ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს
ილია ჭავჭავაძე
ილიას ამ გამონათქვამს, ხშირად ვიყენებ და მუდმივად ვსვამ შეკითხვას: გვესმის კი რას გვეუბნებოდა ილია?
ეს ბლოგიც, სავარაუდოდ, იმ ჩემს არაპოპულარულ ბგლოგებს შორის იქნება, რომლებსაც სისტემებზე ვწერ, თუმცა, მაინც, იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესღაც დადგება მომენტი, როდესაც ჩვენი საზოგადოება გამოვა მორჩილების მარწუხებიდან, თავს დააღწევს „ბავშვურ ინფანტილიზმს“ და გაიაზრებს რომ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა გარემოში ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, მნიშნელოვანია შევქნათ, თანასწორი, თავისუფალი და ჰარმონიული საზოგადოება. სანამ მე, ამ ჩვენთვის ჯერ კიდევ ძალიან შორს მყოფ გარემოზე ვოცნებობ, მოდი, გავაანალიზოთ, რატომ გვჭირს, რაც გვჭირს?
სამყაროში არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი, რომელიც ერთხელ მაინც არ გამხდარა მანიპულაციის მსხვერპლი. როგორ ჭკვიანადაც არ უნდა მიგვაჩნდეს თავი, სამწუხაროდ სისტემების სამყაროში არსებობა გვიწევს და ხშირად სისტემები ჩვენ - სისტემების შემადგენელ პატარა ნაწილაკებს - თავიანთი სურვილების მიხედვით დაგვატარებენ. როგორც არ უნდა ვეცადოთ ჩვენს ცხოვრებაში ამ არასასიამოვნო ეპიზოდების დავიწყებას, არის მომენტები როდესაც მნიშნელოვანი ხდება ასეთ სისტემებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ფიქრი, თუ რა მექანიზმებით ინარჩუნებს ესეთი სისტემა სიცოცხლისუნარიანობას და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სისტემის ნგრევისათვის, თუ ის ჩვენ ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ბოლო ხანები ჩვენი საზოგადოება პოლარული გახდა და სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, მეგობრები, ოჯახის წევრები უკვე ერთანეთთან ურთიერთობებშიც დამანგრეველები, ტოქსიკურები ხდებიან. ეს უკანასკნელი მთლიანად საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ნიჰილიზმს იწვევს.
იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ საღი აზრი, თავიდან აიცილოთ უთანხმოება ადამიანებთან ურთიერთობაში, არ დავიწყოთ მეგობრების მასიური „განადგურება“ სოციალურ ქსელებში, მნიშვნელოვანია, რომ არ დავემორჩილოთ შეთავაზებული/მოწოდებული „ცოდნის“ (ინფორმაციის) ნაკადს, რომელსაც ჩვენს გარემოში არსებული სისტემა გვთავაზობს და ამისთვის შევეცადოთ გავერკვეთ, თუ როგორ მუშაობს „ტვინის გამორეცხვის“ მექანიზმი.
“ტვინის გამორეცხვა” - როგორმუშაობს?
პირველად ეს ტერმინი (“Brainwashing”) 1950 წელს ედვარდ ჰანტერმა გამოიყენა, თუმცა ამ ტერმინის გამოყენების ისტორიას არ შევეხები.
“ტვინის გამორეცხვა”, ანუ მანიპულაცია. მასობრივი ცნობიერების მანიპულირების დროს ფიზიკური მეთოდები არ გამოიყენება, სისტემა იყენებს ფსიქოლოგიის „სამნაწილიან“ მექანიზმს:
1. რაციონალიზაციის გათიშვა (კრიტიკული აზროვნების დასუსტება);
2. შიშის გამოწვევა (საფრთხის შექმნა);
3. ადამიანის მხსნელის ანკესზე წამოგება.
მოკლედ განვიხილავ თითოეულ ამ შემადგენელს, შემდეგ კი, თავის დაღწევის საშუალებებზე გადავალ.
1. რაციონალიზაციის გათიშვა:
როგორც წესი, ადამიანი საკმაოდ კრიტიკულია მოწოდებული ინფორმაციის მიმართ. ადამიანები ინსტინქტურად ეწინააღმდეგებიან ყველაფერ ახალს, არაფერს არ იღებენ თავისთავად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ფეხსაცმელს, რომლის ყიდვასაც ვაპირებთ, საკვებს რომელსაც საჭმელად ვყიდულობთ, სიახლეებს როდესაც გვესმის, საინფორმაციო საშუალებებიდან, თუმცა როდესაც სისტემა ორიენტირებულია ადამიანების ზომბირებაზე, სწორედ ამ დროს ჩვენი რაციონალიზაცია უკვე აღარ მუშაობს. რადგანაც სუპერ ცენტრალიზებული და ტოტალიტარული სისტემების მდგრადობა, სწორედ ამ მორჩილების მარწუხების სისტემებით ხდება მდგრადი. რატომ აღარ მუშაობს რაციონალიზაცია? „გვითიშავენ“ კრიტიკულ აზროვნებას და პიროვნების ფსიქოლოგიური დაცვის ყველა საშუალებას. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვიწყებთ ოპერირებას ხელოვნურად შექმნილი ხატებით, „ფაქტებით“ და თავსმოხვეული სოციალური მითებით.
2. შიშის გამოწვევა:
როგორ ხდიან რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს მიმნდობ ბავშვად? საფრხეს უქმნიან ადამიანის ბაზისურ მოთხოვნილებებს. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ზუსტად ამ ალგორითმით მუშაობს რეკლამაც, თუმცა უფრო კარგად შეფუთულია. რა თქმა, უნდა ჩვენ არავინ გვართმევს საკვებს, სასმელს ან თუნდაც არავინ გვიქმნის უძილობას, თუმცა რეკლამის დროს ჩვენ ში იწვევენ შიმშილის, წყურვილის, სასიცოცხლო მნიშვნელობის შინაარსების დეფიციტურ შეგრძნებებს წარმოსახვით სამყაროში - რაც უფრო კვალიფიცირებულად არის შესრულებული რეკლამა, მით უფრო სარწმუნოა, დამაჯერებელია ადამიანების ხატები, შესაბამისად მარტივად ვახორციელებთ მათთან იდენტიფიკაციას და მალევე ვიქცევით „შეშინებულ ბავშვებად“. შესაბამისად, მარტივად ვემორჩილებით „უხილავ ძალას“, რომელიც მხსნელის როლში გამოგვეცხადება, გვიხსნის ტანჯვისაგან მაგალითად კარტოფილის ჩიფსებით, ან გამაგრილებელი სასმელით ან საღეჭი რეზინის ახალი გემოთი.
ცნობიერებით მანიპულირება გულისხმობს გრძნობებით/ემოციებით თამაშს. როდესაც ხდება კავშირის დამყარება არაცნობიერთან, შიშებთან და ცრურწმენებთან, რომლებიც თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ასევე ხდება ეროვნული/ნაციონალური მითებისა და სტერეოტიპების გათამაშება. ყველა ერს აქვს რაღაც, რაზეც შეიძლება ზეწოლის გაკეთება და ხალხის შენს თამაშში ჩართვა. მაგალითად, ახლა რუსეთი უკრაინასთან ომისას იყენებს სიტყვა “ფაშისტებს”, საქართველოს დღევანდელი მთავრობა კი საქართველოს მთავრობა კი ომის შიშს აღვივებს და დაგვძახის: "აბა, ომი გინდა? ეს სიტყვები უკვე ქმნიან გარკვეულ კონტექსტს და კარი იღება არაცნობიერთან, შიშებთან, ხდება მტკივნეულ წერტილებში დაწოლა და სისტემა აღწევს თავის მიზანს.
ასევე კარგად იყენებენ ე.წ. „მკვდარ“ სიტყვებს - ტკივილი, დაბომბვა, წყურვილი, უძილობა, სიკვდილი.
3. მხსნელის ანკესის წამოგება/შემოყვანა:
ადამიანი შეაშინეს, დააკარგვინეს თვითკონტროლი, კრიტიკული აზროვნება და თავს მსხვერპლად გრძნობს, საშველს ეძებს. სწორედ ამ დროს, თამაშში შემოდის „მხსნელი“. და მსხვერპლი მზადაა შეასრულოს ყველა მისი დავალება.
სირთულეებთან შეჯახებისას ყოველთვის ვეძებთ მარტივ პასუხებს
პროპაგანდაც ასე მუშაობს: ისინი გვაშინებენ ომებით, შიმშილით, დაღუპულებით, დაჭრილებით, უფულობით. და მთელი ამ კოშმარის ფონზე აჩვენებენ - აი, ეს არის ხსნის გზა: მაგალითად, სახელმწიფო/მთავრობა, რომელიც გიცავს.
ტვინის გამორეცხვის ძირითადი ტექნიკები:
ყურადღების გადატანა/გაფანტვა:
პროპაგანდისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის მანიპულირებისთვის, მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის დათრგუნვა. თუ შეტყობინების გადაცემის დროს ადრესატის ყურადღება მისი შინაარსიდან არის გადახრილი, მაშინ ადამიანს უჭირს მისი გააზრება და კონტრარგუმენტების მოძიება. კონტრარგუმენტები კი წინააღმდეგობის საფუძველს ქმნის.
როგორ იფანტება ჩვენიყურადღება? - საინფორმაციო კალეიდოსკოპით.
როგორ არის ჩვეულებრივ სტრუქტურირებული სატელევიზიო, საინფორმაციო გადაცემები? მოკლე ამბები/სიუჟეტები ერთმანეთს ცვლის, ჩახლართული განცხადებებით, რეკლამებით, ანონსებით, ბოლოში გადის მორბენალი სტრიქონი დამატებითი სიახლეებით(ყველგან არა). ამავდროულად, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაზავებულია ჭორებით ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან, მოდის სამყაროდან და ა.შ. საინფორმაციო გამოშვების ყურების/მოსმენისას ათ წუთში იმდენი სურათი გვინათდება თვალწინ, რომ შეუძლებელია რაიმეზე კონცენტრირება. ეს არის დანაწევრებული ინფორმაციის კალეიდოსკოპი, რომლის გაგება და დამუშავება ადამიანს არ ძალუძს. ჩვენი ყურადღება მიმოფანტულია, კრიტიკულობა შემცირებულია - და ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი "ნაგვისთვის".
შინაარსის დანაწევრება:
თუ ინფორმაცია ცნობიერებაში წინააღმდეგობის გარეშეა შესატანი, ის იშლება ნაწილებად - ამ შემთხვევაში შეუძლებელია მთლიანობის აღქმა. დანაწავრებული ინფორმაციის მიწოდების დროს ჩანს თითქოს სრულად არის მიწოდებული ინფორმაცია (რაღაც ინფორმაცია ცოტა ადრე, რაღაც ცოტა გვიან), მაგრამ კონცენტრაციის გაფანტულობის ხარჯზე რთულდება მისი მთლიანობის აღქმა, გაუგებარია რეალურად რა შინაარსთან გვაქვს საქმე და/ან რატომ უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია. რა მნიშვნელობა აქვს ამ ინფორმაციას ჩენთვის და რას ელის ინფორმაციის შემქნელი ჩვენგან.
სენსაციურობა და სასწრაფოობა:
ხშირად საინფორმაციო ამბებში ჩვენ გვიყვებიან სენსაციებზე, სასწრაფო ამბებზე, ექსკლუზივებზე და ამით ცდილობენ ჩვენი ყურადღების მიპყრობას, თუმცა ეს სენსაციები და შინაარსები საერთოდ აცდენილია ჩვენს რეალურ პრობლემებს და მნიშვნელოვან თემებს - იმ შინაარსებს, რომლებიც დიდი ზეგავლენას ახდენენ ჩვენს უკეთესს ცხოვრებაზე. არსებობს ისეთი ამბებიც, რომლებიც მხოლოდ ფაქტებით შემოიფარგლება და ჩვენ ვერ ვუკავშირებთ მას ჩვენთვის მნიშნელოვან მოთხოვნილებებს და ვცდებით ამ ქატების გამომწვევ მიზეზებს. ანუ ვერ ვხედავთ სისტემას.
მეორეხარისხოვნ საკითხებზე ყურადღების გამახვილება:
რეალობისგან ყურადღების გადასატანად, უნდა შეიქმნას მისი შემცვლელი. მედიას შეუძლია გვიკარნახოს რაზე ვიფიქროთ და ამას გადასარევად ახერხებს საკუთარი დღის წესრიგის დაწესებით. ისინი გვესვრიან ბურთს, ჩვენ კი დაუფიქრებლად ვცდილობთ მის ხელში ჩაგდებას და „თამაშს“, ვიწყებთ მოძრაობას რეალური შინაარსებისაგან გარეთ.
არსებობს კიდე რამდენიმე მეთოდი და ტექნიკა მანიპულაციური სისტემის გასამყარებლად, თუმცა ისედაც ბევრი დავწერე და ამ ჯერზე შევჩერდები.
და რა თქმა უნდა მთავარი შეკითხვა - როგორ დავაღწიოთ თავი მანიპულაციას?
პირველ რიგში, თვითრეფლექსია - მნიშნელოვანია ჩვენი ემოციების - ბრაზი იქნება ეს, შიში, დაუცველობის შეგრძნება თუ ნებისმიერი სხვა ემოცია, გავარკვიოთ რეალურად რა იწვევს ჩვენს ამ ემოციას:
რას ვგრძნობ? რატომ ვგრძნობ? რა იწვევს ამ შეგრძნებებს ჩემში? რა მჭირდება ეს შეგრძნებები რომ არ მქონდეს, როგორი გარემო მჭირდება ამისათვის?
პატარა მინიშნება: ნებისმიერ კონკრეტულ მოვლენას აქვს წინაპირობა, რომელიც ხელს უწყობს ამ მოვლენების დაბადებას და არსებობას. ამიტომ მნიშნელოვანია გარემოს, იმ სისტემის დანახვა სადაც ეს მოვლენები ხდება. სისტემას არ ადარდებს თქვენი შეფასებები, როგორი შეურაცხმყოფელიც არ უნდა იყოს ის. სისტემისთვის მთავარია მდგრადობა. თქვენი ემოციების ამოფრქვევა სისტემას ეხმარება, რადგან თავისუფლდებით დაგროვილი ნეგატივისაგან და შესაბამისად, ნაკლები ენერგია გაქვთ სისტემის დემონტაჟში წვლილის შესატანად.
სანამ კონკრეტულ შეკითხვებს განვიხილავთ, მოდით გაჩერდით ერთი წამით, გადახედეთ საინფორმაციო სააგენტოებს, ტელევიზიებს, პარტიებს, კომპანიებს (ამისათვის სოციალური ქსელების ვებ-გვერდების დათვალიერებაც საკმარისია) და დაინახეთ რა სისტემაში ცხოვრებას გთავაზობენ, რამდენად ფასეულია ეს სისტემები თქვენთვის და რამდენად პარტნიორული დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ. სისტემის დემონტაჟისთვის აუცილებელია ახალი სისტემის ამოქმედება, სხვანაირად არსებული სოციალური სამყარო ვერ იმუშავებს.
მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი კრიტიკული აზროვნებაა, ანუ კრიტიკული შეკითხვების კომპლექსი. ნებისმიერ თქვენთვის მნიშვნელოვან და ემოციურ საკითხზე დასვით შეკითხვები და მხოლოდ კონკრეტული და არა ფილოსოფიური, პასუხების მოძიების შემდეგ გადადგით ნაბიჯი:
1. რა შედეგი მოაქვს ამ ინფორმაციას?
2. რა არის ამ ინფორმაციის მიზეზი? რა განსაზღვრავს მას? რატომ არსებობს ეს ინფორმაცია?
3. ეს ინფორმაცია ეყრდნობა რეალურ, პრაქტიკულ მოცემულობას, თუ მხოლოდ მსჯელობით მიღებული დასკვნაა?
4. ეს ინფორმაცია მცდარია, ჭეშმარიტი, თუ მხოლოდ შესაძლებელი (არც შესაძლებელი, არც მცდარი)? (ოთხივე შეკითხვა გიგი თევზაძის "კრიტიკული აზროვნების მეგზურიდან" წამოვიღე)
და ბოლოს, ნებისმიერ შინაარსს, მოცემულობას აქვს მიზანი. ის კი ერთია: თქვენი მოქმედება. კომერციული ორგანიზაციებისათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია მიხვიდეთ მათ შინაარსთან (პროდუქტთან, სერვისთან) და შეიძინოთ ის; პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ თქვენი მისვლა არჩევნებზე და ხმა; სამაუწყებლო კომპანიებს მიჯაჭვულობა მათ შინაარსებზე, ჩართულობა, “შეარები”. სწორედ ამიტომ, დასვით კიდე ერთი შეკითხვა: ამ შემოთავაზებას რომ დათანხმდეთ, რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში? რამდენად უკეთესი გახდება ის? რამდენად გიღირთ ამ შინაარსზე ენერგიის დახარჯვა? თქვენი ეს გარიგება, როგორ იმოქმედებს თქვენს/ჩვენს გარემოზე?