top of page

გიგი თევზაძე. როგორ ლპება ჩვენი სახელმწიფო


ჩვენი სახელმწიფო სისტემა უკიდურესად ცენტრალიზებულია. ეს ყველამ იცის. მაგრამ, არა მგონია, ყველამ იცოდეს, რას ნიშნავს ეს. ყველამ იცის, რომ ცენტრალიზებულ სისტემაში სისტემის ყოველი რგოლი/საფეხური იერარქიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. ხოლო ამ იერარქიის წვეროშია მთავრობა, მმართველი პარტია, პარტიის თავმჯდომარე.


მერე რა? იკითხავთ თქვენ. რა არის ამაში ცუდი? განა ცუდია ის, რომ პასუხისმგებლობა სისტემის მუშაობაზე პოლიტიკურია? განა ცუდია ის, რომ ერთი ხედვით, ერთი სტრუქტურით, ერთი მიზნით იმართება სისტემა? თუ რამე არ გამოდის, ეს ხომ კონკრეტული ადამიანების ბრალი უფრო უნდა იყოს, ვიდრე სისტემის? რა ჯობია ერთი, ჩამოყალიბებული სტრატეგიით მართვას? რა ჯობია, როდესაც ყველა ცალკეულ შემთხვევაში, განათლება იქნება ეს, კულტურა, ეკონომიკა თუ ჯანდაცვა, ერთი უწყება/ადამიანი მართავს და ყველა მასთანაა პასუხისმგებელი სისტემის მუშაობაზე?

ერთი შეხედვით თითქოს ასეა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს სისტემა, ეს იერარქია, კონკრეტულ ადამიანებში გამოიხატება/ითარგმნება. ოღონდ, ეს იერარქიული ვერტიკალი იმდენად გრძელია, რომ ერთი ადამიანის არც დრო და არც შესაძლებლობები არაა საკმარისი, რომ ყველა პასუხისმგებელი სუბიექტი/ქვე-სისტემა შეამოწმოს და ანგარიში ჩაიბაროს.


ამიტომაცაა, ცენტრალიზებულ სისტემებში ბიუროკრატია აყვავებული: მმართველი ცდილობს, დაიქირავოს გადამბარებელი, სხვას გადააბაროს კონტროლი, ისე, რომ კონტროლი არ დაკარგოს. ჰოდა, ბიუროკრატიც ადამიანია. მასაც აქვს სურვილები და მისწრაფებები. მასაც არ აქვს საკმარისი დრო. ბოლოს ეს დაქირავებულიც ცდილობს დაიქირავოს ის, ვისაც გადაააბარებს კონტროლს ისე, რომ თვითონ კონტროლი არ დაკარგოს და ა.შ. საბოლოოდ კი ისე ხდება, რომ ცენტრალიზებული სისტემა ყველაზე უკონტროლო, არაანგარიშვალდებულ სისტემად გადაიქცევა: არავის აქვს დრო, სისტემის მიხედვით, სისტემურად აკონტროლოს ქვემდგომების საქციელი. ამიტომ, სისტემა იმუშავებს დათქმებს: როდის უნდა ჩაერიოს ზემდგომი ქვემდგომების მოქმედებაში და აწესებს ჩარჩოებს, რომლის გადაკვეთაც ზემდგომის ჩარევას, დიდი ალბათობით, ფატალურს, იწვევს. ამ ზღვარის გადალახვა უპატიებელია. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც ცენტრალიზებული სისტემა ფართოვდება [პრინციპში, უსასრულოდ], და იერარქიული ვერტიკალი იზრდება, ეს ზღვარი საბოლოოდ, პოლიტიკურ ლოიალობაზე დაიყვანება.


ახალი არც არაფერი მითქვამს. ყველა ცენტრალიზებული სისტემა ერთნაირია: სრული თავისუფლება იერარქიის მმართველებს იმ დათქმით, რომ საზღვარი არ უნდა გადაიკვეთოს. შესაბამისად, ცენტრალიზებულ სიტემაში, ყველა, ვინც რაიმე ძალაუფლებას ფლობს, ამ ძალაუფლების ფარგლებში შეუზღუდავად მოქმედებს. იმიტoმ, რომ ეს მმართველები ანგარიშვალდებულნი არიან იმათთან, ვისაც მათთვის არ სცალიათ. სხვა ყველა კი, მათი ძალაუფლების სამყაროში, უმნიშვნელოა. შედეგად, ცენტრალიზებული სისტემა იმას კი არ აპროდუცირებს, რისთვისაც შეიქმნა [მაგალითად, ადამიანის უსაფრთხოებას, ან - ადამიანის უფლებების დაცვას, ან - განათლების ხარისხს, ან - კულტურის ძეგლების დაცვას, ან - ეკონომიკის ზრდას], არამედ, იერარქიას. ცენტრალიზებული სისტემა მხოლოდ იერარქიის წარმოებას და კვლავწარმოებას ეწევა. ის მიზნები, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სრულდება, ოღონდ, რაც უფრო და უფრო ცენტრალიზებული ხდება სისტემა, მით უფრო და უფრო ფორმალურად და ბოლოს, არც არავინ აქცევს მათ ყურადღებას: არც ის, ვისაც ევალება შესრულება (მთავრობა), და რაც მთავარია, არც ის, ვინც, კანონით, ეს მომსახურება უნდა მიიღოს (მოქალაქე).

არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის კონრეტული ფსიქიკური შემთხვევა: ცენტრალიზებულ სისტემაში ყველა მმართველი და მოქალაქე ასეთია. დეცენტრალიზებულში, სადაც პასუხისმგებლობის მაკონტროლებელი ბევრია [საზოგადოებები] - სხვანაირი. შესაბამისად, სტრუქტურა აიძულებს ადამიანებს ასე მოიქცნენ. და არა აღზრდა ან/და მემკვიდრეობითობა. „ინსტიტუტები ფიქრობენ, და არა ადამიანები“ (მერი დუგლასი).

ჰოდა, ჩვენი სახელმწიფო სისტემა ასეთია. აი ანალოგია, რომელიც ვფიქრობ, დაგვეხმარება გავიგოთ, მაინც როგორი სისტემაა ეს: რა ხდება ცოცხალ ორგანიზმში, როდესაც კონტაქტი, კავშირი, მის უბნებს და ქვე-უბნებს შორის მინიმუმამდეა დაყვანილი? როცა ეს უბნები მხოლოდ განსაკუთრებულ ექსტემალურ შემთხვევებში იწყენებ ერთმანეთთან სწრაფ და დროებით ურთიერთობას? ეს ორგანიზმი ლპება. სულ ეს არის. და სულ ეს არის რაც ჩვენი სახელმწიფოს სისტემას ემართება. ლპობადი ორგანიზმიც ცოცხალია, თავისი სიცოცხლით: მასში ლპობის პროცესი მიმდინარეობს. ოღონდ, ეს პროცესი რადიკალურად განსხვავდება იმ, თავდაპირველი ორგანიზმის სოცოცხლისაგან. სხვა მიზნები და ამოცანები აქვს.


სისტემის ლპობა სხვადასხვანიარად ვლინდება. შეიძლება ეს - თამბაქოს წილების გადააწილება და მინისტრის სარდაფში ჩათრევა იყოს, შეიძლება - სტუდენტებისათვის მნიშნვნელოვანი პროფესორის უნივერსიტეტიდან დათხოვნა. მიზეზი ერთია - სისტემის ლპობა. ყველა ეს აქტი - ლპობის მანიფესტაციაა.


შესაბამისად, ლპობად სისტემაში, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო მეტ კონტროლზეა მიმართული, რაც არ უნდა მომგებიანად და ბრძნულად გამოიყურებოდეს მავანისთვის დროის კონკრეტულ მომენტში, მცდარია და ლპობის ხელშემწყობი. ასევე, საპირისპიროდ, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სისტემის დეცენტრალიზაციაზე, პასუხიმგებლობების გავრცელებაზე/გადანაწილებაზეა მიმართული, სწორია. რაც არ უნდა ბუნდოვნად და გაუგებრად გამოიყურებოდეს ეს გადაწყვეტილება ცენტრალიზებული ჭვრეტით.


ჩვენთის ძნელია ამ ლპობის დანახვა. უბრალოდ იმიტომ, რომ სხვანაირ სიტემაში არც გვიცხოვრია. ჯერ საბჭოთა კავშირში, მერე - დამოუკიდებელ საქართველოში. ვერ იტყვი, რომ არ იყო სხვა სისტემის შემქნის მცდელობები. მაგრამ, მხოლოდ მცდელობები და სხვა არაფერი. გარე თვალისთვის ეს მცდელობები შეუმჩნეველი დარჩა. ამიტომ, ლპობის პროცესის დრო-და-დრო გააქტიურება სისტემის განახლება გვგონია.


რა არის გამოსავალი? ჯერ-ჯერობით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოსწონს ლპობად სისტემაში ცხოვრება. მთავრობას - ცხადია რატომაც. ოპოზიციასაც: ყველას უნდა ცენტრალიზებულ სისტემას კენწეროში მოექცეს. ზოგს - გულუბრყვილოდ სჯერა, რომ სასიკეთო ცვლილებები ასე უფრო სწრაფად მიიღწევა, ზოგი - ვერ მალავს სწრაფი გამდიდრების სურვილს. დეცენტრალიზაციის ერთ-ორ დაპირებას თუ გაიგონებ (თუ არ ვცდები - მხოლოდ ვაშაძე და გირჩი), დეცენტრალიზაციის შესახებ მმართველი და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული დუმილის ფონზე.


არადა, დეცენტრალიზაცია მხოლოდ ლპობის შეტრიალება არ არის. დეცენტრალიზაცია, ამავე დროს, პოლიტიკოსების და პოლიტიკის უსაფრთხოებაა. აბა წარმოიდგინეთ, სად უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს პოლიტიკოსი და უფრო ნაკლები პოლიტიკური ტრაგედიებია: როდესაც ერთი ხელის მოსმით, როდესაც „დრო მოდის“, ყველა იცვლება და ახალმოსული მმართველები ყველას და ყველაფრის ცვლილებას იწყებენ, თუ როდესაც, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, რომლებიც იმდენადაა დეცენტრალიზებული, რომ მათ საკუთარი ბიუჯეტი და გადასახადები აქვთ, ყოფილი მმართველი პარტია ინარჩუნებს მმართველ პოზიციას? ისე კი არა, როგორც ჩვენთან, ეს რეგიონები მხოლოდ ფორმალურად რომ არიან დამოუკიდებლები და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მმართველი პარტია ყველა ხერხს რომ მიმართავს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თანამდებობიდან გადასაყენებლად.


მიხვდება ან ეს, ან მომავალი მთავრობა, რომ დეცენტრალიზაცია მათივე უსაფრთხოებაა? ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ვერცერთი მთავრობა და მმართველი პარტია ამას ვერ მიხვდა. არადა, დღეს, ვფიქრობ, ზუსტად ის დროა, როდესაც, საკუთარ უსაფრთხოებაზე მზრუნველმა მთავრობამ რეალური დეცენტრალიზაცია დაიწყოს. იმიტომ არა, რომ ეს პროცესი ქვეყანას წაადგება, ეკონომიკა განვითარდება, განათლება, მეცნიერება და კულტურა აყვავდება. არა. ეს შედეგი იქნება, დეცენტრალიზაციის შემთხვევაში. მიზეზი - საკუთარი უსაფრთხოებაა. ახლო, ანდა, თუნდაც, შორეულ მომავალში.




942 views
bottom of page