• ადმინი

ნინი ჭაჭია: თავისუფლების მთავარი იარაღი - კრიტიკული აზროვნება



დღესდღეობით თანამედროვე სამყაროში ადამიანისათვის მთავარ გამოწვევებად თავისუფლება, წარმატება და ბედნიერებაა. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო, ეს სამივე მოთხოვნილება ძალიანაც აქვს/უნდა, თუმცაა...


სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ძალიან არაპოპულარული, დიახ, წასაკითხად არაპოპულარული თემა შემოგთავაზოთ :) . არაპოპულარულია, რადგანაც არც სექსზეა, არც ემოციების ამოფრქვევაზე და არც ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველ შინაარსებზე.


თავისუფლება, წარმატება და ბედნიერება თავისით არ მოდის, მათ მისაღწევად ბევრი მოძრაობა და შრომაა საჭირო. დიდი ენერგიის დახარჯვა და რაც მთავარია ამ ენერგიის ხარჯვით სიამოვნების მიღების სწავლაა მთავარი. ამ მოძრაობით სიამოვნების მიღებას თუ ვერ ისწავლი, მაშინ აუცილებლად გაჩნდება აი ის სიტყვა ზევით რომ დავწერე - „თუმცა“ ან მეორე სიტყვა „მაგრამ“ და სწორედ ეს მარტივი სიტყვები, როგორც კი თავში გაჩნდება, მაშინვე გზას გადაუხვევ, დაანებებ ამ შენი 3 მნიშვნელოვანი მოთხოვნილებისაკენ სწრაფვას და დაიკარგები, დაშორდები მათ.


დღეს, თავისუფლების, ბედნიერების და წარმატების მიღწევის მთავარ იარაღზე მინდა მოგიყვეთ. იარაღზე, რომელთანაც ერთხელ მაინც შეხების შემდეგ, ერთხელ მაინც მისი გამოყენების შემდეგ, მთელი ცხოვრება ტრანსფორმაციას იწყებს და სრულიად ახალ, აქამდე უცნობ, ძალიან საინტერესო და ამავე დროს საშიშ სამყაროში გადაგიყვანთ. სამყაროში, სადაც ცოცხალი ხარ მხოლოდ მაშინ, თუ მოქმედებ, მოძრაობ და რაც მთავარია აზროვნებ, ფიქრობ და ამ ქაოსში შენს სიმშვიდეს, თავისუფლებას პოულობ.


გადახედეთ თანამედროვე სამყაროს შინაარსებს, ტროლების, ბოტების, პოსტ-სიმართლისა და ყალბი ინფორმაციების ეპოქაში გადარჩენისათვის აუცილებელია კრიტიკული აზროვნების უნარის გამოყენება. აი ის უნარი, მე რომ თავისუფლების იარაღს ვეძახი.


ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით უამრავ ინფორმაციას, შინაარსს, რომლებიც გვაიძულებენ რაიმე შევიძინოთ, მივიღოთ ან თუნდაც ხმა მივცეთ, არჩევანი გავაკეთოთ, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ ძალიან რუტინული შინაარსი. ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ არსებული დიდი ინფორმაციიდან ყოველწუთიერად ვაკეთებთ რაღაც არჩევანს და ამით ჩვენი ცხოვრების გზას გავდივართ. ამდენ შინაარსში, შემოთავაზებაში, როგორ შეიძლება გავარჩიოთ ყალბი და რეალური ამბავი? როგორ დავაღწიოთ თავი მანიპულაციებს და როგორ ვიყოთ თავისუფლები?


ისევე როგორც ყველა უნარს, კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებასაც დრო და ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. კრიტიკული აზროვნების განვითარებისას ჩვენ ფაქტობრივად ჩვენს სააზროვნო სისტემაში ახალი ალგორითმის შექმნაზე ვმუშაობთ, რომელიც შემდგომ დაგვეხმარება თავი დავაღწიოთ მანიპულაციებს, გავარჩიოთ ყალბი და რეალური ფაქტები, ვისწავლოთ პირველადი და მეორადი საკითხების გამოკვეთა და რაც მთავარია ჩვენი, პირადი, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება.


კრიტიკული აზროვნება ეს არის აზროვნების ტიპი, რომელიც დაფუძნებულია კოგნიტურ უნარებსა და სტრატეგიებზე, შეკითხვების კომპლექსები, რომლებიც გვეხმარება მივიდეთ შედეგამდე, მიზნამდე.


კრიტიკული აზროვნების მთავარი მტერი არის სურვილი დაამტკიცო რომ მართალი ხარ. ხშირად ადამიანებს არ აინტერესებთ სიმართლის ძიება, ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება, ისინი ძირითადად ორიენტირებულები არიან რომ დაამტკიცონ, რომ მართლები არიან. ეს კი ხშირად დამღუპველია, რადგანაც სწორედ ამ გზით შესაძლოა მანიპულაციების ქსელში გაბმა.


კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე, ჯერ კიდე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე საუბრობდნენ ფილოსოფოსები და თავიანთ ხედვებს გვთავაზობდნენ სამყაროს გასააზრებლად. სწორედ კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენებით განვითარდა, შეიცვალა სამყარო, განვითარდა ტექნოლოგიები და კიდე უფრო შეიცვლება.


და მაინც როგორ განვივითაროთ კრიტიკული აზროვნება?


გიგი თევზაძე თავის წიგნში „კრიტიკული აზროვნების მეგზური“ ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსებიდან დღემდე განიხილავს მოაზროვნეების მიერ შემოთავაზებულ შეკითხვების კომპლექსებს, რომელთა დახმარებითაც ისინი მსჯელობენ და თავიან ხედვებს გვთავაზობენ. ამ წიგნში ავტორი მსჯელობისა და ანალიზის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილ ცოდნებამდე მისასვლელი გზების სამყაროში გვამოგზაურებს და ამავე დროს, მარტივ გასაღებებსაც გაძლევს. სივრცე, სამყარო სადაც პითაგორადან დაწყებული და ჰანა არენდტამდე და ერნსტ გელნერემდე მოდიხარ 4 ძირითადი კრიტიკული შეკითხვით. 4 შეკითხვა რომელიც ამ ათასწლეულებში არსებულ მოსაზრებებს სრულიად მარტივ სისტემაში სვავს და აზროვნების სრულიად ახალ განზომილებას გიხსნის.


რა არის ეს 4 ძირითადი შეკითხვა?


1. რა შედეგი მოაქვს ამ ინფორმაციას?

2. რა არის ამ ინფორმაციის მიზეზი? რა განსაზღვრავს მას? რატომ არსებობს ეს ინფორმაცია?

3. ეს ინფორმაცია ეყრდნობა რეალურ, ემპირიულ მოცემულობას, თუ მხოლოდ მსჯელობით მიღებული დასკვნაა?

4. ეს ინფორმაცია მცდარია, ჭეშმარიტი, თუ მხოლოდ შესაძლებელი (არც შესაძლებელი, არც მცდარი)?


კრიტიკული აზროვნების მეგზურის დახმარებით, მკითხველი სრულიად ახალ, აქამდე უცნობ სამყაროში გადადის, სადაც თითქოსდა უსულო, მხოლოდ სააზროვნო სისტემაში არსებულ მეცნიერებას - ფილოსოფიას, ეძლევა სიცოცხლე და ძალიან პრაქტიკული, გამოყენებითი მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში.


კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავების დროს ადამიანს უვითარდება 14 კომპეტენცია: 1. ინფორმაციის მოძიება, შეგროვება; 2. დაკვირვება; 3. დასკვნის გაკეთება; 4. რაციონალიზაცია; 5. რეფლექსია; 6. შემოქმედებითობა; 7. თანმიმდევრობა და კლასიფიკაცია; 8. შედარება და კონტრასტი; 9. მიზეზშედეგობრიობის ანალიზი; 10. სინთეზი; 11. შეფასება; 12. პროგნოზირება; 13. პრიორიტეტების დალაგება; 14. შეჯამება; თუ თქვენ ამ თავისუფლების იარაღის გამოყენების სწავლება გინდათ, დასვით შეკითხვები, განივითარეთ 14 კომპეტენცია.

გაეცანით სხვადასხვა მოაზროვნეების ხედვებს, იკითხეთ, თუმცა მიღებული ინფორმაციის და ცოდნის დანერგვა ყოველდღიურობაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამიტომ ყოველი მიღებული ახალი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეთ.


როგორც უკვე აღვნიშნე კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებას დრო სჭირდება და მისი ჩვევად გადაქცევისათვის საჭიროა ყოველდღიური, სისტემური აქტივობა. იმედია თქვენთვისაც თავისუფლების იარაღი საინტერესო აღმოჩნდება და ამ იარაღთან შეხება თქვენი ცხოვრების პოზიტიურ ტრანსფორმაციას გამოიწვევს. ხოლო რაც უფრო მეტი დახელოვნებული ადამიანი იქნება სამყაროში, მით უფრო სწრაფად გაქრებიან ტროლ-ბოტები ჩვენი ცხოვრებიდან.


და ბოლოს, გისურვებთ მხოლოდ წვიმისათვის განკუთვნილ ბოტებთან გქონდეთ შეხება :).





თუ თქვენ დაინტერესებული ხართ კრიტიკული აზროვნების განვითარების კურსებით, გაეცანით ჩვენი სკოლის პროგრამებს.

262 views0 comments