Search
  • ადმინი

ნინი ჭაჭია. ემოციების მართვის სისტემა ანუ სტრესის მიმართ მდგრადობის საფუძველი



თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება ჰქონდეს ოჯახთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და მის გარშემო არსებულ სამყაროსთან. ამასთან, უახლოეს ადამიანებსაც კი აქვთ საკუთარი განსაკუთრებული მრწამსი, ხასიათი, განწყობა. ეს განსხვავებები ქმნის ბარიერებს სხვადასხვა კომუნიკაციურ სიტუაციებში გაგებისა და კონფლიქტების პროვოცირებაში.

ბრაზი, წყენა, რისხვა - ეს ნეგატიური გამოვლინებები აფერმკრთალებს პოზიტიურ გამოვლინებებს და შესაძლებელია სრულიად წაშალონ ისინი. არაკონტროლირებადმა ემოციებმა შეიძლება ადამიანი აიძულოს ზედმეტი ილაპარაკოს და გაართულოს სიტუაცია. დაფიქრების შემდეგ კი შეიძლება მიხვდეს, რომ ამდენი არ უნდა ელაპარაკა, ასე არ უნდა მოქცეულიყო, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ემოციების მართვის უნარის განვითარება, რადგანაც სწორედ ემოციები უდევს საფუძვლად სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებს.


ემოციების მართვა არ არის მათი ჩახშობა. ემოციებისაგან განთავისუფლება აუცილებელია ადამიანისთვის. დადასტურებულია, რომ გრძნობების გამოხატვის შეუძლებლობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ძველი წყენა, ფარული სიბრაზე, აგრესია მრავალი დაავადების ფსიქოსომატური მიზეზებია. თუ ადამიანი ნებისმიერ ფასად ცდილობს გარე სიმშვიდის შენარჩუნებას, ის საკუთარ თავს სერიოზული რისკის წინაშე ამყოფებს.

ემოციები აუცილებელ მექანიზმს წარმოადგენს სხეულის სტრესზე დაუყოვნებლად რეაგირებისთვის. შიში ენერგიას აძლევს საფრთხისგან თავის დასაღწევად; გაბრაზება ააქტიურებს კუნთებს და გამორიცხავს შიშს; სიბრაზე ხელს უშლის ყველა დაბრკოლებას. ემოციების გავლენით ხდება ძალების მყისიერი მობილიზაცია.



აქ ყურადღება მინდა გავამახვილო სტრესის მიმართ მდგრადობის უნარზე, რადგანაც უკვე საყოველთადო აღიარებულია, რომ წარმატებისა და ჰარმონიული ცხოვრების მისაღწევად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვან როლს სწორედ ეს უნარი ასრულებს.

ჩემს პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანს სურვილის შემთხვევაში შეუძლია დამოუკიდებლადაც გამოიმუშაოს ნებისმიერი უნარი, თუკი იცის რას მიაქციოს ყურადღება და რა ვარჯიშები გააკეთოს. ამიტომ შევეცდები ძალიან მარტივად და გასაგებად დავწერო თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება ამ უნარის განვითარებისათვის.



მარტივად, რომ ავხსნა, სტრესის მიმართ მდგრადობა ეს არის უნარი, არ დასტრესო საკუთარი თავი რაც არ უნდა ხდებოდეს პირად ან პროფესიულ გარემოში. უნარი ეს არის ნეიროფიზიოლოგიური პროცესი ( ემოციების დროს ჩვენ მათ განვიცდით, როგორც ფიზიკურად, ისე კოგნიტურად) , რომლის განვითარებასაც ესაჭიროება ყოველდღიური მუშაობა 21-66 დღის ანუ 1-2- თვის განმავლობაში.


ხშირ შემთხვევაში, სტრესის მიმართ მდგრადობას აიგივებენ მის მიმართ გამძლეობასთან ან ამტანობასთან, რაც არასოწია. გამძლეობა გულისხმობს, რომ სტრესს შეუძლია თავისი ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს, თუმცა ორგანიზმი მას უძლებს. სტრესის ნეგატიური ზემოქმედება კი ძალიან დიდ ნეგატიურ ენერგიას მოიცავს, რაც დამანგრეველია როგორც პიროვნული ისე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით.

სიღრმისეულად თუ შევხედავთ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არ არსებობს სტრესი. არსებობს სამყაროში სხვადასხვა მოვლენები, ფენომენები, ვითარებები და ჩვენ გვაქვს მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულებები. სწორედ ეს დამოკიდებულებები წარმოადგენს ჩამრთველებს ჩვენი ემოციების გამოსახატად. თუ გარკვეულ სიტუაციებზე ჩვენი რეაქცია იქნება სტრესოგენული, ის აუცილებლად აისეხება ჩვენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აუცილებლად აისახება ჩვენს ქცევაზე და ემოციურ მდგომარეობაზე.



უფრო გასაგები და მარტივი რომ გახდეს რაზე ვსაუბრობ, გთავაზობთ გააკეთოთ ერთი პატარა სავარჯიშო: დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ კარგი ყვითელი ლიმონი. გაჭერით ლიმონი შუაში. ეხლა გაწურეთ ეს ლიმონი და დაიწვეთეთ ენაზე. კარგად წარმოიდგინეთ ლიმონის წვენი, რომელიც გეწვეთებათ ენაზე. ამ სავარჯიშოს შესრულებისას ადამიანების 90%ს ნერწყვი გამოეყოფა.



ეხლა გავარჩიოთ ეს სავარჯიშო. რა მოხდა? - მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ლიმონი არ გაგისინჯავთ, ნერწყვი მაინც გამოიყო. ანუ ამუშავდა ვეგეტატური ნერვული სისტემა, თავის ტვინმა მიიღო ინფორმაცია გამოყოს ნერწყვი და ნერწყვიც წარმოიქმნა. ანუ რა მივიღეთ? თქვენს რეაქციებს განსაზღვრავს არა სიტუაცია ან ვითარება, არამედ კონკრეტული ხატის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება/რეაქცია. სხვადასხვა ადამიანისათავის სხვადასხვა ვითარებები, მოვლენები და სიტყვები სხვადასხვა დამოკიდებულებას და რეაქციას იწვევენ, შესაბამისად განსხვავებულია მათი სტრესის დონეები.



ამიტომაც ამბობენ, რომ არ არსებობს სამყაროში სტრესული და არასტრესული სიტუაციები, არსებობს მოვლენები და მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები.

ცოტა უფრო სიღრმეშიც თუ წავალთც აუცილებლად უნდა შევეხოთ თუ როგორ მუშაობს თავის ტვინი.

შევეხები თავის ტვინის რამოდენიმე მახასიათებელს:


თავის ტვინს ბიოლოგიურ პროცესორსაც ეძახიან. ანუ რა იგულისხმება ამაში? სივრცე, სადაც ინახება ჩვენს გამოცდილებაში არსებული სხვადასხვა ხატები. მოვლენები და ვითარებები, ასევე მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები. თავის ტვინს არ გააჩნია დრო. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ჩვენი წარსულში განცდილი ემოციები გვიცოცხლდება როგორც კი ვიხსენებთ. როდესაც ვინმე გეკითხებათ თქვენს ყველაზე ბედნიერ დღეზე, თქვენ ფაქტობრივად გახსენებისას თავიდან განიცდით მათ და ყვებით ღიმილით, სხეულებრივ დონეზეც კი განიცდით იმ დღისადმი დამოკიდებულებას.



როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, თავის ტვინი მუშაობს ხატებით. ანუ კონკრეტული ხატი იწვევს კონკრეტულ რეაქციას. თავის ტვინი თვითონ ვერ ხედავს. მას არ შეუძლია თავის ქალიდან გამოსვლა და რაიმეს დანახვა J. ჩვენ კონკრეტული ხატების მიხედვით ვაწვდით მას ინფორმაციას.



და ბოლოს, ტვინს აქვს დომინამტის ფუნქცია, მას არ შეუძლია რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად ფიქსირება, ფოკუსირება.



აქვე დავამატებ, რომ თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გადაარჩინოს ორგანიზმი. სწორედ ამიტომ, მისი ძიირითადი მოქმედება ორიენტირებულია ნაკლები ენერგიის დახარჯვაზე. ანუ ნებისმიერ გამღიზიანებელზე ცდილობს უკვე არსებული გამოცდილება გამოიყენოს. სწორედ ამიტომ ეძახიან ფსიქოლოგები ტვინს ზარმაცს. ახალ გამოცდილებას, ხომ მეტი ენერგიის დახარჯვა ესაჭიროება? ამიტომაც ადამიანისათვის დამახასიათებელია სიზარმაცე J და მხოლოდ დიდი ძალდატანების გაღებით შეიძლება ამ სიზარმაცის დაძლევა.



თუ ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ მსჯელობას ეთანხმებით, მაშინ ემოციების მართვის სისტემის მდგენელებიც ცხადი ხდება.


ანუ, არსებობს გარვეული ვითარება, მოვლენა, ვაკეთებთ ამ მოვლენის ინტერპრეტაციას (ეს უმეტეს შემთხვევაში ავტომატურად ხდება) და გამოვხატავთ რეაქციას მის მიმართ.

ემოციების უმართავობის მთავარი გასაღები არის ის, რომ ამ პროცესში (სტიმული-ანალიზი-რეაქცია) ინტერპრეტაციის, ანალიზის ნაწილი ამოვარდნილია.



როდესაც ემოციების მართვაზე ან მდგრადობაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისმობთ იმას, რომ არასასიამოვნო შეგრძნებები არ გვაქვს, უნდა ვისწავლოთ მართვა ისე, რომ დამანგრეველი განცდები მაქსიმალურად განეიტრალდეს. აქვე მინდა დავამატო ერთი პატარა საკითხი: ადამიანებს ახასიათებთ გამოცდილების საფუძველზე გარკვეული მოლოდინების შექმნა. გადაჭარბებული მოლოდინები (არ აქვს მნიშვნელობა პოზიტიურია ის თუ ნეგატიური) განსაზღვრავს ჩვენი დასტრესვის მასშტაბს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ემოციების გააზრების პროცესში გავიაზროთ თუ ფსიქოლოგიური მტკიცებულების რა მასშტაბთან გვაქვს საქმე. აქ ვგულისხმობ, როდესაც ვინმეს (საკუთარ თავს, სხვას, სამყაროს) რაიმეს ვუმტკიცებთ (მაგალითად, ახლა ვაჩვენებ რა დაკარგა ჩემი სახით, ან ახლა ვაჩვენებ ვინ არის იდიოტი და ა.შ.). დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანს თავის მოლოდინში შეაქვს რაიმეს დამტკიცება, მაშინ ნებისმიერი წინააღმდეგობა ამ ამოცანის შესასრულებისას შეიძლება აღქმული იყოს პიროვნულ, პირად წაგებად. ამ სიტუაციაში კი ადამიანმა შესაძლოა მოიგოს მხოლოდ და მხოლოდ ნევროზი :) . ეს კი არც თუ ისე კარგი საჩუქარია.


ასევე მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ მოლოდინები და რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკიდან იწყებს, ვითარდება აღზრდა-განათლების, სოციალური ურთიერთობების პროცესში, მნიშვნელოვანწილად განსაზღვვრავენ ჩვენს დამოკიდებულებებს სხვადასხვა ვითარებების მიმართ. ზოგიერთი ეს უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ავტომატიზმამდე დასული რწმენა-წარმოდგენა კი თავის ტვინისათვის გამზადებულ პასუხებად გვევლინება გამღიზიანებელზე. მინდა მოგიყვეთ 7 არასწორ რწმენა-წარმოდგენის (მოსაზრების) შესახებ, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე, თუმცა ძალიან ცოტას გვესაუბრებიან ამ საკითხებზე:

1. მე ამ წარმოდგენას „უნდა“ ან „უნდაობა“ დავარქვი J. ეს წარმოდგენა შედგება 3 კატეგორიისაგან: 1. მე უნდა - მე არ უნდა; 2. სამყარო უნდა... - სამყარო არ უნდა... 3. ადამიანებმა უნდა - ადამიანებმა არ უნდა...


შევეცდები ავხსნა ეს წამოდგენები. ეს არის ის მდგომარეობა როდესაც საკუთარი თავის ან გარემოს მიმართ მოთხოვნა კატეგორიულია და ვალდებულებითია, თავის თავში არ ტოვებს სხვა ალტერნატივის საშუალებას (კატეგორიული მოთხოვნაა). მაგალითად, მე არ უნდა მეშლებოდეს, არ უნდა ვცდებოდე. ეს შინაარსი უკვე თავისთავად მოიცავს შინაგან დაძაბულობას, შფოთვას. როდესაც „უნდაობა“ საკუთარი თავის მიმართ არის მიმართული ფორმირდება შინაგანი შფოთვა, როდესაც ის გარემოსკენ არის მიმართული (სამყარო, ხალხი), მაშინ ფორმირდება წყენა, აგრესია, რისხვა.



2. შეფასებითი დამოკიდებულება (თუ ეს მოხდა, მაშინ ეს ამას ნიშნავს). მაგალითად. თუ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე, მაშინ უცოდინარი ვარ.



3. კატასტროფიზაცია, როდესაც ვითარების შეფასება ხდება ყველაზე საშინელი დასასრულით. - თუ უნივესიტეტში არ ჩავაბარე, ჩემი ცხოვრება დასრულდება. თუ სამსახურში დავაგვიანე - გამაგდებენ და შიმშილით მოვკვდები.



4. პერფექციონიზმი - ყველა დეტალი მნიშნელოვანიც და უმნიშვნელოც უნდა იყოს იდეალურად გაკეთებული.



5. განზოგადება - თუ გამოცდა ვერ ჩავაბარე, ჩემი ცხოვრება დასრულდება, თუ ქმარს გავშორდი, ვერასოდეს შექმნი ახალ ოჯახს. „ყველა კაცი ერთნაირია“ :)



6. აზრების/ფიქრების კითხვა (მკითხაობა) - უნდა მივხვდე, ვიცოდე, უნდა მიხვდეს უთქმელად.



7. დისკომფორტის აუტანლობა - არ შემიძლია ამ დავალების შესრულება. არ შემიძლია მის გარეშე ყოფნა. ფიზიკურად ვერ გავაკეთებ ამას...



ემოციების მართვის, გააზრების პროცესში მნიშვნელოვანია ამ არასწორი რწმენა-წარმოდგენების შერბილება. ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სხვა ალტერნეტივები, რაც აღგზნებულ ემოციურ ფონს შერბილების საშუალებას აძლევს და რაციონალიზაციის ადგილს აჩენს.



თუ ზემოთ ჩემს მიერ აღწერილი მსჯელობა თქვნთვის გასაგებია და მისაღებია, მაშინ გამოდის რომ არ შეიძლება რაიმე, საგანმა, მოვლენამ ან სიტყვამ გაგვაბრაზოს, გვაბრაზებს ჩვენი ინტერპრეტაცია, შესაბამისად ვბრაზობთ და ვისტრესებით იმით, თუ რამდენადაც შეგვიძლია თავი გავიბრაზოთ და დავისტრესოთ. ამის დასადასტურებლად კიდევ ერთი მარტივი მაგალითი შეიძლება იყოს ის, რომ თუ ვინმე ადამიანი თქვენთვის გაუგებარ ენაზე რაიმე ცუდს გეუბნებათ, ეს ვითარება არ იწვევს თქვენში ემოციას, რადგანაც თქვენი ტვინი ვერ აღიქვამს ამ ინფორმაციას, ხოლო, თუ თქვენთვის გასაგებ ენაზე ვინმე თქვენთვის არასასურველ შეფასებას გიკეთებთ, თქვენი რეაქცია შესაძლოა ძალიან მწვავე აღმოჩნდეს.



ჩემი აზრით ზემოთ დეტალურად ავღწერე სტრესის მართვის მექანიზმი, ეხლა კი შეგვიძლია საყოველთაოდ ცნობილ რეკომენდაციებზეც გადავიდეთ.


როგორ ვმართოთ ემოციები?


გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც უნდა.

ნებისმიერი ბარიერი და წინააღმდეგობა არის გამოწვევა, რომელიც გადასალახია/გადასაწყვეტია.


ეხლა კი რეკომენაციები. მანამ სანამ სტრესის მიმართ მდგრადობის უნარს ივარჯიშებთ, ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები:

ამ სიტუაციაში რომელი ჩემი მოლოდინის რეალიზება არ ხდება? რომელი რწმენა-წარმოდგენა მაქვს ჩართული? ამ სიტუაციის როგორ ინტერპრეტირებას ვთავაზობ საკუთარ თავს? როგორ ვსტრესავ ეხლა საკუთარ თავს?



ასევე, ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში, ვითარების რაციონალურად გაანალიზებისათვის, აუცილებელია დრო, ამიტომ, სანამ პასუხს, რეაქციას გამოხატავთ კონკრეტული მოვლენის მიმართ, გააკეთეთ პაუზა. პაუზა თქვენ საშუალებას მოგცემთ ვითარების მაღალი ტემპერატურა დაწიოთ.



იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითონ გადაწყვიტავთ ამ უნარზე მუშაობას, გთავაზობთ შემდეგ მეთოდს, რომელიც ყოველ დღე უნდა შეასრულოთ 1-2 თვე.



გამოყავით 1 დღიური. ყოველ დღე გაანალიზეთ თქვენი სიტუაციები, როდის რა ვითარებაში რა ემოციას განიცდიდით.


1. სიტუაცია - აღწერეთ გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია თქვენში ემოცია;

2. რეაქცია - აღწერეთ დეტალურად თქვენი ყველა რეაქცია ამ სიტუაციაში, სხეულებრივი, ემოციური, ქცევითი და ა.შ.

3. იპოვეთ ყველა ის 7 მცდარი რწმენა-წარმოდგენა და დეტალურად აღწერეთ ისინი.

4. ახალი რაციონალური პასუხი - გაიაზრეთ ეს სიტუაცია, დაწერეთ როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ ამ სიტუაციაში, მოახდინეთ არასწორი ინტერპრეტირების კორექტირება და აუცილებლად დაასრულეთ სამოქმედო გეგმით.


იმედი მაქვს ეს სისტემა თქვენთვის საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდება.


კიდევ ერთხელ შეგახსებენთ, რომ უნარის განვითარება ხდება ყოვედღიური გამეორებების შედეგად, შესაბამისად თუ გნებავთ ემოციური ინტელექტი და სტრესის მიმართ მდგრადობის უნარი განივითაროთ, ყოველ დღე ავარჯიშეთ საკუთარი თავი და 2 თვის თავზე რეალურ შედეგსაც იგრძნობთ. ხოლო მათთვის ვისაც უჭირს საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობა, ჩვენ შექმნილი გვაქვს სხვადასხვა ტრენინგები და პროგრამები.



წარმატებულ და თავგადასავლებით სავსე გზას გისურვებთ საკუთარი თავის განვითარების მიმართულებით. შეკითხვების შემთხვევაში კი მოგვმართეთ, მოგვწერეთ და შევეცდებით დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ.