Search
  • gigitevzad

ნიკა თუშაბრამიშვილი, გიგი თევზაძე. COVID-19 ის ისტორიული გეოგრაფია: ნეანდერტალური პერსპექტივა

Updated: May 9

რაც COVID-19ის პანდემია დაიწყო, ჩვენ, ცალ-ცალკე, დავწერეთ ჰიპოთეზები პანდემიის დროს ქართველი და კავკასიაში მცხოვრები ხალხების „უცნაური ქცევის“ ახსნის შესახებ: საქმე იმაშია, რომ არც საქართველოში, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში პანდემიით გამოწვეული მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა არ ყოფილა. რაღაც პერიოდი, განსაკუთრებით საქართველოს „დაუზიანებლობა“, პანდემიის დროზე შეჩერებას და წარმატებულ „ბრძოლას“ უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო დროს აღმოჩენილმა ფაქტებმა, რომ ევროპაში ვირუსი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერშია შესული (https://www.cidrap.umn.edu/news-perspective/2020/05/study-covid-19-detected-france-late-december), ეს არგუმენტი მოხსნა.


საინტერესო ისტორიული ანეგდოტები უფრო, ვიდრე ფაქტები, არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე პანდემია/ეპიდემიების შესახებ: მაგალითად, გადმოცემით და საგაზეთო პუბლიკაციებით ცნობილია, რომ ესპანურმა გრიპმა, რომელმაც ევროპაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა, საქართველოში ძალიან მშვიდად ჩაიარა: ძალიან ცოტა ადამიანი გადაიცვალა აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთ საქართველოში - თითქოს არც ყოფილა. გარდა ამისა, 1348 წლის შავ ჭირს, რომელმაც, როგორც ჩანს, საქართველოს გავლით შეაღწია ევროპაში და იქ 25 მილიონი ადამიანი დახოცა, საქართველოზე დიდი ეფექტი არ მოუხდენია.


ჩვენ თავში მოგვივიდა ორი ჰიპოთეზა და ორივე ეს ჰიპოთეზა ცენტრალური კავკასიის წინაისტორიულ პერიოდდთან იყო დაკავშირებული:


1. (ავტორი - გიგი თევზაძე) მსოფლიო რუკაზე ჰაპლოჯგუფების განაწილების სქემა ასე-თუ-ისე ემთხვევა COVID-19 პანდემიის მძიმე-მსუბუქ შემთხვევების რუკას. G ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხის დიდი უმრავლესობა ცხოვრობს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში (მეტი კონცენტრაციით დასავლეთ საქართველოში. ამ ბოლო დროს G ჰაპლოტიპის მატარებლები სვანებიც აღმოჩნდნენ https://repository.upenn.edu/cgi/viewcontent.cgi?article=3900&context=edissertations). სავარაუდოა, რომ კავკასიაში COVID-19 პანდემიის ადვილად გადატანა განპირობებულია პათოგენების მიმართ მდგრადობით. იგივე მდგრადობით, რამაც ცენტრალურ კავკასიაში მაცხოვრებელი G ჰაპლოჯგუფის ადამიანები გადაარჩინა 7000-5000 წლის წინანდელ, და მის მომდევნო, ევრაზიის ისტორიაში, აზიიდან ევროპისკენ მოძრავ ბაქტერიულ თუ ვისრუსულ პანდემიებს. ამ ჰიპოთეზის მხარდამჭერია თითქოსდა ის ამბავიც, რომ, როგორც ჩანს, 7000-5000 წლის წინ შავმა ჭირმა გაანადგურა ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა (https://www.nature.com/articles/d41586-018-07673-7), მათ შორის იქ მაცხოვრებელი G ჰაპლოჯგუფის მატარებელთა უმრავლესობა, რამაც საშუალება მისცა იამნაიას ხალხს ევრაზიის სტეპებიდან შესულიყვნენ და ქცეულიყვნენ თანამედროვე ევროპელების წინაპრებად. საგულისხმოა, რომ იამნაიას ხალხის ერთ-ერთი შემქმნელები სტეპებში კავკასიიდან მისული მონადირე შემგროვებლები არიან, რომლებიც, როგორც ჩანს, იმ G ჰაპლოტიპის ხალხმა განდევნა ცენტრალური კავკასიიდან. ასევე, სავარაუდოა, როგორც უკვე დავწერეთ, რომ ამ, G ჰაპლოტიპის მატარებელ ხალხს, რომელიც აქ დასახლდა, ბაქტერია-ვირუსული პანდემიებისადმი მდგრადობა აღმოაჩნდა (https://www.criticallog.org/blank-5);


2. (ავტორი - ნიკა თუშაბრამიშვილი) როგორც პალეოარქეოლოგიური მასალებით ირკვევა, ნეანდერტალლები და ჰომო საპიენს საპიენსები ცენტრალური კავკასიის ტერიტორიაზე 48 000 -50 000 წლის წინათ შეხვდნენ ერთმანეთს; ცნობილია, რომ ნეანდერტალელები გამოირჩეოდნენ დაავადებისადმი მდგრადობით, მათ შორის - აზიაში წარმოქმნილი პათოგენების მიმართ. ცენტრალური კავკასია გამყინვარების დროს იზოლირებული აღმოჩნდა კონტინენტის სხვა მხარეეებიდან, რასაც შემორჩენილი ნამარხი ფლორა და ფაუნაც ადასტურებს. თანაც, ცენტრალურ კავკასიაში ბევრად თბილოდა, ვიდრე კონტინენტის სხვა ადგილებში. ამდენად, ჰომო საპიენს საპიენსების (50 000 წლის და, ბოლო მონაცემებით, კიდევ უფრო დიდი ხნის წინათ, აფრიკიდან მოსულების) და ნეანდერტალელების (ასევე აფრიკიდან მოსულების, ოღონდ, 500 000 წლის წინათ) შეხვედრისთვის კარგი ადგილი უნდა ყოფილიყო. დღეს უკვე ვიცით, რომ ჩვენ ყველა, სუბ-საჰარელი აფრიკელების გარდა, ნეანდერტალელების და ჰომო საპიენს საპიენსების, და ასევე, სხვა არქაული ჰომინიდების ჰიბრიდები ვართ (განსხვავებით „სუფთა“ - სუბ-საჰარელი აფრიკელებისგან). თუკი დავუშვებთ, რომ ცენტალური კავკკასიის ტერიტორიაზე ჰომო საპიენს საპიენსები და ნეანდერტალელები ეჯვარებოდნენ ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ ჰიბრიდებს უნდა მიეღოთ მემკვიდრეობად ნენადერტალელური მდგრადობა პათოგენების მიმართ, რომელიც ყველაზე მეტად უნდა შენარჩუნებულიყო იქ, სადაც მოხდა ამ მდგრადობის გენეტიკური გადაცემა: ცენტრალური კავკასიის ტერიტორიაზე. https://www.facebook.com/nika.tushabramishvili/posts/10215769742626042).


ამჯერად, გადავწყვიტეთ, ეს ორი ჰიპოთეზა შეგვეჯერებინა და მიგვეღო ერთი ჰიპოთეზა, რომელსაც მომავალ კვლევებში გამოვიყნებთ, თუკი დაფინანსება ვიშოვეთ, რა თქმა უნდა. მომავალი კვლევა გვიჩვენებს, რამდენად მართებულია ჩვენი შეჯერებული იდეები.


მაშ ასე:


ნეანდერტალელები ცენტრალური კავკასიის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენენ, ყოველ შემთხვევაში, 250 000 წლის წინ - ნამდვილად. როგორც ზემოთ დავწერეთ, ცენტრალური კავკასიის ტერიტორია, 130 000 წლის წინ, ერთის მხრივ, ჩაიკეტა გარე სამყაროსგან, ხოლო მეორე მხრივ, საცხოვრებლად კარგ გარემოდ იქცა. როდესაც დაახლოებით 50 000 ან მეტი წლის წინ, ჰომო საპიენს საპიენსები გადმოვიდნენ ევრაზიის კონტინენტზე, ისინი მოვიდნენ ცენტრალურ კავკასიაშიც. ჰიბრიდიზაცია, როგორც დავწერეთ უკვე, დადასტურებული ფაქტია. მაგრამ, ასევე, დადასტურებული ფაქტია, რომ ჩვენში არ არის ნეანდერტალელი მამაკაცის Y ქრომოსომა, რომელიც, როგორც იცით სკოლაში ნასწავლი გენეტიკიდან, მხოლოდ მამიდან გადაეცემა ვაჟიშვილს. ნეანდერტალური X ქრომოსომა გვაქვს, და ის, როგორც გახსოვთ, გადაეცემა ქალიშვილს, - როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან. ამ მოვლენის სულ მცირე სამნაირი ახსნა არსებობს (http://humanorigins.si.edu/evidence/genetics/ancient-dna-and-neanderthals/interbreeding; https://phys.org/news/2016-04-modern-men-lack-chromosome-genes.html), მაგრამ ფაქტია, რომ რომ „პირველ თაობაში“, ნეანდერტალელი მამის შვილებს რომც არ ეარსებათ, ნეანდერტალურ-ჰომო საპიენსური ჰიბრიდის ყველა შთამომავალი ატარებდა ნეანდერტალურ X ქრომოსომულ მემკვიდრეობას: ბიჭები - დედის X ქრომოსომას, მამის Y ქრომოსომასთან ერთად, ხოლო გოგოები - დედის X ქრომოსომას და მამის X ქრომოსომას და ასევე, გენთა მიმოცვლის შედეგად ქრომოსომებს შორის გაცვლილ ნაწილებს. სანამ ნეანდერტალელი ქალისგან და ჰომო საპიენსის მამაკაცისგან დაბადებული ბიჭები და გოგოები ეჯვარებოდნენ ერთმანეთს, პათოგენებისადმი მდგრადობის მემკვიდრეობით გადაცემა არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, მაგრამ, როგორც კი ამ მემკვიდრეობის წარმომადგენლები სხვა მემკვიდრეობის ადამიანებთან (მაგალითად, დასავლეთიდან, ან აღმოსავლეთიდან მოსულებთან) დაიწყებდნენ შეჯვარებას, ყოველ შემდეგ თაობაში პათოგენისადმი მდგრადომის მემკვიდრეობით მიღების შანსი სულ უფრო და უფრო უნდა შემცირებულიყო.


შესაბამისად, ჰიბრიდების შთამომავლობას (ორივეს, ქალებსაც და კაცებსაც) უფრო მეტი შანსი ჰქონდა ეტარებინა პათოგენებისადმი მდგრადობის მემკვიდრეობა, ვიდრე ჰიბრიდების სხვა ჰომო საპიენსთან (ქალთან ან კაცთან) შეჯვარების შედეგად მიღებულ შთამომავლობას.


ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო: 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყველა თანამედროვე არა-სუბ-საჰარელი ადამიანის ნეანდერტალური გენები უფრო ახლოსაა კავკასიელ ნეანდერტალელთან, ვიდრე ყველა სხვაგან აღმოჩენილ ნეანდერტალელებთან (Prufer K, Racimo F, Patterson N, Jay F, Sankararaman S, Sawyer S, et al. The complete genome sequence of a Neanderthal from the Altai Mountains. Nature. 2014;505:43–9). ეს ნიშნავს, რომ „ფუნდამენტური ჰიბრიდიზაცია“ ნეანდერტალელსა და ჰომო საპიენს შორის ცენტრალური კავკასიის ტერიტორიაზე შეიძლება მომხდარიყო. ფუნდამენტური იმიტომ, რომ სხვა, უფრო ადრეული, 100 000 წლის წინამდელი შეჯვარებების კვალიცაა ნაპოვნი.


მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ როგორც ჩანს, ეს ჰიბრიდები, რომლებიც, შესაძლებელია, პათოგენებისადმი ნეანდერტალური მდგრადობის მემკვიდრეობას ატარებდნენ, ცენტრალური კავკასიის ტერიტორიაზე სულ ცხოვრობდნენ და როგორც ხდება ხოლმე, ეჯვარებოდნენ მოსულ ხალხებს და ტომებს. ამიტომ, თუ ეს ასე იყო, სავსებით შესაძლებელია, რომ მოსული ხალხი, ვინც ეჯვარებოდა „პირველი ჰიბრიდების“ უახლოეს შთამომავლებს, ხდებოდა, ალბათ უფრო მცირე ხარისხით, მაგრამ მაინც, აზიური პათოგენების მიმართ მდგრადობის მატარებელი. არ არის გამორიცხული, რომ კავკასიელ მონადირე შემგროვებლებს, რომლებმაც ცენტრალური კავკასიიდან აიწიეს სტეპებისკენ და იამნაიას ხალხის შექმაში მიიღეს მონაწილეობა, სწორედ ეს გენეტიური მდგრადობა წაეღოთ თან. პათოგენებისადმი მდგრადობა კი, რომელიც მათ იამნაიას ხალხს შესძინეს, მათ მომავალში დაეხმარა 7000-5000 წლის წინანდელ შავ ჭირს გამკლავებოდნენ და თანამედროვე ევროპელების წინაპრები გამხდარიყვნენ. მაგრამ, ასევე სავარაუდოა, რომ თუ ეს ასე მოხდა, პათოგენებისადმი მდგრადობის მატარებელი ეს ხაზი დასუსტდა/დაიკარგა და ცენტრალურ-ჩრდილოელი ევროპელების უმეტესობა კვლავ მოწყვლადი გახდა აზიური პათოგენების მიმართ.


ეს ყველაფრი ძალიან საინტერესოა, იკითხავთ თქვენ, მაგრამ სადაა თანამედროვე საქართველო, COVID-19, მდგრადობა და ა.შ.?


ახლავე:


სავარაუდოა, რომ G და სხვა ჰაპლოგჯუფების ხალხი, როდესაც მოვიდა ცენტრალური კავკასიის ტერიტორიაზე, ასევე, შეეჯვარა ნენადერტალური მემკვიდრეობის მქონე აბორიგენებს და მიიღო ის მდგრადობა პთოგენების მიმართ, რამაც ისინი გადაარჩინა 7000-5000 წლის წინანდელ შავ ჭირს, განსხვავებით მათი ევროპის ტერიტორიაზე დარჩენილი თანა-ჰაპლოელებისგან, რომლებიც თითქმის ამოწყდნენ. და, აი, აქ არის ჩვენი ჰიპოთეზის გასაღები:


თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, ყველა ჰაპლოჯგუფს, რომელიც ცენტრალური კავკასიის ტერიტორიაზე მოვიდა და რომლის წევრებიც შეეჯვარნენ „პირველი ჰიბრიდების“ შთამომავლებს, უნდა ჰქონდეთ ეს „ნეანდერტალური მდგრადობა“, რომელიც უმკლავდება ეპიდემია-პანდემიებს, უკეთესად, ვიდრე მათი სხვა ჰაპლო-ნათესავები მსოფლიოში. ამიტომ, ასე ეცემა პასუხი იმას, რომ საქართველოში არა მხოლოდ G ჰაპლოჯგუფის წევრებს (გურულებს, მეგრელებს, სვანებს, აბხაზებს) ეადვილებათ პანდემიის გადატანა, არამედ, სხვა ჰაპლოჯგუფების წევრებსაც აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში.


ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ნეანდერტალური მდგრადობის მატარებელნი მხოლოდ კავკასიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხი შეიძლება იყოს. ნენადერტალური მემკვიდრეობის კვლევა ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლებელია, თუკი ჩვენი ჰიპოთეზა დადასტურდა, მსგავსი კონფიგურაციის მემკვიდრეობა სხვაგანაც ვიპოვოთ/ვივარაუდოთ.


შესაბამისად, ჰიპოთეზა ჩამოყალიბებულია, კვლევის ორიენტირი - დასახული:


1. ნეანდერტალური გენეტიკური კვალის ძებნა/იდნეტიფიცირება ცენტრალური და ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხების გენეტიკურ მემკვიდრეობაში; სავარაუდოდ, განსხვავებული უნდა აღმოჩნდეს აქამდე არსებული გენერალიზებული მონაცემებიდან;


2. ამავე არეალში მაცხოვრებელი ადამიანთა პოპულაციების ვირუსებისადმი და ბაქტერიებისადმი მდგრადობის მიმართულებით შემოწმება და შედარება, მაგალითად, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპის ხალხებთან;


იმ შემთხვევაშიც, თუკი ჩვენი ჰიპოთეზა არ გამართლდა, შედეგები შთამბეჭდავი და გამოსადეგი იქნება.




1,676 views