top of page

ნინი ჭაჭია: როგორ განვუვითაროთ ემოციური ინტელექტი (EQ) ბავშვს


ემოციური ინტელექტი მარტივად, რომ განვმარტოთ, ეს არის უნარების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება დავაიდენტიფიციროთ/გავარკვიოთ ჩვენი და სხვა ადამიანების ემოციები, განზრახვები, მოტივები და სურვილები. ასევე, შევძლოთ მათი მართვა კონკრეტული მიზნისათვის. სწორედ ემოციური ინტელექტის დახმარებით ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში მარტივად ადაპტირდება, შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება და ადამიანების საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური განწყობა.


ემოციურ ინტელექტს პირობითად ყოფენ 4 კომპონენტად:


1. აღქმა - უნარი ამოიცნო შენი ან სხვა ადამიანების ემოციები სახის გამომეტყველებით, მიმიკით, ხმით, ჟესტებით და ა.შ.;

2. გააზრება - მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა ემოციასა და მის გამომწვევ მოვლენას შორის;

3. მართვა - უნარი აკონტროლო საკუთარი ემოციები და ასევე გამოიყენო სხვების ემოციები საკუთარი მიზნის მისაღწევად;

4. აზროვნების სტიმულირება - უნარი წარმართო/მიმართულება მისცე საკუთარ ემოციებს და გრძნობებს საჭირო მიმართულებით;


ერთი შეხედვით, როდესაც ამაზე ვფიქრობთ, თითქოს ძალიან რთულ უნარებთან გვაქვს საქმე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ოთხივე კომპონენტი ბავშვში უკვე 3 წლიდან რეგულარულად ვლინდება. სწორედ ამიტომ ხშირად ბავშვებს პატარა მანიპულატორებსაც ვეძახით, რადგანაც ისინი ყველაზე კარგად გრძნობენ მშობლების ან აღმზრდელების სუსტ წერიტილებს და ცდილობენ სათავისოდ გამოიყენონ. სწორედ ეს არის ბავშვების ემოციური ინტელექტი და მისი სწორი განვითარების პირობებში პატარებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ გახდნენ წარმატებულები და ბედნიერები ზრდასრულობისას.


რაში ეხმარება ბავშვებს ემოციური ინტელექტი ანუ რატომ უნდა გავავითაროთ ბავშვებში ის:


· ე/ი ეხმარება ბავშვს კომუნიკაციური უნარების განვითარებაში;


· შესაძლებლობას აძლევს გააკონტროლოს/მართოს საკუთარი თავი, ემოციები და ცნობიერად იმოქმედოს მათზე;


· ეხმარება გაერკვიოს ადამიანებში;


· ეხმარება ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაში, საკუთარი თავის გააზრებაში და მატებს საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას;


· შესაძლებლობას აძლევს ოპერატიულად იმოქმედოს კრიტიკულ სიტუაციაში;

· იაზროვნოს სწრაფად და ჯანსაღად;


ემოციური ინტელექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან - რაც უფრო მაღალია ემოციური ინტელექტი, ადამიანი მით უფრო გაწონასწორებულია, მკვეთრად არის შემცირებული ფსიქოსომატური დაავადებების რისკი. შესაბამისად, მაღალი ემოციური ინტელექტის მფლობელ ადამიანს აქვს მყარი და ჯანსაღი კავშირები, სამყაროსთან ურთიერთობს ჰარმონიულად და მისი ცხოვრება წარმატებით და ბედნიერებით არის დატვირთული; კვლევებით დამტკიცებულია, რომ პირად და სოციალურ ცხოვრებაში წარმატებას და ბედნიერებას 80%-ით ემოციური ინტელექტი და მხოლოდ 20%-ით კლასიკური ინტელექტი განსაზღვრავს;


დაბალი ემოციური ინტელექტის ნიშნები ბავშვებში:


· არ შეუძლია სხვა ადამიანების თანაგრძნობა, თანაგანცდა; არ ადარდებს სხვისი სევდა და დარდი;


· არ შეუძლია საკუთარი ემოციების (აგრესია, გაღიზიანება, სიხარული, წყენა) კონტროლი და ვერ აცნობიერებს რა შედეგამდე შეიძლება მიიყანოს ამ შეუკავებლობამ;


· არ მოდის არანაირ კომპრომისზე, არ აღიარებს სხვის ინტერესებს;


· არ შეუძლია საკუთარ ემოციებზე საუბარი, ვერ გიხსნით როდის არის ნაწყენი, გაბრაზებული ან გახარებული;


თუ თქვენს ბავშვს ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არ აქვს, გამოდის რომ თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ ბავშვთან და ინტუიტიურად ან გააზრებულად უვითარებთ მას ემოციურ ინტელექტს და საფუძველს უქმნით წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისათავის :). ხოლო თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეამჩნიეთ, მაშინ დროა ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებას მეტი ყურადღება დაუთმოთ.


ემოციური ინტელექტის განვითარების ეტაპები ბავშვებში

მკვლევარები თანხმდებიან რომ, ემოციური ინტელექტი არის ის უნარი, რომლის განვითარებაც მთელი ცხოვრები განმავლობაში ხდება, ყველაზე აქტიურად კი მიმდინარეობს ახალგაზრდობასა და ზრდასრულობაში. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ემოციური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობა შესაძლებელია ადრეული ბავშვობიდან.


ადრეული ასაკი (დაბადენიდან 3 წლამდე)

ცხოვრების პირველი 3 წლის განმავლობაში აქტიურად ფორმირდება თავის ტვინი და ნერვიული სისტემა. მიიჩნევა, რომ ცოდნა და უნარები, რომლებიც პირველი 3 წლის განმავლობაში მიიღება, აფორმირებენ ბავშვის აზროვნების საფუძველს.

ცხოვრების პირველ თვეებში პატარა სწავლობს მშობლების/აღმზრდელების ემოციების ამოცნობას, შემდეგ კი ცდილობს მათ (ღიმილი, სიცილი) უკან დაბრუნებას, არეკვლას. ეს პირველი ურთიერთობაა.

3 წლისათვის ბავშვს შეუძლია არა მხოლოდ მშობლების ხასიათის ამოცნობა, არამედ იცის თუ როგორ შეუძლია ამ ემოციების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება.


სკოლამდელი ასაკი (4 -6 წ)

სკლამდელი ასაკი სათავეს იღებს 3 წლის კრიზისიდან, როდესაც პატარა იწყებს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, როგორც არა დედასთან ერთად ერთი მთლიანის, არამედ როგორც დამოუკიდებელი პიროვნების. ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი ცდილობს დაარღვიოს საზღვრები, რომლებიც მას მშობლებმა დაუწესეს. ამ პერიოდს ხშირად თან ახლავს ნეგატივიზმი - ბავშვი უარყოფს ყველაფერს და ცდილობს გააკეთოს ყველაფერი პირიქით.

3 წლის ასაკის კრიზისს თან მოსდევს შემდეგი პიროვნული განვითარების ეტაპი - აქტიური სოციალიზაცია. ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში, სადაც სწავლობს ჯგუფთან ურთიერთობას მთელი დღის განმავლობაში დედის გარეშე. ეს პერიოდი ძალიან ემოციურია, პატარა განიცდის უზარმაზარ სტრესს, სწავლობს საკუთარი განცდების, ბრაზის და აგრესიის კონტროლს.


დაწყებითი სასკოლო ასაკი (6-11წ)

სკოლაში ბავშვი გადადის ემოციური ინტელექტის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე. მასში იღვიძებს ემპათია - სხვა ადამიანების განცდების, გრძნობების გაგება. ის სწავლობს მათ ადგილას საკუთარი თავის დაყენებას, თანაუგრძნობს მათ, შეუძლია სხვისი შეცდომების დანახვა და ქცევის შეფასება.

დაწყებითი სკოლა ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: სიმამაცე, მხნეობა, თანაგანცდა. სხვადასხვა ზღაპრების, თხზულებების და იგავების შესწავლა ხელს უწყობს სოციუმის მორალურ პრინციპებში გარკვევას. მასწავლებლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისას ბავშვებს უვითარდებათ კომუნიკაციური უნარ-ჩვევები. ბავშვები უფრო შორდებიან მშობლებს და ხდებიან უფრო დამოუკიდებლები.


რჩევები და რეკომენდაციები მშობლებს/აღმზრდელებს


ემოციური ინტელექტის განვითარება ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარეობს - ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ბაღში და სკოლაში ურთიერთობის პროცესში. მშობლებს/აღმზრდელებს ძალიან დიდი როლი აქვთ ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებაში - პოზიტიური პირადი მაგალითი, აღზრდის სტრატეგია ფორმირებას უკეთებს ემოციური ინტელექტის საფუძველს, რომელიც შემდგომ იხვეწება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობის დროს. ქვემოთ ჩამოვთვლი რამოდენიმე ზოგად რეკომენაციას, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას.


1. ინტენსიური/უწყვეტი ურთიერთობა - მუდმივად ესაუბრეთ ბავშვს, წაუკითხეთ ზღაპრები, განიხილეთ სხვადასხვა პერსონაჟების, ან ადამიანების ქცევები და ემოციები, განცდები. დაეხმარეთ ბავშვს ისწავლოს საკუთარი შეგრძნებებისათვის სახელების დარქმევა და საკუთარი სურვილების იდენტიფიცირება. ასევე ესაუბრეთ საკუთარ ემოციებზე, ქცევებზე.


2. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების იდენტიფიცირება, მან უნდა ისწვალოს თუ რას გრნობს ყოველ დღე, რატომ გრძნობს. ამიტომ ხელი შეუწყვეთ ბავშვს ისაუბროს თავის განცდებზე, ნუ გაუკეთებთ იგნორირებას მის ემოციებს. შეეცადეთ არ გამოიყენოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა „ნუ ტირი“, „ნუ გეშინია/ეს სულაც არ არის საშიში“, „ნუ იგონებ, ეს ძალიანაც გემრიელია/საინერესოა“ და ა.შ. აკრძელვების და უარყოფების ნაცვლად, შეეცადეთ ესაუბოთ სასურველი ქცევის ალტერნატივებზე, ყოველი აკრძალვა ხომ თავის თავში პოზიტიური ქცევისაკენ წარმართვას, განხორციელებას/შესრულებას, წახალისებას გულისხმობს.


3. ნუ გააუფასურებთ ბავშვების ემოციებსა და სურვილებს. ნაცვლად ფრაზისა „არ არის მნიშვნელოვანი შენ რა გინდა, ეს უნდა გააკეთო“ (ან მსგავსი შინაარსის წინადადებები, უთხარით ბავშვს „მე მესმის, რომ შენ არ გინდა ამის გაკეთება, თუმცა ზოგჯერ ჩვენ გვიწევს ისეთი რაღაცეების კეთება, რაც დიდად არ გვინდა ან გვეზარება, რადგანაც....“


4. განიხილეთ საკუთარი შეცდომები ან ნაკლოვანებები ბავშვთან, რათა ის მიხვდეს რომ სამყაროში არ არსებობენ იდეალური ადამიანები. თუმცა ასეთი საუბრის დროს არ განიხილოთ თვითონ ბავშვის ნაკლოვანებები, ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა გაიაზროს საკუთარი ნაკლოვანებები და შეცდომები. მხოლოდ იმ შემთხვევაში ესაუბრეთ მას საკუთარ ნაკლოვანებებზე, თუ ის თვითონ დაიწყებს ამ თემაზე მსჯელობას და შეეცადეთ თვითონ მონახოს მათი გამოსწორების გზები, ამიტომ დაუსვით ღია შეკითხვები.


5. ბავშვის კონკტერული ქცევის შეფასების დროს (მაგალითად, დანაშაულის), ისაუბრეთ კონკტერულ ქცევაზე და ამ ქცევით გამოწვეულ ემოციაზე თქვენში. „შენი ამ ქცევის გამო მეწყინა“ და არა „შენი უზრდელური ქცევით შემარცვინე“.


6. ხშირად დაინტერესდით თუ როგორ ხასიათზეა ბავშვი, რას გრძნობს ამა თუ იმ სიტუაციაში/ვითარებაში, ერთად განიხილეთ სხვადასხვა მოვლენები.


7. რაც მთავარია, იყავით გულწრფელი და ღია. ნუ შეეცდებით დაიცვათ ის „ყველანაირი უბედურებისაგან“ და შეეცადეთ ნებისმიერ ვითარებაში მოძებნოს პოზიტიური მხარე.

ბავშვში ემოციური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობისას გახსოვდეთ, რომ ეფექტი მიიღწევა დინამიკაში, ეტაპობრივად გაურთულეთ დავალებები, შეეცადეთ დავალებები და თამაშები იყოს კომბინირებული და მრავალფეროვანი. ასევე არ დაგავიწყდეთ ბავშვის წახალისება.


ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარების თამაშები:


თოჯინების თეატრი

წაკითხული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენა საყვარელი სათამაშოების გამოყენებით. პერსონაჟების განსახიერება ხელს შეუწყობს გმირების განცდების და ემოციების გააზრებას. ასევე, თეატრალიზირებული წარმოდგენა ხელს უწყობს ნაწარმოების დამახსოვრებას და მისი მთავარი ხაზის გააზრებას;


იმპროვიზაცია

მშობლები და ბავშვები იგონებეს პერსონაჟებს და ვითარებებს, რომლებშიც ისინი აღმოჩნდნენ და შემდგომ ავითარებენ ამ ისტორიას როლურ თამაშში;


ემოციების ქვეყანა

სასურველია თამაშში მონაწილეობას იღებდეს რამოდენიმე ბავშვი და ზრდასრული. თამაშის მონაწილეებს ურიგდებათ ყველაზე საშიში მულტფილმის ან ზღაპრის გმირების გამოსახულებიანი სურათები. შემდეგ თამაში მიმდინარეობს 3 ეტაპად:

1. პანტომიმა - თითოეულმა მონაწილემ უხმოდ უნდა განასახიეროს თავისი პერსონაჟი, ხოლო დანარჩენებმა უნდა ამოიცნონ ის;

2. გადაარჩინე გმირი - მონაწილეები იგონებენ ისტორიას თუ როგორ გახდა ეს პერსონაჟი საშიში ან ბოროტი (მიზეზის დადგენა) და შემდეგ ეძებენ გზას როგორ გახადონ პოზიტიური, როგორ დაუბრუნონ სიკეთე გულში.

3. შიშებთან ბრძოლა - წამყვანი მონაწილეებს სთხოვს საშიში პერსონაჟის განსახიერებას ყველაზე სასაცილო ფორმით. ამით ბავშვები სწავლობენ მოძებნონ გზები საკუთარი შიშების დასაძლევად;

იმედია ბლოგში განხილული საკითხები თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდება. უახლოეს დროში შემოგთავაზებთ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს და თამაშებს.



P.S. ასევე გაცნობებთ, რომ კრიტიკული აზროვნების სკოლაში დავიწყეთ წინასწარი რეგისტრაცია 2021-2022 წლის სასკოლო მზაობის პროგრამაზე და დაწყებითი კლასების ბავშვებისათვის წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების კურსზე.


სასკოლო მზაობის პროგრამა - PRESCHOOL - რეგისტრაციის ლინკი



წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების კურსი დაწყებითი სკლასების მოსწავლეებისათვის - რეგისტრაცია.








Comments


bottom of page