top of page
Writer's pictureNini Chachia

ნიკოლოზ კაჭახიძე: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხილვა



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს კრიტიკული აზროვნების სკოლის პოზიციას.


მოცემულ ტექსტში შევეცდები „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“-ს (შემდგომში - „განათლების სამინისტრო“) მიერ მომზადებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის კრიტიკულ ანალიზს.


თავდაპირველად უმჯობესია თუ ზემოთხსენებული განცხადების ტექსტს დავყოფთ ძირითად აზრებად და შემდგომ მათ არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ კორელაციურადაც შევაფასებთ.



სანამ უშუალოდ ანალიზის ეტაპზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რომ ყოველი სახელმწიფოს განათლების სისტემა აგებულია გარკვეული ღირებულებების ქვესისტემაზე, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ამა თუ იმ მოდელის გამართულ ფუნქციონირებას მოცემული, კონკრეტული გეოგრაფიული არეალის პირობებში. შესაბამისად, ზემოთხსენებული პროექტის მიხედვით, მსგავსი ღირებულებები საქართველოს განათლების სექტორსაც უნდა განვუსაზღვროთ. თუმცა, საინტერესოა ისიც თუ რა ფორმით და როგორ უნდა გადმოვცეთ ეროვნული ინტერესები ისეთ ეთნიკურად და იდეოლოგიურად დივერსიფიცირებულ სფეროში, როგორიც განათლებაა.

პირველრიგში, გაუგებარია თუ რა იგულისხმება პროექტში მოხსენიებულ ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაში, რამეთუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ფაქტობრივ, ხელშესახებ საგანს და რთულია მისი მატერიალიზაცია, რაც კიდევ უფრო აბრკოლებს ამ ღირებულებისადმი ნდობისა და ერთგულების ზრდის შესაძლებლობასაც კი. ზოგადად, არამართებულია ისეთი მნიშვნელოვანი სისტემის, როგორიც განათლებაა მიბმა ისეთ სურეალისტურ თუ გაუზომავ მცნებებსა და გრძნობებზე, რომლებიც ყველა ინდივიდისთვის სხვადასხვა დატვირთვას ატარებს.


პროექტში ნახსენებია შემდეგი სიტყვათშეთანხმებაც - ქართული ტრადიცია. ზოგადად, ტექსტი მიზნად ისახავს „ქართველური ღირებულებების“ პოპულარიზაციას, რაც არსებული სისტემით შეზღუდავს საქართველოს მოქალაქე, თუმცა ეთნიკურად არაქართველი ინდივიდების განვითარების პოტენციალსაც. თუმცა, ამასთან ერთად განსასაზღვრია ისიც თუ ობიექტურად რას წარმოადგენს ქართული ღირებულებები (ესეც იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ რომ ობიექტური რეალობა უტყუარია). სწავლულთა აზრით, თანამედროვე ქართველი XIX საუკუნის მეორე ნახევარში იწყებს ჩამოყალიბებს (თერგდალეულების ეპოქაში). თუმცა, როდესაც საზოგადოებისადმი ისმევა კითხვა თუ რა გამოარჩევს ქართველს უცხოელისგან, პასუხები კვლავ „უძველეს ქართველურ“ ღირებულებებსა და ტრადიციებზე მიგვითითებს, რომლებიც მუდმივად განივთარებადი სოციალური ურთიერთობების პირობებში აღარ წარმოადგენს აღწერითი ინფორმაციის გარდა სხვა სახის ღირებულებას. შესაბამისად, ნაკლებად გონივრულია ისეთი მცნებების იდეალიზაცია, რომელთა განმარტება უნივერსალურთან მიახლოებულიც არა და მნიშვნელოვნად სცდება თანამედროვეობას.



მსგავსი ტოტალიტარულად განმსაზღვრელი განათლების პოლიტიკის გატარებისას ლოგიკურიცაა, რომ გლობალიზაციის პირობებში, იმ ინტელექტუალური მარაგის მქონე ინდივიდები, რომლებიც საქართველოში ჩნდებიან კვლავ ტოვებენ სახელმწიფოს საზღვრებს და ისეთი გარემოსკენ იღრწვიან, რომელიც არ ცდილობს მათ კონკრეტულ აზროვნების ყუთში გამოკეტვას. ასეთი სახელმწიფოები კი (მაგალითად: ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, იაპონია და სხვა) ფლობენ იმ ღირებულებათა სისტემას, რომელიც ცხადი და ავთენტურია მათი ბენეფიციართათვის და არ წაროადგენს პლატნოსიერული გრძნობების ემპირისტულ ეპისტომოლოგიაზე გამარჯვების მთავარ წინაპირობას.



პროექტის ერთ-ერთი მიზანია აღიზარდონ მოქალაქეები, რომლებიც პიროვნული განვითარების პირობებში უპირობო პატივისცემას გამოხატავენ ოჯახის ინსტიტუტისადმი. ბუნდოვანია თუ როგორ შეიძლება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული განათლების სისტემის აგება, როდესაც უმეტესწილად ქართული ოჯახი, როგორც ინსტიტუტი პატივს არ სცემს მისი წევრების (ძირითადად ახალგაზრდების) პიროვნულ განვითარებას, რამეთუ სწორედ ეს ინსტიტუტი ეტრფის ანტი-ტექნოლოგიურ სწავლებებს და ეფუძნება ისეთ გავრცელებულ სტერეოტიპებს, რომლებიც ისევ და ისევ განათლების სიდუხჭირითაა გამოწვეული.



საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში პლატონისეური „ანტი-ტექნლოგიური“ აზროვნების ადგილი ნაკლებად მოიძებნება, რადგან ეს უკანასკნელი სიცოცხლის, როგორც სოციალური, განვითარებადი პროცესის არაეფექტურობას გამოიწვევს.


არასწორია ისეთი რომანტიკული იდეებისადმი თუ ნოსტალგიური განწყობებისადმი განათლების ახალი სისტემის დაქვემდებარება, რომელიც გამორიცხავს ახალგაზრდების ემპირისტული უნარების განვითარებას, ანუ მათ წარმატებულ სოციალურ არსებებად ქმნადობას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს, როდესაც ვაანალიზებთ, რომ საზოგადოებები ისედაც ობიექტური რეალობის დეფიციტის პირობებში თანაარსებობენ. შესაბამისად, შეუცნობლის განსაზღვრის მისიის ვინმესადმი ძალით მინიჭება გაუმართლებელია და პირდაპირ უპირისპირდება ამ ინდივიდის თავისუფლებას.



მსგავსი მეთოდიკით განათლების სისტემის განვითარება კიდევ უფრო ხელს შეუწყოს „ფილოსოფოსი და მეცნიერი ტაქსისტების“ გამრავლებას (ამით ნამდვილად არ განვიზრახავ ამ პროფესიის ადამიანების შეურაცხყოფას), რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს სოციალურ ფონს.


და მაინც, თუ მართულისა და მმართველის საბოლოო მიზანს შეუცნობლის შეცნობა წარმოადგენს, იქნებ ამას ტექნოლოგიური, პითაგორიანელური განვითარების შედეგად მაინც მივაღწიოთ. თუ კაცობრიოს არსებობის უმნიშვნელოვანესი საუკუნეების განმავლობაში პლატონისეური იდეალების შეცნობის მცდელობებმა კრახი განიცადეს, იქნებ ამ უკანასკნელისთვის სხვა გზაც ვეძიოთ. შესაბამისად, შესაძლებელია არ შეიცვალოს განათლების მიზანი, შეუცნობლის შეცნობა, თუმცა უნდა შეიცვალოს ამ უკანასკნელის მიღწევის გზა, რამეთუ იგი თანამედროვეობის შეუსაბამოა. გარემოს გამრავალფეროვნებამ, რომელიც ემპირიული აზროვნების, ქმედების პროდუქტია, შესაძლოა ადამიანებს აპოვნინოს კიდევაც ის ცოდნა, რომელსაც ისინი გარემოში, ასტრალურ პირობებში და არა საკუთარ თავში ეძებენ. რადგან თუ სამყარო უსასრულოა, მისი პლატონისეური შეცნობაც დაუსრულებელი იქნება.


ბლოგის ავტორი: ნიკოლოზ კაჭახიძე

კავკასიის უნივერსიტეტის (CU) სტუდენტი



bottom of page