top of page
  • Writer's pictureNini Chachia

ნინი ჭაჭია: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხილვა - სისტემური და კრიტიკული აზროვნების ხელოვნება #2



ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი გამოაქვეყნა და დაინტერესებული პირები გახნილვისათვისაც მოიწვია. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ხედვა შემოგთავაზოთ: სამინისტროს მსგავსად მეც მზად ვარ თქვენთან დისკუსიისთვის. რატომ თქვენთან? იმიტომ რომ სამინისტროსათვის ჩემი განხილვა საინტერესო ნამდვილად არ იქნება. და თუ რატომ, ამ ბლოგში გაიგებთ.

 

სანამ სამინისტროს ეს პროექტი გამოქვეყნდებოდა, კრიტიკული აზროვნების სკოლის ბლოგებში ჩემი საავტორო პროგრამების - კრიტიკული აზროვნების აღმოჩენის და კრიტიკული და სისტემური აზროვნების ხელოვნების - ბლოგლექციების რუბრიკა გავხსენი. ამ საკითხების მნიშვნელობისა და აქტუალობის ჩვენების საუკეთესო მაგალითი კი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განმსაზღვრელი საკითხების ირგვლივ მსჯელობაა. ამიტომ ჩემი განხილვა მეორე ბლოგლექციადაც შეგიძლიათ ჩავთვალოთ.

 

 

 

შესავალი

 

საქართველოში განათლების პრობლემები საგანგაშო ნიშნულზეა, ამ თემის გასამყარებლად მხოლოდ ბოლო კვლევების მაჩვენებლებიც საკმარისია. მოსწავლეთა კვლევის საერთაშორისო პროგრამის PISA-ს მიხედვით (2022წ) მეათე კლასის მოსწავლეებს არ შეუძლიათ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება და ამოცანების ამოსახნელად რთული ფორმების გამოყენება. ეს მაჩვენებელი წინა (2018 წლის) კვლევასთან შედარებით არ გაუმჯობესებულა.

 

კვლევის უფრო დეტალურ განხივას არ დავიწყებ. ჩემს მიერ ციტირებული ეს მაჩვენებელიც საკმარისად მიმაჩნია მსჯელობის დასაწყებად.

 

სანამ განხილვას დავიწყებთ, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. განათლება და ცოდნა უზრუნველჰყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სიმდიდრეს. ჩვენ ხომ ცოდნისა და უნარების მონეტიზაციით ვურთიერთობთ სამყაროსთან, ეს გზა კი ჩვენი სასურველი ცხოვრების კონსტუირებაში გვეხმარება. თუ ამ მოსაზრებას არ ეთანხებით, მაშინ ჩემი განხილვა თქვენთვის საიტერესო არ იქნება, ამიტომ შეწყვიტეთ კითხვა.

 

უნდა ვივარაუდოდ, რომ სწორედ PISA-ს მიერ აღნიშნული პრობლემები უნდა გამხდარიყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტოსთვის გამოწვევა, რის საფუძველზეც დაიწყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლება.

 

მოდით ამ პრიზმაში ვცადოთ მიზნების შესაბამისობა გამოწვევბთან და ვივარაუდოდ შესაძლო ცვლილებები.

 

 

  1. ფორმა და შინაარსი - ზოგადი მიმოხილვა

 

 სახელმწიფო წარმოადგენს სისტემას, რომელიც განსაზღვრავს სისტემის შეამდგენელი ელემენტების ურთიერთობის ფორმასა და მოქმედებას. ამიტომ მნიშნელოვანია ამ ურთიერთობის ფორმალური მხარეც გამართული და სისტემის შესაბამისი იყოს.

 

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტი რა ფორმითაც მოგვეწოდა, ააშკარავებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენი კეთილდღეობისა და წარმატებული ცხოვრების ხელშემყობ ორგანოს ჩვენთან. 

 

თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, რომ სამინისტროს საიტზე ატვირთულია, ვერაფრით მივხვდებით რომ ხელში გვიჭირავს სახელმწიფო დოკუმენტი. არ ახლავს არც მოწოდება/მიმართვა რომ აღნიშნული საკითხების განხილვას გვთავაზობს დაინტერესებულ პირებს, არც განხილვაში ჩართვის მსურველების საკომუნიკაციო არხებზეა საუბარი.

 

რიტორიკული შეკითხვა: მდიდარი, ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფოს შენებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თემის შესახებ ამ სახით ინფორმაციის გავრცელება რაზე მიუთითებს? - ეს დამოკიდებულების მანიფესტაციაა.

 

ახლა დოკუმენტში არსებული პოზიციის ზოგადი მიმოხილვა დავიწყოთ.

 

Პრეამბულაში გამოყენებული ტავტოლოგიები*:

 

  1. ეროვნული, სახელმწიფოებრივი და პატრიოტული - ალბათ ამ სიტყვების შინაარსში განსხვავებას ხედავს ჩვენი სახელმწიფო ან ლამაზი სადღეგრძელო შემოგვთავაზა;

  2. ზნეობრივი და მორალური - აქაც;

  3. დემოკრატიული და სამართლებრივი - ნეტა ჩვენი სახელმწიფოს თავკაცი როგორ მიიჩნევს: შეიძლება სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და არა სამართლებრივი?

  4. ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური - აქაც რას გულისხმობენ ნეტა?

 

რაკი ტავტოლოგიები ვახსენეთ, არ გეგონოთ მხოლოდ ამ თემით შეიძლება განათლების სამინისტროში არსებული უცოდინრობის ლუსტრაცია. ეს ხომ განათლების თანამედროვე ხედვებთან არაფერ შუაშია, აქაც, როგორც PISA-ს კვლევებმა აჩვენა, ზოგადი განათლების პრობლემაა, უბრალოდ პოლიტიკის განმსაზღვრელ აქტორებში. თუმცა საინტერესო კიდევ ბევრია.

 

 პრეამბულის შინაარსის მთავარი ხაზი, რაც ალბათ ასევე ბევრს გამორჩა, სახელმწიფოს მმართველობის ტოტალიტარულობა ამ ორგვერდიან დოკუმეტშიც ჩანს. ამ მიზნების მიხედვით განათლების სამინისტრო, ანუ სახელმწიფო აპირებს განსაზღვროს და დაადგინოს მოქალაქეების “ადეკვატური ჩართულობის” პრინციპები და ასევე “სამშვიდობო თანაცხოვრების ფუნდამენტური პრინციპები”.

 

აუცილებლად განვმარტავ რატომ ტოტალიტარული სისტემა - ჰანა არენდტის ტოტალიტარიზმის თეორიის მიხედვით, თუკი ავტორიტარული მმართველები ფლობენ მთელ პოლიტიკურ ძალაუფლებას და ოპოზიციას კანონგარეშედ აცხადებენ/არ  ცნობენ, ტოტალიტარული მმართველობები აკონტროლებენ ყოველი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ყოველ ასპექტს. განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სახით გადმოცემული ღირებულებები ხომ ზუსტად პასუხობს არენდტისეულ განმარტებას?

 

2. რა  შუაშია ფილოსოფია - პლატონი, პითაგორა და დიუი

 

საქართველოში სიტყვა ფილოსოფიის შიში არსებობს. ან, თუ შიში არა რაღაც მკვდარ, გაუგებარ და ძალიან უსარგებლო შინაარსთან აიგივებენ. ამას ჩემს სააგანმანათლებლო აქტივობების გამოცდილების საფუძველზე ვამბობ. კრიტიკული აზროვნების აღმოჩენას და სისტემური და კრიტიკული აზროვნების ხელოვნებას ვასწავლი საბაკალავრო საფეხურზე. თანამედროვე სამყაროში კი კრიტიკული აზროვნების განვითარებისა თუ მნიშვნელობის შესახებ ყველაზე დიდი ცოდნა სწორედ ფილოსოფიურ ტექსტებშია. როდესაც სტუდენტებთან ვიწყებთ ამ საგნის გაცნობას, ჩემს მიერ აღწერილი დამოკიდებულება ფილოსოფიის მიმართ უეცრად ძალიან პრაქტიკულ შინაარსად იქცევა. სწორედ ამიტომ აქაც უნდა ვახსენო რამდენიმე ფილოსოფიური ხედვა. სწორედ ამ ხედვების სისტემა და სტრუქტურა განსაზღვრავს თუ რა სახის გარემოსთან, ან, ამ შემთხვევაში, რა სახის სახელმწიფო სისტემებთან გვაქვს ურთიერთობა და სად ვეძებოთ გამოსავალი.

 

პლატონი და პითაგორა

 

პლატონისა და პითაგორას კრიტიკული განხილვის მთავარი თემა ცოდნა და ინფორმაცია იყო - როგორ არსებობს ცოდნა, როგორ შემოდის ჩვენში ინფორმაცია, რამდენადაა ეს ცოდნა და ინფორმაცია დამოკიდებული ჩვენზე, არსებობს თუ არა ცოდნა ჩვენს გარეთ.

 

პითაგორასთვის ცოდნის ღირებულება მის გამოყენებაში მდგომარეობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოდნა იმდენად არსებობს და იმდენადაა ღირებული, რამდენადაც შესაძლებელია მისი გამოყენება, მისი პრაქტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა.

 

ჩემი აზრით, თანამედროვე სამყაროში სწორედ ეს ფილოსოფიური ხედვა ქმნის განვითარების, წარმატების და სიმდიდრის შესაძლებლობას. ვფიქრობ, რომ განათლების ეროვნული მიზნების ფილოსოფია ამ შინაარსზე უნდა იყოს დაფუძნებული. პითაგორა იყო ის მოაზროვნე რომელიც მათემატიკას დიდ მნიშნელობას ანიჭებდა. გარდა ამისა, მისი ხედვით ღირებულია და ალბათ ნამდვილიც ის ცოდნა, რომლის შემოწმება/დანერგვა/განხორციელება შესაძლებელია პრაქტიკაში. კიდევ უფრო თანამედროვედ რომ ვთქვათ, ცოდნის კრიტერიუმი ამ ცოდნის საფუძველზე სამყაროს გამრავალფეროვნება, ტექნოლოგიების შექმნაა.

 

თუ სისტემურად შევხედავთ, პითაგორასეული ხედვა ცოდნის მიმართ ჰორიზონტალური მმართველობის (დემოკრატიულ ანუ სახალხო) სისტემას მოითხოვს და არა ცენტრალიზებულ ანუ ვერტიკალურ სისტემას.

 

პლატონი პითაგორასაგან განსხვავებით ამბობდა, რომ ინფორმაცია, ცოდნა თავითავად, ადამიანის გარეშე, სადღაც არსებობს (“წმინდა გონება”) და ადამიანის უმაღლესი ღირებულება ამ ცოდნისკენ სწრაფვაა. პლატონის მსჯელობის მიხედვით, ჭეშმარიტი ცოდნა არის საგნის შესახებ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფრმაციის ფლობა. თუმცა პლატონი აქვე დასძენდა, რომ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა შეუძლებელია.

 

თუ პლატონის მიერ ცოდნის ხედვას სისტემის მიხედვით განვიხილავთ, მისი ფილოსოფიის თანახმად ცოდნის განსაზღვრა ვერტიკალური სისტემით უნდა მოხდეს ანუ ე.წ. “წმინდა გონებამ” უნდა განგვისაზღვროს. თუ ამ ხედვას ჩვენი ცხოვრების პრიზმაში გადავიტანთ, განათლების სამინისტო შეიძლება სწორედ ამ კუთხით განვიხილოთ და მას განვასაზღვრინოთ საზოგადოების ცოდნის ან ინფორმირების საჭიროებები.

 

პლატონისა და პითაგორას ხედვების დაპირისპირებები საუკუნეებია მიმდინარეობს და სწორედ მათი ხედვების იმპლიმენტაციები ყოვედღიურ ცხოვებაში გასაზღვრავენ ჩვენი სოციალური გარემოს მოწყობის ვექტორებს.

 

ჯონ დიუი

 

ახლა კი შევეხოთ განათლების თანამედროვე ფილოსოფიას, ჯონ დიუს ხედვას. რადგანაც წარმატებული განათლების ხედვები სწორედ ამ პრინციპებზე უნდა იყოს აგებული.

 

ჯონ დიუის ფილოსოფიის თანახმად განათლება არის ინდივიდის მონაწილეობა სოციალურ ცნობიერებაში, შესაბამისად სკოლა არის სოციალური ცნობიერების გადაცემის და ფორმირების ადგილი.  დიუის აზრით, სკოლა კი არ ამზადებს მოსწავლეს ცხოვრებისათვის, სკოლა თვითონაა სოციალური ცხოვრების ნაწილი. სკოლაზეა დამოკიდებული სოციალური სისტემა და სოციალური პროგრესი.

 

ამიტომ სკოლის ძირითადი პრინციპი უნდა იყოს “სწავლება კეთებით”. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი სკოლის მოსწავლეებმა ისწავლონ ის, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ, გამოადგებათ არა სკოლის დამთავრების შემდეგ, არამედ სკოლაში სწავლების დროს. დიუის აზრით ნებისმიერი მცდელობა ბავშვი ჩანაცვლდეს ზრდასრულით, ანუ მცდელობა, პასიურად დაასწავლო ბავშვს ინფორმაცია, ასუსტებს მის ინტერესებს და საბოლოოდ განათლების სისტემა უაზრობად იქცევა.

 

აქ პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ: ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეების დემოტიცავია, სწორედ ჩვენი განათლების სისტემის მხრიდან დიუის მიდგომების იგნორირების გამო ხდება?

 

სიღრმისეულ განხილვაში დღეს არ შევალ განათლების თანამედროვე გამოწვევების შესახებ, ეს თემა სხვა დროისათვის გადავდოთ. სიღმისეული განხილვა ზოგადი განათლების ეროვნული გეგმის მიზნების შესრულების გზების განხილვისათვის შემოვინახოთ.

 

ფილოსოფიური ხედვების მნიშვნელობა სისტემებთან მიმართებაში ვფიქრობ დავასაბუთეთ, ახლა შეჯამების დროც დადგა.

ჯონ დიუის აზრით სკოლა ბავშვზე უნდა იყოს ორიენტირებული და ხელს უწყობდეს სხვადასხვა ინტერესის გაღვივებას. მხოლოდ ასე შეიძლება სოციალური პროგრესისა და პროგრესული საზოგადოების მიღწევა. შესაბამისად, ქვეყნის ეკომონიკური განვითარება და მოსახლეობის სიმდიდრის ხარისხიც ამაზეა დამყარებული.

 

დიუის აზრით,  სკოლა ერთის მხრივ ასახავს საზოგადოებას, რომელშიც ის არსებობს, მაგრამ ამავე დროს, თუკი ის პროგრესულ პრინციპებზეა დამყარებული, აპირობებს საზოგადოებაში დემოკრატიის არსებობას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულობა გარემოში არსებული პირობების, რესურსებისა და კონექსტის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ, სისტემური თვალსაზრისით სუპერ ცენტრალიზებული ანუ ვერტიკალური მმართველობის პირობებში წარმოუდგებელია.

 

გამოდის რომ ჩვენი ქვეყნის ეკომონიკური ზრდა და მოსახლეობის სიღარიბე განათლების არასწორი პოლიტიკის და სისტემის ბრალია.

 

 

3. PISA-ს კვლევიდან რა საკითხებზე უნდა გაემახვილებინა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს?

 

  1. სისტემის მუშაობის რომელი ხარვეზი  იწვევს მიღებული შედეგების (თუნდაც ძალიან დაბალის) განსხვავებულობას ცენტრსა და რეგიონებს შორის?

 

ამონარიდი კვლევის შედეგიდან: მათემატიკაში მაღალი შედეგები თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ, შემდეგ - სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებლებს. ყველაზე დაბალია დაბაში მცხოვრები მოსწავლეების შედეგები. მსგავსია მონაცემები კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც;

 

  1. რა იწვევს განსხვავებას კერძო სკოლების და საჯარო სკოლების მოსწავლეების მოსწრებაში?

 

ამონარიდი კვლების შედეგიდან: კერძო სკოლის მოსწავლეები უფრო მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეები;

 

  1. რა მიდგომები იწვევს სკოლის მოსწავლეების უკმაყოფილებასა და დემოტივაციას?


ამონარიდი კვლევის შედეგებიდან: 2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, ყოველმა მეათე მოსწავლემ თქვა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით;

2022 წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებული ისეთი მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც არჩეული აქვთ თავიანთი მომავალი პროფესია.


მოსწავლეები სკოლის გაცდენის მიზეზად ყველაზე ხშირად ავადმყოფობას, მოწყენილობას ასახელებენ;


ვფიქრობ, მხოლოდ ეს ზოგადი მიმოხილვაც საკმარისია იმისათვის, რომ გავიაზროთ რატომ ვართ იქ სადაც ვართ.  ასევე, იმის გასააზრებლად რომ ფილოსოფია ცოცხალი, პრაქტიკული და რაც მთავარია წარმატების განმსაზღვრელი სფეროა. მომდევნო ბლოგ ლექციებში უფრო დეტალურად განვიხილავთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს სისტემური და კრიტიკული აზროვნების პრიზმაში.

 

 

ახლა კი, თუ ეს ტექსტი ბოლომდე ჩაიკითხეთ, დადგა დრო  სისტემური აზროვნების უნარის განვითარებისათვის და მოდით დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები:


1. რა მიიღეთ ამ ტექსტიდან?

2. როგორ აპირებთ ამ ინფორმაციის გამოყენებას?

3. განათლების და ცოდნის ღირებულების რა ხედვები ჰქონდათ პლატონსა და პითაგორას?

4. თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს რომელი სისტემა შეესაბამება განათლების მიმართულებით?

5. ჯონ დიუის ხედვით რა არის სკოლა?

6. რაზეა დამოკიდებული სოციალური სისტემა და პროგრესი? რატომ?

7. თქვენი აზრით რომელ ხედვაზე უნდა იყოს განათლების პოლიტიკა აგებული?

 

 

* გიგი თევზაძის სოციალური ქსელი ფეისბუქი პოსტიდან

Comments


bottom of page