ნინი ჭაჭია: რა სარგებლობა მოაქვს კითხვას და რატომ ვამაყობ ჩემი შექმნილი მოზარდების პროგრამებით




დედამიწაარის მზითა და მთვარით განათებული დიდიწიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის

გოდერძიჩოხელი

დღეს მინდა მოგიყვეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნების კითხვა და რატომ ვამაყობ და მიყვარს ჩემი შექმნილი პროგრამები მოზარდებისათვის. შეიძლება ვინმესთვის ძალიან ამბიციური და გამაღიზიანებელიც კი აღმოჩნდეს, თუმცა ასეთებისთვის ერთი პატარა რეკომენდაცია მაქვს: თუ მაინც გადაწყვეტთ ამ ბლოგის წაკითხვას, გამოტოვეთ ბოლო აბზაცები, სადაც ჩემი პროგამების შესახებ ვლაპარაკობ და მხოლოდ ის ნაწილი წაიკითხეთ, სადაც მსჯელობა იმსაზე მიმდინარეობს, რა სარგებლობა მოაქვს კითხვას.



ჩვენი ცნობიერება, დედამიწაზე არსებული სხვა ცოცხალი არსებებისაგან განსხვაებით, განსაკუთრებული ალგორითმით მუშაობს, სააზროვნო სისტემას ვგულისხმობ. ჩვენ ინსტინქტების გარდა, სააზროვნო სისტემა სხვადასხვა ტექსტებითა და შინაარსებით გვაქვს დატვირთული. სწორედ ამიტომ საუბრობს მეცნიერება, რომ ჩვენ ტექსტებში ვცხოვრობთ. ამ ტექსტებსა, თუ შინაარსებში ვქმნით რაღაც ჩვენეულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და გარკვეულ დასკვნებსაც ვაკეთებთ. სწორედ ეს შინაარსები განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას. მარტივად გეტყვი: ვაშლი არასოდეს მოგინდება თუ არ გეცოდინება, რომ ვაშლი არსებობს.


შეიძლება სხვანაირადაც ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რას ვფიქრობთ, რაზე ვოცნებობთ, როგორ აღვიქვამთ სამყაროს და ა.შ. ანუ ჩვენი ბედნიერება თუ უბედურება, წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია იმ ტექსტებზე, რომლებსაც ჩვენი სააზროვნო სისტემა ქმნის.


აი, სწორედ აქ, შემოდის წიგნის კითხვისა და ზოგადად განათლების მნიშვნელობა. დემაგოგია რომ არ გამომივიდეს და რაიმე სნობურ ტექსტად არ გარდავისახო, მხოლოდ ფაქტების აპელირებას შევეცდები:



თუ ჩვენ ტექსტებში ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია ეს ტექსტები საინტერესო, მრავალფეროვანი, ინფორმაციული და რიგ შემთხვევებში, ხატოვანიც კი იყოს. უნიკალური, მამომიტივირებელი, საინტერესო და ცოცხალი ტექსტებისათვის მნიშვნელოვანია სიტყვათა დიდი მარაგის ქონა, ანუ თუ გვინდა თავგადასავლებითა და ბედნიერებით სავსე ცხოვრებით ცხოვრება, სწორედ ასეთი ამბის ავტორები უნდა გავხდეთ და შევქნათ ჩვენი ცხოვრების საიტერესო ისტორია. წიგნების კითხვის გარეშე კი ეს შეუძლებელია.


კითხვა ბევრს არ უყვარს და სამყაროს დიდი ნაწილი, ბოლო დროს, შემოიფარგლება იმით, რომ „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“, ამიტომ ახლა მოკლე ჩამონათვალს შემოგთავაზებთ იმაზე, რა სარგებლობა მოაქვს წიგნების კითხვას და მხოლოდ ამის შემდეგ დავწერ ჩემი პროგრამების შესახებ:


1. ამდიდრებს ლექსიკას


როდესაც ვკითხულობთ განსხვავებული ჟანრის წიგნებს, ხშირად აღმოვაჩენთ ისეთ სიტყვებს ან აღწერებს, რომლებსაც შესაძლოა ყოველდღიურ საუბარში არ ვიყენებთ. მდიდრდება ჩვენი სინონიმებისა თუ ანტონიმების ლექსიკონი და ასევე ჩვენი მეტაფორების მარაგი. სიტყვათა მარაგი კომუნიკაციის პროცესისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. გარდა ამისა, აუცილებელია აღვნიშნო, რომ სწორედ მრავალფეროვანი ლექსიკა გვეხმარება დავაიდენტიფიციროთ და აღვწეროთ ჩვენი განცდები, სურვილები, შეგრძნებები, ემოციები. ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ხომ ესაა - რა მინდა?


2. ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას


წიგნების კითხვისას უამრავ ცოდნასა და ინფორმაციას ვეცნობით. შემოქმედებითი, მხატვრული თუ სამეცნიერო შინაარსები ამდიდრებენ ჩვენს სააზროვნო სისტემას. ამ მრავალფეროვან ტექსტებში, რითაც გაჯერებულია ჩვენი სააზროვნო სისტემა, ჩვენეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ავტორები ვხდებით. სწორედ ასე გვიყალიბდება სამყაროს მიმართ ჩვენეული ხედვა, ღირებულებათა სისტემა.


3. ავითარებს ემპათიას და ემოციების იდენტიფიცირებას


წიგნის კითხვისას, განსაკუთრებით კი მხატვრული ლიტერატურის წაკითხვისას, ვამყარებთ ემოციურ კავშირს ამბავთან და მთავარ გმირებთან, იღვიძებს თანადგომის, მხარდაჭერის ან თუნდაც ინტერესის ემოციები. ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველები, რომლებიც ემოციურად უკავშირდებიან ამბავს, გამოირჩევიან ძლიერი ემპათიის უნარით. ასევე, აქვე აღსანიშნავია, რომ წიგნები გვეხმარება ემოციებისა და განცდების მრავალფეროვანი პალიტრა გავიცნოთ - დავინახოთ სხვადასხვა ქცევითი მოდელები, რაც ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურ ჩვევებზე.


4. კითხვა ააქტიურებს ტვინის ფუნქციონირებას


ემორის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ უფრო ჭკვიანები ვხდებით წიგნის კითხვის შემდეგ. წიგნის დასრულებიდან, სულ მცირე, რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენი ტვინი საგრძნობ პოზიტიურ ცვლილებებს ავლენს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ტვინის ფუნქციონირების გაძლიერება გამოწვეულია კავშირის დამყარების უნარითა და ნევროლოგიური ცვლილებებით, რაც მეხსიერების გავარჯიშებას იწვევს.


5. ხელს უწყობს ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებასა და სირთულეების/გამოწვევების გადალახვას


ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, რაც მეტს ვკითხულობთ, მით უფრო მეტად ვახდენთ მთავარ გმირებთან საკუთარი თავის ასოცირებას და მათი ქცევის მოდელების საკუთარ ცხოვრებაში გადმოტანას. ეს ნიშნავს, რომ სათანადო ლიტერატურის კითხვას შეუძლია მოგვცეს მოტივაცია, მოგვაძებნინოს სამომავლო პარტნიორი და მიგვაღწევინოს მიზნებს წიგნიდან ამოკრეფილი მაგალითების, გამოცდილების მეშვეობით.


6. აუმჯობესებს მეხსიერებასა და აზროვნებას, გვიცავს ალცჰაიმერის დაავადებისაგან


სააზროვნო სისტემა შეიძლება კუნთსაც შევადაროთ, რაც უფრო მეტად ვავარჯიშებთ, მით ურო პლასტიურია და შესაბამისად, მდგრადიც. გამოდის, რომ ყოველი წიგნის კითხვისას ჩვენ ვავარჯიშებთ ტვინს. უცხო სიტყვათა კავშირის შეხვედრისას, ჩვენ მის მნიშვნელობას ვააანალიზებთ და ვინახავთ მეხსიერებაში. ექსპერიმენტები ამტკიცებს, რომ კითხვა ანელებს გონების დაუძლურების პროცესს. ე.ი. ადამიანები, რომლებიც ხშირად კითხულობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ სიბერეში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.


7. აუმჯობესებს წერით უნარებს


კითხვისას, ჩვენ ქვეცნობიერად ვბაძავთ მწერლის წერისა და პრეზენტაციის სტილს, რასაც შემდგომში საჭირო გარემოებაში მარტივად ვიყენებთ.


8. ანტისტრესულია ანუ გვიცავს სტრესისაგან


დღეს სტრესისაგან გათავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. წიგნის ენის რითმულობა და სიმდიდრე სააზროვნო სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ „წიგნის ჭიები“ ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ასევე, აქვე აღვნიშვავ, რომ ობერნის უნივერსიტეტის მკვლევარები გვარწმუნებენ: კითხვის მოყვარულები უფრო ხშირად და მეტი მონდომენით ვარჯიშობენ, ვიდრე განსხვავებული ჰობის მქონე ადამიანები. წიგნის მოყვარულები მეტ დროს ატარებენ სპორტდარბაზში და შესაბამისად უფრო ჯანმრთელებიც არიან.



კიდევ ბევრი ჩამონათვალის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები უკვე აღვნიშნე.


შევაჯამოთ: კითხვა ადამიანს ეხმარება ბაზისურიუნარების განვითარებაში. ესენია: სტრესისა და ემოციების მართვა, კომუნიკაციის უნარი.


აქვე მინიშნებას გავაკეთებ: წინა აბზაცში შემთხვევით არ აღვნიშნე სიტყვა უნარი, უნარის გამომუშავებას დრო სჭირდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ერთი მარტივი უნარის გამომუშავებისათვის ადამიანს 21-დან 90 დღემდე ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუკი ის ამ უნარზე ყოველ დღე მუშაობს. სწორედ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ თავიდან ბავშვებს, ან მოზარდებს წიგნების კითხვის დიდი ინტერესი არ აქვთ. მუცლის პრესის ვარჯიშის დროსაც, ხომ თავიდან გვტკივა კუნთები?



ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხის გათვალისწინებით, შევქმენი საავტორო პროგრამები მოზარდებისთვის. შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ ეს ჩამონათვალი და თქვენი ბაშვების წიგნებთან დამეგობრებას ხელი შეუწყოთ, რაც, თავის მხრივ, თქვენი პატარების პიროვნულ განვითარებას დაეხმარება. თითოეული პროგრამის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური წელია - ოქტომბერი - ივნისი.


15-17 წელი ყველაზე საინტერესო და აფეთქებებით სავსე პერიოდია მოზარდისთვის. ამ დროს სხეული ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდის და სააზროვნო სისტემა იდენტობის, პიროვნული საზღვრების, საკუთარი დამოუკიდებლობის ფილოსოფიურ ტექსტებს ქმნის. 😊 „ხიდჩატეხილობა“ მშობელსა და შვილს შორის თავისთავადი მოვლენაა და ამასაც თვალი უნდა გავუსწოროთ.


ბობოქარი ასაკის ბავშვებისათვის ორი განსაკუთრებული პროგრამა მაქვს შექმნილი და ჯერჯერობით, ჩემსა და ჩემი ჯგუფის წევრებს შორის „ხიდჩატეხილობის“ გამოწვევა არ დამდგარა.


ერთი პროგრამა არის პიროვნული განვითარება ქართული კლასიკური ლიტერატურის გამოყენებით, ხოლო მეორე - კრიტიკული აზროვნების მეგზური მოზარდებისათვის, ანტიკური საბერძნეთიდან დღემდე. ამოცანაა, მაქსიმალურად ვეცადო მოზარდებს იძულების წესით არ მოუწიოთ ნაწარმოებების კითხვა, ასე სიყვარული არ აღმოცენდება. ამიტომ, ნაწარმოების გაცნობამდე და მის წასაკითხად მიცემამდე, ვუყვები რატომ ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები კარგია; რა მოსაზრებები არსებობს ამ ნაწარმოების შესახებ, ვმსჯელობთ ავტორზე, ისტორიულ კონტექსტზე; რატომ დაწერა ეს ნაწარმოები. ტექსტის გაცნობის შემდეგ კი, ვცდილობთ აღმოვაჩინოთ „კულტურაში დამალული“ ჩვენი იდენტობის კოდები. ფაქტობრივად, წინასწარ გამოძიებებს ვატარებთ, სანამ უშუალოდ ნაწარმოებს შევეხებით. შემდეგ, ჩვენეული ვერდიქტებით ვკაზმავთ. ამ დროს, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ, მოზარდები მკვლევარების როლს ირგებენ, ისტორიულ კონტექსტში საქართველოს რუკებსაც იკვლევენ და ბევრად უფრო მარტივდება დიდ ტექსტებთან ურთიერთობა. აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებლად ვუყვები მოზარდებს ნაწარმოებებზე, რომლებსაც „არასაჭიროდ“ მივიჩნევ და ესაც ძალიან მოსწონთ.


კრიტიკული აზროვნების მეგზურის პროგრამის მთავარი ამოცანაა, მოზარდებს გააცნოს დიდი მოაზროვნეები. ამ პროგრამაში მოაზროვნეების ეპოქაზე, ფილოსოფოსების ბიოგრაფიებსა და მათ თეორიებზე ვსაუბრობ. ამოცანა არ არის დიდი ფილოსოფიური ტექსტები წავაკითხო, არამედ საუკეთესო მოაზროვნეები და მათი ხედვები გავაცნო, ვამსჯელო ფილოფოსოსების ხედვების ირგვლივ, რათა მათი ლოგიკისა და სამყაროს ხედვის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.


ვფიქრობ, „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ დიდად არ გამომივიდა, თუმცა, იმედია, ამ ბლოგმა მინიმუმ ის დაგანახათ, რა სარგებლობა და მნიშვენლობა აქვს წიგნების კითხვას, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ მოზარდები წიგნების კითხვით.


პ.ს. მოზარდების ჯგუფებით დაინტერესების შემთხვევაში, მომმართეთ. წელსაც, ოქტომბერში, გავხსნი მხოლოდ ორ ჯგუფს.


365 views0 comments