top of page

ნინა ბაზიკოშვილი: სამართალმა პური რომ ჭამოს



პური ნელ-ნელა სერიოზულ პრობლემად იქცა ჩვენთვის და აქტიურად გვაშინებენ, რომ სამ-ოთხ კვირაში შეიძლება ფუფუნების საგანიც გახდეს, რიგით მოკვდავთ ხელი აღარ მიგვიწვდებოდეს მასზე. თუმცა, ჩემი დღევანდელი თემა პურს არ ეხება. ის სამართლიანობაზეა. ჩვენ ყველა, მუდმივად ვიმეორებთ, რომ ვიღაც უსამართლოდ მოგვექცა ან სახელმწიფოს მხრიდან უსამართლო ჩაგვრის მსხვერპლი გავხდით, მაგრამ არაფერს ვამბობთ იმაზე, რა გავაკეთეთ ამ სამართლიანობის დასამკვიდრებლად. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისიც კი არ ვიცით, რას ნიშნავს სამართლიანობა და გვგონია, რომ ჩვენ თუ გვაქვს კეთილდღეობა და “არავინ გვაწუხებს“ ეს არის სამართლიანი. ბოლო ათი წელია მუდმივად ისმის, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, ან უკვე აღდგა და ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ მას. ვერც უნდა ვხედავდეთ. სამართლიანობას ვერც ხელით შეეხები და ვერც დაინახავ ის ჩვენი აღქმის შედეგია. კაცობრიობის ისტორიაში ბევრი ტირანი მმართველი და კანონმდებელია, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებისა და შენარჩუნების გამო უამრავ სისასტიკეს სჩადიოდა და დაუცველთ ჩაგრავდა, თუმცა ამას კანონის სახელით აკეთებდა.



ახლა მივედით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან: ზემოთ ვიკითხე, ჩვენ რა გავაკეთეთ სამართლიანობის დამკვიდრებისთვის-მეთქი? ალბათ, ბევრი თქვენგანი შეიჭმუხნა და მხრებიც აიჩეჩა - "მე რა უნდა გავაკეთოო". ამ კითხვის პასუხად მზა რეცეპტი ვინმემ თუ დაგიწერათ, უკვე ტყუილია, მაგრამ ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. თუ შენ გინდა და მეც მინდა, რომ სართლებრივ და სამართლიან სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ჩვენი უფლებები გაგვავჩნდეს, რომელსაც დაიცავს სახელმწიფო, პირველ რიგში, დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ ჩვენივე ხელისუფალი და კანონმდებელი, მოგვიანებით, კანონის სახელით მსხვერპლად რომ არ ვიქცეთ. რთული ამოცანა დავისახეთ, არა? ამ სიყალბითა და ტყუილით სავსე სამყაროში. გეთანხმებით, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ხელისუფალი და კანონმდებელი კარგი რომ იყოს, პირველ რიგში მას ქვეყანა და ადამიანები უნდა უყვარდეს. ფასეულობათა სისტემაში იერარქიულად ყველაზე მაღლა უნდა აყენებდეს მათ. დღეს კი საზოგადოებას სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან ერთად სიყვარულიც ძალიან გვაკლია. დაყოფილი და გაბოროტებულია ადამიანების დიდი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო.


ჩვენ ხომ მუდმივად ვიმეორებთ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს? ჰოდა, თავად რას ვაკეთებთ ამ სამართლიანობისთვის? იმისთვის, რათა სამართლიან გარემოში ვიცხოვროთ, მეც და თქვენც უნდა ვაშენოთ ეს სამართლიანი გარემო. ყველამ ისე როგორც შეგვიძლია ჩვენი საქმით. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ხალხი ვართ დამკვეთი, ხოლო ხელისუფალი და კამონმდებელი ჩვენი დაქირავებული თანამშრომელი, რომელთაც ევალებათ შეგვიქმნან თავისუფალი, დაცული და სამართლიანი გარემო. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვერ ასრულებენ ამ ფუნქციას, უნდა შევცვალოთ.



შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, სამართალმა პური რომ ჭამოს, პური უნდა არსებობდეს ირგვლივ. ისიც ყველას გაგვიგია, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. შეიძლება ყველა ჩვენგანი არ ვიყოთ კარგი მეპურე, მაგრამ ყველას შეგვიძლია კარგი პურის გამოსაცხობი ინგრედიენტები მოვამზადოთ. გამოცხობა კი კარგ მეპურეს მივანდოთ.


Comments


bottom of page