Search
  • gigitevzad

გიგი თევზაძე. შუაში


„მართლაცდა, ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს...“

ილია ჭავჭავაძე „სარჩობელაზედ“.


ყველა შეგვაზანზარა ხადას ხეობის ამბავმა. გაივსო სოციალური ქსელები მრისხანე პოსტებით. ჯერ იყო და მცირე ეჭვი გაჩნდასავით, სპეცსამსახურების მოწყობილიაო, და ბოლოს, როდესაც სხვადასხვა ანალიზმა დაადგინა, რომ მართლაც მწყემსის ჩადენილია, აგორდა შერცხვენილ-გაბრაზებულ-დათრგუნულ ფრაზები. „ეგ იზამდა, აბა რა“, „შეხედეთ როგორც იყურება“, „სადისტი და პირუტყვი“ და ასე შემდეგ.


მართალია, ასეთი დანაშაული ყველგან ხდება. მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც. მაგრამ იქ, სადაც ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი სისტემა ზრუნავს, ეს ხდება ამ სისტემების საწინააღმდეგოდ. საქართველოში, სამწუხაროდ, ეს ქცევა, ეს დანაშაული, ამ სისტემებიდან გამომდინარეობს.

შევეცდები მოკლედ ავხსნა რატომ: დანაშაული, მით უმეტეს, აფექტური დანაშაული, რომელსაც არ აქვს გრძელვადიანი გამორჩენის, სარგებლის პერსპექტივა, სპონტანურად იგეგმება და ხდება. არავინ არ იბადება დამნაშავედ. არც ბოროტად. დამნაშავედ მას საზოგადოება აქცევს. ცხადია, შეუძლებელია ისეთი საზოგადოება, სადაც დანაშაული არ იარსებებს: ყოველთვის იარსებებს აღიარების სურვილი და ამ აღიარების მიღწევის მოკლე გზების ძებნა. მაგრამ ეს დანაშაული, რომელიც ხადას ხეობაში ჩაიდინა მწყემსმა, სხვაა:


ადამიანებს მეტ-ნაკლებად ერთნაირი ტვინი გვაქვს. ყველა ტვინს ამოძრავებს ერთი სქემა: ტვინი იღზგნება (სხვადასხვა გარეგანი თუ შინაგანი, ორგანიზმში მიდინარე პროცესებით) და შემდეგ, ტვინი ეძებს ამ აღგზნების ჩაქრობის გზებს. ჩვენს შორის განსხვავება, სწორედ ამ აღგზნების ჩაქრობის გზებშია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვსწავლობთ. სწორედ ეს არის ინდივიდებს, ოჯახებს და საზოგადოებებს შორის განსხვავება: ამ ტვინების განივთარების წესები, ანუ, როგორც უნდა ჩააქრო ტვინის აღგზნება, ყველა საზოგადოებას, და შესაბამისად, ამ საზოგადოებებში არსებულ ოჯახებსაც, სხვადასხვა აქვს.


განათლების და აღზრდის სისტემაც სხვა არაფერია, თუ არა იმ აკრძალვების, დაშვებების და მეთოდების ერთიანობა, რომელიც საშუალებას იძლევა, ყოველმა კონკრეტულმა ინდივიდმა, საკუთარი თავისთვის და გარემოსთვის ზიანის მაქსიმალურად მიუყენებლად, ჩააქროს ტვინის აღგზნება და მიაღწიოს სიხარულს, ბედნიერების განცდას.

ტვინის აღგზნება მით უფრო დიდია, რაც უფრო უახლოვდება მოზარდი ე.წ. „თინეიჯერობას“ და ე.წ. „გარდატეხის ასაკს“: უფორ ზუსტად, ეს ორი სიტყვა, სინამდვილეში, ტვინის მაქსიმალური აღგზების და „ჩამქრობების“ მაქსიმალურად ინტენსიური ძიების პერიოდია. ყველაფერია ჩართული ამ აღგზნებაში: სქესობრივი სიმწიფე, ერთ დროს, ბაშვობაში, ჩვეული „ჩამქობების“ (თამაში, მოფერება, ფიზიკური აქტიურობა..) ეფექტურობის შემცირება და ა.შ.


ამ დროს, იმ სახელმწიფოს და საზოგადოებას, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზეა ორიენტირებული, აქვს ინსტრუმეტები, როგორც ინსტიტუციური, ასევე, ინდივიდუალური, როგორ დაეხმაროს მოზარდს ამ რთული პერიოდის გადალახვაში: სპეციალური განათლების მქონე მასწავლებლებით, მოზარდთა დასაქმების და გართობის ცენტრებით, სოციალური მუშაკებით და ა.შ. შედეგიც, ცხადია არის: აგრესიულობა და სიხარულის, ბედნიერების განცდის დესტრუქციული გზით მიღების გზები მცირდება და ადგილს რაციონალურ, საზოგადოებივად და ინდივიდუალურად მისაღებ გზებს უთმობს. ამიტომმაც დავწერე ზევით, რომ იქ, სადაც საზოგადოება და სახელმწიფო ბავშვის განვითრებაზეა მიმართული, იქ „ხადას დანაშაული“ სისტემის საწინაამღდეგოდ ხდება. ასეთ სისტემებში მასწავლებელი, სკოლა, აღზრდის ინსტიტუტები, სკოლის საზოგადოების, მშობლების წინაშე არიან პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული, შესაბამისად, მათი მთავარი საზრუნავი, ინსტიტუციურად, კონკრეტული ბავშვია, რომლის განვითარებაც და ქცევაც არის ამ ინსტიტუტების წარმატების ინდიკატორი.


ახლა, რა ვითარებაა ჩვენთან: ინსტიტუციურად არც არავინ ზრუნავს ბავშვებზე: სკოლები და სხვა აღზრდის ინსტიტუციების სახელმწიფოს წინაშე აგენებ პასუხს. მათი პრობლემა ის კი არ არის, რა ემართება ბავშბვს, არამედ, ის, რომ სკოლის ტერიტორიაზე არ მოხდეს რამე უბედურება (მაგ. ხორავას ქუჩის საქმე). ჩვენი სისტემა ემსახურება არა ბავშვბის განვითარებას, არამედ, სკოლების დირექტორების და მასწავლებლების თვითგადარჩენას და სახელმწიფო სადამსჯელო მექანიზმებიდან დასხლტომას. არიან კარგი მასწავლებლები, რომლებიც ახერხებენ ორივეს: სადამსჯელო სისტემისათვის თავის არიდებასაც და ბავშვებზე ზრუნვასაც, მაგრამ ეს პიროვნული რესურსების იმხელა ხარჯვას მოითხოვს, რომ ვერავის ვერ მოსთხოვ.


დარწმუნეული ვარ, იმ სისტემაში, სადაც სკოლის განვითარება ბავშვზეა მიმართული, და სკოლა სკოლის საზოგადოებას ეკუთვნის, ხადას დანაშაული არ მოხდებოდა: რატომ? იმიტომ, რომ ბავშვზე და სკოლის საზოგადოებაზე ორიენტირებული მასწავლებლები ადრევე შეამჩნევდნენ პრობლემებს, შეეცდებოდნენ ესწავლებინათ ბავშვისათვის, რა უნდა უქნას საკუთარ აღგზებულ ტვინს, როგორც მოძებნოს აღზნების ჩაქრობის გზები. სწორედ ამ სისტემის არარსებობამ მიიყვანა მწყემსი დანაშაულამდე. ამიტომაცაა, ამ სისტემის არარსებობოს გამო ხდება ჩვენს ქვეყნაში უამრავი დიდი თუ მცირე დანაშაული, რომელსაც ახალგაზრდები სჩადიან. სწორედ იმიტომ, რომ მათ არავინ ასწავლა, რა უნდა მოუხერხონ, როგორ, რა გზებით უნდა ჩააქრონ ცეცხლი, რომელიც თავში აქვთ, ისე, რომ საკუთარი და გარემოს დესტრუქცია არ გამოიწვიონ. ამიტომაც იწვევს ჩვენი სისტემა ასეთ დანაშაულებებს. გასაკვირი არაფერია. დასაფიქრებელია.


ჩვენი სკოლები კი, რომლებიც მინისტრების და პრემიერ-მინისტრების წინაშე არიან პასუხისმგებლები, ახალგაზრდებს ტვინის განვითარების უნიფიცირებულ მეთოდებს სთავაზობენ, რომლებიც არ მუშაობს და ვერც იმუშავებს თანამედროვე მრავალფეროვან სამყაროში: თუ გაგიმართლა და იპოვე შენთვის და შენი ტვინისთვის მასაღები გზა, ხომ კარგი. თუ არა და - შენს წინაშეა დიდი და მცირე დანაშაულებების დესტრუქცული და მიმზიდველი სამყარო.


აი, სულ ეს არის. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც აწარმოებს ისეთ საგანმანათლებლო-აღმზრდელობით სისტემას, საიდდანაც ხადას და ხორავას დანაშაული გამომდინარეობს. ჰოდა, სწორედაც რომ შუაში ვართ.


971 views