Search
  • gigitevzad

თამაზ გაბისონია. უმრავლესობა, როგორც უმცირესობა

დიახ, სწორად მიმიხვდით: საუბარს ვაპირებ ადამიანთა ისეთ სიმრავლეზე, რომელიც რაოდენობით სხვებს აღემატება, მაგრამ თავისი დაკნინებული მდგომარეობით უმცირესობად აღიქმება.


გეხსომებათ ზოგიერთებს, საბჭოეთის რღვევისწინა პერიოდში ჩატარებული ყრილობებისას დიდ როლს თამაშობდა „აგრესიულად ჩუმი უმრავლესობა“, რომელთაც ტრიბუნასთან გამოსვლა და მსჯელობა არ შეეძლოთ, მაგრამ მორჩილად აძლევდნენ ხმას რეტროგრადულ მოწოდებებს.


ისინი კი, ვისზეც საუბარს ვაპირებ, შეიძლება ითქვას, უბრალოდ, „ჩუმი უმრავლესობაა“; თუმცა არა თავისი ნებით გაჩუმებულნი, არამედ - ზეწოლის შედეგად.


მოდი, ცოტას კიდევ დაგძაბავთ და ამ ფენომენს ასე განვმარტავ: ჩვენი საზოგადოებიდან გამოიყოფა ერთი ჯგუფი, რომელიც, სიმრავლის მიუხედავად, საზოგადოებისა და მმართველობითი სუბიექტების მხრიდან ბულინგის მსხვერპლია. ვერც ბედავენ საჯაროდ, ხმამაღლა განაცხადონ, თუ რატომ არიან ასეთები. ამიტომ მათ პიროვნულად გამოკვეთილი წარმომადგენელიც არ ჰყავთ, დაქსაქსულები არიან. მათ ჩააგონეს, რომ რაღაც ცუდს აკეთებენ. მაგრამ რატომაა ეს „ცუდი“ სრულ თანხვედრაში საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებთან?


აღარ გაგაწვალებთ: ესენი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე.

და ესაა ხალხი, ვისი არჩევნებზე წაუსვლელობის მოტივაციითაც არავინ ინტერესდება. ეს „უბირი ხალხია“. არ არსებობს რამდენადმე სერიოზული, მიზანმიმართული კვლევა იმ თემაზე, თუ ვინ და რატომ არ მიდის არჩევნებზე. თან ეს ხალხი ნებისმიერი პარტიის ამომრჩევლებზე მრავალრიცხოვანია.


არ გინდათ ახლა ეს გაზეპირებული „მოქალაქეობრივი ვალი“ და „ცუდ მთავრობას ირჩევენ კარგი მოქალაქეები, რომლებიც არ...“ და ა.შ. ქუჩაში რომ გამოდიხართ და გაჰყვირით - “ძირს სისტემაო!“ ამავე ცუდი სისტემის არჩევნებში მონაწილეობაზე პრობლემა არ გაქვთ? და როგორ შეცვლით ცუდ საარჩევნო სისტემას, თუ ყოველ ჯერზე თავს დაღუნავთ და წაპილიგრიმდებით საარჩევნო ყუთისკენ? როდემდე უნდა აჩუმოთ თქვენი სინდისი, რომელიც გკარნახობთ, რომ რაღაც უსამართლო პროცედურაში იღებთ მონაწილეობას?


საარჩევნო სისტემა რომ ჩვენში ვერაა წესრიგში, ამაზე ყველა თანხმდება. მაგრამ მოდით, მაინც ჩამოგითვლით იმ მიზეზებს, რის გამოც პირადად მე ღირსების შელახვად მიმაჩნია ამ არჩევნებზე წასვლა (მეც ამ უმრავლესობის წევრი ვარ, როგორც მიმიხვდით. J ):

· მაშ ასე: მე მაქვს კონსტიტუციური უფლება, არ მივიღო მონაწილეობა არჩევნებში (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 24. 1.), არადა, ამ მიმართებით განვიცდი ზეწოლას სახელმწიფო სტრუქტურებიდან და მედიიდან, რაც აკრძალულია (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3. დ.ბ - „აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე“.). ზოგი პარლამენტარი რომ არჩევნებზე მისვლის ვალდებულებით გვემუქრება, ზეწოლად ასეთ ინიციატივას არ ვგულისხმობ, ეს კიდევ უარესია - იძულებაა.


შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როდესაც მარწმუნებენ, თითქოს არჩევნებზე არწასვლა მოქალაქეობრივი პოზიციის არქონას ნიშნავს. როდის აქეთაა ბოიკოტი არამოქალაქეობრივი პოზიცია? პარლამენტში ხალხის მიერ წარგზავნილი დეპუტატები რომ პროტესტის გამო აცდენენ სხდომებს, ეგ რაღაა მაშინ?


იქნებ პირიქით, ბოიკოტი უფრო მოქალაქეობრივი საქციელია, როდესაც მიგაჩნია, რომ არაკეთილსინდისიერ თამაშში მონაწილეობას გთავაზობენ?


და, საერთოდ, საზოგადოება მოწადინებულიც კი უნდა იყოს, ჩამოყალიბდეს მკაფიო პოზიცია, რომელიც უსამართლო არჩევნების შეგნებულ ბოიკოტს დააფიქსირებს. ასეთი აქტივობის გარეშე პოლიტიკური ელიტა არჩევნებს არასდროს მოარგებს ხალხის ინტერესებს, და ეს უკანასკნელიც ყოველთვის უპრობლემოდ „ჩალაგდება“ სხვადასხვა საარჩევნო „ყალიბებში“.


· მაღიზიანებს არჩევნებზე არმიმსვლელთა დამუნათება, თითქოსდა მათი პროტესტის გამო შეიძლება, უარესმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.


არჩევნები მაშინაა ლეგიტიმური, როდესაც ამომრჩეველი აკეთებს თავის სინდისიერ არჩევანს და არა - იძულებითს: „ეს შემოვხაზო, რომ ის არ გავიდეს“. არჩევნები მოსახლეობის რეალურ შეფასებას უნდა ასახავდეს და ამას თავად მოსახლეობაც უნდა აცნობიერებდეს. სწორედ ესაა სამოქალაქო ცნობიერება.


ამ მიდგომასთან შედარებით იქ ვიღაც „ცოტათი უკეთესი“ ან „ნაკლებად უარესი“ კანდიდატის „სწორად“ გამოცნობა და მისთვის ერთი ხმის შეწევნა მეორადი მნიშვნელობისაა.


· შევთანხმდეთ, რომ პარტიათა საარჩევნო პროგრამები და დაპირებები დღეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკებია, რომელზეც შესაბამისი სპეციალისტები ოფიციალურად მუშაობენ; არც საარჩევნო კომისია და არც რომელიმე სახელმწიფო ორგანო არ აკონტროლებს (პირიქით, აჩუმათებს) იმ გარემოებას, რომ კანდიდატები იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომლებსაც მათი გამარჯვების შემთხვევაში ვერ აასრულებენ - მაგალითად, პარლამენტარის მოვალეობა კანონების მიღებაა და არა - მის საარჩევნო უბანში გაზის გაყვანა.


· სამთავრობო გუნდს ნებისმიერ არჩევნებში აშკარა საწყისი „ფორა“ აქვს: არჩევნების წინა დღეებისთვის მოტოვებული „ქველი საქმეები“; საარჩევნო კამპანიისათვის სხვებზე გარანტირებულად მეტი თანხის მობილიზება; მედიასაშუალებების მეტი სივრცის გამოყენება (ბენეფიტების შეპირებით) და ა.შ. აქვე ვახსენოთ პარტიების „კვალიფიციურად“ და „არაკვალიფიციურად“ დაყოფის უსამართლობაც.


· ასევე, სამთავრობო გუნდი თავად აღიარებს (სიჩუმე თანხმობის ნიშანია), რომ მაჟორიტარული სისტემა სამთავრობო პოზიციისთვისაა უფრო მომგებიანი, ვიდრე ოპოზიციისათვის. „რა ვქნა, ასეთი ფორის გამოუყენებლობას ვერ შეგპირდებით“ - აი, ამ თემაზე მმართველი პარტიის მესიჯი.


· ამასთან, ოფიციალურადაა დაშვებული ბიზნესმენთა მიერ სასურველი კანდიდატის საარჩევნო კამპანიისადმი დიდი თანხის შეწირვა. რაში ჭირდება ბიზნესმენს ვიღაცის მხარდაჭერა პარლამენტში, თუ სარგებელი არ ექნება? თუ ფულის ყადრი არ იცის? ფაქტია, რომ ეს კეთილგანწყობის და „ინდულგენციის“ ყიდვაა. ეს ყველამ უწყის, მაგრამ ამ პრაქტიკის შეზღუდვას არავინ ცდილობს.


· პარტიული სიის წევრებს ხალხი არ იცნობს და ენდობა ამ სიის ლიდერ 3-4 პირს. ამ უკანასკნელთათვის კი მომავალი თანაგუნდელი ერთგულების ნიშნით უფრო შეირჩევა, ვიდრე - პროფესიონალიზმით;


· არსებულ საარჩევნო სისტემაში წარმატების მიზეზი კანდიდატის ცნობადობა (სპორტსმენი, მუსიკოსი, მსახიობი, ჟურნალისტი, ბიზნესმენი და ა.შ.) უფროა, ვიდრე - კომპეტენცია. პარლამენტარობა ამ საპატიო მოქალაქეებისათვის, ფაქტობრივად კომფორტული პენსიაა.


· საარჩევნო კამპანიისათვის, რომელიც რატომღაც განსაკუთრებული დროის მონაკვეთით აღინიშნება (თითქოსდა სულ პარტიათა ძიძგილაობას არ ვადევნებდეთ თვალს), გარდა შემოწირულობებისა, გამოიყოფა უაზროდ დიდი თანხა - ათეულ მილიონობით.


· საარჩევნო სარეკლამო კამპანია ნებისმიერ სხვა რეკლამაზე უტიფარი და არარეალურია, რადგან მისი რეკლამირებული პროდუქტი მომხარებელს ხელთ არ აქვს. სიმართლესთან მის სიახლოვეს ვერავინ აკონტროლებს. ისევე როგორც - „პოლიტიკურ განაცხადს“, რა ჟანრშიც ნებისმიერი ცილისწამება გაგივა.


· დღევანდელი საპარლამენტო ან სხვა არჩევნები არა კვალიფიციური პიროვნებების, არამედ - პოლიტიკური პარტიების დიქტატით წარიმართება. არადა ეს პარტიები ხალხში ისედაისევ პიროვნული შემადგენლობით იზომება. პარტიების იდეოლოგიისა და მოწყობის შესახებ ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს;


· პარტიული დიქტატი გრძელდება საპარლამენტო ცხოვრებაშიც. პიროვნება შეზღუდულია სინდისის სრული თავისუფლებით მისცეს ან არ მისცეს ხმა რაიმე წინადადებას. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პარტიის პოზიცია;


· პარტიის დიქტატი გრძელდება მთავრობის არჩევისას. თითქოს ერთ, წამყვან პარტიაში იყრიან თავს საუკეთესო სპეციალისტები. ეს ხომ სისულელეა! და საერთოდ - რატომაც არ უნდა ირჩევდეს ხალხი მთავრობას და არა - პარლამენტს, სადაც ძირითადად იურიდიული განათლების ხალხია საჭირო? მათი პირდაპირი მოვალეობა ხომ კანონების შემუშავებაა? არადა, ახლანდელ პარლამენტში მხოლოდ ერთი მესამედია იურიდიული განათლებით.


· და საერთოდ, პრინციპი - ერთი პიროვნება - ერთი ხმა - უსამართლოა. კვალიფიციურ ამომრჩეველს ერთზე მეტი ხმა უნდა ჰქონდეს. ამის მიღწევა შესაძლებელია (ისევე, როგორც - კვალიფიციური კანდიდატისა - პროფესიისა და გამოცდილების მიხედვით), თუმცა ცხადია, - დღეს არა. ასეა თუ ისე, გლობალური ხედვით, ესეც არჩევნების ხარვეზია.


ფიქრობთ, ამ მრუდე წუთისუფლის უეცრად გასწორებას გთავაზობთ? არა, რათქმა უნდა. მთავარია, პარტიათა ეს დიქტატი თანდათან შესუსტდეს - ისევ საარჩევნო სისტემის მოწესრიგებით. კოლექტიური მეცნიერული კვლევა უნდა წარმოებდეს ამ თემაზე. მაგრამ ფიქრობს კი ვინმე, რომ რამე შეცვალოს? კი? 100-50% სისტემა 125-35% სისტემის წინააღმდეგ? გამოვიყვანოთ საშუალო არითმეტიკული - 118-32 და წავედით სახლში.

და კიდევ: მარტო მე ამომივიდა ყელში ეს ურთიერთსიძულვილი და ვირეშმაკობა ჩვენს თვალებში გახირული ამ ტიპებისა? არ მოგბეზრდათ მათი ცქერა და მოსმენა? არ გინდათ ხოლმე ზურგი აქციოთ მათ?


ნუ წახვალ არჩევნებზე, თუ ეს არ გინდა! ნუ აიღებ შენს თავზე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელზეც გული გეთანაღრება! გაემიჯნე იმ ბოღმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ველზე იფრქვევა სხვადასხვა მხრიდან! ნუ მიიღებ მონაწილეობას არასწორი სისტემის ფუნქციონირებაში! ეს საკუთარი ღირსებისა და სამშობლოს წინაშე შენგან უფრო მართებული და მოქალაქეობრივი ქმედება იქნება, ვიდრე - ერთი ვითომდა გაყალბებული ბიულეტენი.


დიახ, მტკივნეულად უნდა აგრძნობინო ზემდგომებს, რომ უკმაყოფილო ხარ საარჩევნო სისტემით და არა - მთავრობის კონკრეტული შემადგენლობით (რომელიც იცვლება, მაგრამ არ იცვლება). და ამ სისტემის შეცვლა სწორედ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებით, ბოიკოტითაა შესაძლებელი. სხვაგვარად არაფერი შეიცვლება!

თამაზ გაბისონია

04.06.2020

593181000



0 views