top of page
  • Writer's picturegigitevzad

ანანიაშვილის (და) რუსული ბალეტის შესახებ. 26.02.2016. Tablog.ge




ამ დღეებში ერთი ამბავი ატყდა ნინო ანანიაშვილის მოსკოვური ვოიჟის შესახებ. უმეტესობა შეწუხებულია იმ ამბით, რომ ეს ვიზიტი 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეს დაემთხვა. ასევე ხშირია წუხილი, თუ როგორ არ ესმის მავანს, რომ კულტურა და პოლიტიკა გადაჯაჭვულია და რომ ყოველ კულტურულ მოქმედებას პოლიტიკური კონტექსტი აქვს.


ვფიქრობ, რომ ეს ყველას ესმის, და მით უმეტეს ნინო ანანიაშვილს. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ნინო ანანიაშვილი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგია და ცდილობს, თავისი მოქმედებებით საქართველოს ოკუპაცია გაამართლოს ან/და კვლავ შეუწყოს ხელი რუსეთის მიერ წარმოებულ მცოცავ ოკუპაციას.


არამც და არამც. ვფიქრობ, ნინო ანანიაშვილის საქციელი სრულ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც წინა მთავრობას გამოუვიდა მის მიმართ და რომელსაც აწარმოებს ახლანდელი მთავრობა: საქმე იმაშია, რომ ნინო ანანიაშვილი, ისევე, როგორც მისი ბალეტი, ყოველთვის იყო რუსული კულტურის წარმომადგენელი საქართველოში. ვფიქრობ, ეს არ იცოდა წინა მთავრობამ და ცხადად არ იცის ახლანდელმა, მაგრამ ეს კარგად იცის და იცოდა ნინო ანანიაშვილმა: ის ბალეტი, რომელსაც ნინო ანანიაშვილი ავითარებს, გარდაუვლად და უპირობოდ რუსულია, თანაც, იმპერიულ რუსული. შედეგად, კონკრეტულად ნინო ანანიაშვილისათვის, საქართველოში იყო ვითარება, როდესაც მთავრობა, ერთის მხრივ, ებრძოდა ყოველივე რუსულს, რუსულ ოკუპაციას, რუსულ ყოველდღიურობის წესს, რუსულ პაპსას, ხოლო, მეორეს მხრივ, ავითარებდა რუსული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს და ამით მსოფლიოში რუსული კულტურის პრეზენტაციას უწყობდა ხელს.


ამიტომ, ნინო ანანიაშვილის საქმე განსხვავებულია იმ შემთხვევებისაგან, როდესაც ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები ჩადიან რუსეთში და წარადგენენ ქართულ კულტურას რუსეთის წინაშე. ანუ, წარადგენენ ქართულ კულტურას და ქართულ კულტურას, როგორი აზრისაც არ უნდა ვიყოთ კონკრეტულ შემსრულებებზე, აყენებენ რუსეთის სამსახურში. ანანიაშვილი კი სხვას არაფრის რეპრეზენტაციას აკეთებს, თუ არა რუსული კულტურის და ის ამას არ აკეთებს ჩუმად: მას ეს საქართველოს მთავრობამ დაავალა:


ნინო ანანიაშვილი იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაუაზრებლად, მაგრამ ცხადათ აირჩია: რუსული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტის, რუსული ბალეტის განვითარების გადაწყვეტილება, ბალეტის სკოლის გახსნა, ნინო ანანიაშვილის ქცევა საქართველოს კულტურის პოლიტიკის ბრედდად - ეს „თავისით“ არ მომხდარა, არამედ, წინა მთავრობის გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ, წინა მთავრობა იმ მითის ტყვეობაში მოექცა, რომელსაც საბჭოთა კავშირი არა მარტო შიდა მოხმარებისთვის, არამედ, მსოფლიოსათვის აწარმოებდა და შემდეგ რუსეთის სახელმწიფომ გააგრძელა: ეს მითი გვეუბნება, რომ რუსული ბალეტი „უბრალოდ“ კლასიკური ბალეტია და შესაბამისად, ისევე უნდა მოექცე და აღიქვა, როგორც მაგ. კლასიკური მუსიკა. ამ პროპაგანდის მიზანი აშკარაა და მის ანალიზზე აღარ შევჩერდები.


შეიძლება მრავალი ვარაუდი გამოვთქვათ, თუ რისი მიღწევა უნდოდა ამით წინა მთავრობას: ქართული საზოგადოების იმ ნაწილის დამშვიდება, რომელიც საბჭოთა საქართველოს კულტურას ნატრობდა და წუხდა, პოლიტიკური ელიტის გემოვნების მრავალფეროვნების პრეზენტირება, მსოფლიო კლასიკური მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების პრეზენტაცია, თუ სხვა რამის. რეალობაში კი მივიღეთ ვითარება, რომ რუსეთის წინაამღდეგ პოლიტიკურად დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ფენამ, თავისივე ნების და ფილოსოფიის საწინაამღდეგოდ, რუსული კულტურის განვითარებაში გადაიხადა ფული, თან - გადასახადების გადამხდელთა ფული. ამით, სამწუხაროდ, საქართველოს რეპრეზენტაცია, საბედნიეროდ, კულტურის მოყვარულების მხოლოდ ერთი ფენისთვის (ვისაც რუსული ბალეტი უყვარს) მსოფლიოში მოხდა, როგორც იმ საზოგადოების, რომელსაც არ მოსწონს რუსეთის კონკრეტული პოლიტიკა, მაგრამ ეთაყვანება და ბიუჯეტის ხარჯზე ავითარებს რუსულ კულტურას და ეთანხმება „ორი რუსეთის“ არსებობის იდეას.


შედეგად, მთავრობის ამ მოქმედებამ წარმოშვა გზავნილი, რომელიც შესანიშნავად გაიგო ნინო ანანიაშვილმა. ბოლოს და ბოლოს, მასზე უკეთესად არავინ იცის, რამდენად რუსულია ის ბალეტი, რომლის წარმომადგენელიც თვითონაა.


მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება რუსული ბალეტის მიმართ და ის უარყოფითია: განსხვავებით ხელოვნების „ჩვეული“ მიმართულებებისაგან, რუსული ბალეტის წარმოშობა მონურ-პროპაგანდისტულია (პეტრ პირველის იდეით, ის რუსული არსიტოკრატიისათვის კარგი მანერების და ქცევის წესების ნიმუში და ახალი რუსი ადამიანის შექმნის საფუძველი უნდა ყოფილიყო). ბალეტის მოცეკვავეები, განსხვავებით რუსული ბალეტის წყარო - ფრანგული ბალეტისაგან - იყვნენ არა არისტოკრატიის წარმომადგენლები, არამედ, მეფის მსახურები/მონები და ა.შ. იქნებ, სწორედ ამიტომაც იყო რუსული ბალეტი ასეთი მიღებული საბჭოთა კავშირში - ხელოვნების ამ დარგის სტრუქტურაში ბევრი არაფრის შეცვლა იყო საჭირო, მისი სსრკ-ს მიზნებზე მორგებისათვის. რუსული ბალეტის ისტორიაში იყო სახელმწიფოსაგან განთავისუფლების და ტრადიციის გამოგონების მცირე მცდელობა და ის დიაგილევის, სტრავინსკის, ბაკსტის და სხვების სახელს უკავშირდება, მაგრამ, ეს მცდელობები იმპერიამ მალევე ჩააყენა საკუთარი მიზნების სამსახურში. თუმცა, რუსულ ბალეტზე მსჯელობა სხვა თემაა.


მაგრამ, ჩემი დამოკიდებულება არ ცვლის დღევანდელ ვითარებას: ნინო ანანიაშვილი ასრულებს იმ პოლიტიკას, რომელშიც ცხოვრობს: დღეისდღეობით ის, მგონი ერთადერთია, ვინც, ჯერ კიდევ წინა მთავრობის მიერ, ოფიციალურად, თუმცა გაუაზრებლად და გაუცნობიერებლად, არის დანიშნული ორი რუსეთის იდეის წარმომადგენლად და რეპრეზენტატორად. ეს დანიშვნა და ფუნქცია გაზიარებულია დღევანდელი მთავრობის მიერ. ის, რომ ნინო ანანიაშვილის მოსკოვში ჩასვლა 25 თებერვალს დაემთხვა, ამ ფონზე დეტალია და სრულიად შესაძლებელია, ამ იდეის რეპრეზენტიციისათვის აუცილებელ მოქმედებასაც კი წარმოადგენს.



204 views
bottom of page