ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც ყოველდღიურ რუტინას იმდენად შევებოჭე, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა და თითქოს, ნაცრისფერი დღეების ნისლში გახვეული ყველა ემოცია ცდილობდა თავი არ შეეხსენებინა ჩემთვის და ნელ-ნელა გამქრალიყო. სწორედ ასეთ, არაფრით გამორჩეულ დღეს, შემხვდა ერთ-ერთი სკოლის განცხადება და გადავწყვიტე, გამეგზავნა ჩემი მონაცემები, ამით დამეწყო ჩემი ცხოვრების შეცვლა. გასაუბრების შთაბეჭდილებები დაიწყო გაცილებით ადრე, როცა ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა. ტელეფონში ხმამ მითხრა, რომ ის, რასაც მთელი წელი ველოდი, შესაძლებელი გახდა და სამყარომ შანსი გამომიგზავნა. ტელეფონის მეორე მხარეს იყო ადამიანი, ვის ზარსაც ასე ველოდი და ჩუმი ხმით ამბობდა ჩემთვის ესოდენ უმნიშვნელოვანეს სიტყვებს. ვიგრძენი, როგორ იმატებდა გულისცემა, როგორ გადადიოდა ემოცია სისხლის თითოეულ მოლეკულაში და იწვევდა ეიფორიას. შემდგომი ერთი თვე საოცარი მოლოდინის წუთები იყო. დღეები, დატვირთული უამრავი პრობლემით, სიხარულის ემოციით, მაგრამ მუდმივად იმაზე ფიქრით, რა მელოდა 13 აგვისტოს საღამოს. თარიღის მოახლოვება უფრო ამძაფრებდა მოლოდინებს.
13 აგვისტოს დილას ჩვეულებისამებრ წავედი სამსახურში, სადაც მელოდა უამრავი ფურცელი, გადასაწყვეტი პრობლემა, შეხვედრები, თათბირები და მიუხედავად ყველაფრისა, დღის მთავარი ფიქრი იყო გასაუბრება. მოუსვენრად ველოდი საღამოს მოახლოვებას, რომ გასაუბრებაზე მივსულიყავი და მეცადა გამომეყენებინა შანსი, რომლის არსებობის შესახებაც ერთი თვის წინ შევიტყვე. შენობაში შესვლისთანავე გამოჩნდა წარწერა „გასაუბრება“. მღელვარებამ იმატა. შედგა პირველი კომუნიკაცია. სუფთა ფურცლებით სავსე მაგიდის გარშემო ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები შეიკრიბნენ და დაიწყეს სუფთა, ჯანსაღი და გულწრფელი ემოციების გაცვლა. ცნობისმოყვარედ ვათვალიერებდი უცნობებს, თუმცა ვხედავდი, რომ ისინი არც ისე უცხონი იყვნენ ჩემთვის, ჩვენ ხომ საერთო პრინციპები გვაერთიანებდა? ეს უკანასკნელი კი შლიდა ჩვენს შორის ყოველგვარ ბარიერს. რამდენიმე წუთიანი შემეცნებითი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა კომისია. კვლავ გავიგონე ის ხმა, რომელმაც ერთი თვის წინ მამცნო, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. შესავალი სიტყვის დასაწყისშივე მივხვდი, რომ მოვხვდი სრულიად სხვა სამყაროში, სადაც არ არსებობს დრო და სივრცე, თუმცა ყველაზე კარგად იციან დროის ფასი. სადაც არ არსებობს განსხვავება ადამიანებს შორის და ყველა თანასწორია. სადაც ყველას აქვს საშუალება იყოს „ ნამდვილი“ ფერადი და გულწრფელი. ეს იყო სამყარო, სადაც თითოეული ჩასუნთქვისას შემეძლო სულის საკვების მიღება. შესავალი და შემდგომი ყველა სიტყვა, რაც კი ისმოდა ოთახში იმდენად მძლავრად არხევდა სულის სიმებს, რომ მელოდიის დაწერას მოანდომებდა კარგ კომპოზიტორს.
დაუჯერებელი ამბები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში 13 აგვისტოს საღამოს. თითქოს ყველა მცდელობის, წვალებისა და შრომისთვის დამაჯილდოვა სამყარომ მისეულ, ჯადოსნურ რეალობაში მოხვედრით. ოთახში გაჟღერებული თოთოეული სიტყვა მარწმუნებდა რომ მართლაც არსებობენ სამყაროში უცნობი ადამიანები, რომლებიც ყველაზე „შენიანები“ არიან და ამას პირველივე შეხედვისას გრძნობ. უამრავი ემოციით დახუნძლული გამოვედი გასაუბრებიდან, თითქოს დავმსუბუქდი და ჰაეროვნად დავაბიჯებდი ცხელ ასფალტზე. ეს საღამო იყო მისტიკური, ჯადოსნური ნაპერწკლებით სავსე და სწორედ მაშინ, 30 წლის ასაკში, მივხვდი რა აკლდა ჩემს ცხოვრებას ყველაზე მეტად: გაცნობიერება, რომ შენი თავისუფლება არის ყველა იმ საქმეში, რომლის კეთებაც ბედნიერებას განიჭებს, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ცხოვრება.
მე იურისტი ვარ და ალბათ ყველა სამართლებრივი პრობლემის განხილვას ელის ხოლმე ჩემგან, მაგრამ ამ ამბის გაზიარება იმიტომ გადავწყვიტე თქვენთვის, რომ მინდა იცოდეთ თუ თქვენი ცხოვრება არის ნაცრისფერი, არ გაბედნიერებთ ყოველდღიურობა და არაფერი ხდება, რასაც მნიშვნელობას ანიჭებთ, ეს დასასრული არ არის. ცვლილებების მთელი „საიდუმლო“ ქმედებაშია. უბრალოდ უნდა გაბედო, რომ იცხოვრო და სამყაროც არ დააყოვნებს მხარდაჭერას.