top of page

ნინი ჭაჭია: თავისუფლება თუ მშვიდობა - უშედეგო დიალოგი



- დღეს ბევრი იკამათე მშვიდობისა და თავისუფლების დაპირისპირების უმსჯელობაზე. ბევრიც არ დაგეთანხმა და რატომ ფიქრობ რომ უმსჯელობაა?


- აი ისევ ნერვებს მიშლი, ისევ სისულელეებით გინდა დრო დამაკარგვინო... იქნებ, ცოტა დაფიქრდე. სხვა თუ არაფერი, შეგრძნების დონეზე მაინც იგრძენი რას უპირისპირებ ერთმანეთს და მერე მელაპარაკე.



- არ მესმის, ამიხსენი. იქნებ, ემოციების გარეშე შეძლო ახსნა? ყველა ადამიანს უნდა სიმშვიდე და ალბათ, ამის დაკარგვის შიშს რაღაც უმსჯელობაში მიჰყავს. თან უკრაინაში ომია, მშვიდობა არ არის, ადამიანები კვდებიან და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შიშებს. ამიხსენი...



- კარგი, მაპატიე, მოდი დავმშვიდდეთ და ბევრ სისულელეზე, უმსჯელობაზე ვისაუბროთ. სიმშვიდე - მოდი გაიხსენე, განიცადე და გაიაზრე რა არის სიმშვიდე, მშვიდობა, როდის ხარ მშვიდად? სიმშვიდეს გრძნობ მაშინ, როდესაც საფრთხე არ გემუქრება, თუმცა საფრთხეებზეც უნდა ვიფიქროთ, რადგანაც მხოლოდ ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულ, პირველყოფილ ინსტინქტებზე არ გავჩერდეთ. ჩვენ ხომ ბევრად უფრო განვითარებულები ვართ და გარდა ფიზიკური არსებობისა, ჩვენი ცხოვრების შინაარსზე და მნიშვნელობაზეც ვფიქრობთ. თუმცა ცხოვრების საზრისზე ცოტა მოგვიანებით...


- მოიცა ვერ გავიგე, საით მიგყავს? ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური სისულელეები გინდა მაჭამო?



- არა, მოდი ახლა შენც დაიმშვიდე ემოციები და გავაანალიზოთ რა არის ჩვენთვის, ადამიანებისათვის სიმშვიდე და რაში გვეშლება. სიმშვიდეს ადამიანი განიცდის მაშინ, როდესაც პირველ რიგში მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეს საკმარისი არაა, რადგანაც სიმშვიდე კომფორტული სიტუაციაა და აბა დაფიქრდი, რამდენად ხშირად განიცდი სასიცოცხლო მნიშვნელობის რეალურ საფრთხეს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?



- ნუ, ყოველ დღე რეალურ საფრთხეს ასე პირდაპირ არ განვიცდი, მაგრამ აი უკრაინაში რომ ომია? აქაც რომ ომი დაიწყოს?



- აი, მოვედით მთავარ ილუზიასთან. დავიწყოთ იმით, რომ რეალური საფუძველი ომის ჯერ არ არსებობს, და დაშვების დონეზე, ყველაფრის დაშვება შეიძლება. აქ ერთ შეკითხვას დაგისვამ: რუსების მიერ დიდი ხანია ოკუპირებულები ვართ, ოკუპაციის საზღვრები ყოველ დღე გვიახლოვდებოდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში და მაშინ რატომ არ გაგიჩნდა ეს შეკითხვა?



- მაშინ არ გამიჩნდა, ახლა ომმა დამაფიქრა და რა არის ამაში უმსჯელობა?


- მე მაგას არ ვამბობ, რომ უსაფრთხოების დარღვევა და შიშები არანორმლურია. მე ვამბობ, რომ თავისუფლებისა და სიმშვიდის დაპირისპირება არის სისულელე. ამას ჩვენი სამთავრობო პროპაგანდისტები სპეციალურად გვინერგავენ, რადგანაც უსაფრთხოების ინსტინქტი ყველაზე არქაულია, ყველაზე მძლავრია და ამ შიშების დროს რაციონალიზაცია, ანუ სამყაროს რეალური აღქმა გვეკარგება. მოდი შევთანხმდეთ, რომ სანამ ოკუპირებულები ვართ და რუსეთი ჩვენს დამონებას ცდილობს, საფრთხე ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. იდეაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მერე მუდმივი საფრთხე გვექნება, თუმცა ეგ გეოპოლიტიკური საკითხებია და ამაზე ახლა არ ღირს ყურადღების გამახვილება, სხვა დროს ვისაუბროთ...


- ანუ ისე ჩახლართე ამბავი, რომ ავირიე. დამავიწყდა კიდეც რაზე ვსაუბრობდით.


- მოდი, მთავარს დავუბრუნდეთ - სიმშვიდე და თავისუფლება. მოკლედ რომ გითხრა, სიმშვიდე არის კომფორტული, სასარგებლო გარემო, სადაც ადამიანი არ გრძნობს საკუთარი უსაფრთხოების დარღვევას, ანუ სასიკვდილო არაფერი ჩანს და ასევე არ გრძნობს საფრთხეს თავისი სურვილების, მიზნების, ხედვების განხორციელებისათვის. ნუ მართებული განმარტება, ჩემი აზრით, ეს არის. ახლა დაფიქრდი: ჩემს მიერ ჩამოთვლილი მახასიათებლები რამდენად მიესადაგება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას? ანუ, მშვიდ გარემოში ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვცხოვრობთ, სანამ ბოროტების იმპერია რუსეთის სახით ცდილობს ჩვენს დაპყრობას.



- თუ ასეა, სიმშვიდე არ გვაქვს და შეიძლება არც არასოდეს გვქონდეს. შენ კი მეუბნები, რომ მე როდესაც მგონია მშვიდად ვარ, სისულელეა? თავს ვიტყუებ? ამის თქმა გინდა?


- არა, არ მინდა ამის თქმა და ინდივიდუალურ განცდებზეც სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა დავუბრუნდეთ ისევ სიმშვიდისა და თავისუფლების დაპირისპირების უმსჯელობას. მოკლედ აგიხსენი რა არის სიმშვიდე. ახლა კი თავისუფლებაზე ვისაუბროთ. თავისუფლება არის ის მოცემულობა, როდესაც შეგიძლია შენი სურვილების, მოთხოვნილებების, ღირებულებების დაკმაყოფილება. მოკლედ, პირადად შენი და არა თავსმოხვეული. აი, აქაა ძაღლის თავი დამარხული. ზოგჯერ, იმდენად გვიტენიან თავში ვიღაცის სურვილებს, რომ გვიჭირს გარჩევა ჩვენია ეს სურვილი თუ სხვისი. თუმცა, ამაზეც მერე ვისაუბროთ. ანუ, თავისუფლება, გავიმეორებ, არის შენი სურვილების ასრულების შესაძლებლობა. ჰოდა, ახლა თუ თავისუფლების განმარტებასა და სიმშვიდის განმარტებაშიც ვთანხმდებით, დავსვათ შეკითხვები: თავისუფლების გარეშე მშვიდობა შეიძლება გვქონდეს? თუ არ შეიძლება მშვიდობა თავისუფლების გარეშე, მაშინ ვის რაში სჭირდება, ჩვენი ამ სისულელეებით მანიპულირება? იმან, ვინც ეს ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნილება დაგვიპირისპირა, ხომ კარგად იცოდა, რომ ეს დაპირისპირება არ შეიძლება. რატომ დაგვარტყა ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნილებაზე? რატომ უნდა ჩვენი ტვინის გამორეცხვა?



- ახლა ნელ-ნელა ვხდები რასაც ამბობ, მაგრამ მაინც რაღაც ჭია მჭამს. ანუ, მე, ალბათ, სიმშვიდეს სხვა რამესაც ვეძახი. ის სიმშვიდე რასაც შენ აღწერ, ალბათ არასოდეს განმიციდია და კარგი ხნის განმავლობაში ვერ განვიცდი. რაღაც არ მაკმაყოფილებს. ვერ ვიჯერებ, ვერ ვიღებ შენს ხედვას და ეს რითი აიხსნება?



- მოდი, ისევ ძალიან მოკლედ აგიხსნი: როდესაც ჩვენს ბაზისურ ინსტინქტებს - უსაფრთხოებას - ეხება საკითხი და ჩვენ შიშის ემოცია აზროვენის საშუალებას გვაკარგვინებს. ეს ბუნებრივია და ამაში ცუდი ან კარგი არაფერი არ არის. აქ მთავარია ვიცოდეთ, რომ შიში ჩვენს გარემოში არსებული საფრთხის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის და უკვე ჩვენზეა, რა ქცევას განვახორციელებთ და როგორ დავიცავთ საკუთარ თავს... ადეკვატური პასუხი ასეთი უნდა იყოს შიშზე. ახლა ისევ მშვიდობის შენს ჭიას შევხედოთ. ჩვენი ფსიქიკა მუდმივად ცდილობს გაამართლოს ჩენი მოქმედებები, აზრები და ა.შ. ეს მისი დაცვის ფუნქციაა. როდესაც ჩვენ რეალურად არ გვაქვს ის გარემო, რომელიც გვესაჭიროება, ხშირად უკვე ჩვეულ, ნაცნობ, თუნდაც არასასურველ სიტუაციას „ჩვეულებრივად“ „ნორმალურად“ აღვიქვამთ და ასე იქმნება უმსჯელობები. ანუ, რაკი ჩვენ ქვეყანაში წარმოუდგენელია სიმშვიდე, უკვე ნაცნობ, დიდი ხნის განმავლობაში არსებულ დისკომფორტს, დაჩაგრულობას, შევიწროებას, მორჩილებას, რომელშიც შევეჩვიეთ ცხოვრებას. ეს უკვე ჩვეული სიტუაციაა და დიდი ხნის განმავლობაში, დისკომფორტსა და ტკივილს ისე შევეჩვიეთ, რომ ამასთან ერთად ცხოვრება წარმოუდგენელიც გვეჩვენება. ეს მოგვითარგმნეს, ჩვენმა მტრებმა და რუსეთის პროპაგანდისტებმა, როგორც მშვიდობა. ამ ორი მნიშვნელოვანი ღირებულების დაპირისპირებით და წლების განმავლობაში თავისუფლების ჩამორთმევით, პატარ-პატარა ნაბიჯებით მორჩილების ბორკილების დადებით. ასეთი გარემო, ჩვენს ჩვეულ გარემოდ აქციეს და ახლა, ახალ ფაზაზე გადავყავართ: მორჩილებასა და მონობას უნდა დაარქვან თავისუფლება, ორჩილების გარემოს კი - მშვიდობა. აი ესაა რაც მაღიზიანებს და მაყვირებს... მგონი, ბევრი ვილაპარაკე და უკვე ისევ ნერვები მეშლება, ამიტომ წავედი... შენ კი გადაწყვიტე მონობაში ცხოვრება გინდა და ტკივილთან შეგუება თუ რეალურად თავისუფლებისათვის ბრძოლით სიმშვიდის მოპოვება?



- აუ, ისევ ძალიან რადიკალურად მოითხოვ ჩემგან რაღაცას, მე კიდევ არაფრის გაკეთება მინდა და თუნდაც, ამ რეპრესიულ გარემოში ჩემი სიმშვიდით ცხოვრებ. მერე რა, თუ თავისუფალ ქვეყანაში არ ვიცხოვრებ? მთავარია, პირადად მე, ჯერ არაფერი მეხება და თან რა შემიძლია? თავი დამანებე წავედი...


- წადი, ხო, მაგრამ საკუთარ თავს და შენს გარშემო ადამიანებს მაინც გამოუტყდი რომ მონა ხარ... მე კი თუნდაც მარტო, მაგრამ მაინც ვიყვირებ, ვიბრძოლებ ჩემი თავისუფლებისათვის, იცი რატომ? იმიტომ, რომ თავისუფლება ლომთა ხვედრია.


Comments


bottom of page