top of page
Writer's pictureNini Chachia

ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ...


- ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ... უკვე გვიანია, დახუჭე ეხლა თვალები და დაიძინე ჩემო სიხარულო...

- დედა... ბედნიერება რა არის? შენ ბედნიერი ხარ? დიდხანს რამდენია? სულ? სულ ცხოვრობდენენ? .....

- შენ ხარ ჩემი ბედნიერება. ბედნიერება არის ცხოვრების არსი, ენერგია რომელიც ჩვენს სიცოცხლეს მეტ ძალას, თავდაჯერებულობას და მნიშვნელობას ანიჭებს.... ეხლა დაიძინე ჩემო ბედნიერებავ....

- დე... დე... მე ბედნიერი ვარ???? როგორ გავიგო ბედნიერი ვარ თუ არა? თუ ბედნიერი ვარ დიდხანს ვიცოცხლებ?

- ხო ჩემო პატარავ, შენ ბედნიერი იქნები და დიდხანს იცოცხლებ... ეხლა კი ძილის დროა...

თვალები დახუჭა, გაიღიმა და გვერდზე გადატრიალდა... მე ცოტა ხანი მდუმარედ ვუყურებდი ჩემს უგემრიელეს, უტკბილეს პატარა არსებას და თავში უამრავი შეკითხვა მიტრიალებდა.... ფეხაკრეფით გამოვედი ოთახიდან, სადაც ჩემს პატარა ანგელოზს ეძინა... ჩამოვჯექი სავარძელზე და დავიწყე ფიქრი...

ეს საოცარი პატარა არსებები თავიანთი თითქოსდა მარტივი შეკითხვებით სრულიად აყირავებენ ჩვენს სამყაროს. ამ საღამოს სწორედ ასე ამომიყირავდა ჩემი თითქოს და დალაგებული ცხოვრება; შეკითხვა - დე... დე... მე ბედნიერი ვარ? როგორ გავიგო ბედნიერი ვარ თუ არა? - არ მასვენებდა... პასუხი თითქოს მარტივი უნდა ყოფილიყო, თუმცა...

ცხადია ყველა მშობელს თავისი შვილისათვის საუკეთესო უნდა. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რა არის საუკეთესო ჩვენი შვილებისათვის; მუდმივად ვგეგმავთ რა უნდა ისწავლონ, სად წავიდნენ, რას გაეცნონ, რა წიგნები წაიკითხონ, და საკვები მიიღონ და ა.შ.

ჩემი შვილი ბედნიერია? - ეს შეკითხვა იმ დღიდან ჩემი მუდმივი თავისტკივილი გახდა და მას შემდეგ ცხოვრებაც ბევრად უფრო რთული მეჩვენებოდა;

დავიწყე ბედნიერების ფორმულის ძიება.

მე ბედნიერი ვარ. რა მაძლევს ბედნიერების შეგრძნებას? ალბათ ის, რომ წარმატების შეგრძნება მაქვს მუდმივად, ის, რომ ვიცი ბევრჯერ დავეცემი და ბევრჯერ ავდგები, ის, რომ დილას თვალებს გავახელ თუ არა, საყვარელ ადამიანს ვხედავ, ბავშვების ბუზღუნი სკოლასთან დაკავშირებით და დილის მხიარული შაყირები, საყვარელი საქმე, სადაც არა მხოლოდ რეალიზების შეგრძნება მაქვს, არამედ მუდმივად ზრდისაც,; ბავშვების მხიარული და ხალისიანი თვალები, სახლში ჭიდაობები, საინტერესო საქმეები, წარმატებული პროექტები, გამარჯვებულის შეგრძნება, რომელიც ნიკოლოზთან ერთად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ჩვენ ხომ სიკვდილი რამდენიმეჯერ დავამარცეთ და მისი აღარ გვეშინია, მოგზაურობები, მეგობრები..

აი დავიწყე ჩამოთვლა და მივხვდი, ეს ყველაფერი ჩემი ბედნირებაა; ყველას, ხომ თავისი ბედნიერების ფორმულა აქვს. და მაშინ რა არის ჩემი შვილის ბედნიერება? ამ შეკითხვამ ისე შემაწუხა, რომ ყველას - მეგობრებს, ნაცნობებს, საქმიან პარტნიორებს. ვეკითხებოდი იცოდნენ თუ არა რა იყო მათი შვილის ბედნიერება და რაც უფრო მეტ პასუხს ვიღებდი, მით უფრო აბსურდულად მეჩვენებოდა ჩვენი წარმოდგენები ჩვენი შვილების ბედნიერებაზე.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ფაქტობრივად კარგი მეზღაპრე ან მწერლები შეიძლება ვუწოდოთ ჩვენს თავს ამ როლში. ისიც აღმოვაჩნე, რომ ძალიან ცოტას თუ უსაუბრია თავის შვილთან თუ რა აბედნიერებს, რა ახარებს, როგორს ხედავს სამყაროს და ა.შ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ შვილები პატარები არიან და ჩვენ უკეთესად ვიცით ყველაფერი, თუნდაც ის თუ რა უნდა გაუხარდეთ, რა საკვები მოსწონდეთ, რა ფილმი თუ მლტფილმი ნახონ... ვინ უნდა გამოვიდნენ... რომელი საგანი უკეთ გამოსდით... და ა.შ. ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით მათთვის რა არის კარგი.

ჩვენ, ანუ მშობლებს, ამ როლში ერთგვარად ღმერთების როლები მოგვირგია. თითქოსდა სამართლიანად, ბავშები ხომ ჩვენი ქმნილებები არიან; და სწორედ ღმერთების როლიდან ვგეგმავთ ჩვენი შვილების მომავალს. თუმცა ამ როლში მთავარი რამ გვავიწყდება. მაშინაც კი როდესაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, მან ვაშლის ხის სახით არჩვევანის გაკეთების საშუალებაც მისცა ადამიანებს.

რა არჩევანს ვაძლევთ ჩვენ ჩვენს შვილებს? აი ალბათ ერთ-ერთი მნიშნელოვანი შეკითხვა, რომელიც ჩვენს თავს უნდა დავუსვათ მანამ სანამ ზღაპრის დასასრულს მივუახლოვდებით და ვიტყვით - ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ....

ბედნიერების ალგორითმის ძიების პროცესში, რამოდენიმე კარგი შეკითხვა ვიპოვე, რაც ჩემი შვილის ბედნიერების ფორმულის პოვნაში მეხმარება.... ეს შეკითხვები, ფაქტობრივად ზღაპარში რომ მინიშნებებია იმას ჰგავს: რომელიც მუდმივად რაღაც გადაწყეტილების გაკეთებას მოითხოვს მთავარი პერსონაჟისაგან და არა მწერლისაგან J, აი ისეთს მარჯვნივ წახვალ თუ მარცხნივ.... სარკეს გადააგდებ თუ სავარცხელს... მთავარი ჯადოქრობა კი ამ პროცესში ის არის, რომ მე მხოლოდ ვეკითხები და არ ვპასუხობ, პასუხებს ჩემი შვილები ეძებენ, თუკი პასუხის გაცემა უჭირთ, მაშინ ერთად ვმსჯელობთ, თუმცა საბოლოო დასტურს თავიანთი ბედნიერების ფორმულის შესახებ ისინი იძლევიან.....

- დე... მე ბედნიერი ვარ?

- ჩემო ანგელოზო, როდის ხარ ბედნიერი? რა გაბედნიერებს? როგორია ბედნიერი ნიკოლოზი? რა შეგიძლია გააკეთო რომ იყო ბედნიერი? ვინ არის ნიკოლოზი? როგორია ნიკოლოზი შვილის როლში? ძმის როლში? მეგობრის? მტრის? ზარმაცის? წარმატებულის და ა.შ. როგორია ნიკოლოზი თუნდაც 10 წლის შემდეგ? რას აკეთებს? რატომ აკეთებს? ვისთან ერთად არის? როგორ მიაღწია ამ წარმატებას? და ა.შ.

ბევრი ფიქრისა და ექსპერიმენტების შემდეგ მივხვდი, რომ შვილის წარმატების ფორმულა და არა მარტო შვილის, არამედ ნებიემიერი სხვა ადამიანის, მხოლოდ მასშია:ის მოძებნის ამ ფორმულას, თუკი ვეცდებით და გამოვალთ ღმერთების როლიდან და მხოლოდ ხელშემწყობი გარემოს როლს შევასრულებთ. ამით ჩვენი ბედნიერების სივრცეც უფრო გამდიდრდება და ბავშვებიც დაიწყებენ თავიანთი ბედნიერების ფორმულის აგებას.

მე ხომ ყველაზე კარგი შვილი მყავს და მინდა რომ ბედნიერი, წარმატებული იყოს... რას ვაკეთებ ამისათვის?

- ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ... უკვე გვიანია, დახუჭე ეხლა თავლები და დაიძინე ჩემო სიხარულო...

- დედა... შენ ბედნიერი ხარ?

- ხო ჩემო პატარავ, მე ბედნიეერი ვარ და შენ კი ჩემი ბედნიერება ხარ.

- დე... დე... მეც ბედნიერი ვარ .... ღამე მშვიდობის.

312 views

Comments


bottom of page