ძალიან საინტერესო სამყაროში ვცხოვრობთ, თანამედროვე ტექნოლოგიების და უზარმაზარი ინფორმაციული ნაკადების ერაა ფაქტობრივად. წინა საუკუნეების ფილოსოფოსებისა თუ მკვლევარებისათვის, ალბათ ყველაზე სასურველი ეპოქაა.
არადა რაღაც შეგრძნების, განცდის დონეზე ამ საოცრებას ვერ გრძნობ...
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებას თითქოს ყველაფერი უნდა გაემარტივებინა ადამიანების ყოფაში, თუმცა როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტი დესტრუქცია ამ დროში ხდება. ანუ, რას ვგულისხმობ: მედიცინა განვითარდა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, თითქოს სასიხარულო ამბავი უნდა იყოს. ტექნოლოგიების განვითარებამ ფიზიკური შრომა გაამარტივა, აღარაა საჭირო ადამიანური ძალის, ძველი დროის ტოლფასი, ექსპლუატაცია, ესეც თითქოს კარგი ამბავია. კომუნიკაციის ინსტრუმენტების, სოც. ქსელების, ინტერნეტის და ა.შ. განვითარებამ, თითქოს, უსაზღვრო შესაძლებლობები გახსნა და ადამიანს მისცა ყველანაირი შესაძლებლობა განვითარდეს, აკეთოს ის რაც აინტერესებს, სიამოვნებს, მაგრამ.... რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ რეალურად ფანტასტიკური შესაძლებლობების პირობებში ყველაზე მეტად იმატა დეპრესიებმა, ფსიქიკურმა პრობლემებმა, თვითმკვლელობებმა, ნარკოტიკებსა თუ თამაშებზე დამოკიდებულებებმა, ბულინგი, ძალადობა, მკვლელობა, ფემიციდის უამრავი შემთხვევა და თან ყველა მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.... რა უმსჯელობებთან გვაქვს საქმე და რა გვჭირს ადამიანებს? მარტო ეს როდია, სულ უფრო მეტს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხალხი სულელდება, იმატა დაცინვებმა, ცინიზმმა, უიმედობამ და ა.შ.
და რა იწვევს ამას?
ამ ტექნოლოგიების დევნამ სულ გადაგვავიწყა, რომ ჩვენ ბიოლოგიური არსებები ვართ და ჩვენი ბიოლოგიური პროცესორი - ტვინი მუშაობისას დროს მოითხოვს. ბევრს არ დავწერ ტვინის მუშაობის შესახებ, რომ არ გადაიტვირთოთ და მხოლოდ რამდენიმე საკითხს შევეხები, რათა ავხსნათ რა ადებილებს ამ საოცარ სამყაროში ადამიანს.
ჩვენი ტვინი მუშაობს სხვადასხვა რეჟიმებში, ისევე როგორც კომპიუტერი. ტვინში არსებობს 3 სახის ქსელი, რომელიც სხვადასხვა პროცესის დროს აქტივირდება: 1. მნიშვნელობის გამოვლენის ქსელი; 2. ცენტრალური შემსრულებელი/აღმასრულებელი ქსელი; 3. ტვინის დეფოლტ სისტემა. ერთი უზრუნველყოფს ყურადღებას, მეორე ინფორმაციის მოხმარებას, მესამე აზროვნებას. ეს ქსელები ანტაგონისტური ქსელებია ანუ ტვინი ხან ერთი ქსელით მუშაობს ხან მეორეთი და ხან მესამეთი. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ ან იღებთ ინფორმაციას ან აზროვნებთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის მიღების წყურვილი ტვინის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა. ევოლუციურად ჩამოყალიბებული მექანიზმია, რადგანაც გადარჩენისათვის მნიშვნელოვანი იყო გარემოს შესწავლა და დაკვირვება. ინფორმაციის მიღებისას კი გამოიყოფა ჰორმონები, რომელიც სიამოვნების შეგრძნებას იწვევს.
ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ აზროვნება თანდაყოლილი უნარი არ არის და მისი განვითარებისათვის საჭიროა დრო და ხშირი განმეორება. ისევე როგორც კუნთს სჭირდება განვითარება და ამისათვის დრო და მუდმივი ვარჯიშია საჭირო, ასევე აზროვნებისთვისაც აუცილებელია ვარჯიში.
თავის ტვინის სხვა მახასიათებლებზე ამჯერად ყურადღებას არ გავამახვილებ, თუმცა ერთ პატარა მინიშნებასაც მოგცემთ. როდესაც ჩვენ ვცნობთ სხვადასხვა სიმბოლოებს, ობიექტებს, შინაარსებს(აქ გაიხსენეთ რამდენად ხშირად სქროლავთ სოც. ქსელებს) გვგონია, რომ ჩვენ ვფიქრობთ და ვაზროვნებთ, თუმცა ეს ასე არ არის. აზროვნება მუშაობს მაშინ, როდესაც ჩვენ სხვადასხვა შინაარსებს, ობიექტებს გონებაში ვატრიალებთ, ვამუშავებთ, ვქმნით მათ შორის კავშირებს და ვალაგებთ მათ უფრო რთულ სტრუქტურებად. ანუ გამღიზიანებელს ვპასუხობთ არა ავტომატურ რეჟიმში, არამედ ცნობიერად, გააზრებულად.
ახლა გადავხედოთ ჩვენს სამყაროს და ყოველდღიურ ცხოვრებას. სოციალური ქსელები, სხვადასხვა გაჯეტები, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი თუ კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ამ გამარტივებული ცხოვრებით ტკბობა მალე ვისწავლეთ. თან სრულიად თავისუფლები ვართ, არც გეოგრაფიული საზღვრები გვაფერხებს, რასაც გვინდა იმას ვამბობთ. ამასთან ერთად აღარაა საჭირო არაფრის დამახსოვრება, მთელი ჩვენი მეხსიერება გადავიტანეთ ციფრულ მოწყობილობებში, ამით ჩვენი ტვინის ვარჯიშიც შევამსუბუქეთ. ჩვენი ცოდნა, გამოცდილება გადავიტანეთ საძიებო სისტემებში. საჭმლის გაკეთება გინდა? - დაგუგლე, სახლის აშენება = დაგუგლე, დაავადების შესახებ რაიმეს გარკვევა - დაგუგლე, გაინტერესებს რამე - დაგუგლე და გეცოდინება, წინასწარ სწავლა ან რაიმეს დამახსოვრება რა საჭიროა. ამ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მცირე რაოდენობითაც კმაყოფილები ვართ, რაღაც ვიცით უკვე და ჩვენს ე.წ. ექსპერტულ გამოცდილებასაც ვაზიარებთ საჯაროდ, რეკომენდაციებს ვიძლევით და ეგოს ვიფხანთ, ვაკრიტიკებთ სხვა ე.წ. ექპერტებს და ა.შ. (პოლიტიკურ საკითხებზე ჩვენი მოსაზრება გვაქვს, პოლიტიკოსებზე უკეთ ვიცით, პანდემიაზე ხო საუბარიც არ მაქვს, ეხლა უკრაინის საკითხებში სამხედრო ექსპერტები გავხდით და გეოპოლიტიკაში ყველაზე უკეთ ვერკვევით).
ეხლა პოზიტიური ნაწილი დავინახოთ - ჭკვიანმა ადამიანებმა თავის ტვინის მუშაობის შესახებ ინფორმაცია კარგად გამოიყენეს. ფერადი, ხმაურიანი, ლამაზი შინაარსები სოციალურ ქსელებში თქვენს უნიკალობაზე, განსაკუთრებულობაზე საუბრობენ და თქვენი „თავისუფლებისათვის“, განსაკუთრებულობის ხაზგასმისათვის ან უფრო ღვთაებრივად გამოჩენისათვის სხვადასხვა აქტივობებს ან დეტალებს, შინაარსებს გთავაზობენ. დიახ, ზუსტად მიხვდით: მარკეტინგი და გაყიდვების „ბრჭყვიალა“ ინდუსტრიაზე ვსაუბრობ. ჩვენ ვიცით შენ რა გჭირდება, აღარ იფიქრო, ჩვენ შენს ნაცვლად ვიფიქრებთ, შენ გადაიხადე და ყველაფერი გექნება, ფული თუ არ გაქვს, არც ეგაა პრობლემა, გასესხებთ, ჩვენ ისე გვიყვარხარ, რომ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. ნუ ცოტა გაშარჟებული, მაგრამ პათოსი ესაა.
პოლიტიკაში საინფორმაციო ომების მონაწილეებად ვგრძნობთ თავს, აი ისე გლადიატორების ბრძოლებში როგორც მაყურებლები გრძნობდნენ თავს.
ეხლა ცოტა სხვა ექსპერტების შესახებ, ინფლუენსერები, ბლოგერები, სოციალური ქსელის გმირები სხვადასხვა ფოტოების დახმარებით გიყვებიან თავიანთი ცხოვრების და თავგადასავლების შესახებ და თქვენს ბედნიერებაზე ზრუნავენ, თქვენგან მხოლოდ ლაიქები და შეარებია საჭირო. ნახე რა ლამაზად ვცხოვრობ, დააკვირდი ჩემს ცხოვრებას და იყავი ბედნიერი. გინდა გახდე უფრო კომპეტენტური? - მოუსმინე ვიდეოს, გაიარე 2 მოკლევადიანი კურსი და შენ უკვე ახალი პროფესია გაქვს - ექსპერტი ხარ.
ცოტა სულელური გამოდის ხომ, რაც ზევით დავწერე, მაგრამ თუ დაუკვირდები ძალიან ახლოსაა სინამდვილესთან.
ეხლა ისევ ტელეფონზე შევჩერდეთ, დილას თვალებს ახელ და მაშინვე ტელეფონს ხსნი და იმ ინფორმაციული ნაკადის ნაწილი ხდები, ისე გიზიდავს, იმდენი ინფორმაცია გეძახის, შენი ექსპერტული აზრის გამოხატვის პლატფორმასაც გაძლევს და ამიტომ დაუფიქრებლად ჩაყვინთავ მასში. რა საჭიროა ბევრი კითხვა, ჰედლაინები არსებობს. დღევანდელი ინფორმაციული ერის მთავარი პოსტულატი ხომ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის არის.
და მაინც სად ვეძებოთ ამ დახურული წრიდან გამოსაძრომი?
მთავარი რაც ამ ჭარბი ინფორმაციის ერამ მოგვიტანა არის, ის რომ დავკარგეთ საკუთარ თავთან კონტაქტი. აზროვნება რთული პროცესია და საკმაოდ დიდი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს, ჩვენ კი ყველა პირობა გვაქვს იმისათვის რომ სხვას გადავაბაროთ ეს. ეს გადაბარება კი მსხვერპლს მოითხოვს, რადგანაც როგორც კი მარტო დარჩები და ამ დინებიდან ამოხვალ, დისკომფორტს იგრძნობ, შეგეშინდება კიდეც - წარმოიდგინე სარკეში სხვა ადამიანი ჩანს - იქ ფოტოშოპი არ მუშაობს. საკუთარ თავთან დარჩენა სიცარიელის, უსუსურობის შეგრძნებას იწვევს. აღარც ექსპერტი ხარ, ასეული და ათასეული გამომწერებისა თუ მეგობრების მიუხედავად, მარტოდ გრძნობ თავს, აქ არავის სჭირდები. ამიტომ მარტივი გზა კი იცი - ჩაყვინთე ისევ.
პარალელურად მაინც გვაწუხებს რაღაცეები, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არაა, ეს ხალხის ბრალია, მთავრობის ბრალია, ოპოზიციის ბრალია, აბა ომი გინდა?
რა ხდება?
მართლა გაინტერესებს?
მოდი ჯერ დაფიქრდი. მერე იმოქმედე.
მეცნიერები ბოლო წლებია ინტენსიურად მუშაობენ ადამიანის მიერ ინფორმაციული ერის „ცუდად“ გამოყენების შესახებ. ინტერნეტ დამოკიდებულება, ციფრული დემენცია ბავშვებში, ინფორმაციული ფსევდოდებილიზმი უკვე დაავადების სახით განიხილება.
ჩვენ ნეიროფიზიოლოგიური ორგანიზმები ვართ და აზროვნების დაკარგვა, სხვადასხვა დამოკიდებულებებიც ჩვენს ორგაზმში რეალურ ცვლილებებს იწვევს. სამყარო კი ცხადია უკვე 2 ნაწილად გაიყოფა - 1. ადამიანები რომელიც ინფორმაციულ ნაკადებს თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენებენ, ახალ აღმოჩენებს გააკეთებენ, თავიანთი სურვილების ასრულებისაკენ იმოძრავებენ. ეს ნაწილი მცირე იქნება, მაგრამ საინტერესო. 2. მეორე ნაწილი, რომელიც ამ ინფორმაციული ნაკადს დაერთებული, ან ნაკადის სიცოცხლის შემნარჩუნებელი იქნება. აი ისე, ფილმ „ავატარში“ რომ არიან ხეზე მიერთებული არსებები.
თუ პირველ ჯგუფს გინდა შეუერთდე, მაშინ მზად იყავი, რომ რთული გზა გექნება გასავლელი. ამ გზის შესახებ და ამ ახალი დაავადებების შესახებ მერე უფრო მეტს დავწერ, ეს ჯერ შესავალია. მანამდე კი დაფიქრდი - ვინ ხარ? რა გინდა? რა გჭირდება იმისათვის რომ შენი სურვილი აისრულო? როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? რა გარემოში ცხოვრობ? როგორი გარემო გესაჭიროება? და რაც მთავარია დაიწყე მოძრაობა. გათავისუფლდი ამ დამადებილებელი დინებიდან და ეს დინება მხოლოდ შენი სურვილებისათვის გამოიყენე.
ახლა ხომ აღარაა გასაკვირი ხალხი მარტო სოც. ქსელებში რატომ აპროტესტებს დისკომფორტს?
ეხლა ხომ აღარაა გასაკვირი ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა და მისი დახმარების მოთხოვნა იმ ინფორმაციული დინებიდან რეალურ სამყაროში რატომ არ გადმოდის?
ეხლა ხომ აღარაა გასაკვირი ამხელა უიმედობამ, ნიჰილიზმმა, ნევროტიზაციამ, აგრესიამ და ძალადობამ რატომ დაისადგურა რეალურ სამყაროში?
აი თუ აქამდე ჩაიკითხე ეს ბლოგი, ჩათვალე რომ იმ დინებიდან ამოვარდნილი ხარ და მაშინ, დაიცავი შენი თავისუფლება და დაიწყე შენი ბედნიერების კონსტრუირება. ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია იმოძრაო.