Search
  • ადმინი

ნინი ჭაჭია. ჩვენი ცხოვრების მეტაფორა და მეტაფორები ჩვენს ცხოვრებაში


თითოეულ ჩვენგანს საკუთარი წარმოდგენა გაქვს ცხოვრებაზე, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე გვიყალიბდება. ზოგჯერ, როდესაც გვიჭირს ზუსტად აღვწეროთ ჩვენი დამოკიდებულება, წარმოდგენა, ან ემოცია, ანდა გვინდა სწრაფად ავხსნათ ესა თუ ის ვითარება, ვცდილობთ მეტაფორებით ავღწეროთ იგი. თუმცა, ბევრმა არ იცის, რამდენად დიდი მნიშვნელობა და ზეგავლენა აქვს მეტაფორებს ჩვენს ცხოვრებაზე და ასევე, რამდენად შეიძლება შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება მეტაფორების გააზრებითა თუ ცვლილებით.



მეტაფორა არის ეფექტური საზომი იმისა თუ რა ხდება თქვენს/ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ამბობენ სპეციალისტები, რომ როგორი ადამიანებიც არიან, ისეთია მეტაფორებიც, როგორიც არის მეტაფორა ისეთია ცხოვრებაც.



ძალიან რთულად და გაუგებრად რომ არ გამოვიდეს, შევეცდები ძალიან მარტივად ავხსნა თუ რა არის მეტაფორა. რატომ ვუწოდებ მეტაფორას ცხოვრების საზომს და რა მეთოდებით გავერკვიოთ ჩვენს მეტაფორაში და საჭიროების შემთხვევაში დავაკორექტიროთ იგი.



მეტაფორები არის ხატები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ბევრად სწრაფად, მკაფიოდ, თვალნათლივ გამოვხატოთ ჩვენი აზრი, დამოკიდებულება თუ შეხედულება ამა თუ იმ მოვლენის ან ობიექტის მიმართ. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ გავაკეთოთ დეტალური აღწერა ამა თუ იმ ობიექტის ან ფემომენის, ჩვენ შეგვიძლია ის შევადაროთ უკვე ცნობილ საგანს ან ფენომენს. პრინციპში, ამას ძალიან ხშირადაც ვაკეთებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა უმეტესწილად არც ვაცნობიერებთ ამას.



რამოდენიმე მაგალითი თვალნათელს გახდის, თუ რაოდენ ხშირად ვხვდებით მეტაფორებს ჩვენს ყოველდღიურობაში:



ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიგიათ როდესაც თქვენთვის უთქვამთ ან თქვენ გითქვამთ:

შუშის თვალებით მიყურებდა...

ვირზე შეჯდა...

მეფესავით ცხოვრობს/ვცხოვრობ...

კონკიას ცხოვრება მაქვს...

გულის ნაცვლად ქვა აქვს... ყინულივით ვიცი გული აქვს...

გული გაუთბა/გამითბა...

გული გამეყინა..

ავი ძაღლივით ადამიანია...

მკვდარი მკვდარს აეკიდა საფლავამდე მიგიყვანო...

მელასავით ადამიანია, ვირივით ადამიანია, ღორია, ძაღლივით ერთგულია...

კატასავით დაძვრება....

მთებს გადააგორებს...

გამჭოლი მზერა ესროლა...

რკინის ნერვები....

ნერვებზე თამაში....

ფეხებზე მკიდია...

მძიმე ადამიანი, მძიმე ხასიათი, მძიმე არტილერია...



თუ ჩვენ გვესმის მეტაფორული ენის მნიშვნელობა, კომუნიკაციის, გააზრების, ანალიზის პროცესი ბევრად უფრო დინამიურად და ეფექტურად მიმდინარეობს, შესაძლებლობა გვაქვს მოსაუბრეს ველაპარაკოთ მის ენაზე, გავიგოთ მისი საჭიროებები, გავარკვიოთ მისი ემოციები, დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენის მიმართ და მისი წარმოდგენა სამყაროზე ან კონკრეტულ გარემოებაზე.



ჯგუფებსა თუ ინდივიდუალურად მუშაობის პროცესში ძალიან ხშირად ვიყენებ მეტაფორებს, რადგანაც მეტაფორებით მუშაობა ძალიან ეფეტურია, როგორც პიროვნული განვითარების თემების დროს, ასევე კორპორატიული და სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისას. გარდა უკვე ხსენებული სიკეთეებისა, რომელსაც მეტაფორები გვაძლევენ, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მეტაფორებით მუშაობის დროს ადამიანს საშუალება აქვს შემოქმედებითად მიუდგეს, გვერდიდან შეხედოს, უფრო ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ მოვლენას მის ცხოვრებაში და ბევრად უმტიკნეულოდ გაიაზაროს ესა თუ ის საბაბი/მიზეზი არსებული მეტაფორისა. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მეტაფორების კორექტირებაც უფრო მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი.



ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის, წარმატებისა და ბედნიერების მიღწევისათვის ცხოვრების მეტაფორის გააზრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. რადგანაც ცხოვრების მეტაფორა განსაზღვრავს ჩვენს ქცევებსა და დამოკიდებულებებს სხვადასხვა გამოწვევების მიმართ. ცხოვრების მეტაფორა განსაზღვრავს ჩვენს გაწყობას ცხოვრების მიმართ, რაც შესასბამისად ქმნის გარკვეულ მიზნებს, მოლოდინებსა თუ ქცევით პატერნებს.


მეტაფორასთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა მეტაფორის შინაარსში ვცხოვრობთ, რას ვფიქრობთ ცხოვრებაზე, გარშემომყოფ ადამიანებზე და საკუთარ თავზე. ეს მეტაფორა არის ჩვენი შეხედულება ჩვენი ცხოვრების შესახებ, რის საფუძველზეც ის აფორმირებს ჩვენს პირად რეალობას.


ამიტომ მუშაობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ფორმულირება მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების მეტაფორის და შემდგეგ უკვე გაშიფროთ (გაანალიზოთ) ის.



ადამიანის ცხოვრების მეტაფორაზე მუშაობის დროს შესაძლებელია საკმაოდ ზუსტად გავარკვიოთ თუ რა ხდება მის ცხოვრებაში - აქვს თუ არა მას ენერგიის მარაგი თუ ცხოვრობს ზღვარზე, ზრდის ეტაპზეა თუ ვარდნის, ბძოლაშია თუ თავდაცვაში, რისი შეცვლა უნდა და რისი ეშინია, რა მიმართულებით მოძრაობს, მისი ცხოვრება გააზრებულია თუ აზრი დაკარგული აქვს.



თუ ადამიანის ცხოვრებას აზრი დაკარგული აქვს, მაშინ შესაძლებელია მას დავეხმაროთ შექმნას ახალი მეტაფორა და იპოვოს ახალი საზრისი, შინაარსი. ახალ მეტაფორას ახალი შეგძნებები, ემოციები და ახალი ქცევის მოდელები, სხვა რესურსები შეესაბამება, რომელიც პრობლებური სიტუაციის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.


წარსულის, აწმყოს და მომავლის ხატების ცვლილება, გაცნობიერება და ანალიზი იწვევს ცხოვრების გზის კორექტირებას. ანუ, თუ თქვენ გსურთ, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების მეტაფორა ან, როგორც მინიმუმ გადააქციეთ ის გაცნობიერებულად/გააზრებულად. საკუთარი ცხოვრების გაცნობიერება/გააზრება საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ არჩევანი: იცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობდით, თუ სცადოთ რაიმე ახალი. ჩვენ თვითონ ვირჩევთ შეზღუდვებს, რომელშიც ვცხოვრობთ.



რამდენად ხშირად გიფიქრიათ რა არის თქვენი ცხოვრების მეტაფორა? როგორ ხედავთ მას და როგორ ახდენს ის ზეგავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ გრძელვადიან მიზნებზე?



თუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კონკიას მეტაფორაში ხართ, გაიაზრეთ კონკიას ცხოვრების რა ეტაპზე ხართ, ან რა პერიოდში ცხოვრობთ: როდესაც დედინაცვლის მოსამსახურეა და ფაქტობრივად სხვისი სურვილების/მოთხოვნილებების შემსრულებელია, როცა საქმის სწრაფად დასრულებას ცდილობს რათა პრინცესად გარდაისახოს და მეჯლისზე წავიდეს, როცა პრინცესიდან ისევ მოსამსახურედ იქცევა? რას ნიშნავს თქვენთვის ეს მეტაფორა, რა შეგრძნებებს, ემოციებს და ცხოვრების რა გზას გთავაზობს ეს თქვენი მეტაფორა?



აქვე პატარა გადახვევას გავაკეთებ: კონკიას ზღაპარი მრავალი წლის წინ შეიქმნა, შესაბამისად, დროთა განმავლობაში ზღაპარში არსებული ვითარებები შესაძლებელია შეიცვალოს. ამიტომ თუ აღმოაჩენთ, რომ თავს დაჩაგრულ კონკიათ გრძნობთ, დაწერეთ 21-ე საუკუნის ახალი ზღაპარი და შეცვალეთ ის თქვენთვის სასურველი შედეგით. მაგრამ ამ ცვლილებაში მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მწერლის ან მეტაფორის შემოქმედის როლი მოირგოთ, არამედ სრულიად გაიაზროთ, წარმოიდგინოთ და განიცადოთ ის შედეგები და ქცევები, რომელიც ცვლილების შედეგად მიიღება: რამდენად სათქვენო მოდელი შექმენით? ან თუ პრინცს ან კეთილ ჯადოქარს ელოდებით, რას აკეთებთ თქვენ მანამდე, როგორ ემზადებით შესახვედრად ან რას მიიღებთ შეხვედრის შემდეგ? რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში? რაზე მოგიწევთ უარის თქმა ან როგორი იქნება თქვენი ცხოვრება ამ რეალობაში?



ხშირად ადამიანები ცხოვრების აღწერისათვის იყენებენ მეტაფორას - „ცხოვრება ბრძოლაა“...

რას უნდა ნიშდავდეს ეს?


ბრძოლა გულისხმობს მიზანს - ყველას თავისი მიზანი აქვს ამ ბრძოლაში - ვიღაცა ამ ბრძოლაში იბრძვის თავისუფლებისათვის, ვიღაცა გადარჩენისათვის, ვითაცა იდეისათვის და ა.შ. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია დავსვათ შეკითხვა რა მიზანს ემსახურება ეს ბრძოლა? გახსნილი/გაცხადებული ბრძოლა აქვს თუ პარტიზანულად იბრძვის? ასეთ ატმოსფეროში/გარემოში როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს? ის არის "გამოცდილი მებრძოლი" თუ "გულუბრყვილო ახალგაზრდობა"? ან იქნებ ის უკვე "მკვდარია", "უთანასწორო ბრძოლაში ჩავარდნილი/დაცემული" ადამიანი?

ასეთ მეტაფორაში მცხოვრები ადამიანის ცხოვრების სტილია - ბრძოლა, გამარჯვება ან დამარცხება, ძირითადი დევიზი კი „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა“, „სისხლი სისხლის წილ“ და ა.შ.


სულ სხვა ვითარებაა, თუ ადამიანისათვის „ცხოვრება თამაშია“

ამ მეტაფორის თანახმად ყველა ადამიანს ცხოვრებაში თავისი განსაზღვრული როლი აქვს (რა როლი გაქვთ თქვენ?)

ასეთი მეტაფორის მქონეთათვის ადამიანების ქმედებები თამაშის სვლას წარმოადგენს, შედეგი - მოგებას ან წაგებას.


ამ მეტაფორისათვის ყველაზე ახლოს შემდეგი განმარტებაა - „მთელი ცხოვრება თეატრია, ადამიანები კი მსახიობები“, ან „ცხოვრება თავგადასავალია“.

მეტაფორა - „ცხოვრება გზაა/მოგზაურობაა“

მოგზაურობა შეიძლება იყოს ინდივიდუალური(მარტო ერთი ადამიანის) ან გაზიარებული, ჯგუფური. გზა შესაძლოა იყოს დაუსრულებელი, გრძელი, გრაგნილი, მოლიპული, წინააღმდგეგობებით სავსე, რთული, საშიში, არაპროგნოზირებადი, მხიარული... როგორია ის თქვენთვის?


გზას ყოველთვის აქვს დასაწყისი და საბოლოო დანიშნულება, მიზანი. მაშინ რა არის ეს მიზანი? გზის რა ეტაპზე ხართ? ადამიანი შესაძლოა იდგეს „გზაგასაყარზე“ ან „თავის გზას მიჰყვებოდეს“ ან „თავისი გზა გაჰყავდეს“ ან მოძრაობდეს ხალხში.


აღნიშნულ მეტაფორასთან ძალიან ახლოს არის განმარტება“ ცხოვრება აღმასვლაა“

იგულისხმება, რომ ცხოვრებაში არის რომელიღაც მწვერვალი, რომელზეც უნდა ახვიდე. მასთან მისასვლელი გზა რთულია და სახიფათო, თუმცა მწვერვალზე ავლა ღირს ამ ძალისხმევად.


შესაძლებელია კიდევ უამრავი ცხოვრების მეტაფორის ჩამოთვლა, თუმცა ვფიქრობ მაგალითებისათვის უკვე საკმარისი ჩამოვთვალე.



როგორც ხედავთ, ადამიანებს ძალიან ბევრი და სხვადასხვა ცხოვრების მეტაფორები შეიძლება ქონდეს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეტაფორების შინაარსის, არამედ ამ შინაარსის წარმოქმნის მექანიზმის გაანალიზება. მეტაფორების დეტალური ანალიზით შესაძლებელია ჩვენი ან ჩვენი პარტნიორის ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების და ხედვის გააზრება. აქვე დავსძენ, რომ ჩემს მიერ მოყვანილი მეტაფორების ანალიზი, შესაძლოა თქვენთვის მისაღები არ იყოს და თქვენ იგივე მეტაფორებში თქვენეული შინაარსი გქონდეთ. ეს გასაკვირიც არაა, რადგანაც ყველა ადამიანი განსხვავებულია და ინდივიდუალურ შინაარსებს დებს თავის მეტაფორებში. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ მოხდეს მეტაფორის დეტალური გააზრება და გაანალიზება. მოყვანილი მაგალითები კი შესაძლოა სასარგებლო აღმოჩდეს თქვენი მეტაფორების გაშიფვრისათვის.



აბსოლუტურად იგივე მექანიზმით შეიძლება კონკრეტული მოვლენის, პრობლემის ან ამოცანის გადაწყეტა მეტაფორების დახმარებით. მაგალითად, ემოციების გააზრებისათვის სპეციალისტები ხშირად მიმართავენ მეტაფორებს.



მთავარი კი ის არის, რომ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების და ჩვენი მეტაფორების შემოქმედები ჩვენ ვართ, შესაბამისად თუ რაიმე არ მოგვწონს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია ის შეიცვალოს. ამისათვის კი რეალურად მხოლოდ მონდომება და ამ თემაზე მუშაობა/მეცადინეობა არის საჭირო. ვერავინ შექმნის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო ცხოვრების მეტაფორას თქვენს გარდა.



ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდნავ მაინც სასარგებლო ან საინტერესო სტატია გამოვიდა თქვენთვის. შეკითხვების შემთხვევაში მომწერეთ და შევეცდები დეტალურად განგიმარტოთ თქვენთვის საინტერესო საკითხი.



ასევე, სანამ მკითხავთ, რამდენად შეიძლება ადამიანმა მარტომ იმუშაოს საკუთარი ცხოვრების მეტაფორის გასააზრებაზე, გიპასუხებთ, რომ ეს ინდივიდუალურია ისევე როგორ ენის შესწავლა: ვიღაცას უცხო ენა შეუძლია შეისწავლოს დამოუკიდებლად, ინტერნეტ რესურსების, სხვადასხვა სასწავლო მასალების დახმარებით, ვიღაცას კი სჭირდება ტრენერი, რომელიც ამ დასწავლის გზას გაუადვილებს. ამიტომ აქაც თქვენ აკეთებთ არჩევანს :). მე კი შემიძლია გითხრათ, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება. ამიტომ წარმატებები თქვენი ცხოვრების მეტაფორის შექნაში/ძიებაში. საინტერესო და პოზიტიურ თავგადადასავალს გისურვებთ. :)