Search
  • gigitevzad

გიგი თევზაძე. ქართული ყოველდღიურობა: გამოგზავნილი უდრის გზავნილს? (ცხადია, პოლიტიკური კონტექსტით)


თავიდან, ცოტა კრიტიკული მსჯელობა. მაგრამ, გაუძელით. ამ აბზაცს არ გასცდება: ყველა ნივთი, რომელიც გაკეთებულია, შეიცავს გზავნილს, ანუ, იმას, თუ რისი თქმა უნდოდა მის შემქმნელს, რას ნიშნავს ეს ნივთი და ა.შ. ყველა ნივთი შეიცავს გზავნილს, უნდა ეს ამ ნივთის გამკეთებელს თუ არა. ამის გარდა, კულტურა ყველა მოქმედებას და არსებულს მნიშნველობას, ანუ, გზავნილობას სძენს. ამ აზრით, თუკი უსაფუძვლოდ (არაკრიტიკულად) განვაზოგადებთ, გზავნილი ამავე დროს გამოგზავნილიცაა. ეს, აბსტრაქტული და ზედმეტად ბრძნული თვალთახედვით ესეცაა, მაგრამ, სოციალურ ისტორიაში (სხვა ისტორია არც არსებობს), გზავნილი/გამოგზავნილის აღქმა და მნიშვნელობა ყველა დროში ერთი და იგივე არ იყო. ვფიქრობ, კაცობრიობის ისტორიაში და დღევანდლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარადიგმა გამოგზავნილის და გზავნილის ურთიერთობაა. სხვანაირად ამას უცხოს პრობლემა ეწოდება. თუმცა, ამ ტექსტის იდეის ცხადად გადმოსაცემად ორ სიტყვას - გამოგზავნილი და გზავნილი - ვირჩევ, რომელიც ერთმანეთის მიმართ, ერთსა და იმევე დროს, თუმცა, სხვადასხვა დროში, ტავტოლოგიაცაა და ოპოზიციაც. რატომ და როგორ - ამას ქვემოთ მოგიყვებით.

შუა საუკუნეებში, სადაც ცივილიზაცია და კულტურები სავაჭრო გზებით და ინტენსიური მიმოსვლით იყო დაქსელილი, ღირებული და მნიშვნელოვანი იყო ის, რაც იგზავნებოდა, ანუ, რაც გამოგზავნილი იყო. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, როგორც მაღალ, ასევე ყოველდღიურ კულტურაში გამოგზავნილი და გზავნილი, ანუ, ის, რასაც მნიშვნელობა და ღირებულება ჰქონდა, ერთი და იგივე იყო. სულ ერთია, იქნებოდა ეს ძვირიანი, საუცხოო, ჩინებული ნივთი, ტექსტი თუ ადამიანი. გამოგზავნილს იმთავითვე უფრო მაღალი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე ადგილზე გაკეთებულს/მოყვანილს/ღირებულებამინიჭებულს. თუმცა, ადგილზე გაკეთებულიც, იმავე, ანუ, გამოგზავნილის სტატუსს შეიძენდა, თუკი ქარავანი მას უცხო ქვეყანაში წაიღებდა. შუა საუკუნეების მნიშნველობების იერარქიაში გამოგზავნილი ბევრად უფრო ღირებული და მაღლა იყო, ვიდრე ადგილობრივი.

არც პოლიტიკა იყო გამონაკლისი: მეფეეები და მმართველები საკუთარ თავს უცხო ქვეყნებიდან და მხარეებიდან გამოგზავნილებად აღწერდნენ: ბოლო ბოლო, ყველა ევროპელი მეფე შუა საუკუეებში ხომ ღმერთის გამოგზავნილი იყო. ევროპაში მეფე პაპის კურთხევით დგინდებოდა და მათი შეცდომა-არშეცდომაც პაპის კარზე ირჩეოდა, სპარსეთი, ოქროს ურდო ამტკიცებდა ვასალური ქვეყნების მმართველებს, და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, შუა საუკუნეებში კომუნიკაცია და მგზავრობა ძნელი უნდა ყოფილიყო, ანდა, შეიძლება ამის გამოც, გამოგზავნილს, როგორც უპირობო გზავნილს ძალიან მნიშნველოვანი ადგილი ეჭირა იმდროინდელ ყოველდღიურობაში. გამოზავნილობის პირველი მნიშვნელოვანი დარღვევა/შეზანზარება გერმანული რეფორმაციით მოხდა, რასაც შემდგომ ბევრი ცნობილი თუ უცნობი შედეგი მოჰყვა. თუმცა, ამის შესახებ საუბარი სხვა მხარეს წაგვიყვანს. შუა საუკუნეებში გამოგზავნილობის ღირებულების აღწერისათვის რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს მაგალითიც საკმარისია:

მეფეები, ფარნავაზი - გამაერთიანებელი, ელინთმებრძოლი, მირიანი - გამაქრისტიანებელი, ვახტან გორგასალი, რომელმაც საბოლოო, დღემდე შენარჩუნებული სახე მისცა საქართველოს - გამოგზავნილები არიან; იდეოლოგიური ტექსტები, ქართველები „ლიტერატურამდელ ლიტერატურას“ რომ ეძახიან, ბიბლიის ვერსიები, ასევე გამოგზავნილია, ათონის მთიდან, იერუსალიმიდან, საბერძნეთიდან, რომის იმპერიიდან. სად დაიწერა ჩვენი მთავარი ტექსტი „ვეფხისტყაოსანი“? - არის ეჭვი, რომ გამოაგზავნეს. ყოველ შემთხვევაში, ავტორზე კი არის ჭორები, რომ სხვაგან, არა-საქართველოში დაასრულა ცხოვრება (გაიგზავნა). დავით გურამიშვილმა „დავითიანი“ უკრაინაში დაწერა და გამოაგზავნა, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების ნახაზებთან ერთად. მეფეების (არჩილ II, ვახტანგ VI, თეიმურაზ II) ლიტერატურა - უცხოეთში იქმნებდა და იგზავნებოდა საქართველოში. პირველი ქართული წიგნები უცხოეთში დაიბეჭდა და გამოიგზავნა, ისევე, როგორც პირველი ქართული ანბანი უცხოეთში ჩამოისხა. სიტყვა „სადღეგრძელო“ც კი უცხოეთში, ასტრახანშია შექმნილი და გამოგზავნილი.

ქართული განმანათლებლობა - ბევრი ამბობს, რომ არ არსებობოდა. არსებობდა, ოღონდ, ისევ უცხოეთში, რუსეთში: ქართველი ბატონიშვილები (დავითი, იოანე, ბაგრატი) თარგმნიდნენ ფრანგულიდან მონტესკიეს და სხვებს, წერდნენ წიგნებს (მაგ. „კალმასობა“, „ახალი ისტორია“, „ახალი მოთხრობა“), ამ წიგნებში, ისევე, როგორც ფრანგი, და არა მარტო, ენციკლოპედისტები, ისინი მათი თანამედროვე სამყაროს ცოდნას აღწერდნენ, მსჯელობდნენ, კამათობდნენ. ალბათ, იქ მცხოვრებ ქართველებშიც აზიარებდნენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში გამოგზავნამ არ იმუშავა: ვერ/არ გამოაგზავნეს. ქართული განმანათლებლობა რუსულ არქივებში დაილექა და მხოლოდ მე20 საუკუნეში გახდა ცნობილი და ხელმისაწვდომი, როცა უკვე აღარავის სჭირდებოდა. ასე გაიჭედა ქართული განმანათლებლობა რუსეთის ერთი სოფლის გარემოში. მაგრამ ეს უკვე სხვა ტექსტის თემაა. დავბრუნდეთ გამოგზავნილის უპირობო გზავნილობასთან.

შუა საუკუნეებში მეორე პარადიგმაც არსებობდა: ადგილობრივი, რომელიც გაგზავნის ღირსი იყო, ისეთი რამ, რაც იმპლიციტურად ღირებული, გაგზავნილ-გზავნილი გახდებოდა სხვა მხარეებში. ყველა ცდილობდა, მათ შორის გამორჩეული ქართველი მეფეები, რომ ასეთი, გზავნილების/გაგზავნილების წარმოშობის ადგილები საქართველოში შეექმნათ: როგორც, მაგალითად, გორგასალის აბრეშუმის პლანტაციები, აღმაშენებელის - გელათი და იყალთო. არც ერეკლე IIს დაუკლია მცდელობა ადგლობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის. მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს რუსეთის კოლონიად ქცევამ კარგა ხნით გაგვაჩერა „გამოგზავნილი არის გზავნილის“ პარადიგმაში. მით უმეტეს, რომ რუსეთის იმპერია მთელი ძალებით უწყობდა ხელს, ყველაფერი გამოეგზავნა, რელიგიით დაწყებული, განათლებული ადამიანებით დამთავრებული, ისე, რომ ქართულ ყოველდღიურობაში ერთადერთ გამოგზავნის ადგილად რუსეთი ექცია. ყოველივე ამის შედეგად, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები და აშშ საკუთარი, „არაგამოგზავნილი გზავნილების“ პარადიგმაში გადავიდა, საქართველო მყარად ჩარჩა გამოგზავნილ/გზავნილის იდეოლოგიაში. ტყუილად არ ცდილობდნენ ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი და ნიკო ნიკოლაძე ადგილობრივი წარმოებისთვის შეეყოთ ხელი. მაგრამ, გამოგზავნილი, გარდა იმისა, რომ უფრო ადვილი იყო, შუა საუკუნეების ჯერ კიდევ მყარი პარადიგმულობით იყო გაჟღენთილი.

თანამედროვე სამყარო, დღევანდლობა ერთი შეხედვით დიდად არ განსხვავდება შუა საუკუნეების გამოგზავნილი/გზავნილის სამყაროდან: ლოჯისტიკა მნიშვნელოვანია, თანამედროვე სამყაროს მთავარი ნივთები ერთ ადგილას იქმნება და დედამიწის მეორე მხარეს იგზავნება. მაგრამ, ამ ახალ “გამოგზავნილობას“ მნიშვნელოვანი პირობა უძღვის წინ: ესაა გზავნილების ადგილობრივად შექმნის დრო, ეპოქა, როდესაც უმაღლესი ღირებულება ადგილებზე წარმოებულს ჰოქნდა: ევროპისთვის მე-19, წარმოების საუკუნე, რომელიც საქართველოს ჩაუვარდა და რომლის განმავლობაშიც ქართველებისთვის მთავარი გზავნილები ისევ გამოგზავნილად რჩებოდა.

სამწლიანმა დამოუკიდებლობამაც ვერ მოახერხა შუა საუკუნეების გადალახვა: მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა ძალიან ცდილობდა თვითმმართველობები (ადგილობრივი გზავნილების შექმნის მთავარი ადგილები) დაენერგა, ვერ მოასწრო ცხადად აეხსნა მოსახლეობისათვის, რომ მათი კერძო საკუთრებაც ამ იდეაზე იყო დამყარებული. მით უმტეს, რომ უფრო მეტი საუბარი საერო საკუთრებაზე და არა კერძო საკუთრების გარანტიებზე იყო. ვფიქრობ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, როდესაც ბოლშევიკების „მიწა ხალხს“ ქართველმა მენშევიკებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ვერც ოკუპანტების მიმართ აქტიური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვიეს.

სუსურუკუმ კიდევ უფრო გაამტკიცა „გამოგზავნილი არის გზავნილი“ს პარადიგმა. ყველაფრი გამოგზავნილად იმართებოდა და წესრიგდებოდა. ისინი, კი ვინც ცდილობდა რამე თავისით ეკეთებინა, გამოგზავნილი წესების გარეშე, უცბად ცხადდებოდნენ სახელმწიფო დამნაშავეებად და/ან სახალხო ქონების დამტაცებლებად.

თუმცა, სუსურუკუს დროს ბოლშევიკებმა სცადეს ადგილობრივად შემქნილი გზავნილის სუროგატის შექმნა - ქართული კულტურის აუტოქტონურობის იდეის სახით. ვფიქრობ, სწორედ ეს სიმულაციური წანაცვლება იყო მიზეზი, როდესაც როდესაც სტალინი სოჭში, აგარაკზე ქართველ ისტორიკოსებს ქართული ისტორიის განსაკუთრებულ აუთენტურობას უკვეთავდა.

რაღა ბევრი გავაგრძელო. საკუთარ გარემოში თუ მიმოვიხედავთ, აშკარად შევამჩნევთ გამოგზავნილის შუა საუკუნეების პარადიგმის უპირატესობას ადგილობრივ გზავნილების მიმართ. ყველაზე უფრო მეტად, გამოგზავნილის უპირატესობას ქვეყანაში თვითმმართველობის არარსებობა და იდეის მიუღებლობა მიუთითებს. თითქოს ყველას კი უნდა, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველას უნდა ის იყოს, ვინც რეგიონში გზავნილს გააგზავნის. აბა როგორ სხვანაირად?

საქართველოში უმრავლესობას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, ჰგონია, მაგალითად, რომ გამოგზავნილი ლექტორებითაა შესაძლებელი კარგი უმაღლესი განათლება. მაშინ, როდესაც კარგი უმაღლესი განათლება მხოლოდ ადგილობრივად შექმნილი გზავნილებით (წაიკითხე „კვლევებით“) ხდება. მაგრამ, შუა საუკუნეების პარადიგმა მძლავრობს. რას იზამ. უცხოური ინვესტიციების პოლიტიკურ გაფეტიშებაზე არაფერს ვამბობ.

თანამედროვე ქართველი მწერლებიც კარგად ხვდებიან ამ „გამოგზავნილობის“ ხიბლს და აუცილებლობას. აკა მორჩილაძის რომანების ღერძი გამოგზავნილობაა, წიგნის (კამა-სუტრა) თუ მანქანის (საბეჭდი დაზგა). აკა მორჩილაძე უფრო შორსაც წაჰყვა ამ გზას: უცხეთში წავიდა და იქიდან აგზავნიდა ტექსტებს, „გამოგზავნილი გზავნილის“ ქართული კულტურის ღერძის განსახორციელებლად. ზვიად რატიანი, საერთოდაც, პოტენციურმა "მკითხველებმა" აქციეს გამომგზავნელად.

არც ის არის უცნაური, მეოცე საუკუნის ქათული ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ წიგნს „დათა თუთაშხიას“, გამოგზავნილობას რომ აწერენ. არ აქვს მნიშვნელობა, მართალია, თუ არა. ყოველდღიურობის აღქმის შუა საუკუნეების კანონები მუშაობს.

და ასევე, მგონია, რომ ზოგი ტექსტი იწერება, როგორც გამოგზავნილი. ნახეთ ანა კალანდაძის „მაგნოლია“: თუ კარგა დააკვირდებით ტექსტს, ბათუმიდან მიმავალი, ბოლშევიკებისგან გაქცეული ადამიანის სიტყვებია, როგორ მიდის გემი და როგორ არის უკანასკნელი ხატი, რომელიც ემოგრანტის გონებაში რჩება, ზღვის პირას მდგომი ხე. აღქმის ეს პროცესი გამოგონილია, გამოგზავნილობის ელფერი აქვს: ის ვერაფრით ვერ იქნებოდა გასაბჭოების შემდეგ დაბადებული ანა კალანდაძის გამოცდილებაში.

და რა არ ხდება ჩვენს გარემოში ახლაც ამის მიხედვით? ამ კულტურის გამჭოლი პროცესის შედეგია, როდესაც გამოგზავნილი გზავნილის ადგილს იკავებს. და ეს ჩვენს ყოველდღიურობაში აშკარაა. საქმის გამოსწორებად საყოველთაოდ და გარდაუვლად - გამოგზავნილობაა მიჩნეული. ოღონდ ისეთი - აი, უცხოეთში რომ წავიდა და მერე გამოაგზავნა. ან თავისი თავი, ან ნაწერი. ვფიქრობ, ცხადია, რომ გზავნილში გამოგზავნილობაა მთავარი.

ის ამბავი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოგზავნილ ფულზე ცხოვრობს, ამ პარადიგმის ნაწილია, რომელიც ხან გამომდინარებს ამ პარად

იგმიდან, ხანაც თვითონ ასაზრდოებს ამ პარადიგმას. მით უმეტეს (არ გამოვა ეს მსჯელობა პოლიტიკური რეფერენციის გარეშე), თუკი ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის გარეთ წასვლის და იქ მუშაობის პირობების შემქნაზე, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ მიზანზე („ღირსეული სამუშაო ადგილები საზღვარგარეთ“).

ცხადია, ეს ფორმულა „გზავნილი არის გამოგზავნილი“ და „გზავნილში მთავარი გამოგზავნილობაა“, მეტაფორაა. მეტაფორაა, რომელიც, ვფიქრობ, ზუსტად აღწერს ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან მხარეს. ცხადია, შემეძლო გამერთულებინა ეს მეტაფორა „შენ მოგზავნილი ხომ არ ხარ?“ის, როგორც პარადიგმისადმი გაუცნობიერებელი, ყოველდღიურობაში დამარხული ანტიპატიის ანალიზით, მაგრამ, ეს არაა მთავარი. მთავარი შუა საუკუნეების გამოგზავნილი=გზავნილს თავის დაღწევაა.

გამოსავალი, ცხადია, გამოგზავნილზე უარის თქმაში არაა (მაგ. „საქართველო ქართველებისთვის“ და „რა უნდა აქ უცხოს“: მგონი აქ თითქოს გასაგები ხდება, ქართული მარში როგორ იკრებს მომხრეებს, პრინციპულად მოდერნიზაციის ლოზუნგით), არამედ, გამოგზავნილსა და გზავნილს შორის უპირობო, აუცილებელი და გადაუვალი ტოლობის გაუქმებაში. ეს გაუქმება კი ეკონომიკაში და პოლიტიკაში ითარგმნება თვითმმართველობის დიდ უფლებებში, მის არსებობაში „გაგზავნილის“ ადგილის შემცირებაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ისეთი ვითარებს შემქნაში, როდესაც გაგზავნილი/გამოგზავნილი მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება და არა გამოგონილი სტაბილურობის, გამოგონილი სიმშვიდის და გამოგონილი ხარისხის გარანტი.



363 views