top of page

ნინი ჭაჭია: წერილი იოანეს - ბაბუაწვერას ღვინო

Updated: Feb 6, 2022




ჩემო პატარა მეგობარო,

ან იოანე,


ჯერ გამარჯობა და როგორ ხარ? ჰო, აქ შეკითხვაც უნდა დაისვას, საიდან ვართ მეგობრები? ან იქნებ, უბრალოდ, მომართვის ფორმაა ასეთი? ორივე ვერსიას არსებობის უფლება აქვს. ამ წერილში კი ჩემი იმედის, სურვილის ნაპერწკალი უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა აქვე, სანამ წერილის მთავარ მიზანზე გადავალ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაგიმახვილებ ყურადღებას: იმედი და ინტერესი, ეს საოცარი და შეიძლება ვთქვათ, მისტიკური ემოციებია. სწორედ ეს ორი ემოცია გვეხმარება საზრისი მივცეთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი მომავლის ხედვები ვიქონიოთ და ზოგადად ვიმოძრაოთ, ვიცხოვროთ და ა.შ.



ზოგადად, ძალიან საინტერესოა ადამიანების სამყარო. ჰო, ადამიანების. ჩვენ, ე.წ. „ყველაზე მაღალგანვითარებულ“ არსებებს, გვგონია რომ ჩვენი თავლით დანახული სამყარო არის რეალური. არა და, სწორედ ეს უმსჯელობები გვიშლის ხელს როგორც ერთმანეთთან ურთიერთობაში, ისე სამყაროს სხვა წარმომადგენლებთანაც. მინდა ერთი რამ მუდამ გახსოვდეს: თითოეული ადამიანი ძალიან განსხვავებულად ხედავს სამყაროს, ამიტომაც არის რომ სილამაზის, სხვადასხვა ემოციების შეფასებაში ან განმარტებაში ხშირად ვერ ვთანხმდებით. თუმცა ჩვენმა სოციალიზაციის ინსტინქტებმა (ჩვენ ხომ ჯგუფურად მცხოვრები არსებები ვართ), რაღაც თამაშის წესები დაგვამკვიდრებინა, რათა თანაცხოვრება შევძლოთ. ეს თამაშის წესებიც ჩვენი მოგონილია, ადამიანების, თუმცა ამაზე ხშირად ბევრს არ ვფიქრობთ და მარტივად ვიძახით რომ ეს ჭეშმარიტებაა, ეს ასე უნდა იყოს და ა.შ. და რატომ უნდა იყოს ასე? ამაზე არასოდეს ვფიქრობთ, ან ვფიქრობთ, მაგრამ ძალიან ცოტას და ხშირად წინააღმდეგობის გაწევაც გვეზარება...



კიდე ერთ პარადოქსზე მინდა გიამბო, ამაზე ფიქრიც საჭიროა. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებას თითქოს ყველაფერი უნდა გაემარტივებინა ადამიანების ყოფაში, თუმცა როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტი დესტრუქცია ამ დროში ხდება. ანუ, რას ვგულისხმობ: მედიცინა განვითარდა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, თითქოს სასიხარულო ამბავი უნდა იყოს. ტექნოლოგიების განვითარებამ ფიზიკური შრომა გაამარტივა, აღარაა საჭირო ადამიანური ძალის, ძველი დროის ტოლფასი, ექსპლუატაცია, ესეც თითქოს კარგი ამბავია. კომუნიკაციის ინსტრუმენტების, სოც. ქსელების, ინტერნეტის და ა.შ. განვითარებამ, თითქოს, უსაზღვრო შესაძლებლობები გახსნა და ადამიანებს მისცა ყველანაირი შესაძლებლობა განვითარდეს, აკეთოს ის რაც აინტერესებს, სიამოვნებს, მაგრამ.... რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ რეალურად ფანტასტიკური შესაძლებლობების პირობებში ყველაზე მეტად იმატა დეპრესიებმა, ფსიქიკურმა პრობლემებმა, თვითმკვლელობებმა, ნარკოტიკებსა თუ თამაშებზე დამოკიდებულებებმა, ბულინგი, ძალადობა, მკვლელობა, ფემიციდის უამრავი შემთხვევა და თან ყველა მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.... რა უმსჯელობებთან გვაქვს საქმე და რა გვჭირს ადამიანებს?



ამ საკითხზე ერთიანი პასუხი არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე მიგნება. ტექნოლოგიებისა და სამყაროს განვითარებამ ადამიანის ცხოვრებაში დიდი ადგილი, დრო გამოათავისუფლა. დრო იმისათვის, რათა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში ჩაიხედოს, საკუთარი სურვილები გაიაზროს და ამ სურვილების დაკმაყოფილებისათვის გზები ეძებოს. ასევე დადგა დრო, როდესაც შეიძლება სამყაროში არსებული გამოწვევების მიმართ დიდი შეკითხვებისათვის პასუხების ძიება დავიწყოთ. თითქოს, ხომ გვჭირდება ეს ადამიანებს? საკუთარ თავთან დარჩენა, რისი დროც არ გვაქვს და ასევე ამა ქვეყნის ამაოებაზე ფიქრი...



ჩემი აზრით, უმსჯელობების შექმნის მთავარი შეცდომა ისაა, რომ ჩვენ სამყაროს რაღაც სისტემურ წარმონაქმნად აღვიქვამთ, სადაც ყველაფერი რაღაც ერთ დიდ სისტემაში ერთიანდება და ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ეს უმსჯელობა გააზრებულად, თუ გაუაზრებლად ჩვენს ხედვებსა და ღირებულებებზე მოქმედებს და ვცდილობთ რაღაც ლოგიკურ ჯაჭვს მივყვეთ ცხოვრებაში. ამასობაში, სწორედ ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სადაც ლოგიკური ალგორითმებისა და ბმების გარეშე არაფერი მიიღწეოდა, დაგვავიწყა მთავარი: ყველაზე არქაული და ჩვენი ადამიანობის განმსაზღვრელი ძალიან ძველი და ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული, თითქოს ცოტა ველური და არალოგიკური, ემოციების სამყარო. რამდენიც არ უნდა განვავითაროთ ტექნოლოგიები სწორედ ემოციები განსაზღვრავენ ჩვენს აღმაფრენებსა და დაცემებს. სწორედ ემოციების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიყალიბებთ ღირებულებებს და რაც მთავარია სწორედ ამ ჩვენი ემოციური ნაწილის მივიწყებამ, შევიწროებამ, გაუაზრებლობამ სრულიად ყირაზე დააყენა ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ადამიანური სამყარო. აქვე გაგახსენებ შევქმენით ჩვენი ყალბი, ხელოვნური ვირტუალური მეები, სადაც რეალური ემოციების ადგილი საერთოდ არ არის.



რატომ დამჭირდა ნეტა ამხელა შესავალი? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საფიქრალ საღეჭ რეზინად მიიღე.


დღეს ერთ პატარა ნაწარმოებზე მინდა მოგითხრო და თუ ემოციების მნიშვნელობაზე და ადამიანური უმსჯელობების შესახებ ვერ შევთანხმდებით, მაშინ ეს ნაწარმოებიც ძალიან უშინაარსო მოგეჩვენება.



მინდა რეი ბრედბერის რომანზე გესაუბრო, ბაბუაწვერას ღვინო. ალბათ იცი, რომ რეი ბრედბერი სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოებებით არის ცნობილი. თუმცა ბაბუაწვერას ღვინო თითქოს არ მიეკუთვნება ამ ჟანრს და ძალიან რეალისტური მოთხრობაა. აქაც შეიძლება მხოლოდ დადგენილ წესებსა და ჩარჩოებში ვიკამათოთ, როგორია ეს ნაწარმოები. თუ ფანტასტიკის ნაწარმოებები მხოლოდ დედამიწის მიღმა სამყაროებში არსებულ მოვლენებს და ზებუნებრივ ძალებს აღწერენ, მაშინ ეს ბაბუაწვერას ღვინო რეალისტური ნაწარმოებია. მაგრამ თუ ფანტასტიკის ნაწარმოები არის სამყაროში არსებული რეალისტური მოქმედებებისა თუ მოვლენების არაბუნებრივი აღწერები, სადაც ეს ყოველდღიური მოქმედებების პრიზმა რაღაც ჯადოსნურად და იდუმალად გამოიყურება, სადაც „ბალახისა და ყვავილების თვალუწვდენი ზღვის ლივლივა ზედაპირი წელიწადის დროთა ცვალებადობასთან ერთად შორი მინდვრებიდან აგორებულ ტალღებად აწყობდა ქალაქს“, მაშინ ბაბუაწვერების ღვინო ფანტასტიკური ჟანრის თავაწეული წარმომადგენელია.



ამ ნაწარმოებში ერთ-ერთი პატარა ქალაქის ქუჩები, ხეები, ხევები და ატმოსფეროც კი ცოცხალია და ღელავს. აღწერების კითხვის დროს, იმ სამყაროს სუნთქვა გესმის, სრულიად წყდები რეალობას და იმ სიურრეალიზმით სავსე შეგრძნებების სივრცეში გადადიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში მოქმედება 1928 წლის ზაფხულს ხდება, აბსოლუტურად დაკარგულია ამ წლისა თუ სიძველის შკალა, რადგანაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს მოვლენები 1928 წელს იქნებოდა, თუ 2022 წლის ზაფხულში.

ვფიქრობ, ბაბუაწვერას ღვინოში ავტორი სწორედ ადამიანური სამყაროს მივიწყებული ემოციური ნაწილის არსებობაზე გვიმახვილებს ყურადღებას და ამიტომაც მთავარი პერსონაჟები ბავშვები და მოხუცები არიან. ჩვენ ე.წ. სერიოზული, წარმატებული და განვითარებული ადამიანები ემოციურობას ბავშვებსა და მოხუცებს „ვპატიობთ“. არადა, ნაწარმოებში ბავშვების თვალით მოხუცები და ბავშვები „ორი სხვადასხვა მოდგმაა და ეს ვერასოდეს გახდება ერთი“. ძალიან მხიარულად არის განხილული ასაკი და ასაკებს შორის განსხვავებების უფსკრულიც. გარდა ამისა, ნაწარმოებში ძალიან ბუნებრივად და ბავშვური თვალით, იმედითა თუ მოლოდინით მიდის მსჯელობა „ბედნიერების მანქანის“ შექმნაზე და მის შესაძლებლობაზე. როგორი უნდა იყოს ის, რა ზომის და ა.შ. და ზოგადად რა არის ბედნიერება.


და მაინც რა არის ბაბუაწვერას ღვინო? - ჩემი აზრით, ეს არის მეტაფორა ჩვენი მოგონებების, შეგრძნებების, გრძნობების, რაც ბავშვობაში გვიგროვდება.



კითხვის დროს, ასევე შეხვდები ცოცხალ დროის მანქანას და დაფიქრდები თუ მართლაც რა არის დრო და რა ზეგავლენას ახდენს ჩვენს მოგონებებსა თუ განვლილ დროზე, იმ მომენტთან დაკავშირებული მოვლენების ჩვენი ემოციური ფონი. ან ზოგადად, რა ქმნის დროსა და მოგონებებს? ვფიქრობ, ბაბუაწვერას ღვინოში მრავალი, თითქოს, აბსოლუტურად დაუკავშირებელი ისტორია სწორედ ფანტასტიკური ოსტატობით ერთიანდება ერთ დიდ ამბავში, რომელიც ქაოტური სამყაროს აღწერის ძალიან კარგი ვერსიაა. ამბავი, სადაც მივიწყებული და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი საკითხები ძალიან რეალისტურად აღიქმება.



იმედი მაქვს, ბაბუაწვერას ღვინოში მოგზაურობა შენთვის ემოციებით დატვირთული, შეგრძნებებით სავსე და საინტერესო აღმოჩნდება. შენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უამრავი შეუმჩნეველი დეტალი ხილულად გარდაიქმნება. რაც მთავარია, მარტივი, თუ რთული შეკითხვა გაგიჩნდება ქაოტური სამყაროს მიმართ.


დააგემოვნე ბაბუაწვერას ღვინო,

დროებით,

ნინი.


bottom of page