როგორია რეალური სამყარო არავინ იცის, ან როგორ უნდა გავიგოთ, ჩვენ ხომ სუბიექტური არსებები ვართ? ერთი რაც შემიძლია გითხრათ, სამყარო არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვეჩვენება. ჩვენ ვუყურებთ მას ჩვენი შეგრძნებების, გამოცდილების და აბსტრაქტული განწყობების ჭრილში და ეს „პრიზმა“ მხოლოდ ვერსიაა იმ მოვლენებისა, რაც სამყაროში ხდება. თუმცა ჩვენ გვითხრეს, რომ არსებობს ჭეშმარიტება და ხშირად ამ ჭეშმარიტების ძიებაში ვართ, რადგანაც ის დაფარულ არს ჩვენგან.
თუმცა თუ კრიტიკულად შევხედავთ, შევძლებთ სხვადასხვა პრიზმით ამ ადამიანური სამყაროს დანახვას, ის რადიკალურად შეიცვლება და დიდი თავსატეხების სამყაროში აღმოვჩნდებით.
ჩვენს სამყაროში ორი წერტილი, განზომილება ან რაც გინდათ ის დაარქვით, არსებობს, არსებობს პლუსი და მინუსი, სიყვარული და ბოროტება, დაბადება და სიკვდილი, თავისუფლება და მონობა. ხოლო იქ სადაც ორი წერილი არსებობს, არის გზა ამ წერტილებამდე მისასვლელი და გვინდა თუ არ გვინდა, გავაცნობიერებთ თუ არა, ჩვენს მას მაინც გავივლით. ანუ შესაძლებელია ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ გზას და მის დაფარვას მოძრაობა სჭირდება. ჩვენ ცოცხლები ვართ სანამ ამ გზას არ დავფარავთ. თუმცა არავინ იცის ვის რა დრო დასჭირდება მის დასაფარად. ეს სხვა განსჯის საგანია და სხვა დროს დავუბრუნდეთ.
ფილმი მატრიცა, ჩემი აზრით, ასახავს კაცობრიობის მთავარ მითს - დადგება დრო და მოვა ვინმე კეთილი, ყოვლისშემძლე რათა გადაგვარჩინოს. სასაცილოა, თუმცა ჩვენ გვჯერა ამის, შესაძლოა არ ვაცნობიერებდეთ მაგრამ გვწამს.
მხსნელის ჩვენი ირაციონალური რწმენის საფუძველი ძალიან ბანალურია - ჩვენი ბავშვური კომპლექსები, ბავშვობის შიშები - როდესაც ველოდებოდით რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მშობლები მოვიდოდნენ და დაგვიხსნიდნენ. ჩვენ გავიზარდეთ მაგრამ რეფლექსი შეგვრჩა და ახლაც ველოდებით.
ჩვენ ველოდებით რაღაც უცნობს. ვიტანჯებით, განვიცდით და გვეშინია, ზუსტად ისე როგორც პატარაობისას ღამე მარტო საწოლში. ველოდებით ტანჯვისაგან და ტკივილისაგან გათავისუფლებას, ველოდებით რომ ყველაფერი გამოსწორდება, შეიცვლება და დალაგდება. აი ზუსტად ისე როგორც კეთილ ზღაპარში ან ფილმ მატრიცაში.
თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს სხვა განზომილებებიც, სხვა სივრცეებიც, რომელიც უმრავლესობისათვის მიუღებელია, თუმცა ჩემთვის მაინც საინტერესო.
მითები, რომლებითაც სავსეა ჩვენი აზროვნების მატრიცა - არა კინემატოგრაფიული, არამედ ჩვენი, ნამდვილი - საოცრად ცოცხალია. მათი გამოვლენის ყოველი მცდელობა ფაქტობრივად უკუეფექტს იწვევს - ჩვენი ილუზიების რწმენა კიდე უფრო ძლიერდება. და თუ ეს ბანალური წრედი შეკრულია, მაშინ სად არის გამოსავალი? ვფიქრობ გამოსავალი ჩვენს მიერ ამ მითების გადააზრებაში და სხვადასხვა პრიზმებში გატარებაა. აი მაგალითად, მითების ან ილუზიების რომელ პერსონაჟთან გავაკეთებთ იდენტიფიკაციას, ანუ რომელ პერსონაჟად გარდავისახებით. პირველ ვერსიაზე უკვე დავწერე, მომლოდინე ადამიანი და სოციალურ არსებებში მორჩილების სურვილის მქონენი ყოველთვის უმრავლესობაში არიან, სხვანაირად სისტემა ვერც იარსებებს. მეორე ვერსია არის მხსნელის, მესიის როლის მორგება. სადაც შენ ხარ შენი თავის შემოქმედი, მხსნელი და შენ ქმნი, ალაგებ იმ სამყაროს რომელშიც ცხოვრობ. ამ მითის არსებობის საფუძველიც შეიძლება გავამყაროთ - და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატიასებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. - ძველი აღთქმა, წიგნი შექმნისა, თავი პირველი.
შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენში შემოქმედის ღვთაებრივი ძალა თავიდანვე განპირობებულია, თუმცა ამაზე ხშირად არავინ გვესაუბრება.ძველი აღთქმიდან ბევრი ციტატით თავს არ შეგაწყენთ, თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ მისი შინაარსი, მე უბრალოდ ჩემს ინტერპრეტაციას მოგაწვდით.
სამოთხეში ჰარმონიული და კომფორტული ცხოვრება სრულდება მაშინ როდესაც ევა გასინჯავს ვაშლს და მისცემს ადამსაც. ამ ეპიზოდის შემდეგ, უმრავლესობა თვლის, რომ ღმერთმა დასაჯა ადამი და ევა და გააძევა სამოთხიდან ისინი. ჩემთვის ეს ისტორია სხვანაირია და აქაც პატარა ციტატას მოვიყვან - რადგან იცოდა ღმერთმა, რომ რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით, როგორც ღმერთები, შემცნობელნი კეთილისა და ბოროტისა.
ადამს და ევას არჩევანის გაკეთების საშუალება თავიდანვე ჰქონდათ, ეჭამათ თუ არა. დარჩენილიყვნენ ედემის ბაღში თუ არა. ევაში ინტერესმა გაიღვიძა, არადა ინტერესი ერთ-ერთი მთავარი, ბაზისური პოზიტიური ემოციაა ადამიანში. სწორედ ეს ემოცია განაპირობებს ჩვენს წინსვლას განვითარებას და რაც მთავარია თავისუფლებას. ევამ თავისუფლება არჩია. არჩია თავისი გზით ეცხოვრა და თავისი ცხოვრების დასასრული ენახა, ვიდრე კომფორტული, ჰარმონიული და სხვის მიერ შექმნილი სამყაროს, ბაღის წევრი ყოფილიყო. სწორედ ინტერესის და მისკენ გადადგმული ნაბიჯით იწყება თვალების ახელა, კეთილისა და ბოროტის გარჩევის შეცნობა და საკუთარი, თავის-უფლად ყოფნის გზა.
მატრიცაშიც ასეა, ან სხვისი მატრიცით ცხოვრობ კომფორტულ, მორჩილ სამყაროში ან მატრიციდან გადიხარ და იწყებ ქმნას, შექმნას.
ევა თავის-უფალია და მინდა ყველამ ჩვენში ევა ვიპოვოთ, ევას პოვნით კი ნამდვილად მოგვიწევს მატრიცებიდან გამოსვლა და ახალი თავგადასავლების ძიება.
მითოსურ და რელიგიურ თემებში ბევრი სხვა თავისუფლების აბებიც ვიპოვე, რაზეც თუ დაგაინტერესებთ მოგვიანებით მოგიყვებით. ახლა კი ამ ახალ წელს მინდა გისურვოთ თავისუფლება და თავისუფლება გარე სამყაროდან არ იწყება, შიგნიდან, თქვენიდან, თვითრეფლექსიიდან იწყება.
და დაუსვით შეკითხვა თქვენს თავს - რომელი აბის გადაყლაპვისთვის ხართ მზად? რომელი აბის მიღება გინდათ ამ ახალ წელს? თავისუფლების წითელი აბის თუ მორჩილების, მონობის, კონფორმიზმის ლურჯი აბის?
ჩემგან საჩუქრად კი ამ ახალ წელს მინდა წითელი აბები მიიღოთ და სრულიად ახალი, აღმაფრენებიც და დაცემებით მაგრამ თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ.
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ.
P.S. ეს არ არის თავისუფლების აბების ინსტრუქცია, მხოლოდ ზოგადი აღწერაა და ინტერესის შემთხვევაში თავისუფლების აბების ინსტრუქციას და დანიშნულების წესსაც მოგაწოდებთ.
Comments