top of page

ნინი ჭაჭია. ჩაზიარება წარმატებაში


16 სექტემბერს სკოლების ძირითადმა ნაწილმა სწავლა დაიწყო და ჩემი, ალბათ ყველა თქვენთაგანისაც, ფეისბუქი აჭრელდა სკოლის მოსწვალეების და მათი მშობლების ფოტოებითა და სხვადასხვა სტატუსებით. ფოტოები ძალიან მხიარული და სახალისო იყო და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მზის სხივებმა ციმციმი დაიწყო. მთელი დღეც რაღაც მხიარულად გავატარე, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ რამოდენიმე სტატუსმა ძალიან დამაფიქრა და ალბათ ამის ბრალია, ახლა კლავიატურას, რომ ვაკაკუნებ. მოკლედ შევეცდები ავხსნა თუ რა მაფიქრებს და იქნებ თქვენც იგივეს ფიქრობდეთ...


რა თქმა უნდა ყველა მშობელს სურს თავისი შვილი ყველაზე წარმატებული, ბედნიერი და შესაბამისად, ალბათ, თავისუფალიც იყოს. როგორც კი ვიგებთ, რომ მალე მშობლები გავხდებით, უამრავი აზრი იწყებს თავში ტრიალს და ცხოვრებაც ახალ კალაპოტში გადადის. ბავშვის დაბადებამდე უკვე იწყება ფიქრები, რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ, რა ვასწავლოთ, რა ჩავაცვათ, სად ვაცხოვროთ, სად ვამოგზაუროთ, რა ვაჩვენოთ, დაიბადება და ყველას ჩვენი წარმატების შესახებ ვუყვებით, რა ლამაზია, როგორია, რას აკეთებს და ა.შ. ასე გადის დრო, ფიქრები მოქმედებებში გადადის და წარმატებული შვილის აღზრდის გეგმაც იწყებს მუშაობას. თითქოს უკვე გამზადებული ფორმულებიც გვაქვს წარმატების გზის. თუმცა რამდენად შეესატყვისება ჩვენი აზრები აღზრდასთან დაკავშირებით თანამედროვე სამყაროს, ამაზე არც ვფიქრობთ, რადგან გეგმა გვაქვს და ვიცით რა ვაკეთოთ.


სანამ დამაფიქრებელ სტატუსებზე გადავალ, მინდა შევეხო რამოდენიმე საკითს, როგორ მუშაობს თავის ტვინი და თანამედროვე სამყაროს ამოცანები.


წარმოიდეგინეთ, რომ ადამიანის ტვინი, არის ბიოლოგიური პროცესორი, რომელიც რა პროგრამასაც დაწერთ, ისე იწყებს მუშაობას. ამბობენ, რომ ტვინი მუშაობს ხატებით ანუ ვიზუალებით, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ორი რამ: 1. რა ვიზუალები გვაქვს მარაგში ანუ გამოცდილებაში და 2. რა შინაარსებით გვაქვს დატვირთული ეს ხატები ანუ რა აქტივობას თუ მოქმედებას აღძრავენ ისინი. ძალიან რომ არ გავართულო, მარტივ და ყველასათვის ცნობილ მაგალითს მოგიყვანთ: ეხლა რომ გითხრათ არ წამოიდგინოთ ვარდისერი ბეგემოტი, თქვენ აუცილებლად წარმოიდგენთ მას. რატომ? სწრორედ ეს პატარა მაგალითი ამტკიცებს იმას, რომ თავის ტვინი მუშაობს ვიზუალებით და იმისათვის, რომ ამოცანა სწორედ შეასრულოს თქვენმა პროცესორმა - ტვინმა, ანუ - არ წარმოიდგინოს ვარდისფერი ბეგემოტი, ტვინში, ჯერ უნდა გაჩნდეს ვარდისფერი ბეგემოტი და შემდეგ კი გადაიხაზოს, წაიშალოს, ანუ უარიყოს.


როგორ ხდება სხვადასხვა ვიზუალების გამოცდილების დაგროვება: ბავშვი დაბადებიდან იწყებს ამ სხვადასხვა ვიზუალური სურათების, ნიშნების გადმოცდილებაში გადატანას, ყოველდღიური ურთიერთობები იწვევს ვიზუალური ხატების შინაარსებთან გაერთიანებას და შესაბამისად, კონკრეტულ ნიშნათა სისტემის შექმას, რაც, მოგვიანებით, ზრდასრულობისას, სხვადახვა სიტუაციაში მოქმედების წესებად გადაიქცევა.

ჩვენს სამყაროში ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანის რესურსები, უნარები და პოტენციალი ყველაზე მნიშვნელოვანი გახადა, სწორედ ამიტომ წარმატებული ადამიანის ფორმულაში მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს ისეთ უნარებს როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ემოციური ინტელექტი, შემოქმედებითობა, სტრესულ სიტუაციებში მართვის უნარი, დამოუკიდებლობა და ა.შ. ამ ჩამონათვალით თითქოს ყველამ ვიცით რა უნარები უნდა განვავითაროთ ბავშვებში და ჩვენს არსებულ წარმატებული შვილის გეგმას ემატება ამ უნარების დასწავლის სხვადასხვა მეთოდები თუ მიდგომები.


თავისუფლება = დამოუკიდებლობა


ჩემთვის, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერთმანეთის ტოლია, თუ მთლად ერთიდაიგივე არა. თუმცა მომისმენია მოსაზრებებიც, რომ ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა. ეს ალბათ სამყაროს ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული და სხვა დისკუსიისათვის გადავდოთ.


მაგრამ თუ თქვენთვისაც ეს ორი თემა ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, ჩნდება შეკითხვა, როგორ გავზარდოთ დამოუკიდებელი შვილი ამ დამოკიდებულ სამყაროში? ან სად გადის ზღვარი ბავშვის დამოუკიდებლობასა და მშობელზე დამოკიდებულებაზე?


აქვე აღვნიშნავ, რომ თავისუფლების საკითხი გიგის იმდენად ამომწურავად აქვს ახსნილი თავის ახალ წიგნში „10 წერილი თავისუფლებას და ჩვენ შესახებ“, რომელიც მე უკვე წავიკითხე :), რომ უკეთეს ახსნას, ვერანაირად შემოგთავაზებთ.


ამ ბლოგში მინდა მხოლოდ გავამახვილო ყურადღება მიდგომაზე, რომელითაც ჩვენ ბავშვის სააზროვნო სისტემას საფუძველს ვუქმნით.


ასე, ნელ-ნელა მივეპარე დამაფიქრებელი სტატუსების თემას.


მრავალი მოსაზრება არსებობს ბავშვების აღზრდასთან დაკაშირებით და თითოეულ მშობელსაც სხვადასხვა, მისთვის მისაღები მოსაზრებებიდან შექმნილი აქვს საკუთარი აღზრდის მეთოგოლოგია. დღეს მინდა ყურადღება გაგიმახვილოთ ერთ თითქოსდა მცირე დეტალზე, თუმცა ეს დეტალი ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის სააზროვნო სისტემის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში.


თუკი ვთანხმდებით, რომ გვინდა აღვზარდოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული შვილები, აუცილებელია მივაჩვიოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, რათა გაიზარდოს თავუსუფალი ანუ თავისი თავის უფალი, ანუ შეეძლოს საკუთარ თავს მისცეს უფლება, ანუ იმოქმედოს. ასევე, უნდა ვასწავლოთ საკუთარი მიღწევების, საკუთარი განვითარების ეტაპების დანახვა. ეს უკანასკნელი უმნიშნელოვანესია ზრდასრულობაში განვითარების უფრო რთული სქემების დასახვისათვის.


ეხლა კი სტატუსები, რომლებაც დამაფიქრა:


„ჩვენ წავედით სკოლაში“, „ჩვენ მე-5-ე კლასში ვართ“, „ჩვენი პირველი საშინაო დავალება“ და ა.შ.


ჩვენი ეს ფრაზები თავისთავად ცხადია, რომ ჩვენს სიამაყეს, სიყვარულს და ჩვენი შვილის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის აღფრთოვანებას გამოხატავს, თუმცა რა პროგრამას ვუწერთ ამ დროს ბავშვს თავში? რას ნიშნავს ჩვენი ეს ფრაზები და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს შვილზე?


პირველი რამაც დამაფიქრა ის არის, რომ, ერთი მხრივ, გვინდა გავზარდოთ დამოუკიდებელი, წარმატებული ადამიანი, მეორე მხრივ კი არ ვაცდით იზეიმოს საკუთარი ცხოვრების ახალი ეტაპი და ვცდილობთ ჩავეზიაროთ. არადა გავა ცოტა დრო და მოვითხოვთ დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები და არც გაგვახსენდება, რომ თუ სკოლაში ერთად მივდივართ და ეს დღესასწაული და ზეიმი ორივესია, მაშინ დავალებები ბავშვმა მარტომ რატომ უნდა აკეთოს? ანუ პრიზი ორივესია და რუტინა ბავშვის? ან კიდე სკოლაში თუ ერთად მივდივართ და ერთად ვესწრებით საზეიმო დახვედრის ღონისძიებებს, მაშინ საკლასო ოთახში მარტო რატომ უნდა დარჩეს და რატომ არ უნდა გამოგვეტიროს? რა თქმა უნდა ეს ასე გააზრებულად არ ხდება და ბავშვიც მთლად ვერ იაზრებს ამ საკითხებს, თუმცა გაუცნობიერებლად ჩვენ მას ხელს ვუშლით დამოუკიდებლობის „ მძიმე ტვირთის“ აღებაში. ესეთი გამონათქვამები დიდობაშიც ხშირად გვხვდება, მაგალითად, როდესაც „ბავშვი“ უნივერსიტეტში აბარებს და თუ კარგ ქულებს აიღებს, მაშინ ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ „100 ქულა მივიღეთ“, თუმცა თუ დაბალი ქულა აიღო, შესაძლებელია სულაც არ გაიზიაროს მშობელმა მისი „არც თუ ისე დიდი წარმატება“ და განაცხადოს, რომ ბავშვმა დაბალი ქულა მიიღო. ანუ რა პროგრამები გამოგვდის შვილებისათვის? წარმატებაში ვეწილებით და სირთულეებთან მარტო ვტოვებთ? ალბათ კარგი იქნება, რომ ამაზე გვეფიქრა.


გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, მნიშვნელოვანია ბავშვებს პატარობიდანვე ვასწავლოთ საკუთარი წარმატების და ახალი ეტაპის, მიღწევის გააზრება. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებას და საფუძველს შეუქმნის დამოუკიდებელობის უნარის და გამართული სააზროვნო სისტემის ჩამოყალიბებას.



და ბოლოს ვფიქრობ, რომ თავისუფალი მშობლებისათვის მშობლობის ყველაზე განვითარებული საფეხური არის ის, როდესაც შეგიძლია შვილის მიღწევებით სიხარული, ისე რომ არ „მიიწერო“, „ჩაეწილო“ მას.

428 views

Коментарі

Не вдалося завантажити коментарі
Здається, виникли технічні проблеми. Спробуйте оновити сторінку.
bottom of page