შემიყვარდა. ის საუკეთესო იყო მათ შორის, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. შევტრფოდი, შევცქეროდი აღტაცებით. მის სითამამეს, რომელიც თავისთავადი და თვითნაბადი იყო. სიცოცხლე უყვარდა და გულის ფეთქვის ყოველნაირი გამოვლინება. ახალგაზრდობისა და დაუშრეტელი ენერგიის სჯეროდა. გულწრფელ ლექსებს წერდა და სძულდა რეზო ამაშუკელისებრთა კლასი. ვაკოცე, მაგრამ მაშინვე მითხრა, არ შეიძლება, ქალები ქალებს არ კოცნიან, არასწორი ადამიანები კი უფალს სძაგსო. ციციკორე მელაპარაკებოდა მისი პირით. არადა, მას სძულდა ციციკორეები. მივხვდი, ვერასდროს შევძლებდი მასში ის ქიმერა დამემარცხებინა, მამა და დედა, მეზობელი, ნათესავი და მყვარებელი რომ ჰქვია. მეტკინა, მაგრამ ხანგრძლივი რეფლექსიის შემდეგ გავუგე და აღარ მეწყინა.
გამოცდა #4
გოგო გავიცანი ტელეეკრანიდან. პირველად რომ ვნახე ისეთი მშვენიერი იყო, უმალ ჩემი სიბეჯითე, გამომხატველობა, ჩემი ქალურობა შევუდარე და წავაგე, მაგრამ გამიხარდა. პირველად დავინახე ჩემზე ლამაზი, მშვენიერი და გამბედავი. გოგო, რომელიც არ შეცბა, როცა მას უთხრეს ძალიან ქალური ხარო. ამაყად აწია თავი და განაცხადა: მე ქალი ვარ, თუმცა გოგოდ არ დავბადებულვარო. მივხვდი, მას არასდროს მოუსმენია, რას უქადაგებდნენ პატრონ-მყავრებლები, მეზობლები და ნათესავები, ციციკორეებისთვის პატიება კი არ დასჭირვებია, არამედ უბრალოდ არ აინტერესბდა ისინი. იცოდა დანამდვილებით, ვინ არის და ვინ უნდა, რომ იყოს. მაშინ გავიაზრე, ესაა-მეთქი ადამიანის მთავარი მონაპოვარი: გაცნობიერებული არჩევანი.
პირევლი სამი გამოცდა წარმატებით ვერ ჩავაბარე, მაშინვე ვერ გავისქელე კანი, ვერ გავუმკლავდი დარდს, დრო დამჭირდა პატიებისთვის. მეოთხე გამოცდა კი - ძალდაუტანებლად ჩავაბარე. წითელი პომადის წასმის, თვალების შეღებვის აუცილებლობისა და სიყვარულის ცეცხლის შესახებ იმ გოგოსგან დავიჯერე, რომელმაც უყოყმანოდ აღიარა - მე ქალური ვარ და არ არსებობს ციციკორე, ის მხოლოდ შენს თავშია და გააქრეო.
მე გოგო ვარ, თუმცა შეიძლებოდა ბიჭი ვყოფილიყავი.
ამ ქვეყანაში არ გპატიობენ თავისუფლებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვას. ამ ქვეყანაში სძულხარ არა განსხვავებულობის გამო არამედ იმიტომ, რომ გინდა იყო ის, როგორადაც გესმის საკუთარი თავი, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემს თავში ციციკორე დავამუნჯე, ამაყი ვარ ჩემი ქალურობით. აბსოლუტურად სულერთი გახდა დედის, მასწავლებლის, მეგობრის, ნათესავის შემფასებლური დამოკიდებულება.
დაამუნჯე ციციკორე! ეს მხოლოდ შენს ხელშია! შეგიძლია! Ამის სჯეროდა კესარიას და ესაა მისი კვალი.
Comments