top of page

ნინი ჭაჭია: მკვლელი სისტემა და ჩვენ - მკვლელები



გუშინ, პატარა გოგონას ვაკის პარკში დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. სივრცეში, რომელშიც ბავშვები გასართობად დაჰყავთ, სადაც შადრევნებია, ლამაზი განათებები, ბავშვები ბურთითაც თამაშობენ, შიძლება ბურთი შადრევანში ჩავარდეს და ბურთის ამოღებაც გახდეს საჭირო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ორი დღის წინ გაიხსნა ეს პარკი თუ ხუთი წლის წინ. ბურთი ჩავარდა, ბავშვები ბურთის ამოსაღებად გაეშურნენ და ერთი პატარა უეცრად ჩვენი სამყაროდან გაქრა.


ერთი კვირის წინ ახალგაზრდა ქალი თელავში თავის შვილებთან ერთად სახლში იყო, მოძალადე კაცისაგან დაცული ეგონა თავი, შემაკავებელი ორდერიც გამოწერილი ჰქონდა, მაგრამ... მოძალადე კაცმა ბავშვების წინ დედა, ეს ახალგაზრდა ქალი მოკლა...

საქართველოში 150 000 ბავშვი შიმშილობს, შიმშილმა კი შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. ეს უფრო ნელი პროცესია, მაგრამ 150 000 ბავშვი ყოველ დღე სიკვდილის ზღვარზეა.



უამრავი ასეთი ფაქტის მოყვანა შეიძლება, ამიტომ საკმარისად მივიჩნიოთ და შევეცადოთ გავიაზროთ რა სისტემაში ვცხოვრობთ.


ჩემს სტუდენტებს სისტემურ აზროვნებასა და სისტემურ ხედვას როცა ვასწავლი, მთავარი, რაზეც ყურადღებას ვუმახვილებ, სისტემის მდგრადობის მექანიზმებია. სისტემა, როგორც ცოცხალი, დინამიკური მოცემულობა, ორიენტირებულია თვითგადარჩენაზე, მდგრადობაზე. რაც უფრო დიდია სისტემა და მეტია ამ სისტემის ნაწილებს შორის კავშირი, ეს კავშირები უზრუნველყოფენ ამ არსებული სისტემის მდგრადობას. სისტემურ მიდგომაში წარმოუდგენელი და შეუძლებელია წერტილოვანი ცვლილებების განხორციელება.


გავიხსენოთ ჩვენი ქალაქის მართვის სისტემა - მერია, რომელიც ჩვენი ფულით ხსნის სკვერებს და თავს იწონებს, რა კარგად ასრულებს თავის პასუხისმგებლობასა და მოვალეობას. ასეც უნდა იყოს. ჩავთვალოთ, რომ ყოველი ეს ღონისძიება, ჩვენთვის ანგარიშის ჩაბარებაა და თუ ეს ასეა, მაშინ, როცა რაიმე ფუჭდება, არ მუშაობს და ადამიანებს აზიანებს, პასუხს მერი რატომ არ უნდა აგებდეს? ეს ხომ მისი შექმნილი მართვითი სისტემის ნაკლოვანებაზე მეტყველებს? ანუ, ვერ შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისთვის იმუშავებდა.


აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთ შეკითხვას დაგიტოვებთ საფიქრალად: ჩვენი სახელმწიფოს სისტემა იძლევა რეალურ საშუალებას, რათა ქალაქის მართვა მერიამ განახორციელოს? თუ იმდენად შესისხლორცებულია მართვის ცენტრალიზებულ სისტემასთან, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად პასუხიმგებლობის აღებაც შეუძლებელი გამოდის?


მომდევნო შეკითხვით კი, ჩემი სტუდენტებისათვის მინიშნებას გავაკეთებ: სისტემის თვისებებსა და ფუნქციონირებას განსაზღვრას სისტემის ნაწილებს შორის კავშირები და ურთიერთკავშირები. თუკი მერია ცენტრალიზირებული სისტემის მხოლოდ ნაწილია, მაშინ ვინ გამოდის პასუხისმეგელი?


ახლა გუშინდელ ტრაგედიას დავუბრუნდეთ. წარმოვიდგინოთ, რომ მერის არჩევნები რეალურად დეცენტრალიზაციას გულისხმობს და მერის პასუხისმგებლობაა ქალაქის კეთილმოწყობაა. მაშინ, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. განვითარებული, სამართლიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი მენეჯერი, ამ შემთხვევაში მერი, აიღებდა პასუხიმგებლობას ტრაგედიაზე და უფლებამოსილებას შეიჩერებდა, მინიმუმ, სანამ არ გაირკვეოდა, ვის რა ბრალი მიუძღვის. მორალურ პასუხისმგებლობასა და ამ სახის რომანტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს. სისტემაში სისტემური მიდგომებია საჭირო, სხვა შემთხვევაში სისტემა არ იმუშავებს.


მომდევნო შეკითხვა: კალაძის გადადგომა სისტემას შეცვლის? კალაძის გადადგომით რეალურად დაცულები ვხდებით?


პასუხი: რა თქმა უნდა, არა. გაიხსენეთ პრემიერების ,,კარუსელები” ბოლო 10 წლის მანძილზე, მერე მინისტრებისა და ა.შ. რაიმე ცვლილება იგრძენით? - რა თქმა უნდა, არა.

რატომ იყო მნიშნელოვანი კალაძის გადადგომა? - აქ, პასუხიმგებლობის ამბავია და ეს იქნებოდა ნაბიჯი, რომ დროა ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა გავაცნობიეროთ, მარტო მმართველიბისათვის კი არა, ყველა მოქალაქისათვის. მაგრამ, ვგრძნობთ კი ჩვენს პასუხისმგებლობას ამ ტრაგედიის წინაშე? გვესმის, რომ ეს სისტემა ჩვენი ხელშეწყობილი და წახალისებულია? თუ არა და რატომ უნდა გადადგეს კალაძე. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.


რატომ ვართ მონები?


ეს ჩვენი არჩევანია. არავინ დაიწყოს იმაზე ლაპარაკი, რომ არაფერი შეგვიძლია. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებითა და უგუნურობით ხელს ვუწყობთ ამ სისტემის არსებობას და ვკლავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალს. ყოფით მაგალითებს მოვიყვან და სანამ ნაც-ქოცებობის გარკვევას და დახასიათებას დაიწყებთ, საკუთარ თავს მოუსმინეთ.

,,მე პოლიტიკაში არ ვერევი” - ჰოდა, შენ რომ არ ერევი და გგონია უფრო მაღლა დგახარ, სწორედ ეს პოლიტიკა გისაზღვრავს შენს უფლებებს, შენი ყოველდღიური ცხოვრების სტილსაც და შენი შვილების მომავალსაც. ქვეყანა პოლიტიკური სისტემისაგან შედგება და გინდა თუ არა, ამ სისტემის ნაწილი ხარ. აქ, შენი არჩვევანი არაფერ შუაშია. ეს მოცემულობაა.


მეორე, უფრო ბანალური და თითქოს აპოლიტიკური ნაწილი - განათლების სისტემა რომ არ გვივარგა ამაზე ყველა ვთანხმდებით. სისტემას ვლანძღავთ და თუ სისტემა არ ვარგა, როგორ შეიძლება სისტემის ნაწილი კარგი იყოს? ეს ხომ უმსჯელობაა? ცოტა ხნის წინ, საუკეთესო მასწავლებლების ათეულით აჭრელდა საინფორმაციო ქსელი და დითირ ამებები იყო ამ საუკეთესო მასწავლებლების შესახებ. ბევრს ვიცნობ მათ შორის და მართლა კარგი ადამიანები არიან, მაგრამ საუკეთესო მასწავლებელი რა ფუნქციას ასრულებს? ყოველ წელს თუ მინიმუმ ათი საუკეთესო გვყავს, განათლების სისტემა რატომ ყარს საქართველოში? თუ ეს განათლების სიტემა არ მუშაობს, მისი თამაშის წესებში რატომ იღებ მონაწილეობას და საუკეთესო მასწავლებლის სტატუსს თავაწეული და ამაყი რატომ ხვდები? კარგი ადამიანი, კომპეტენტურიც და სრულიად აღჭურვილიც თანამედროვე განათლების ინსტრუმენტებით ამ სისტემაში კარგი რომ ვერ იქნება. ეს ხომ ცხადია? ამ ზარზეიმით ხომ არ ვუწყობთ ხელს განათლების სისტემის გამყარებას? ახლა კი ვიცი, ზოგიერთი თავს დამესხმება ბოლო აბზაცის გამო, მაგრამ მე თქვენი არ მეშინია. ილანძღეთ მაგრამ ჯერ დაფიქრდით.


კიდე უფრო მარტივი მაგალითი, რატომ ვართ მონები და რატომ ვართ პასუხიმგებელები მარიტას სიკვდილზე და იმ გარემოს არსებობაზე, რაშიც გვიწევს ცხოვრება. ძალიან ბანალური რამ: სარეკლამო მესიჯები. ჩვენ ხომ არ გამოგვიცხადებია თანხმობა, ჩვენი პირადი მონაცემები ვიღაც კომპანიებს გამოეყენებინათ თავიანთ სასიკეთოთ? ანუ რეკლამები მიგვეღო პირად ტელეფონებზე. ეს ხომ რაღაც სისტემამ განმისაზღვრა და ამაშიც შემიზღუდა არჩევანი და არა თუ არჩევანი შემიზღუდა, არამედ პირადი ინფორმაციაც კი გაასაჯაროვა. ახლა მეტყვით, რომ შემიძლია გავაუქმო. მე უნდა გავაუქმო ის, რაც არ მომითხოვია და ვიღაცამ გადამიწყვიტა? ესაა თავისუფლება? დავუშვათ, მომინდა ჩემი სივრცის დაცვა, უამრავი ენერგია და ფული (დროც ფულია) უნდა დავხარჯო, რათა კომპანიებს შევატყობინო, ეს სარეკლამო შეტყობინებები არ გამომიგზავნონ, მაგრამ ვიღაცებთან თუ მივაღწევ, სხვა ახალი კომპანიები, რომლებიც ასევე ბაზებს შეიძენენ, მაინც გამომიგზავნიან. ვინ უნდა დაიცვას ჩემი პერსონალური ინფორმაცია? არც ამ ბანალურ და თითქოს, აპოლიტიკურ საკითხებზე ხმას არ ვიღებთ, რატომ? სწორედ ეს ახასიათებს ტოტალიტარულ სისტემას, რომ გისაზღვრავს წესებს და გაჩვევს მათთან თანაცხოვრებას. ეს წესები კი, უკვე შენი ცხოვრების მოცემულობა გგონია.


კიდევ ერთი ბანალური საკითხიც და დღეისათვის საკმარისია. ვიცი, ბევრი აქამდეც არ ჩაიკითხავს ამ ბლოგს, მაგრამ იმ ერთეულებს მინდა მივმართო, ვინც აქამდე შეყვა კითხვას - დაფიქრდით, ცვლილებები პატარა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ანალიზით და ყოველდღიური ნაბიჯებით იწყება. მხოლოდ ერთი პრობლემაა: წერტილოვანი ცვლილებები სისტემაში ვერ ხორციელდება, ამიტომ სისტემაზე იფიქრეთ, რა სისტემაში ცხოვრობთ და რა სისტემაში გინდათ იცხოვროთ.

კიდევ ერთი მაგალითი: თავისუფლება, რაც გულისხმობს, ბევრ სხვადასხვა სახის შემოთავაზებებს შორის არჩევანის გაკეთებას, მე არ მაქვს. რატომ? აი, არ მომწონს ერთი კომპანიის მომსახურება და სხვა კომპანიას შემიძლია მივმართო. ბიზნეს კორპორაცია, საქართველოს ბანკი არის ერთადერთი, სადაც ჩემი არასრუწლოვანი შვილის ბარათზე მიბმულია მისი, როგორც სკოლის მოსწავლის პრივილეგიები, ანუ უფასო მგზავრობა. არ მომწონს საქართველოს ბანკის ღირებულებები, პოლიტიკა და მინდა ამ ბანკზე უარი ვთქვა, ჩემი შემოსავლებით არ გავამდიდრო. რა არჩევანი მაქვს? გავუუქმო შვილს სკოლის ,,სქულქარდი” და მის მგზავრობაში ფული ვიხადო. აი, ასეთ თავისუფლებას საზღვრავს ჩვენი სახელმწიფო, რომელიც სუპერ ცენტრალიზებული და ტოტალიტარულია.


ისევ დავუბრუნდეთ ტრაგედიას: რა აზრი აქვს კალაძის გადადგომის მოთხოვნას? გულს მოვიფხანთ? დავსჯით. კი, გეთანხმებით, მაგრამ თუ სისტემა გვკლავს, როგორ შევცვალოთ ეს სისტემა? როგორ დავანგრიოთ?


ოპოზიციისა და მედიის როლზე, სისტემის სიცოცხლისუნარიანობაში, სხვა დაროს დაგიწერთ, მაგრამ სანამ სხვაზე მივიტანთ იერიშს, იქნებ ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა და აღარ მოვაკვლევინოთ სისტემას მარიტა და ბავშვები? იქნებ, სრულიად ჩვენი სახლეწოფოს მართვითი სისტემის ჩამონგერავზე დავიწყოთ ფიქრი? რატომ? იმიტომ, რომ, სისტემა თუ არ დაინგრა: ,,იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა.”


ჩვენ - მე, თქვენ, მთავრობამ, ოპოზიციამ, მედიამ და თითოეულმა სრულწლოვანმა ადამიანმა მოკლა გუშინ მარიტა და ყოველდღე ვაგრძელებთ მკვლელობათა სერიას.


მაპატიე, მარიტა!


bottom of page