top of page

გიგი თევზაძე. უკანასკნელი დოქტორი მორო: გურამ თევზაძე (1932-2018)


მამაჩემი გარდაიცვალა. არავინ ვიცი, თანამედროვე უნივერსიტეტებში და კვლევით ცენტრებში, რომელსაც მასზე უფრო მეტი ცოდნა აქვს ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. მაგრამ ეს, ცოდნის მოცულობა და ენციკლოპედიურობა, არ არის მთავარი: ბოლოს და ბოლოს, საშუალო ნიჭის ადამიანმაც შეიძლება იგივეს მიაღწიოს, თუკი თავდაუზოგავად და ხანგძლივად იშრომებს. მისი მთავარი დამსახურება, ვფიქრობ, ფილოსოფიის შესახებ მეტა-ტექსტების შექმნაა, რომლებიც საინტერესო და გამორჩეულ თეორიას ემყარება:


არ გეგონოთ, რომ მისი ფილოსოფიის ისტორია, მრავალფეროვანი, მაგრამ მაინც, უბრალო, ფილოსოფიის ისტორიისათვის ტრადიციული ნარატივი იყო. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო თეორია ფილოსოფიის შესახებ, რომელსაც გულმოდგინეთ ამუშავებდა ბოლო 30-40 წლის განმავლობაში. თუმცა, საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ ცუდი თვისება დაუტოვა: საბჭოთა კავშირში თვითგადარჩენის, და ამავე დროს იდენტობის არღალატის, შენარჩუნების მეთოდი, ტექსტური მიმიკრია იყო: საბჭოთა კავშირში მოაზროვნეები (ვინც რეპრესიებს და განადგურებას გადაურჩა) ცდილობდნენ სხვებისთვის, წარსულში მცხოვრები ავტორიტეტებისათვის, მიეწერათ საკუთარი აზრები/თეორიები და ამ თეორიების კრიტიკა/განხილვით გადმოეცათ საკუთარი ნააზრევი. ეს თვისება მას ბოლომდე დარჩა. ვერ უარჰყო, ვერ გადააგდო. ამიტომ, იმას, რასაც ქვემოთ დავწერ, მხოლოდ კრიტიკული წაკითხვის შემდეგ თუ დაინახავთ მის ტექსტებში:


მისი თეორიის მიხედვით, ფილოსოფია, ფილოსოფიური თეორია ისევე იქცევა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, დაბადება-ზრდის დროს. ისევე, როგორც ორგანიზმის ნაწილების ზრდისას, ფილოსოფიის ყოველი ახალი მსჯელობა წინა მსჯელობების გადალახვაა. ნამდვილი ფილოსოფოსები, ფიქრობდა ის, კი არ ზრუნავენ საკუთარ ფილოსოფიებში წინააღმდეგობების მოხსნაზე, როგორც ამას, შემდგომ, მათი ნააზრევის მიმართ, ფილოსოფიის ისტორიკოსები აკეთებენ. ამის მაგივრად, ფილოსოფოსები ავითარებენ, ზრდიან საკუთარ ფილოსოფიას, რაც, თუკი ზრდა-განვითარება მართლაც ხდება, საწყისი დებულებების და მსჯელობების გადალახვა-გადააზრებაში გამოიხატება.


ალბათ, ამ თეორიამდე, რომლის ანალოგიც არ შემხვედრია ფილოსოფიის შესახებ მეტა-ტექსტებში, ის კანტის ფილოსოფიის კვლევამ მიიყვანა: კანტის ფილოსოფიის შესწავლისას, შეუძლებელია არ გაოცდე ამ წარმოუდგენლად ზუსტი ნააზრევით და ამავე დროს, არ გაგაკვირვოს იმ წინააღმდეგობამ, რომელიც ცხადია და რომლის მანიფესტაციაც კანტის შესახებ ყველა ტექსტს გასდევს: ეს წინააღმდეგობა ცნობილი, უკვე ფრთიანი ფრაზით ასე ჟღერს: „ნივთი თავისთავადის გარეშე ვერ შეხვალ კანტის ფილოსოფიაში, ხოლო ნივთ თავისთავადთან ერთად, ამ ფილოსოფიაში ვერ დარჩები“. ფილოსოფიის, როგორც ორგანიზმის, თეორიის მიხედვით ეს წინააღმდეგობა არ არსებობს: ნივთი თავისთავად არის ფილოსოფიური მსჯელობის („შესაძლებელია თუ არა აპრიორულ-სინთეზური მსჯელობა“) დასაწყისი, ხოლო თავად მსჯელობა იმდენად „გაზრდილია“, ევოლუცირებულია და დაშორებულია საწყისს, რომ წინააღმდეგობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს იგივეა, ამტკიცებდე, რომ ცოცხალი ორგანიზმი შეუძლებელია, იმიტომ, რომ ბავშვობის მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება ზრდასრულობისგან. სხვა სიტყვებით, უფრო მეტაფორულად რომ ვთქვათ, ფილოსოფიის, როგორც ორგანიზმის თეორიის მიხედვით, როდესაც კონკრეტულ ფილოსოფიას ვკითხულობთ/ვეცნობით, ჩვენ დიაქრონულ პროცესს სინქრონულად აღვიქვამთ.


ვფიქრობ, ეს თეორია მისი, ჯერ-ჯერობით დაუფასებელი წვლილია ფილოსოფიის ისტორიის კვლევაში. აქამდე, რაც ტექსტები შემხვდა მისი გარდაცვალების შესახებ, ენციკლოპედიურცოდნასმთარგმნელობას თუ აქცევენ გულაჩუყებულ ყურადღებას. არც ერთი და არც მეორე, მის შემთხვევაში არ არის მთავარი. თუმცა, მისი ტექნიკური მემკვიდრეობა (ფილოსოფიის ისტორიები, წიგნები ფილოსოფოსებზე, თარგმანები), რომელშიც მისი თეორიაა შეფუთული, რამდენიმე აკადემიურ ცხოვრებას ეყოფოდა.


ჰქონდა მეორეც, არანაკლებ საინტერესო, მხარე: ცხოვრებისეული პრინციპებით ის განმანათლებელი იყო. იმ, მე-17/18 საუკუნის აზრით: სჯეროდა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცვალო, განავითარო და გადაასხვაფერო, ნებისმიერი მიმართულებით, თუკი მის განათლებას საკმარის დროს და მონდომებას დაუთმობ და დაუნანებლად გადასცემ იმას, რაც შენი აზროვნების და შემოქმედების ნაყოფია. არ სჯეროდა, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან. ფიქრობდა, რომ სხვადასხვა შესაძლებლობების და სხვადასხვა პერსონებად მათ გარემო პირობები აყალიბებს. ასეთი დამოკიდებულების გამო უცნაურ, ხანდახან სრულიად უიმედო ადამიანებს ირჩევდა მოწაფეებად. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად. მაგრამ, ის ამ, ხშირად წარუმატებელი ექსპერიმენტებითაც, გამორჩეული იყო.


დღეს მიღებულია, რომ ჰერბერტ უელსის ცნობილი რომანი „დოქტორ მოროს კუნძული“ ვივისექციის წინაამღდეგ მიმართული მანიფესტია. თუმცა, ვფიქრობ, რომანის ძირითადი იდეა ანტი-განმანათლებლურია. შეგახსენებთ შინაარს: კუნძულზე არსებულ ლაბორატორიაში დოქტორი მორო, საკუთარი სამედიცინო მიღწევების გამოყენებით, ცდილობს ცხოველებისგან ადამიანები შექმნას. საბოლოოდ, ამბავი ტრაგიკულად მთავრდება და თითქმის გაადამიანებული ცხოველები ნელ-ნელა უბრუნდებიან თავის პირველ ფორმას.


ამ აზრით, მამაჩემი იმ განმანათლებლების და განმანათლებლობის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, ვისაც და სადაც სწამდათ გონების ძალის, ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ სწორი, უნიფიცირებული მეთოდია საჭირო იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანი აქციო ნებისმიერი მიმართულებით წარმატებულად; იმ ხალხის წარმომადგენელი, ვინც ამ გზაზე ჩავარდნებს და წარუმატებლობებს მეთოდის არასრულყოფილებას აწერდა და აგრძელებდა გაუმჯობესებაზე მუშაობას. პირველი განმანათლებლების, უელსის მიერ დოქტორ მოროებად წოდებულთა გამორჩეული თვისება ისიცაა, რომ ისინი საკუთარ, და არა სხვების მიღწევებზე აყრდნობენ სოციუმის წევრების გაადამიანების რთულ პროცესს, საკუთარი შეცდომებით და აღმოჩენებით ხელმძღვანელობენ. ამ მხრივ, ისინი სუპერ-ავტონომიურობას ინარჩუნებენ ცვალებად სამყაროში.


დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ძლიერების ფორმაა, რომელიც დღეს, ალბათ, უკვე შეუძლებელია.

R.I.P.


3,379 views
bottom of page