top of page

კრიტიკული აზროვნების სკოლის წიგნები

 

წიგნები შეგიძლიათ უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ჩამოტვირთოთ epub, mobi ან pdf ფორმატში ჩვენი გვერდიდან. იმ შემთხვევაში, თუ მოგინდებათ, წიგნები იხილოთ ქაღალდზე დაბეჭდილი, ანუ თუკი მოგინდებათ ფლობდეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული წიგნებს მყარი, ქაღალდის ფორმით (ე.წ. hard copy), შეგვიკვეთეთ და, შესაბამის ფასად, გადმოგცემთ თქვენთვის დაბეჭდილ წიგნს.

მიზეზი, თუ რატომ ვიწყებთ ასეთ, ერთი შეხედვით, უცნაურ პროექტს, რამდენიმეა:

  1. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგანმანათლებლო რესურსი ფასიანი არ უნდა იყოს: ფასიანი უნდა იყოს განათლების პროცესი, და არა ამ პროცესში გამოყენებული რესურსი, როგორებიცაა წიგნები, პროგრამები თუ სხვა რამ. ის, რაშიც განათლების მიღებისას ფული უნდა გადაიხადოთ, შეიძლება იყოს უშუალოდ მასწავლებლისგან მიღებული ცოდნა, კონსულტაცია, ბოლოს და ბოლოს, განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, მაგრამ, არა ის რესურსი, რომელიც შეიქმნა მისი პოტენციური გამომყენებლის განათლებაში ჩართვის მიზნით. როცა რესურსი მართებულადაა შექმნილი, გამომყენებლის შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ რესურსის შემქმნელებისგან განათლების მიღება. ამიტომ, გვგონია დაგვეთანხმებით, რომ არაკეთილსინდისიერია ვაიძულოთ მომხმარებელი, ორჯერ გადავახდევინოთ ფული ერთსა და იმავეში. ცხადია, ეს არ ეხება იმ საგანმანათლებლო რესურსს, რომლის შექმნაში, განათლების პროცესში არჩართული ხალხი, როგორებიც არიან ილუსტრატორები, მთარგმნელები და ა.შ. გარდაუვლად მონაწილეობენ;

  2. რატომ გართმევთ ე.წ. hard copy-ში ფულს გასაგები უნდა იყოს: წიგნის ბეჭდვა კონკრეტულ, ანაზღაურებად სამუშაოს გულისხმობს, რომელსაც ასრულებენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩართულები განათლების პროცესში და მათი შრომა უნდა ანაზღაურდეს;

  3. მწერლებისგან განსხვავებით, ჩვენი, იმ ავტორების, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ვაქვეყნებთ წიგნებს, შემოსავლის წყარო არაა ჩვენ მიერ დაწერილი წიგნების გაყიდვა.  ჩვენი შემოსავლის წყარო განათლებაა: წიგნები, რომლებსაც ვწერთ, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის აუცილებელი საქმიანობის,  ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის გამოხატვაა, ამავე დროს, არის საგანმანათლებლო გარემოში მომხმარებლების მოზიდვის ხერხი: რაც უფრო წარმატებული და გავრცელებული იქნება ჩვენი წიგნები, მით მეტია შანსი, ჩვენი წიგნების წამკითხველებს განათლების მიღება სწორედ ჩვენთან მოუნდეთ. ამიტომ დაგვეთანხმებით, წიგნის ელექტრონული ფორმით გავრცელების დროს ანაზღაურების მიღება ჩვენი საქმიანობისთვის წინაღობა უფროა, ვიდრე ხელშემწყობი ფაქტორი.

 

და ბოლოს, როგორ ვამზადებთ ელექტრონულ წიგნებს? ყველას, ვინც ჩართული ვართ ამ პროექტში, ტექსტებთან პროფესიული ურთიერთობა გვაქვს; ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ტექსტების რედაქტირებაც და მისი გამოსაცემად მომზადებაც მაღალ დონეზე შეგვიძლია. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ დღეს საქართველოში გამომცემლები იშვიათად ან საერთოდ არ მიმართავენ პროფესიონალის ექსპერტიზას, როდესაც საქმე სპეციალური, არამხატვრული ტექსტის გამოცემას ეხება. რაც შეეხება თვითონ ტექსტის წიგნად დაკაბადონებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა იმის საშუალებას, რომ ტექსტი დამაკმაყოფილებლად დაკაბადონდეს და სასურველ ფორმატში მომზადდეს. 

ცხადია, შეცდომებისგან დაზვეული არ ვართ, მაგრამ, ელექტრონული ფაილის ხიბლი ხომ ისაა, რომ ტექნიკური ხარვეზები ადვილად გამოსწორებადია.

ყოველივე ზემოთ თქმულის გამო, ვიწყებთ ამ პროექტს.

მადლობა მონაწილეობისათვის.

წიგნების სანახავად დააჭირეთ ღილაკს.

პროექტი წიგნები
bottom of page