top of page

საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორებს და ლექტორებს

Updated: Feb 11, 2020


მეგობრებო,


ვფიქრობ, ცხადია, რომ ბევრად განსხვავებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ვიდრე გუშინ, ან გუშინწინ გვეგონა. არ დავიწყებ ჩამოთვლას, თუ რატომ. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი წარმოდგენა კონკრეტულ ოპოზიციონერებზე, მშვიდობიანი მომიტინგეებისათვის თვალების დათხრა, მათი დაპატიმრება, უკვე ციხემოხდილ საქმეზე ახალი ვადის მისჯა და პატიმრისთვის ძალით/უკანონოდ სინჯების აღება, ვფიქრობ, საკმარისია ვიცოდეთ, რომ ამ სახელმწიფოს უკვე აღარანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, თავოსუფლებასთან, დემოკრატიასთან და თანაბარი შესაძლებლობების საყოველთაო უზრუნველყოფასთან.


რა შეგვიძლია ჩვენ, აკადემიური სამყაროს წარმომადგენლებს, ვუპასუხოთ ამ, პირდაპირ ვიტყვი, ტოტალიტარიზმის და დიქტატურის გამოწვევას? რა უნდა ვუპასუხოთ ჩვენი სახელმწიფოს პუტინის რუსეთის დანამატად ქცევას? რთული საკითხია. კვლევას და სწავლებას, რომელიც, მჯერა რომ, ყოველი ჩვენგანისთვის შინაგანი მოთხოვნელებაა და არა ვინმეს მიერ დავალებული, ან საკუთარი კარიერული ვნების გამო არჩეული ფუნქციის შესრულება, ვერაფერს ვუზამთ. სახელმწიფოს უზურპაციის წინააღმდეგ ვერც კვლევაზე ვერ ვიტყვით უარს და ვერც სწავლებაზე. ბოლოს და ბოლოს, ეს უარის თქმა არა მარტო ჩვენ, იმ, უკეთეს საქართველოს დააზიანებს, რომლის დადგომის იმედი, ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ, ვფიქრობ, ყველას გვაქვს.


მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია უარი ვუთხრათ ამ სახელმწიფოს დადგენილ სისტემებში და წესებში მონაწილეობას. თუკი ოდნავ დაფიქრებულხართ იმ სისტემაზე, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს ჩვენი და ჩვენი სტუდენტების ამოცანების და მიზნების გამხორციელებისთვის, მიხვდებოდით, ეს სისტემა უკიდურესად ტოტალიტარული, კლიენტარისტული და არასამართლიანია. სრული უფლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს დიდი ხანია განათლების სისტემა უზურპირებული აქვს.


ჰოდა, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი გამოსავალია: ვასწავლოთ, მაგრამ არ ვითანამშრომოლოთ სახელმწიფოსთან, არ ვაკეთოთ ფორმალური შეფასდებები, აღარ ჩავერთოთ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ტოტალიტარულ წესებში, რაც, ამ წესების არაპროდუქტიურობის გარდა (თუნდაც იმიტომ, რომ უნიფიცირებული და ცენტრალიზებულია), ამ, არაჰუმანური, პუტინისტური და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სისტემის თანამონაწილეებად გვაქცევს.


ეს არ ეხება მხოლოდ სახელმწიფო უნივერისტეტების პროფესორებს და ლექტორებს. ჩვენი სახელმწიფო ერთნაირად ტოტალიტარულია კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ.


რას ვეუბნებით სტუდენტებს? ჩვენ ვაგრძელებთ მათ განათლებას. მაგრამ, არ ვიღებთ მონაწილეობას ტოტალიტარული და პუტინისტური სახელმწიფოს სისტემაში. თუკი ზოგიერთი მკითხავთ, რომ „ფულს ხომ სახელმწიფო გვაძლევს, ნაწილობრივ მაინც“, გეტყვით, რომ ეს გადასახადების ფულია და ამ თანხებზე ყველაზე ნაკლები უფლება ხელისუფლების უზურპატორებს აქვთ.


აღარ მივიღოთ მონაწილეობა ამ სახელმწიფოს მიერ წარმოებულ სისტემებში. ვიკვლიოთ, ვისწავლოთ და ვასწავლოთ. არ შევაფასოთ სტუდენტები უზურპატორების დადგენილი წესებით მანამ, სანამ არ ვაიძულებთ ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების პრინციპები აღიაროს.


ვფიქრობ, ეს იქნება ცხადი გზავნილი ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ ამ სახელმწიფოში სამართლიანობა და კონკურენცია დამთავრდა და რომ ვერანაირი ფორმალური და ეგალიტარული შეფასება ვეღარ უზრუნველჰყოფს მათ წარმატებას. მგონია, რომ მათ ეს უკვე კარგად იციან. ინერციის გამო მიჰყვებიან სისტემის მოთხოვნებს, რომელიც არაფერს ჰპირდება, ნეპოტიზმის და კლიენტარიზმის გარდა.


ერთად, ჩვენი სტუდენტები და ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანი გზით ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, შეიცვალოს დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და მშვიდად, საკუთარი თავის და სამშობლოს დაუზიანებლად, დათმოს ტოტალიტარიზმი.


მადლობა რომ წაიკითხეთ


გიგი თევზაძე


P.S. შემოდგომის სემესტრის სტუდენტებს, რომელთა შეფასება უკვე პროცესშია, ეს არ ეხებათ. :-)


776 views

Comments


bottom of page