top of page

გიგი თევზაძე. რატომ აღარ არის საჭირო ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდები


ერთიანი ეროვნული გამოცდები, 2005 წელს, საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული კორუფციული პრაქტიკის წინაამღდეგ დაინერგა და წარმატებით იმუშავა კიდეც.


ვინც არ იცის, ან არ შეიძლება არ ახსოვდეს: 2005 წლამდე საქართველოს უნივერსიტეტებში ბევრად უფრო მცირე რაოდენობის მისაღები ადგილები იყო, ვიდრე დღეს. ანუ, როგორი ვითარებაც დღესაა, „ოღონდ ჩააბარე გამოცდები, და სადმე მოხვდები“, არ იყო. კარგადაც რომ ჩაგებარებინა მისაღები გამოცდები, რომელსაც მაშინ ყოველი უნივერსიტეტი თვითონ ატარებდა, შეიძლება მაინც ვერ მოხვედრილიყავი უნი-ში, იმის გამო, რომ შენმა კონკურენტებმა უკეთესი ნიშნები მიიღეს. ერთ უნივერსიტეტში მიღებული საგამოცდო ქულების სხვაში გამოყენება, ცხადია, არ შეიძლებოდა. ამას ერთვოდა ძალიან ცოტა კერძო უნივერსიტეტი და საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, „პრესტიჟის“ იერარქია, რომლის კენწეროში ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იდგა, შემდეგ სამდიცინო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, და ბოლოში - საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაჩენილი კერძო სასწავლებლები.

სწორედ ეს იერარქია განაპირობებდა ორნაირ კორუფციას: 1. არაპირდაპირი კორუფცია: კერძო რეპეტიტორები, როლებთანაც სწავლა მით უფრო ძვირი იყო, რაც უფრო მაღალი თანამდებობა ეკავა რეპეტიტორს უნივერსიტეტის მისაღებ საგამოცდო იერარქიაში; 2. პირდაპირი კორუფცია: უნივერსიტეტების ადმინისტრაცია მნიშვნელოვან ქრთამს იღებდა პოპულარულ/პრესტიჟულ ფაკულტეტებზე (მაგ. იურიდიული, საერთაშორისო ურთიერობები, სამედიცინო და ა.შ.) ჩარიცხვაში. ეს იმ ფაკულტეტებს ეხებოდა, რომლის ალუმნისაც ფულიან-პრესტიჟული მომავალი ელოდებოდა. ადმინისტრაციისათვის ქრთამის გადახდა ხდებოდა, იმ შემთხვევაშც კი, როდესაც აბიტურიენტი კარგად იყო მომზადებული, იმდენად დიდი იყო კონკრეტულ ფაკულტეტებზე მოხვედრის მსურველების კონკურსი. ასეთი ხუმრობაც იყო, რომ საქართველოში უმაღლესში ჩაბარების ქრთამის მოცულობა იწყება 15 000-ით და მთავრდება გოჭით. ცხადია, იყო გამონაკლისებიც, რომლებიც ქრთამს არ იხდიდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო ნაცნობობა. იყო აბიტურიენტების კიდევ უფრო მცირე ჯგუფი, რომლებიც „ჩაწყობა-ქრთამის“ გარეშე ხვდებოდა. მაგრამ მათი რიცხვი ძალიან მცირე იყო და მათი სახელები, როგორც განსაკუთრებული ნიჭის ახალგაზრდების, ყველამ იცოდა. ბოლოს, 2000იანების დასაწყისში, როგორც ამბობენ, ზოგიერთ ფაკულტეტზე მისაღებად, „ნაცნობობა“ მხოლოდ ქრთამის რაოდენობის შემცირებაზე მოქმედებდა, და არა მის სულ განულებაზე.


ვიცი, რომ ამის წაკითხვა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამ სისტემას არ მოსწრებია, დაუჯერებელია. მაგრამ, ასე იყო.


ამ ორ, პირდაპირი და არაპირდაპირი კორუფციის სისტემაში, 2005 წლისათვის დახლოებით 20 მილიონი ლარი ტრიალებდა. ანუ, ეს იყო ის გვერდითი ხარჯი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ხარჯავდა არა უშუალოდ უმაღლეს განათლებისათვის, არამედ, ამ განათლებაში მოსახვედრად.


2005 წელს, ამ 20 მილიონმა მოგვცა საშუალება, გვეფიქრა, რომ თუკი კორუფციული სქემა გაუქმდებოდა და ეს 20 მილიონი გამონთავისუფლდებოდა, თავისუფლად შეიძლებოდა ისეთ სისტემაზე გადასვლა, სადაც სახელმწიფო მხოლოდ სწავლის ფულის ნაწილს გაიღებდა, ხოლო დანარჩენს - მოსახლეობა თვითონ, საკუთარი ჯიბიდან გადაუხდიდა უნივერსიტეტებს. ამისათვის შეიქმნა მისაღები გამოცდების სისტემა,რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტებს ჩამოერთვათ მისაღები გამოცდების ჩატარების უფლება. კორუფციის ორივე სისტემა გაჰქრა, 20 მილიონი გადავიდა უშუალოდ უმაღლეს განათლებაში, უნივერსიტეტების და მისაღები ადგილების რიცხვი გაიზარდა. უნივერსიტეტებს გაუჩნდათ ფული, რომელიც მოხმარდა ინფრასტრუქტურის (უფრო მეტად) და კვლევის (უფრო ნაკლებად) გაუმჯობესებას.


მაგრამ, ცოტა ხანში, სულ უფრო და უფრო, სახელმწიფომ დაიწყო ერთიანი მისაღები გამოცდების აღქმა, არა როგორც ანტი-კორუფციული საშუალების, არამედ, როგორც განათლების მიღების გზის. დაახლოებით 2007 წლისთვის, განათლების სისტემის მართვაში ჩართულ უმეტესობას ეგონა, რომ ეროვნული გამოცდები განათლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდა. იმის მიუხედავად, რომ არცერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც იმ დროისათვის არებობდა, ამაზე არ მიუთითებდა. ამიტომ, ერთიანი მისაღები გმაოცდების სისტემა ნელ-ნელა გახდა ის, რაც დღესაა: სისტემა, რომელიც კარნახობს აბიტურიებტებს, სკოლის გვერდის ავლით, თუ რა უნდა ჩააბაროს მან იმისათვის, რომ უნივრსიტეტში მოხვდეს, სისტემა, რომელიც ითხოვს რეპეტიტორის არსებობას, რომელსაც, რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ერთიანი მისაღები გამოცდების სისტემაში მუშაობის (ექსპერტად, გამსწორებლად, ა.შ.), მით უფრო „ფასობს“. საბოლოო ჯამში, დღეს, ექსპერტული შეფასებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად მოქალაქეები, ყოველწლიურად, დაახლოებით 100 მილიონს, თუ მეტს არა, ხარჯავენ. ამას დაუმატეთ ის ფული, რასაც სახელმწიფო იხდის მისაღები გამოცდების ამ სისტემის შენარჩუნებისათვის, და არც თუ ისე სახარბიელო სურათს მიიღებთ.


ანუ, დღეს ანტი-კორუფციულ პროცესში იხარჯება 100 მილიონ ლარზე მეტი. ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე 2005 წლისთვის იყო: მოსახლეობა, იმისათვის, რომ მოხვდეს უმაღლესის განათლების სისტემაში, ხარჯავს 100 მილიონ ლარს. თან, ეს დანახარჯი არის არა უმაღლესი განათლების მისაღებად, არამედ, ოდესღაც, სახელმწიფოს მიერ დადგენილ, ანტი-კორუფციულ პროცესში მონაწილეობისათვის და უმაღლესი განათლების სისტემაში მოსახვედრად.


ის, რომ ასეთი გამოცდები განათლების ხარისხს არ ამაღლებს, ვფქრობ, ყველამ იცის, თუ არ იცის, ინტუიციურად ყველა გრძნობს: ასეთი ტიპის, სტანდარტიზებული, უნიფიცირებული გამოცდები იწვევს აბიტურიენტის სტრესს, ოჯახების მიერ გაღებულ, ხშირად, ნასესხებ ხარჯს და ა.შ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი გამოცდები, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ მოკლევადიან მეხსიერებას ააქტიურებს და ამიტომ, აბიტურიებტების უმეტესობა გამოცდის შემდეგ მთელ „დაზეპირებულ-ათვისებულ“ მასალას ივიწყებს.


ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. შესაბამისად, მათი სწავლაც და სასწავლებლად „მიღებაც“ სხვადასხვანაირად უნდა მოხდეს. ესეც, თანამედროვე, წარმატებული განათლების თეორიის და პრაქტიკის ქვაკუთხედია. თუმცა, ჩვენში ამას არ აქცევენ ყურადღებას და ისევ, მე-19 საუკუნის „ქარხნული“, „კონვეირული“ პრინციპით ასწავლიან და იღებენ სკოლებში და უნივერსიტეტებში.


ეს ყველამ იცის, მაგრამ, ასეთი გამოცდების დამცველების მხრიდან ხშირად გვესმის: კი მაგრამ, დავუშვათ გავაუქმოთ ერთიანი მისაღები გამოცდები, ხომ ისევ დაიწყება კორუფციის ბუმი? ანდა, კი, დავუშვათ გავაუქმეთ გამოცდები, როგორ მივიღოთ აბიტურიენტები უნივერსიტეტებში? ორივე კითხვაზე არსებობს პასუხი, რომელსაც ქვემოთ მოვყვები:


1. „ძველი“ კორუფციული სისტემის აღდგენა გამორიცხულია ორი მიზეზის გამო: ა) მისაღები ადგილების რაოდენობა, დღეს, უფრო მეტია, ვიდრე აბიტურიენტების რაოდენობა; ბ) სწავლების ხარისხი, ე.წ. „მოთხოვნად“ პროგრამებზე, მეტ-ნაკლებად, ყველა უნივერსიტეტში ერთნაირია. არსებობს, ცხადია, გამონაკლისებიც, მაგრამ ამ გამონაკლისებზე, როგორც წესი, მსურველი ბევრად ცოტაა. ასეთ სისტემაში, უნი-ს ადმინისტრაცია თვითმკვლელი უნდა იყოს, რომ სცადოს კორუფციული სისტემის აღდგენა. მართალია, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო შეეცდება „ძველი“ სისტემის აღდგენას, სადაც მისაღები ადგილების რაოდენობა უფრო ცოტა იქნება, ვიდრე აბიტურიენტების რაოდენობა, თუმცა, ეს სხვა საუბრის და განხილვის თემაა.


2. აბიტურიენტების მიღების „ქარხნული“ წესის მაგივრად, უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ პორტფოლიოების სისტემაზე: შეაფასონ აბიტურიენტები იმის მიხედვით, რა გაუკეთებიათ, ანუ, წარმოდგენილი შესრულებული პროექტების მიხედვით. ასეთი მიღება მთელი წლის განმავლობაში უნდა მიმდინარებდეს, შეიძლება,ზოგიერთ შემთხვევაში, ხდებოდეს კონკრეტული უნარების შემოწმება სტანდარტული გამოცდის საშუალებით. მიღების ასეთი წესი დიდი ხანია არსებობს წარმატებული უმაღლესი განათლების მქონე ქვეყნებში. ასეთ სისტმებში უნი-ების თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში განიხილავენ პორტფოლიოებს. ამ განხილვის სისტემა მკაცრად იერარქიული და დადგენილია, ასე რომ „ჩაწყობა“ გამორიცხულია. გამორიცხულია თუნდაც იმიტომ, რომ აბიტურიენტები თავის პორტფოლიოებს რამდენიმე უნი-ში აგზავნიან, ასე რომ, თუკი პერსპექტიული აბიტურიენტი რომელიმე უნივერსიტეტის მისაღებმა კომისიამ „ჩააგდო“, ეს მალევე ცნობილი გახდება ადმინისტრაციისათვის.

ამის შემდეგ, კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: დავუშვათ, ეს ყველაფერი ასე მოხდა, როგორ გაანაწილოს ფული სახელმწიფომ?


ამაზეც უკვე არებობს პასუხი:


1. სახელმწიფომ უნდა გაანაწილოს ფული უნივერსიტეტებს შორის კვლევითი მიღწევების (პუბლიკაციების რაოდენობა, ციტირების რაოდენობა, პატენტების რაოდენობა) მიხედვით (ეს ეხება როგორც კვლევის ფულს, ასევე, სასწავლო ფულს): ანუ, თუ არ იკვლევ და არ გაქვს წარმატება კვლევაში, საიდან დარწმუნდეს სახელმწიფო, რომ აბიტურიენტს, რომელიც შენთან მოვა, ადეკვატურად ასწავლი? ცხადია, განსხვავება არ უნდა არსებობდეს კერძო და სახელმწიფო უნი-ებს შორის. ფული ყველამ უნდა მიიღოს დამსახურების მიხედვით. ასეთი მიდგომა არა მარტო გამოასწორებს სისტემას, არამედ, მნიშნველოვანი ნაბიჯი იქება ცოდნის ეკონომიკის და ინოვაციების განვითარებისათვის.


2. გაანაწილოს სწავლის ფული სოციალურად გაჭირვებულ და ამ საფეხურთან ახლოს მდგომ ოჯახებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამ ოჯახების ბავშვები უპირობოდ მოხვდბიან უნი-ში. ეს კვლავ მათ პორტფოლიოზე იქნება დმაოკიდებული. მაგრამ, ნამდვილად შეუმსუბუქებს ოჯახებს საკუთარი შვილების განათლების ხარჯების ტვირთს.


ცხადია, ასეთი სისტების მოწყობა ადვილი არ არის. თუკი ასეთი სისტემა მოეწყობა, ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სასკოლო განათლებაზეც, სადაც, მოსწავლეების ცოდნის კონსტრიურება მოხდება არა „ნიშნების მისაღებად“, არამედ, საჭირო და სასურველი გამოცდილების შესაძენად. ესეც, თავის მხრივ, მოითხოვს მნიშვნელოვან რეფორმებს მთლიანად განათლების სისტემაში, მეტ დეცენტრალიზაციას და მეტ დეკონცენტრაციას, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან განსახელმწიფოებას.


ძნელია, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, აღარ ვებრძოლოთ უკვე დამარცხებულ ფანტომებს და ამაში უზარმაზარი ფული ვხარჯოთ. ამ გზით მოხერხდება, რომ უმაღლესი განათლების სისტემა იყოს განათლებისთვის და კვლევისათვის, ინოვაციისათის და ეკონომიკისათვის, და რაც მთავარია, ადამიანების ბედნიერებისათვის, და არა იმ მიზნების შესასრულებლად, რომლებიც დიდი ხანია აღარ არის რელევანტური.


უცნაურია, რომ როდესაც ამ პრინციპებს უხსნი მოსწავლეებს, მათ ესმით და მოსწონთ. უფროსების პასუხი, როგორც წესი: „ჯერ ადრეა“. თუმცა, ასევე, როგორც წესი, როდესაც ასე გპასუხობენ, ეს ნიშნავს, რომ უკვე გვიანაა.

3,133 views
bottom of page