ფეისბუქის ფენომენზე აქამდე კი მიფიქრია, ოღონდ არა როგორც სისტემის, არამედ, როგორც სიმულაკრების რიგებისთვის ახალი მეხუთე რიგის სიმულაკრის დამატების შესახებ. რეალობის ახალი საფუძვლის შემქმნელი კომუნიკაციის რთული საშუალება მეგონა, და ამიტომ, უბრალოდ ვმონაწილეობდი, მისი სტრუქტურის და სისტემის შესახებ ფიქრის გარეშე, იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რა რეალობას ქმნის ის.
მაგრამ, დაფიქრება მომიწია, როდესაც ფეისბუქმა მოულოდნელად გამიუქმა ანგარიში და მითხრა, რომ მორჩა, ამ ანგარიშით მე ვეღარასდროს შევიდოდი ფეისბუქში და თუ მინდოდა, ახალი ანგარიში უნდა გამეხსნა.
ცხადია, ჩემმა აპელაციამ არ გასჭრა. ძალიან სწრაფად ეკრანზე გამოსული და თითქმის იმწამსვე გამქრალი ბრალდება ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, შეცვალა უწყებამ, რომ მათი წესების თანახმად, ვერ განიხილავენ ჩემთან ერთად რატომ გამიუქმეს ანგარიში.
ამ ამბავმა დამაფიქრა. პირველად დავიწყე ფეისბუქის სტრუქტურებში და სისტემაში გარკვევა. ცხადია, იმანაც მიშველა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი, თითქმის ნახევარი, ტოტალიტარული საზოგადოების მექაში, სუსურუკუში გავატარე და მისი ემპირიული გამოცდილებაც მაქვს. უცბად, ჩემთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ ფეისბუქი ზუსტად იმეორებს, ლამის სახელმძღვანელოსავით, ტოტალიტარულ სისტემას. იმდენად, რომ შეიძლება დავაწეროთ: ტოტალიტარიზმი დამწყებთათვის.
დავიწყოთ საკუთრების ამბით. საკუთრების ფარდობითობა: თქვენი შინაარსი, რომელიც განთავსებულია ფეისბუქზე, თითქოსდა თქვენია და ფეისბუქის წესები გიცავთ სხვა თქვენნაირის შემოჭრისგან. მაგრამ, ეს ხელშეუხებლობა არ ეხება ფეისბუქს. თურმე, მთელი თქვენი პოსტები, ფოტოები, ვიდეოები და ა.შ. რასაც ფეისბუქზე ტვირთავთ და თქვენი გგონიათ, ფეისბუქისაა, და როცა უნდა მაშინ გააუქმებენ/გააქრობენ. (ზუსტად ეს იყო სუსურუკუ: თქვენი საკუთრება ფარდობითი იყო, ხოლო თქვენ და თქვენი საკუთრება სახელმწიფოს და პარტიას ეკუთვნოდით აბსოლუტურად, თავიდან ფეხებამდე);
ტერორის ალოგიკურობა: ის, რომ ფეისბუქს შეუძლია დაგადანაშაულოს და გაგაქროს, ისე, რომ თავის დაცვის საშუალება არ მოგცეს, რეპრესიაა. მაგრამ, ის კიდევ უფრო შორს მიდის: მას არ აქვს ლოგიკა: შენს გარემოში და მის იქითაც ყველა დარწმუნებულია, რომ მიზეზი უნდა არსებობოდეს: აბა როგორ შეიძლება განადგურებას არ ჰქონდეს მიზეზი? მაგრამ, ტოტალიტარული სისტემის ტერორის სიძლიერეც ამაშია: მხოლოდ შენ, ვისაც სანქცია დაედო, იცი, რომ მიზეზი არ არსებობს, გარშემო ყველა ფიქრობს, რომ მიზეზი არსებობს, მანამ, სანამ სანქცია თავად მას არ შეეხება;
მონაწილეობითი გასაჩვრების შეუძლებლობა: მართალია, გასაჩივრება შეგიძლია, მაგრამ არ შეგიძლია დისკუსია: საჩივარს იღებენ და შენს გარეშე იხილავენ. იმისთვის, რომ დისკუსიას მიაღწიო, ფეისბუქს გარეთ უნდა გახვიდე, მიმართო სასამართლოს და ა.შ. ზუსტად როგორც სუსურუკუში: მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეგეძლო ადამიანის უფლებების სასამართლოს იმედი გქონოდა. ანუ, ტოტალიტარული საზოგადოების შიგნით სამართლიანი სასამართლო მიუღწეველია, ყოველ შემთხევაში, შენ არ მონაწილეობ. უკვე გამოტანილ განაჩენს იგებ;
განსჯის და მსჯავრდების სისტემის დაბეზღებაზე, „დანოსებზე“ დამყარება: თუ საკმარისად ბევრმა ადამიანმა დაგარეპორტა, საკმარისია სანქცია დაგადონ, ისე, რომ არც განიხილონ, რატომ გარეპორტებენ. სუსურუკუშიც ასე იყო: დანოსი საკმარისი იყო ადამინის დასახვრეტად/გასაციმბირებლად;
უსახო მსაჯულები: არავინ იცის, ვის გამოაქვს განაჩენი და ვინ არის თქვენი და თქვენი ქონების პოტენციური განადგურების გადაწყვეტილების მიმღები: თქვენ ის არ აგირჩევიათ, ის დანიშნულია „ზემოდან“: ამ შემთხვევაში, ცუკერბერგის ადმინისტრაციის მიერ. იმ, სუსურუკუს შემთხევაში, კომუნისტური პარტიის მიერ.
დაწესებულ საზღვრებში კომფორტი: თუ წესებს არ დაარღვევ, პირადი კომფორტული სივრცე „გარანტირებულია“, ისევე, როგორც თვითგამოხატვის და საკუთრების ილუზიაც. სწორედ ეს არის ასეთი სისტემის პოპულარობის საფუძველი: თავიდანვე არავინ ხვდება სანქციების ქვეშ და კომუნიკაციის კომფორტული გარემო ეძლევა. მაგრამ, ამავე დროს, რაც უფრო დიდი ხანი ხარ სისტემაში, მით უფრო მოწყვლადი ხარ სისტემის მიერ.
ეს ის ექვსი ნიშანია, რომელიც ტოტალიტარიზმის შესახებ წიგნებში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. ჰანა არენდტიდან კაფკამდე. ისინი უტყუარად ხორციელდება ფეისბუქში და ასევე უტყუარად ამას ვიღებთ და ვემორჩილებით. რა არის ეს, თუ არა ტოტალიტარიზმისადმი შეჩვევა? შორსაა ის დრო, როდესაც ასეთ ცხოვრებას ფიზიკურ სამყაროში შემოგვთავაზებენ? გვექნება უნარი უარი ვთქვათ მასზე? გვექნება უნარი, უარი ვთქვათ კომუნიკაციის კომფორტზე თავისუფლების და საკუთრების აბსოლუტური პრინციპის სასარგებლოდ?
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფეისბუქი და მეტა ამას განზრახ აკეთებენ. ისიც მესმის, რომ ეს წესები, როგორც მათ ჩამოაყალიბეს და მართავენ ფესიბუქს, კორპორაციის წესებია: მას მერე, რაც კორპორაციის წევრი ხდები, იღებ მისგან სარგებელს და ა.შ. შეიძლება ეს წესები მისაღები იყოს. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ფეისბუქი არ არის კორპორაცია. ის კომუნიკაციაა, ის საზოგადოებაა. და თუ საზოგადოებას მართავ კორპორაციის წესებით, ის უპირობოთ ტოტალიტარული ხდება, შენი საკუთრების, თავისუფლების და საბოლოოდ სიცოცხლის ფასად.
ნუ გგონიათ, რომ გამოსავალი არ არსებობს. არსებობს და ადვილიც კი: მაგალითად, ნებისმიერი სასანქციო გადაწყვეტილება ფეისბუქში უნდა დაექვემდებაროს ხმის მიცემას და საბოლოოდ რაღაც ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მსგავსს. ასე იმართება საზოგადოება რომელიც წარმატებას აღწევს, ასე იმართება სამართლიანი კომუნიკაცია. ამის გაკეთება არ არის რთული და მიიყვანს ფეისბუქს იმ სისტემამდე, სადაც ის შეიქმნა: თვითთმართველი საზოგადოების ერთობამდე, და დაშორდება იმ სისტემას, საითკენაც ის, იმედია უნებლიეთ, გვექაჩება: ტოტალიტარულ საზოგადოებას.
p.s. ვაგრძელებ თუ არა მონაწილებას ფეისბუქში? ცხადია ვაგრძელებ, მნიშვნელოვანია ჩემს მეგობრებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია. მაგრამ, ზუსტად ისევე, როგორც სუსურუკუში ძალაუფლების პირველი ალიყურის შემდეგ: ძალიან ფრთხილად. ეს არ ნიშნავს გამოხატვის თვითშეზღუდვას, არამედ, საკუთრების და საკუთარი თავის მანიფესტაციის ექსკლუზიურობის შეზღუდვას. უფრო მარტივად: არაფერს არ ვდებ ექსკუზიურად ფეისბუქზე. მხოლოდ ლინკებით. მაგრამ, რა მოხდება მაშინ, თუ მთელი ინტერნეტი ამ, ტოტალიტარიზმის წესებით დაიწყებს ცხოვრებას? არ ვიცი. უნდა მოვემზადოთ.
Comments