იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ხელმწიფე, ჰყავდა 3 ვაჟიშვილი - ანტუნი, ქოჩორა და თვალპაჭუნა. ერთხელ ხელმწიფეს სამეფოში ვითარება დაეძაბა, მთელი სახელმწიფო არეულობამ მოიცვა. ხელმწიფემ სახელად ბიძინამ ბევრი რამ სცადა სამეფოს დასამშვიდებლად, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ამიტომ შვილებს მოუხმო და უთხრა: წადით შვილებო, სხვადასხვა მხარეს და სამეფოს სიმშვიდის წამალი მიშოვეთო.
წავიდნენ ძმები, გავიდნენ ერთ ჯვარედინ გზაზე, ქვა დაინახეს, რომელზეც ეწერა: აქეთ წავიდეს - ხიფათს გადაეყაროს“, მეორე მხარეს ეწერა: „აქეთ წავიდეს - ცუდ გზაზე იაროს“, მესამეზე ეწერა: „აქეთ წამსვლელი აღარ დაბრუნდესო“.
უფროსმა ძმამ - ანტუნიმ თქვა: მოდით, ძმებო, მე წავალ იქით სადაც წერია - აღარ დაბრუნდესო. მეორემ ძმამ ქოჩორამ თქვა, არა, მაგ გზაზე მე წავალო. ბოლოს, უმცროსმა ძმამ, თვალპაჭუნამ, ასე ურჩია ძმებს: სჯობია, მოხუც მამას ორი უფროსი შვილი დარჩეს - დაღუპვის გზაზე მე წავალო.
ძმები დასთანხმდნენ თვალპაჭუნას.
წასვლის წინ გადაწყვიტეს ქვის ქვეშ დანების ამოდება: ვისი დანაც დაჟანგდეს, ჩანს იმის პატრონი გასაჭირშია: წინ ჩამოსული, დაუჟანგებელი დანის პატრონი, გასაჭირში მყოფის საშველად წავიდესო. დათქვეს პირობა ძმებმა და თავიანთ გზებს გაუდგნენ.
თვალპაჭუნამ ბევრი იარა თუ ცოტა, ბნელეთის სახელმწიფოში გავიდა, იქ დღედაღამ ბნელოდა, ხალხიც შავი იყო, მათი ტანსაცმელიც, მცენარეცა და ცხოველიც.
ბნელეთის ხელმწიფემ რომ გაიგო უცხოელი უფლისწულის მოსვლა, ჰკითხა:
„რა გაგჭირვებია, აქ რამ მოგიყვანაო?“ მეფის შვილმა უამბო თავის გაჭირვება, მაგრამ ბნელეთის ხელმწიფისაგან დახმარება ვერ მიიღო.
წამოვიდა თვალპაჭუნა და ახლა ნათელ სახელმწიფოში მივიდა. იქ დღედაღამ მზე ანათებდა და ყველაფერი თეთრად ქათქათებდა: ნათელი იყო ხალხი, მათი ტანსაცმელი, იარაღი. თეთრები იყვნენ იქაური ცხოველებიცა და ფრინველებიც.
ნათელთა ხელმწიფეს მოეწონა ხელწიფის შვილი, მაგრამ ვერც ის დაეხმარა:
„არა შვილო, ჩვენ მამაშენის საშველ სიმშვიდის წამალზე არაფერი გვსმენიაო“.
დაღონებული ჭაბუკი გაუგდგა გზას და ერთ ტრიალ მინდორზე გავიდა. შორს კოშკი დაინახა ციხე-გალავნით, წინ ერთი ქალი გამოეგება და დაძმობა უთხრა. ძმობილის გაჭირვება რომ გაიგო, ქალმა უთხრა:
„გუშინ მაინც მოსულიყავი, დღეობას აუარებელი ხალხი დაესწრო; ხალხში ერთი მოხუცი შემოერია, რომელიც იძახდა, მავან და მავან ხელმწიფის სიმშვიდის წამალი მე ვიციო“.
ჭაბუკი დაღონდა, ქალმა უთხრა: „ძმავ, რამ დაგაღონა, ხვალაც დღეობაა, ეგებ ის მოხუცი ისევ მოვიდესო“.
მეორე დღეს მართლაც შემოვიდა დღეობაზე ერთი მოხუცი და სამჯერ დაიძახა: „მავანი ხელმწიფის სიმშვიდის წამალი მხოლოდ მე ვიცი’.
ხელმწიფის შვილი მივარდა მოხუცს და სთხოვა: „მითხარი, ბიძია, სწორედ მაგ წამალს დავეძებ“.
„არა უფლისწულო, ვტყუი: ხომ იცი: მოხუცისა და ბავშვის ჭკუა ერთია, ჩემი ხნის კაცს აღარ დაეჯერება’.
მაგრამ ჭაბუკი დაემუქრა: „არ მეტყვი - მოგკლავ, მეტყვი - ბედსა გწევ.“
მოხუცმა უთხრა: „ დაბრუნდი მამაშენთან. თქვენი ჯოგი რომ წყალსა სვავს, იმ მდინარეში ბადე გადაისროლე; ბადეს ერთი თევზი ამოყვება, რომლის გურგზეც ნამგალი და უროს ნიშანი იქნება. აი ის თევზი გასწავლის წამალს“.
გამობრუნდა თვალპაჭნა და მივიდა ჯვარედინ გზაზე, სადაც ძმებს გაეყარა. ასწია ქვა და ნახა - ორივე ძმის დანები დაჟანგულიყო.
ბევრი იარა თუ ცოტა, იპოვა ძმები: ერთი მოსამხახურედ დამდგარიყო, მეორე - მენახშირედ. ჭაბუკმა უამბო თავისი თავგადასავალი და სამივემ შინისაკენ გამოსწია.
დაბრუნდნენ თუ არა სახლში, მეორე დღესვე წავიდა ანტუნი თევზის დასაჭერად. ბადე ისროლა, მაგრამ ამაოდ, თევზი არ ამოვიდა. შემდეგ დღეს ქოჩორამ აიკიდა ბადე და წავიდა სათევზაოდ. თევზები კი ბლომად დაიჭირა, მაგრამ ის თევზი კი არსად გამოჩნდა.
ბოლოს სათევზაოდ თვალპაჭუნა წავიდა და ბადეს მოხუცის აღწერილი თავზიც ამოჰყვა. თევზი შეეხვეწა: „ხელმწიფის შვილო, ნუ მომკლავ, ისევ წყალში გამიშვი და მამის წამალს გაპოვნინებო!“
ჭაბუკს შეებრალა თევზი და წყალში გაუშვა.
უფროსმა ძმებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, მივიდნენ მამასთან და უთხრეს: „მეფევ, შენს უმცროს ვაჟს, თვალპაჭუნას, შენი სიკვდილი განუზრახავს, თორე თევზს ისევ უკან არ ჩააგდებდა მდინარეშიო.“
განრისხდა ხელმწიფე, ბრძანება გასცა, თვალპაჭუნასთვის თავზე ტომარა ჩამოეცვათ და აქაფებულ მდინარეში გადაეგდოთ.
შეჰკრეს მამის ერთგული ვაჟი, ტომარა ჩამოაცვეს და ფრიალო კლდიდან მდინარეში გადაუძახეს. წყალმა ტომარა ზევიდან მოიგდო, გარიყა. შუაღამისას მოვიდა ერთი მოხუცი და უთხრა:
„წამოდი შვილო, აქ რას აკეთებ, ერთად ვიცხოვროთო“.
ცხოვრობდა ხელმწიფის ვაჟი მოხუცის სახლში. მამობილი დილით მიდიოდა, შინ მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა, ჭაბუკს კი გარეთ არ უშვებდა; მხოლოდ გამრთობად კაცი დაუჭირა, რომელიც სხვადასხვა ამბებს უამბობდა. თითო დღეს თითო გამრთობს უცვლიდა.
ერთხელ მოხუცი რომ სხვაგან წავიდა, ხელმწიფის შვილმა გამრთობს უთხრა:
„გამიშვი, გავიარ-გამოვიარო, ტყე-ველი დავათვალირეო, თორემ ტყვეობაში სული ამომხდა.“
ყმაწვილმა გაიარა უღრანი ტყე და გავიდა მინდორზე, მინდორს მდინარე ჩამოუდიოდა. ზედ გრძელი ხიდი გაედოთ. ხიდის ქვეშ ჩაიხედა, რკინის ბოძები დაინახა, რომლებზეც ვაჟები მიეჯაჭვებინათ.
ჩავიდა ძირს და ჰკითხა განაპირას: რა ამბავია ძმობილ, აქ რას აკეთებთ?“ ვაჟმა უპასუხა; „ზევითას ჰკითხეო“.
მივიდა მეორესთან და ჰკითხა. მეორემაც იგივე უთხრა: ‘ზევითას ჰკითხე“.
როდესაც უკანასკნელთან მივიდა, ვაჟკაცმა უთხრა:
„რას გვეკითხები, შენზე ნაკლები კაცები არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ ხომ ხედავ, რა დღეში ჩავცვივდით. ჩქარა მოუსვი აქედან, თორემ კარგი დღე არც შენ დაგადგება“.
არ მოეშვა ჭაბუკი ვაჟებს და ერთ-ერთმა უთხრა: ამ კოშკში თავისუფლების ქალღმერთი ცხოვრობს და ყველანაირი სიმშვიდის და კეთილდღეობის მოზიდვა შეუძლია, თუმცა თუ ვინმე მხოლოდ პირადი ზრახვით უახლოვდება, ყველას ეს ბედი - ბოძბზე მიბმა - ელისო.
ჭაბუკი მიხვდა, რომ სწორედ ამ სიმშვიდეს ეძებდა მამისათვის. გაიფიქრა, რომ თუ სიმშვიდის წამალს ხელმწიფეს მიუტანდა, მამა კვლავ მიიღებდა. მაგრამ აბა როგორ უნდა მოეპარა სიმშვიდის წამალი ისე, რომ ქალღმერთს ბოძზე არ მიეჯაჭვა?
უცებ კოშკის კარი გაიღო და მზის უნახავი ქალი გამოვიდა. ჭაბუკი ბუჩქებში დაიმალა, ქალღმერთს თვალიერება დაუწყო. მალევე კარიბჭის კარიც გაიღო და ჭაბუკმა შიდა კედელზე ერთი სტიქონის წაკითხვა მოასწრო: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“.
ჭაბუკი ჩაფიქრდა, მაგრამ ვერ გაიგო რა ეწერა კედელზე. დაღონებული დაბრუნდა სახლში. მოხუცმა, რომ შვილობილის დარდი გაიგო, უთხრა:
„წადი მზეთუნახავის გომურში, აიღე მისი უნაგირი, აღვირი, გაიარე ჯოგში, რომელმა ცხენმაც აღვირში თავი გაყოს, მოიყვანე.“
ჭაბუკმა, რომ ხელში ეს აღკაზმულობა დაიჭირა, მოვარდა ერთი ცხენი და აღვირი მოირგო. შეჯდა თუ არა, გაექანა ცხენი ეცა ცას, ეცა დედამიწას - ზურგზე მოექცა, ეცა ჩრდილოეთს - აქეთა გვერდზე მოექცა, ეცა სამხრეთს - იქითა გვერდზე მოექცა. ჭაბუკმა უცებ გაიხსენა კარიბჭის წარწერა და ჩაილუღლუღა: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“.
ცხენმა უთხრა: „ რაკი შენ ჩვენი სიბრძნე გცოდნია, სადაც გინდა იქ წაგიყვან“.
ჭაბუკმა ცხენს მოხუც მამობილთან მიაყვანინა თავი. სახლში შესვლისას თვალპაჭუნამ ცხენის დამორჩილების ამბავი უამბო მამობილს. მოხუცს ჩაეცინა და უთხრა:
„მე ვიცი, როგორ შეიძლება თავისუფლების ქალღმერთის მოტყუება და სამეფოს სიმშვიდის წამალის წამოღება. თუმცა მანამდე უნდა ერთი ამბავი გაგიმხილო, ვფიქრობდი ჯერ ადრე იყო შემთვის, მაგრამ რაკი ამ კოშკთან მიხვედი, ეს ნიშანია იმის რომ დრო მოვიდა.
მრავალი წლის წინ სამყაროს ღმერთები მართავდნენ. ყველა მიწას თავისი წეს-ჩვეულებები ჰქონდა და ადამიანებიც ამის მიხედვით ირჩევდნენ სამოსახლოებს. წესი იყო, მიწების კანონები არ უნდა დარღვეულიყო, თორე დამრღვევი ისჯებოდა. იყო ერთი წესიც ღმერთებისათვის, ადამიანებთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდათ, რათა მიწების წესების დაცვა გარანტირებული ყოფილიყო. ამ წესის დაცვისათვის, ღმერთები მიწაზე სასერნოდ მხოლოდ მაშინ ჩამოდიოდნენ, როდესაც ადამიანებს ეძინათ. თუმცა დიდი ხნის წინ, როდესაც ლტოლვის ღმერთი ადამიანების სამყაროში დასერნობდა, ერთ-ერთი სახლის ფანჯარაში მძინარე ქალი დაინახა. ქალის სილამაზემ ღმერთი ადგილზე გააშეშა. თვალს ვერ წყვეტდა მშვიდად მძინარე ქალს, დროც დაავიწდა და მთელი ღამე ფანჯარასთან გაატარა. ამასობაში მზის სხივებმა მიწაზე თამაში დაიწყეს, რაც გათენებისა და გამოღვიძების ნიშანი იყო. ლტოლვის ღმერთი მიხვდა, რომ წასვლის დრო იყო და დიდი ძალდატანებით თავის სამეფოში გადაფრინდა.
მას მერე მოსვენება დაკარგა ღმერთმა, სულ ის მზეთუნახავი ქალი თვალწინ ედგა. ბევრი ებრძოლა საკუთარ თავს, ბევრიც იწვალა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა და შემდეგ მოგიყვები. მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ ლტოლვის ღმერთმა თავისუფლების ქალღმერთს საიდუმლო წიგნი მოპარა, რათა მზეთუნახავისათვის სხვა მიწაზე გადასვლის სურვილი და თავისუფლების სურვილი დაეკარგა. თუმცა ამ ქმედებით ლტოლვის ღმერთმა არა მარტო მზეთუნახავი ქალი მიაჯაჭვა მიწას, არამედ სრულიად იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხსაც დაუკარგა თავისუფლება.
ლტოლვის ღმერთი ისეთი დაბრმავებული იყო მიწაზე დაბადებული ქალის სილამაზით, რომ კინაღამ მთელი მისი საღმრთო მიწა დაანგრია. ბევრ ღმერთთან ომიც მოუწია, ბევრი ვერაგობის ჩადენაც, რის გამოც ღმერთების სამეფოდან განდევნეს, თუმცა არც ეს ადადრებდა შეყვარებულ ღმერთს.
ლტოლვის ღმერთმა იცოდა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეეტანა თავის საღმრთოში, თორემ მიწაზე მცხოვრები ადამიანები აუჯანყდებოდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მთავარი იყო თავისი ხალხისათვის იმედის, ოცნების, სიახლის სურვილები გაექრო. ამიტომ ლტოლვის საღმთოს მიწები 3 ნაწილად დაყო და თითოეულ მიწას ხელმწიფე დაუნიშნა. მას შემდეგ ლტოლვის საღმთოში იმედი, ოცნება და სიახლე მხოლოდ ხელმწიფეების საკუთრებად აღიქმება, წლების მაძილზე ადამიანებმა ამ მიწაზე დაივიწყეს ამ სიტყვის მნიშვნელობები და იმედი, ოცნება და სიახლე მხოლოდ ხელმწიფეების სურვილების ასრულებად მიიჩნევა.
ეხლა რატომ მოგიყევი ეს ამბავი, თუ გინდა რომ მამაშენის სამეფოში სიმშვიდემ დაისადგუროს, თავისუფლების ქალღმერთი უნდა დაამიწო და დაიმონო. ამას კი მხოლოდ მაშინ შეძლებ, როდესაც თავისუფლების ქალღმერთს თავის საიდუმლო წიგნს დაუბრუნებ, ამ წიგნის გამო ის აუცილებლად გადმოვა თავისი მიწიდან და მხოლოდ მაშინ შევძლებთ მის დაჭერას.
ეხლა კი შეაჯექი ამ ცხენს, ის ცაში აგიყვანს და ერთ კოშკთან მიგიყვანს, იქიდან ქალი გადმოგხედავს, უთხარი რომ ბრძენმა ვალ-ლოდიამ გამოგაგზავნა საიდუმლო წიგნის წაღაღებად და ის გეტყვის როგორ მოიქცე.
შეახტა თვალპაჭუნა რაშს, ცხენმა ცაში აიტაცა და ცაში კოშკთან მიიყვანა. თვალპაჭუნამ ქალს მოხუცი ბრძენის დანაბარები გადასცა, ქალმა უთხრა: „ჩადი ხმელეთზე, იქ 200 წლის ბებერი კაცია, იმედის მიწების მფლობელი, უთხარი ბრძენი ვალ-ლოდიას შეგირდი ვარ და საიდუმლო წიგნის და ხანჯლის წასაღებად გამომაგზავნათქო. თუმცა იცოდე, სანამ წიგნს წამოიღებ, ლტოლვის ღმერთის ერთგულების ფიცი უნდა დადო, ეს ფიცი კი შენი სისხლის ხელმოწერით უნდა გააფორმო. გახსოვდეს, რომ ფიცის დარღვევიშ შემთხვევაში, იმ 200 წლის ბებერი კაცის ყანაში აღმოჩნდები და მთელი ცხოვრება თაკარა მზეზე ყანის აღება მოგიწევს, რომელიც არასოდეს დასრულდება“.
თვალპაჭუნას იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა მამისათვის ერთგულება დაემტკიცებინა და მასთან სასახლეში დაბრუნებულიყო, რომ ყველაფერზე თანამხმა იყო. მადლობა გადაუხადა ქალს და ხმელეთისაკენ დაეშვა.
უფლისწული 200 წლის მოხუცთან მივიდა და ყველაფერი სიტყვასიტყვით უთხარა, როგორც ქალმა დაარიგა. მოხუცმა ხელით აჩვენა გამომყევიო და გამოქვაბულში შევიდა. უფლისწულიც გაჰყვა მოხუცს. საკმაოდ დიდხანს მიდიოდნენ უხმოდ ბნელ და ნესტიან გამოქვაბულში, გზას ქალის გოდების განგმირავი ხმა დაჰყვებოდა. სიტყვებს ვერ არჩევდა უფლისწული, თუმცა გოდების სმენისაგან თითქოს სისხლი ეყინებოდა ძარღვებში. გოდების ხმა სულ უფრო ახლოდან ისმოდა. აი შუაცეცხლიც გამოჩნდა და უფლისწულმა დაინახა ულამაზესი ქალი, რომელიც ცეცხლოვანი ჯაჭვებით იყო დაბმული გამოქვებულის კედელთან. ქალის სხეული თეთრი სინათლით კაშკაშებდა, ხოლო სადაც ცეცლოვანი ჯაჭვები ეკეთა, იქიდან ცეცხლებს ყრიდა. ფრთხიალებდა საწყალი, რაღაც გაუგებარ სიტყვებს იძახდა, მაგრამ ცეცხლოვან ბორკილებს თავს ვერ აღწევდა.
მოხუცმა ხელი აიქნია და ქალი ჰაერში გააქვავა. შეშინებული უფლისწული ხმას არ იღება. მოხუცმა რაღაც სიტყვები ჩაილაპარაკა, გამოქვაბულის კედელი გაიხსნა და წიგნი გამოჩნდა, რომელზეც ოქროსფერი წარწერა იყო. წიგნზე კი ხმალი იდო, რომელზეც ნამგალი და უროს გამოსახულება იყო დატანილი, აი ზუსტად ისეთი, ოქროს თევზს ზურგზე რომ ჰქონდა გამოსახული.
წიგნი ისეთი ლამაზი იყო, რომ უფლისწულმა თავი ვერ შეიკავა და ახლოს მიირბინა. ამასობაში მოხუცმა ხელი დაავლო თვალპაჭუნას, შეაჩერა, აიღო წიგნზე დადებული ხმალი და უთხრა უფლისწულს: „ ამ ხმლით მარჯევა ხელიდან სისხლი იდინე და ამ კედელზე შენი სისხლით ხელი მოაწერე და ლტოლვის ღმერთ ერთგულება შეჰფიცე. მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემ ამ წიგნს“.
თვალპაჭუნამაც არ დააყოვნა, მიუახლოვდა კედელს, სადაც ხელი უნდა მოეწერა და რას ხედავს, უამრავი ხელმოწერაა დატანალი კედელზე. თვალს ვერ წყვეტდა ხელმოწერებს და უცერად მამამისის ხელმოწერაც შეამჩნია. თუმცა შიშისაგან მოხუცს ვერაფერი ჰკითხა ამის თაობაზე, ხანჯლით მარჯვენა ხელი საისერა და კედელზე სისხლიანი ხელმოწერა დატოვა.
სანამ თვალპაჭნა ხელს აწერდა, ბორკილებდადებულმა ქალმა გაუგებარ ენაზე კივილი დაიწყო, თან საშინელ ხმებს გამოსცემდა, ტანსა დ ხელებს ისე ამოძრვებდა, თითქოს ბორკილების დამტვრევას ცდილობდა, ბორკილებიდან ნაპერწლები უფრო მეტად გადმოცვივდა და ნაპერწკლებს ერთი ბუმბული გადმოყვა, რომელიც წიგნის ფურცლებში შესრილადა. ქალმა ხმას მოუმატა და ამით მოხუცისა და უფლისწულის ყურადღება საკუთარ თავზე მომართა, ტანის მოძრაობაც ააჩქარა და თან ბუმბულს უყურებდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ვერავინ შეამჩნია ბუმბულის წიგნში შესრიალება, მუხლებზე დაეცა და ბუტბუტი დაიწყო: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“.
ამის შემდეგ მოხუცმა საიდუმლო წიგნი და ხანჯალი გუდაში გაუხვია თვალპაჭუნას და ისე უხმოდ ანიშნა წასულიყო. თვალპაჭუნამ გუდა მოიკიდა და გაიქცა გასასვლელისაკენ. როგორც კი გამოქვაბულიდან გამოვიდა, ცხენს შეახტა, რომელმაც ცაში აიტაცა. დიდხანს ღრუბლებში მისრიალებდნენ ცხენი და უფლისწული. უფლისწულის ფიქრები მხოლოდ მამის სახელმწიფოში დაბრუნებაზე იყო. შინაგანადაც ფორიაქმა გადაუარა და გრძნობდა, რომ სულ მალე თავის საწადელს აიხდენდა.
იმავე საღამოს მამობილის სახლში დაბრუნდა. მამობილმა ხანჯალი თვითონ აიღო, ხოლო წიგნი თვალხუჭულას მისცა და უთხრა: „ეს წიგნი თავისუფლების ქალღმერთის კარიბჭესთან მიიტანე და ქალღმერთს მოუხმე. კარიბჭეში ნაბიჯი არ შესდგა, თვითონ გამოიყვანე მისი სამფლობელოდან გარეთ და როგორც კი გამოვა, დავიჭიროთ. შემდეგ მოახლედ დაიყენე და მამაშენის სამეფოში წაიყვანე. სანამ თავისუფლების ქალღმერთი მოახლედ გეყოლება, შენი სურვილიც ასრულდება და მამაშენის სამფლობელოში სიმშვიდეს მიიტანო“.
ჭაბუკი ასეც მოიქცა. მივიდა კარიბჭესთან, ამოიღო გუდიდან წიგნი, მაღლა აწია და დაიძახა: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. დაბრუნდეს წიგნი სახლსა შინა და თავისუფლების სადღეგრძელოდ.“ უეცრად წიგნზე ამოტვიფრული ოქროს ასოები განათდა და თავისუფლების სამეფოს კარები გაიხსნა.
თვალპაჭუნამ კარიბჭესთან თავისუფლების ქალღმერთი დაინახა, რომელიც მას თავისკენ უხმობდა. ჭაბუკმა გასძახა: „არა ვარ ღირსი მაგ ზღურბლის გადალახვის, მხოლოდ შიკრიკი ვარ მარტოდ მოსული, ამ წიგნის მომტანი და დავალება მაქვს, რომ მხოლოდ ქალღმერთს გადავცე ეს საიდუმლო წიგნი“.
თავისუფლების ქალღმერთმა ჭოჭმანი დაიწყო, არ უნდოდა თავისი სამფლობელოს დატოვება, თუმცა იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საიდუმლო წიგნის საღმრთოში დაბრუნება.
გაიხსენა 200 წლის წინ დედამისი როგორ ებრძოდა ლტოლვის ღმერთს წიგნის დაბრუნებისათვის და როგორ გაქრა ბრძოლის ველიდან დედაც და წიგნიც. წიგნი, რომელიც სამყაროს მოწყობის, სამყაროს ბედნიერების, სიახლეებისა და განვითარების საიდუმლოს ინახავდა. წიგნი, რომელსაც ხალხში ზღაპარს უწოდებდნენ და სახელად „ვეფხისტყაოსანი“ დაარქვეს.
ბევრი ჭოჭმანის შემდეგ, გადაწყვიტა მისულიყო შიკრიკთან, აიღო თავისი თავისუფლების ხმალი და გაემართა წიგნისაკენ. როგორც კი მიუახლოვდა თვალპაჭუნას, ერთი ნაბიჯის მოშორებით დადგა და მიწას ხმალი დასცა, უეცრად ქალღმერთსა და შიკრიკს შორის სინათლის დიდი, გამჭვირვალე კედელი აღიმართა. ქალღმერთმა ჭაბუკს გასძახა: „მოვედ რათა დავიბრუნო, საღმრთო წიგნი სიმშვიდისა“. ჭაბუკმა ქალღმერთს წიგნი ახლოს მიუტანა და უთხრა: „დამავალეს, რომ ხელი ხელში უნდა გადმოგცე, ამიტომაც მარტო მოვედი. ეს კედელი დავალების შესრულებაში ხელს მიშლის. მარტო ვარ, რა შემიძლია დაგიშავო ან რად მინდა, მე ხომ საგანძურს გიბრუნებ“.
ქალღმერთი დასთანხმდა კედლის მოხსნას, მოკიდა ხმალს ხელი, ამოიღო მიწიდან და კედელიც გაქრა. ყმაწვილმა წიგნი გაუწოდა ქალს და როდესაც ქალმა ხელში აიღო წიგნი, წიგნიდან ბუმბული ამოფრინდა. ქალი მოხვდა, რომ დედამისი ცოცხალი იყო და დედა საფრთხეზე ანიშნებდა. ამიტომ მოისროლა წიგნი თავისუფლების გალავნისაკენ და თავისუფლების ხმალით სინათლის კედელი აღმართა წიგნსა და დანარჩენებს შორის. თვითონაც სინათლის კედლის მეორე მხარეს მოექცა, თუმცა ამას დიდად არ ნაღვლობდა, რადგანაც საიდუმლო წინგი საღმრთოში დაბრუნდა. წინასწარმეტყველების მიხედვით კი წიგნის დაბრუნების შემდგომ ახალი სათვალავი დაიწყებოდა თავისუფლების გავრცელებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლისათვის. თავისუფლების საღმრთოს ჯადოქრები შეძლებდნენ დედა ქალღმერთის ადგილმდებარეობის დადგენას და მის გამოხსნას. რაც სამყაროს გადარჩენისათვის მნიშვნლოვანი იყო.
ამასობაში ბუჩქებიდან მოხუცი ვალ-ლოდია და მისი მსახურები გამოხტნენ. ვალ-ლოდიამ უბრძანა მსახურებს ქალი დაეჭირათ, ერთმა ერთ მხარეს დაიჭირა და მეორემ მეორე მხარეს. ვალ-ლოდიამ შესძახა მსახურებს : გაჰქაჩეთ ქალი თქვენ თქვენ მხარესო. მსახურებმაც არ დააყოვნეს და როგორც კი გაჰქაჩეს ქალი, უეცრად ქალს ზურგიდან უზარმაზარი ნათელი ფრთები აუფრიალდა. ვალოდიამ ხელი დაავლო ნამგალი და უროს გამოსახულებიან ხმალს, აიქნია და ქალღმერთს ორივე ფრთა მოჰკვეთა.
ქალი მიწაზე დაეცა და დამიწდა. ვალ-ლოდიამ თვალპაჭუნას უთხრა: „აიღე ეს ფრთები და სასწრაფოდ ცეცხლი წაუკიდე. ამ ფრთებს როგორც კი დაწვავ, ქალღმერთი შენს მონად იქცევა და შეგიძლია საწადელი აისრულო. თუმცა გახსოვდეს, ეს ხმალი სულ თან უნდა გქონდეს და აკონტროლო, რომ ქალღმერთს თავისუფლების ფრთები ხელახლა არ ამოუვიდეს, რამდენიც დაინახავ პატარა ამონაზარდს, მაშინვე ამ ხმლით მოჰკვეთე და დაწვი. სანამ ამას პირწმინდად შეასრულებ, მანამდე ქალღერთი შენს მოხალედ იქნება. ამ ქალღმერთთან ერთად როგორც კი მამაშენის სამეფოში მიხვალ, მამაშენის სამლობელოში სიმშვიდე დაისადგურებს და მამაც ხელგაშლილი მიგიღებს. ასევე, მამაშენს ეს ხმალი უჩვენე, ყველაფერს მიხვდება, თავის ფიცს გაიხსენებს და ხელმწიფედაც დაგაყენებს.“
თვალპაჭუნამ ბოძებზე მიბმული ჭაბუკებიც არ დაივიწყა, მივიდა და უთხრა, თუ ერთგულებას შემფიცებთ, დაგიხსნით და ჩემს პირად არმიად გაქცევთ, რომელსაც „სიჩუმის მარშს“ ვუწოდებ, არც საჭმელს მოგაკლებთ და არც სანოვაგეს, თუ ერთგულად მემსახურებით. ჭაბუკებმა მაშინვე შეჰფიცეს ერთგულება და მას შემდეგ თვალპაჭუნას ინტერესების დაცვას ერთგულად ემსახურებოდნენ.
მოხუცმა ვალ-ლოდიამ თვალპაჭუნას უამრავი ქონება და ოქროული გაატანა. მიიყვანა იმ მდინარემდე სადაც ერთხელ ჭაბუკი იპოვა, უეცრად წყლიდან ოქროს თევზმა ამოყო თავი, აი იმ თევზმა ნამგალი და ურო რომ ჰქონდა გამოსახული და სიმშვიდის წამლის შოვნა რომ შეპირდა თვალპაჭუნას. თევზამა უთხრა თვალპაჭუნას: „ ხომ გითხარი თუ გამიშვებ წამალს გაპოვნინებთქო“. თევზმა თავი დაუკრა უფლისწულს, რამეს ხომ არ დავალებო ჰკითხა მოხუც ვალ-ლოდიას და რაკი დავალება არ მიიღო, ისევ წყალში შეცურა.
თვალპაჭუნა დიდი ქონებით, თავისი სიჩუმის მარშითა და მოახლით მიადგა მამის სამეფოს. ხელმწიფემ როგორც კი დაინახა თავისი ნაბოლარა შვილი უზარმაზარი ქონებით, კარი გაუღო.
როგორც კი უფლისწულმა ფეხი დადგა მამის სამეფოში, უეცრად მთელი სამეფო სიჩუმემ მოიცვა. თვალპაჭუნამ მამას უთხრა: „შენ კი სასიკვდილოგ გამიმეტე მამა, მაგრამ ეს შენი ბრალი არაა. მე როგორც ერთგულმა შვილმა, მოგიტანე სამეფოს სიშვიდის წამალი და არ ვარ ნაწყენი შენზე. რადგანაც ვიცი, რომ ჩემმა უფროსმა ძმებმა მიღალატეს, მოგატყუეს და ჩემი მოშორება გადაწყვიტეს. ამიტომ მათ ამას არასოდეს ვაპატიებ და რაკი სიმშვიდე მოგიტანე, სამეფოს მმართველად მე უნდა დამსვა, ხოლო ჩემი ძმები სიკვდილის ნაცვლად, მთელი ცხოვრება ჩემი მოჯამაგირეები იქნებიან“.
ამასობაში თავისუფლების საღმრთოში საიდუმლო წიგნის დაბრუნების შემდეგ, სამეფო ჯადოქრებმა თავისუფლების დედა ქალღმერთის ადგილმდებარეობა დაადგინეს და დედა ქალღმერთის გასათავისუფლებლად საბრძოლო მზადება დაიწყეს.
ასე დასრულდა თვალპაჭნას თავგადასავალი. თუმცა წინ თავისუფლებისათვის ბრძოლის დიდი ამბები გველოდება.
Comments