ამბობენ, ადამიანი რომ იბადება, გენეტიკურ კოდში დაჰყვება სამშობლოს სიყვარულიო. ეს ხომ ის გრძნობაა, რომელიც ადამიანს მუდმივად თან სდევს და ვერაფრით იხსნება ის მიზეზები, რატომ გიყვარს შენი ქვეყანა. თურმე ამ სიყვარულშიც ყოფილა გამონაკლისები.
დღეს მინდა ქოცობაზე, როგორც მოვლენაზე ვილაპარაკო. ეს ტექსტი არ ეხება არც პარტიას და არც პოლიტიკურ ჯგუფს. დიდი ხანია, ქოცობა გასცდა ვიწრო პარტიულ ჯგუფს და ფართო მნიშვნელობა მიიღო. ქოცობა ერთგვარი იდეოლოგიაცაა, რომელიც გიბიძგებს უარყო ყველა ღირებულება და ჩაიძირო სინდისის გარეშე დარჩენილთა ჭაობში. რაც მთავარია, ამას აკეთებ ამაყად, თავაწეული და არც შებლზე პატარა ძარღვი გაიძულებს, შეიშმუშნო. მარტივად იმიტომ, რომ ქოცობის მიღებისთანავე ეს ძარღვი ქრება შენი ანატომიიდან.
ქოცისთვის ფასეულობათა სისტემა სრულად განსხვავრბულია ადამიანთა მოდგმისაგან. მისი იდეალი არის "პატრონი" რომლის ხელიც "მწიფეა". ის, მისი ხელმწიფეა და როგორც ყველა ხელმწიფე მუდამ მართალია. ქოცი სულ ცდილობს აამოს ხელმწიფეს და მიართვას შარბათი ძღვენად, ხოლო მისგან წყალობა მიიღოს. ხელმწიფეს, კი თავისი წესები აქვს. არ არსებობს მისთვის კარგი და ცუდი ქოცი, ისინი ხომ ყველანი მანქურთები არიან, რომლებსაც კონკრეტული დავალებების შესარულებლად იყენებს. ამრიგადა, არსებობს გამოსადეგი და გამოუსადეგარი ქოცი. თუმცა, დროთა განმავლობაში ყველა მათგანს ელის ბნელ სკივრში გადანაცვლება, სადაც მისი სხვა თანამოძმეები უკვე დააბინავეს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქოცობა თანამედროვეობის ნაყოფი არ არის. ისტორიის მანძილზე არაერთი მძლავრი ქოცური ჯგუფი ყოფილა, რომლებიც შემდგომ დრომ გადააფასა და სახელი შეუცვალა. ასე გაჩნდნენ ისტორიაში მოღალატეები. ადამიანები, რომელთათვისაც მთავარი ფასეულობა პირადი კეთილდღეობა იყო და ამის სანაცვლოდ, ხელს აწერდნენ ყოველგვარ უმსგავსობაზე; თანამშრომლობდნენ მტერთან და ხშირად მოუძღვოდნენ კიდეც მათ. ყიდდნენ ქვეყანას ნაწილ-ნაწილ თუ მთლიანად. რელიგიის სახელით სჩადიოდნენ უამრავ საშინელებას. მათ სძულდათ ადამიანი და მოწოდებულნი იყვნენ საზოგადოებისგან შეექმნათ მხოლოდ მასა. ერთადერთი რაც მათ გააჩნდათ, მათივე უბადრუკი სიცოცხლე იყო და სიმდიდრის დაუოკებელი სურვილი. ამას რომ ვწერდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდი - მართლა კაცია ადამიანი?!. ქოცისთვის ადამიანს ფასი არ აქვს, არც სხვისი სიცოცხლე და ღირსებაა ღირებული. უფრო მეტიც, ქოცს არ გააჩნია სამშობლო და ქვეყანა სადაც ცხოვრობს. მისთვის მხოლოდ ტერიტორიაა, რადგან ქოცმა არ იცის რა არის სახელმწიფო და მოქალაქეობა. იგი მუდმივად ჩაძირულია კორუფციასა და ნეპოტიზმში. ცდილობს რაც შეიძლება მეტი მატერიალური სარგებელი მიიღოს. ამ პროცესში კარგავს ყველაზე ტკბილს - თავისუფლებას. მას არ შეუძლია იყოს თავის უფალი, რადგან ეს კომფორტის ზონის მიღმა გასლვაა, მოქმედებაა და გონების სავარჯიშო. ქოცი, კი მხოლოდ მომხვეჭელია და ესაა მისი ყოფის მიზანიც.
თუ მართლა არსებობს ის ნასკვი, რომელიც ახალგაზრდას გულში გამონასკვავს ხოლმე სამშობლოს სიყვარულის კვირტს, რატომ აირჩია ქოცმა ქოცობა? თუ ეს ის ნასკვია, რომელიც გაძლევს ძალასა და გამბედაობას ოკეანის აზვირთებულ ტალღებზე სერფინგის დაფით ისრიალო და აჰყვე სამყაროს კანონზმიერებას, რადგან როდესაც თავისუფალი ხარ, შენ თვითონ ხარ სამყარო - სამყაროს მინი მოდელი. რატომ აირჩია ქოცმა ბრბოდ გადაქცევა?
თუ შენ კითხულობ ამ ტექსტს და ქოცის პროტოტიპად საკუთარი თავი ამოიცანი, შეგიძლია რომ გამოხვიდე მოსიარულე გვამების ტყიდან. ფიქრად გაივლე ღირს კი ქოცობა? ხელმწიფის საამებლად ადამიანობაზე უარის თქმა? მონობა საკუთარი თავის უარყოფაა და თუ სამყარომ შეგქმნა თავისუფალი, სახედ და ხატად ღვთისა, რომელიც სიყვარულია, რატომ უარყოფ საკუთარ თავს? შენების ნაცვლად, თუ ნგრევის შემომქმედი ხარ, რას ტოვებ შენს შემდეგ? რით გაამართლებ შენს არსებობას საკუთარ თავთან, თუ მას თავადვე უარყოფ? რატომ აირჩიე მონის გზა თავისუფლების სამყაროს გზის ნაცვლად? რატომ ცდილობ დააკნინო საკუთარი მნიშვნელობა მაშინ, როდესაც შენ მნიშვნელოვანი ხარ? ამაზე პასუხები საკუთარ თავში უნდა იპოვო.
ამიტომ იფიქრე ქოცო, იფიქრე!